ტროტუარზე დგომის აკრძალვა

ყველაფერი ასე დაიწყო:

შემდეგ, ასე გაგრძელდა:

  • “პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ გზის სავალ ნაწილს ნუ კეტავთ.”
  • “პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ ნიღაბს ნუ გაიკეთებთ.”

დღეს კი აქ ვართ:

  • “პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ ტროტუარზე ნუ დადგებით.”

“გამვლელებს რომ არ ატარებთ?”

ეს არის სურათი, რომელსაც პროპაგანდა გვიხატავს:

რამდენიმე აგრესიული აქტივისტი, კრავს ჯაჭვს და გამიზნულად უკრძალავს გამვლელებს გავლას პარლამენტის წინ.

მართლაც, რა უნდა ქნას რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც თავის საქმეზე მიეჩქარება?!

ასე ამართლებს “ოცნება” ამ კანონს, ასე იმშვიდებს სინდისს პოლიციელი და მოსამართლე.


რა ხდება სინამდვილეში?

სინამდვილე მარტივად ჩანს ამ ჩანაწერებში.

ეს არის 50 წუთიანი უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც საფუძვლად დაედო ათობით ადამიანის დაპატიმრებას:

ერთ-ერთ საქმეზე სასამართლოში წარდგენილი მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან გამვლელებივიდეო
რამდენიმე დაპატიმრებული ყვება მათი დაპატიმრების და გასამართლების ისტორიებსისტორიები
მოქალაქე ყვება და აჩვენებს, თუ რა მტკიცებულებით დაიჭირეს მისი მეუღლე, ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ გამვლელმა დაკარგა რამდენიმე წამი გავლისასვიდეო
პოლიცია აპატიმრებს მოქალაქესვიდეო
მოქალაქე ყვება და აჩვენებს მისი დაპატიმრებული მეგობრის საქმის დეტალებსვიდეო
პროტესტის მონაწილე ყვება ისტორიას, ტროტუარზე დგომის გამო დაკავების შემდეგ, როგორ აიძულებდნენ გაშიშვლებას და ბუქნების კეთებას.ვიდეო
აფხაზეთის ომის ვეტერანი 2 დღით დააპატიმრესისტორია
ორი დაპატიმრებული ქალის ისტორიაისტორია
დააკავეს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილევიდეო
დააკავეს სტუდენტი უნივერსიტეტთანვიდეო
დააკავეს კიდევ ერთი სტუდენტივიდეო
დააკავეს პროტესტის მონაწილე მწვავე ლეიკემიითვიდეო
კიდევ 40-ზე მეტი შემთხვევალინკი

ჩანაწერში ჩანს, რომ ადამიანები შეკრებილები არიან ტროტუარზე, ჯგუფებად. არ არის დაძაბულობა, აგრესია, საფრთხე. ადგილი არ აქვს გამვლელებისთვის პრობლემის შექმნის მცდელობას.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვხედავთ. თუ შენ სხვანაირად ხედავ, გაგვიზიარე:

  • ხედავ ვინმეს, ვინც გამიზნულად ან, თუნდაც, შემთხვევით უშლის ადამიანებს გავლას?
  • ხედავ დაზარალებულ მოქალაქეს, რომელმაც სცადა, ვერ გაიარა და უკან გაბრუნდა?
  • ხედავ რაიმე სახის კონფლიქტს მოქალაქეებს შორის?

თუ ხედავ, გაგვიზიარე კომენტარებში ზუსტი დრო.

თუ ეს ვიდეო არ გაქვს ნანახი, და მაინც არ გჯერა, რომ ასეთი დგომა პატიმრობით ისჯება, მაშინ გამოიარე რუსთაველზე ერთხელ და ნახე შენი თვალით, სანამ შენი თანამოქალაქეების დაპატიმრებას დაუჭერ მხარს. არ აქვს მნიშვნელობა ეთანხმები თუ არა პროტესტის შინაარსს, ნახე შენი თვალით და შეაფასე –  გამართლებულია თუ არა პატიმრობა დგომისთვის?!


