ამ საკითხის ასე დაყენება არასწორია. ჩვენ ჩვენი მორალით და პრინციპებით უნდა ვიმოქმედოთ. ევროპას კი მხოლოდ გადაცდომებში არ უნდა მივბაძოთ. თუმცა, რადგან “ოცნების” პროპაგანდა სწორედ ასეთ შედარებებზე დგას, ჩავეძიოთ.
- ასევე იხილე: პროპაგანდის ტექნიკა – Whataboutism
ადრეც სვამდი ამ შეკითხვას?
სანამ ჩავეძიებით, ერთ კითხვას დაგისვამთ: “ნაციონალების” დროინდელ დარბევებსაც ასე ამართლებდი? იმ დროსაც იყო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დარბევები. ამბობდი, არაუშავს 7 ნოემბერს ან 26 მაისს, რადგან ევროპაშიც ხდება ასეო?
| 7 ნოემბერი, 2007 | 26 მაისი, 2011 |
|---|---|
| სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 550-მდე მონაწილე და 34 პოლიციელი პატიმრობა: დააპატიმრეს 75 ადამიანი, რომელთაგან 54 ჯარიმით გამოუშვეს. ასევე: სპეცრაზმი შეიჭრა “TV იმედში” და გათიშა მისი მაუწყებლობა | სპეცრაზმმა გამოიყენა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები ძალადობა: დაზიანდა პროტესტის 28 მონაწილე და 8 პოლიციელი პატიმრობა: 90-მდე ადამიანი, უმეტესობა ადმინისტრაციული წესით გარდაცვალება: პროტესტის 2 მონაწილე გარდაცვლილი იპოვეს მიმდებარე მაღაზიის სახურავზე |
| ევროპასთან შედარება: 2005 წელს, საფრანგეთის პროტესტებზე გარდაიცვალა 2 თინეიჯერი, იყო მასობრივი არეულობა, მანქანების დაწვა და სხვა. პოლიციამ გამოიყენა ანალოგიური იარაღები, დაშავდა ასობით ადამიანი, დააპატამირეს ათასობით მონაწილე. 2 გარდაცვლილი, გაცილებით მეტი დაპატიმრებული, და დაახლოებით იგივე რაოდენობის დაშავებული. | ევროპასთან შედარება: 2008 წელს, საბერძნეთში, პოლიციამ ესროლა და მოკლა 15 წლის ბიჭი, რასაც მოყვა მასობრივი პროტესტი. პროტესტზე პოლიციამ გამოიყენა ანალოგიური იარაღები, დაშავდა ასობით ადამიანი, დაიწვა შენობები. მოკლული ადამიანი პოლიციის ხელით, გაცილებით მეტი დაპატიმრებული და დაზიანებული. |
არაევროპულ ქვეყნებში კი კიდევ უფრო უარესი დარბევები ხდებოდა, მაგალითად ეგვიპტეში, 2011 წელს, ეგვიპტეში, პროტესტის 846 მონაწილე მოკლეს, 6000-ზე მეტი კი დაზიანდა.
ჩვენ შეგახსენეთ რა მოხდა 7 ნოემბერს და 26 მაისს და აქვე მოგიყვანეთ ანალოგები იმდროინდელი ევროპიდან, გაგიზიარეთ თითო მაგალითი მსგავსი ან უფრო მეტად ძალადობრივი აქციებიდან.
ეს მაგალითები შეგეძლო გამოგეყენებინა მაშინდელი ძალადობის გასამართლებლად, როგორც ეს კახი კალაძემ გააკეთა. გამოიყენე?
ახლა კი ჩავეძიოთ ევროპას
ჩვენ ვთვლით, რომ შედარება და სხვისი შეცდომებით საკუთარის გამართლება არასწორია. თუმცა, რადგან პროპაგანდა აქტიურად ცდილობს ამას, ჩავეძიოთ.
