შენ ამბობ: ვგმობ ძალადობას, მეტი რა ვქნა?!
ეს ვალის მოხდას ჰგავს – მორალური პოზიციის დაჭერას რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმის გარეშე. უბრალო სიტყვები საკმარისი არ არის. ადამიანებს სცემენ, იჭერენ, ათასობით ლარით აჯარიმებენ, სამსახურებიდან ათავისუფლებენ.
დაგმობა არაფერს ცვლის. არაფერს ითხოვს, არაფერს აჩერებს. გაბოროტებულ რეალობასთან შედარებით, ეს სიტყვები მხოლოდ თავის დამშვიდების მცდელობაა.
ნეიტრალურობა არ არსებობს
როდესაც საქმე ეხება უსამართლობას და სისტემურ ძალადობას, ნეიტრალურობა არ არსებობს.
ამ შემთხვევაში, ნეიტრალურობა ნიშნავს ძლიერის მხარდაჭერას და ჩაგვრის წახალისებას. მითუმეტეს, თუ ეს ძლიერი შენი სახელით, შენგან ამოღებული გადასახადებით ან თუნდაც, შენს მიერ არჩევნებზე მისთვის მიცემული ხმით ამართლებს ამ ძალადობას.
მაგალითად, როდესაც რეჟიმი ტროტუარზე დგომის გამო იჭერს ადამიანებს, ამას შენნაირი ადამიანების არსებობით ამართლებს – ნეიტრალურ მოქალაქეებს აწუხებენ პროტესტის მონაწილეებიო.
რამდენიმე გადაცდომა თუ სისტემური დანაშაული?
ზოგი ამბობს – ცუდია თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, იმედი მაქვს გამოიძიებენო. თითქოს, რამდენიმე შესაძლო შემთხვევაზე გვქონდეს საუბარი.
რეალურად, საქმე გვაქვს ასობით შემთხვევასთან – წლების განმავლობაში, სისტემურ, ორგანიზებულ ზეწოლასთან რეჟიმის კრიტიკოსებზე.
აბა რა ვქნა?!

ნუ დაკმაყოფილდები ამ რამდენიმე სიტყვით.
წარმოიდგინე შკალა – ზემოდან ქვემოთ დალაგებულია ნაბიჯები ძალისხმევის და რისკის მიხედვით:
- დაგმე ძალადობა – ეს არის მინიმალური, რაც შეიძლება თქვა ან გააკეთო. შენ აქ ხარ. ✅
- დაგმე მოძალადეები – ეს არი შემდეგი ნაბიჯი. აქ უკვე აბსტრაქტულ ძალადობას კი არ გმობ, რეალობას უსწორებ თვალს და აფიქსირებ პოზიციას – “ეს არის მოძალადე და ვგმობ მის საქციელს!”.
- მოითხოვე ბოდიში – აქ დაგმობიდან გადადიხარ მოთხოვნაზე. ბოდიში მინიმალურია, რაც შეგიძლია მოითხოვო. ჯერ-ჯერობით, რეჟიმს დაჯილდოვებული ჰყავს ამ ძალადობის ავტორები.
- მოითხოვე ძალოვანების იდენტიფიკაცია – აქ უკვე ითხოვ რეალურ ცვლილებას, რათა მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან ძალოვანების ასეთი თავგასულობა. ითხოვ მოიხსნან ნიღბები ან/და გაიკეთონ ნომრები, რათა მათი ამოცნობა შესაძლებელი იყოს და თუ მომავალში კიდევ დაესხნენ თავს ასობით ადამიანს, გამოძიების პერსპექტივა მაინც არსებობდეს.
- მოითხოვე ყველა უდანაშაულო პოლიტიკური პატიმრის გამოშვება. დაინტერესდი – ნახე რა მტკიცებულებებით თუ ბრალდებით აქვს მისჯილი პატიმრობა 100-ზე მეტ ადამიანს. როდესაც გაეცნობი, თუ ჩათვლი, რომ რომელიმე მათგანი უდანაშაულოდ ზის, მოითხოვე მისი გათავისუფლება.
- მოითხოვე ყველა დამნაშავის დასჯა – ეს მოთხოვნა საქართველოს კონტექსტში შეიძლება წარმოუდგენლად ამბიციური იყოს, თუმცა თუ გადაწყვეტ, რომ სამართლიანობა ნაწილობრივ კი არა, სრულად აღსადგენია, მოითხოვე ყველა დამნაშავის დასჯა.