რას ნიშნავს “ხელის შეშლა”?

ანუ, როგორი დგომაა კანონიერი და როგორი – უკანონო?

პროპაგანდა და რეჟიმი ამით მანიპულირებს – კანონი ბუნდოვნად არის განმარტებული, დანარჩენს კი პროპაგანდა იღებს თავის თავზე.

მაგალითად, კანონი ამბობს – “მომინდება და ჩაგსვამ ციხეში”. პროპაგანდა კი ამბობს – “აბა, ეს აგრესიული ხალხი რომ საავადმყოფოში მიმავალ ადამიანს არ უშვებს, ეგ არის კარგი?”, და “ნაცების დროს რა ხდებოდა?!”.

პროპაგანდა იწვევს ხმაურს, ადამიანები ერთმანეთს ეკამათებიან სრულიად სხვადასხვა საკითხებზე. კანონი კი აგრძელებს მუშაობას, მოქალაქეებიც მიდიან ციხეში.

ზემოთ უკვე გაჩვენეთ, რომ ეს ტყუილია – არ არსებობს ფაქტი, როდესაც გამვლელმა ვერ გაიარა, ან განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა გასავლელად.

ბრალდების მხარეს, “შსს”-ს არგუმენტად მოჰყავს ხელის შეშლა. მოდით, განვიხილოთ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს:

  • როგორ უნდა იდგნენ მოქალაქეები ისე, რომ ხელი არ შეეშალოთ გამვლელებს?
  • რამდენი სანტიმეტრი სივრცე უნდა იყოს დატოვებული გასავლელად?
  • თუ გამვლელს უწევს მოკლე ნაბიჯის მარცხნივ ან მარჯვნივ გადადგმა, მდგომარე მოქალაქისთვის გვერდის ასავლელად, ჩაითვლება თუ არა ეს დანაშაულად?
  • შეიძლება, რომ გამვლელი არ თვლიდეს თავს დაზარალებულად, თუმცა სისტემა მაინც სჯიდეს ადამიანებს ამ გამვლელის სახელით?

“კი, მაგრამ ეგეც ხომ ხელის შეშლაა?!”

კანონის გულმხურვალე მხარდამჭერმა თუ მონდომებულმა ბრალმდებელმა შეიძლება იკითხოს – ესეც ხომ ხელის შეშლაა? არავინ რომ არ მდგარიყო რუსთაველზე, ხომ უფრო მარტივად გაივლიდა ეს თუ ის კონკრეტული ადამიანი იმ მონაკვეთს?

რთულია ამ საკითხის განხილვის სერიოზულად გაგრძელება, თუმცა გავაგრძელოთ.

სანამ გავაგრძელებდეთ, ერთხელაც დავაზუსტოთ საკითხი, რომელსაც განვიხილავთ:

სურათზე ნაჩვენებია ადამიანი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რომელი გზა აირჩიოს, რომელ მოქალაქეს შემოუაროს ჯერ, რომელს – შემდეგ. ამ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, დაზოგავს თუ არა ის რამდენიმე წამს.

სწორედ ამას ედავება პროკურატურა მოქალაქეებს – ამ წამების დათვლა და განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში.

თუ მაინც ფიქრობ, რომ ხედავ ეს პატიმრობით უნდა ისჯებოდეს, მაშინ რატომ არ ითხოვ იგივეს, როდესაც:

  • ტროტუარზე სეირნობს მეგობრების ჯგუფი, მათ ათვისებული აქვთ მთელი ტროტუარის სიგანე, შენ კი სწრაფად გინდა გავლა?
  • შენს წინ მიმავალ ადამიანი იყურება ტელეფონში, ამიტომ მიდის ნელა, შენ კი გეჩქარება?
  • შენს წინ მიდის ნასვამი ადამიანი, რომელსაც უჭირს სწორ ზოლზე სიარული და ხან მარცხნივ გადადგამს ნაბიჯს, ხან – მარჯვნივ?
  • მეტროდან, ავტობუსიდან ან ლიფტიდან გამოსვლისას ადამიანი რომ არ გაცდის გამოსვლას და პირდაპირ შემოდის?
  • ახალი წლის დღეებში, თონესთან არსებული რიგი?
  • საცობში, საპირისპირო ზოლში გადასული მანქანა, ბოლო მომენტში რომ მინდომებს შენს წინ ხაზში ჩადგომას?
  • ტროტუარზე გაჩერებული მანქანა, რომლის გამოც გზის სავალ ნაწილზე გიწევს ჩასვლა? შენს შვილთან ერთად?

ითხოვ ყველა ამ ადამიანის დაპატიმრებას?


“პოლიციელი როგორც გადაწყვეტს”

ზოგჯერ, ბუნდოვანი კანონის აღსრულება პოლიციელის პასუხისმგებლობა ხდება – მან უნდა შეაფასოს სიტუაცია და იმოქმედოს შესაბამისად.

თუმცა, ამ კანონის შემთხვევაში ესეც არ ხდება – ადამიანებს ასამართლებენ და აპატიმრებენ დღეების, კვირების თუ თვეების შემდეგ, კამერების ჩანაწერზე დაყრდნობით. პოლიციელი ადგილზე არ აძლევს ინსტრუქციას – “ასე დადექი, თორემ მომიწევს დაგაპატიმრო.”


შიშის დანერგვა

როდესაც კანონი ასეთი ბუნდოვანია, და არც პოლიციელი განმარტავს მას ადგილზე, სასჯელი კი პირდაპირ პატიმრობაა, ეს კანონი იქცევა შიშის გამღვივებელ ინსტრუმენტად:

შენ არ გეცოდინება და არავინ აგიხსნის როგორ უნდა დადგე ან არ დადგე ტროტუარზე ისე, რომ აიცილო პატიმრობა. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია, როგორც ზემოთ ვახსენეთ – პროტესტს არავინ გიშლის.


სასჯელის ზომა

ტროტუარზე დგომა ისჯება ადმინისტრაციული წესით, პატიმრობით 15 დღემდე. განმეორებით დგომა კი ისჯება სისხლის სამართლის წესით, პატიმრობით 1 წლამდე.

აქ რომ დანაშაული არ არსებობს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, მოდით მაინც შევადაროთ ეს სასჯელი სხვადასხვა დანაშაულების სასჯელებს:

  • წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა – 200-დან 300 ლარამდე.
  • თოვლმავლის/მოტოციგის მართვა ან სასრიალო ტრასით სარგებლობა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – 100 ლარი.
  • არასრულწლოვნის დათრობა – 300 ლარი.
  • სამედიცინო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე – 5000 ლარამდე.
  • ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი – 500-დან 2000 ლარამდე.
  • საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, რამაც ტყის გახმობა ან დაავადება გამოიწვია – 1000 ლარი.
  • .სექსუალური შევიწროება − საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს, − 300 ლარი
  • საზოგადოებრივი კვების ან სავაჭრო ობიექტის მიერ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არასერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია – 5000 ლარი.

არის ტროტუარზე დგომა გაცილებით დიდი დანაშაული? 


“მე რატომ არ მიჭერენ?”

შეიძლება იკითხო – “მეც ვდგავარ ტროტუარზე, მე რატომ არ მიჭერენ?”

პასუხი მარტივია – კანონი კი ყველა ტროტუარს ეხება, თუმცა, პრაქტიკაში, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ პარლამენტის წინ არსებულ ტროტუარს შეეხო. მაგალითად, შეგიძლია იდგე შენს სახლთან, დალიო ლუდი, მიირთვა მზესუმზირა. ამის გამო პატიმრობა არ გემუქრება.