რამდენიმე განსხვავებაა:
- საფრანგეთში აქციები გაცილებით უფრო აგრესიულია, მაგალითად, 2018-19 წლის პროტესტებზე დაზიანდა აქციის 2500 მონაწილე და 1800 პოლიციელი – ეს არის თითქმის თანაბარი ბრძოლა. ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს 400+ ნაცემი ადამიანის მტკიცებულება, და დაახლოებით 21 გაზიარებული მტკიცებულება დაზიანებულ სამართალდამცავებზე. “ოცნება” ძირითადად აპელირებს ქვის და ფეიერვერკის სროლაზე, შეურაცხყოფაზე. რობოკოპების აღჭურვილობა კი ზუსტად ასეთ საფრთხეებზეა გათვლილი.
- ევროკავშირში, დაკავების შემდეგ ცემის ფაქტები თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2017 წელს ბორკილდადებულ ადამიანს სცემეს, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, ასახავს გერმანელ პოლიციელებს, რომლებიც ძირს აგდებენ პროტესტის მონაწილეს და მისი გაკავებისთანავე ჩერდებიან, არ აგრძელებენ გაკავებულის ცემას, უჩანთ სახე, არიან დანომრილი.
- საფრანგეთში, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია გამოძიება, სამართლის ძიება. არსად არ არის სრულყოფილი სისტემა, თუმცა, სამართალდამცავები დანომრილები არიან, და სასამართლო მუშაობს.
- საფრანგეთში, ანალოგიური პროტესტი შეიძლება მოჰყვეს კანონს საპენსიო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოში, პროტესტის მონაწილეებს აქვთ განცდა, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირზე თქვა მთავრობამ უარი.
- საქართველოში, როდესაც რობოკოპები მოქალაქესთან მივარდებიან და იწყებენ მის ცემას, მოქალაქეს თავის დაცვის უფლებაც არ აქვს, რადგან მოგვიანებით სასამართლო მას მძიმე მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისთვის გაასამართლებს.
მაგალითად, ამ ვიდეოს აზიარებს “ოცნების” ერთ-ერთი წევრი. თითქოს აკავშირებს – “იქაც ხდება ასეთი ძალადობა და კიდევ უფრო უარესიო”.
კიდევ ერთი ვიდეო, რომელსაც ყველაზე დიდი, პრო-სახელისუფლებო ტროლ-ანგარიში აზიარებს.
ერთია, რომ ასეთი პარალელები არაფერს ამართლებს. თუმცა, თუ მაინც უნდა შევადაროთ – შეხედე ვიდეოს და შეადარე:
- არიან თუ არა ძალოვანები დანომრილები?
- ხედავ სადმე დაკავებულის ჯგუფურად, არაპროვოცირებულ ცემას?
- ხედავ გინებას, პირად ანგარიშსწორებას?
- ხედავ ამ მოვლენების შემდეგ გასამართლებულ, წლობით დაპატიმრებულ მომიტინგეებს?
- თუ ხედავ, გაგვიზიარე ზუსტი დრო კომენტარებში..
და “ტიტუშკები”? ხედავ ტიტუშკებს ევროპის ქუჩებში?
შეჯამება
შეიძლება ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც იყოს ასეთი პრობლემები, თუმცა, მთავარია რა ხდება ასეთი ფაქტების დადგომის შემდეგ.
ევროპაში: დანაშაულს მოჰყვება სკანდალი, იწყება გამოძიება, დამნაშავე დანომრილია, ის ისჯება და სისტემაში ტარდება შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვის.
საქართველოში: დამნაშავეები დანომრილები არ არიან, გამოძიებაც, შესაბამისად არ მიმდინარეობს. რაც მთავარია – არც სისტემა ცდილობს რაიმეს კორექტირებას, თუნდაც დანომვრის თავიდან შემოღებას, მომავალი დამნაშავეები მაინც რომ დასაჯოს. მეორეს მხრივ, მთავრობა დამნაშავეებს უხდის მადლობას და აჯილდოვებს.