თუ ხედავ რაიმე მიზეზს, რის გამოც შენი არჩეული პარტია ამ ნაბიჯების გადადგმაზე არ იქნება თანახმა, გაგვიზიარე კომენტარებში.
განსაკუთრებით უცნაურია ამ ფრაზის მოსმენა ოფიციალური პირებისგან – ჩვენ, პოლიტიკოსებს, დაგმობაში, წუხილში და ნერვიულობაში არ ვუხდით ხელფასს, არამედ – პასუხისმგებლობის აღებაში და მოქმედებაში.
შეიძლება გიჭირდეს ამ ნაბიჯების გადადგმა ამა თუ იმ მიზეზის გამო, თუმცა, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს, რომ დაგმობა არის ის, რის გამოც მადლობა უნდა გითხრათ. შენი ოჯახის წევრს რომ ეხებოდეს ეს უსამართლობა, ისევ დაგმობით შემოიფარგლებოდი, თუ ამ შკალაზე რამდენიმე ნაბიჯით მაინც წაიწევდი წინ?
“თქვეს, რომ აღარ ვიზამთო…”
შეიძლება თქვა – ““ოცნება” ხომ დაგვპირდა რომ აღარ მოხდებაო?”
პირველ რიგში, სამართალი ასე არ მუშაობს. ამასთან – საკმარისია სიტყვიერი დაპირება? თუ მართლაც აპირებს მომავალში ასეთი დანაშაულის პრევენციას, რატომ არ აქცევს სიტყვას საქმედ?
მაგალითად, რატომ არ ნომრავს ძალოვანებს? თუ ახლა ვერ იძიებს დანაშაულს, რადგან დანომრილები არ არიან, მომავალშიც ხომ ვერ გამოიძიებს დანაშაულს, თუ არ დანომრა? აქ შეგიძლია ნახო კიდევ არაერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს, თუ რატომ არ უნდა გვქონდეს ამის იმედი.
თუ შენთვის მაინც საკმარისია ასეთი განცხადებები, მაშინ ერთ რამეზე შევთანხმდეთ – შემდეგ ჯერზე, როდესაც/თუ რეჟიმი იძალადებს მოქალაქეებზე და შემდეგ იტყვის – ისევ ვერ გამოვიძიეთო, შენც შემოგვიერთდები და ჩვენთან ერთად გააპროტესტებ.
შეჯამება
თუ არასდროს გავცდით პირველ ნაბიჯს, თუ უბრალოდ სიტყვიერად დავგმეთ ძალადობა, მოძალადეს ეს არ შეაშინებს და მომავალშიც გააგრძელებს ძალადობას.
ჩვენ შენგან არ გთხოვთ რაიმეს გაპროტესტებას. რეჟიმის პირობებში ეს რისკთან არის დაკავშირებული. თუმცა, ნუ ვიტყვით, რომ დაგმობა რაიმეს ცვლის. ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს.
❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, გაეცანი გვერდს სრულად, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.
ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
- როდესაც ამას ამბობ, რას გულისხმობ – კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ძალადობა და დადგა თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობა?
- ასობით ფაქტის არსებობის მიუხედავად, შენ ფიქრობ, რომ ეს ინდივიდუალური გადაცდომებია და არა სისტემური დანაშაული?
- სიტყვიერი დაგმობა არ ცვლის სურათს, მზად ხარ რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადასადგმელად? მაგალითად, რომ მოითხოვო ძალოვანების თავიდან დანომვრა, საქმეების გამოძიება, ცრუ ჩვენებით დაჭერილი ადამიანების გათავისუფლება?
- თუ ენდობი მთავრობას, რომ “მეტს აღარ იზამს”, მაშინ რით ახსნი იმას, რომ ის არანაირ სისტემურ ნაბიჯს არ დგამს ამის დასაზღვევად? (ისევ – დანომვრა, გამოძიება და ა.შ.)
- შენთვის ახლობელი ადამიანი რომ იყოს ნაცემი, ან ცრუ ჩვენებით დაჭერილი, დაგმობა საკმარისი იქნებოდა?