თუმცა, თუ რაიმეს გაპროტესტებას დააპირებ და გადაინაცვლებ სხვა ტროტუარზე, რომელიც ახლოს არის სამთავრობო შენობებთან, აქ შენი პატიმრობის რისკებიც გაიზრდება.


“თუ არის ასეთი კანონი, უნდა დავემორჩილოთ”

შეგვხვედრია ასეთი კომენტარებიც.

ეს არის მცდელობა შინაარსიანი საუბრის არიდების, და პასუხისმგებლობის “სტრუქტურებზე” გადასაბარებლად.

კანონი არ შეიძლება იყოს საზოგადოების შეთანხმების მიღმა არსებული წესი – წესი, რომელიც მოიფიქრა ადამიანების მცირე ჯგუფმა და მას საზოგადოება უნდა დაემორჩილოს. კანონი უნდა იყოს ის, რაზეც ჩვენ, როგორც საზოგადოება ვთანხმდებით ჩვენს სამართლიანობაზე და მორალზე დაყრდნობით.

თუმცა, აქ არ განვიხილავთ როგორი უნდა იყოს კანონშემოქმედების პროცესი და როგორ უნდა იყოს ჩართული მოქალაქე მასში.

მხოლოდ ორ ვიდეოს გაგიზიარებთ, სადაც ჩანს ეთანხმება თუ არა საზოგადოება ამ კანონს.


მოქალაქე ადის რამდენიმე ავტობუსში და ეკითხება მგზავრებს – ეთანხმებიან თუ არა ისინი ამ მიზეზით დაპატიმრებას.

მოქალაქე ეკითხება გამვლელებს რა ინფორმაცია აქვთ და რას ფიქრობენ ამ კანონზე.


და შენ ეთანხმები? მოგვწერე კომენტარებში.


“მოქალაქეები პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ”

“ტროტუარის შემთხვევათა” ნაწილში, ბრალდებას არგუმენტად მოჰყავს, რომ მოქალაქე პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებდა.

თუმცა, მრავალი, მაღალი გარჩევადობის კამერის და სამხრე კამერების არსებობის მიუხედავად, შესაბამისი მტკიცებულებები არ მოიძებნება ხოლმე და განაჩენის გამოსატანად მხოლოდ პოლიციელის ჩვენება ხდება საკმარისი.

პოლიციელების მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ვრცელი კატალოგი კი აქ შეგიძლია ნახო: ლინკი.

ბუნებრივია, ყველა პოლიციელი არ არის ცრუ მოწმე. თუმცა, როდესაც გვაქვს არა ერთი ან ორი, ხუთი ან ათი, არამედ ათობით შემთხვევა, თუ როგორ მისცეს პოლიციელებმა ცრუ ჩვენება, სამხრე კამერები კი რატომღაც არასდროს მუშაობს, რთულია ნდობაზე ვისაუბროთ.


შეჯამება

შეიძლება მხარს უჭერდე არსებულ რეჟიმს, არ მოგწონდეს პროტესტის შინაარსი ან პროტესტის მონაწილეები, ან უბრალოდ არ ერეოდე ამ განხილვაში.

მაგრამ, დაფიქრდი ერთ საკითხზე:

უშვებ, რომ მომოვალში, რაიმე საკითხზე შეიძლება პროტესტის გამოხატვა დაგჭირდეს?

ხომ შეიძლება, რომ მომავალში გადაწყვიტო სოლიდარობის გამოხატვა:

  • მეშახტეების
  • ბავშვის წამლის მაძიებელი მშობლების
  • ჩამონგრეული შენობის მაცხოვრებლების

ან სხვა ადამიანების მიმართ?

პროტესტი არ არის ადამიანების გარკვეული ნაწილის ჰობი თუ თავშესაქცევი, პროტესტი აუცილებელი ინსტრუმენტია ნებისმიერი თავმოყვარე, ჯანსაღი საზოგადოებისთვის.