მკვლელ სისტემას

არსებობს არაერთი ისტორია, თუ როგორ შეიწირა თუ დააზიანა სისტემამ ადამიანი. ვგულისხმობთ ისტორიებს, სადაც სისტემა პირდაპირ კი არ ძალადობს ადამიანზე, არამედ ირიბად – მისი უპასუხისმგებლობით, არაპროფესიონალიზმით, გულგრილობით, კორუფციით.

მშენებლობიდან გადმოვარდნილი ხელოსნები, თხრილში ჩავარდნილი ახალგაზრდები, უწამლობით გარდაცვლილი მოქალაქეები, არასწორი მკურნალობის შედეგად ჯანმრთელობადანგრეული ადამიანები, რძით მოწამლული ბავშვები, დაბინძურებული ჰაერი, კორპუსის ჩამონგრევისას მოყოლილი მაცხოვრებლები, სამაშველო ვერმტფრენის მოლოდინში დაღუპული ადამიანები…

ტრაგედიიდან ტრაგედიამდე რომ მოკლე პერიოდია, ამ პერიოდში არსებობა არ არის მშვიდობა.

რა უნდა ვქნათ?


უბედური შემთხვევა თუ დანაშაული?

პირველ რიგში, გავარჩიოთ – რა არის უბედური შემთხვევა, და რა – დანაშაული.

ადამიანები ვართ. ყველაფრის გათვლა არ შეგვიძლია. ჩვენი წესები და რეგულაციები შეიძლება არ იყოს სრულყოფილი.

უბედური შემთხვევა დანაშაულად იქცევა მაშინ, როდესაც სისტემა:

  1. არ იცავს არსებულ წესებს – გულგრილობის, საქმის არცოდნის თუ სხვა მიზეზით;
  2. ტრაგედიის დადგომის შემდეგ არ ფიქრობს როგორ შეცვალოს წესები ისე, რომ მომავალში იგივე აღარ განმეორდეს.

მაგალითად, როდესაც “ტიტუშკების” ჯგუფი სცემს მოქალაქეს და პოლიცია სხვაგან იყურება, თუ მათ შემოაკვდათ ეს ადამიანი, ეს არ იქნება “უბედური შემთხვევა”, ეს იქნება დანაშაული – როგორც მათი, ისე – პოლიციის.

ასეთი შემთხვევები უცხოეთშიც ხომ ხდება?

ასეთი კითხვის დასმა არასწორი და ამორალურია. არ ჩავეძიოთ იმას, თუ როგორი უსაფრთხოებაა “უცხოეთში”, ან ასეთი ინციდენტების გამოძიება როგორ ხდება. როგორ აგებს პასუხს ყველა მონაწილე – დაწყებული უბრალო შემსრულებლიდან დამთავრებული საჯარო პირებით.

ჩვენს ქვეყანაზე, საკუთარ თავზე ვიფიქროთ – თუ ასეთი რამ უცხოეთშიც ხდება, ამიტომ უნდა შევეგუოთ ამას?

“უცხოეთიდან” გადაცდომები, ხარვეზები და პრობლემები კი არ უნდა გადმოვიღოთ, თავის დასამშვიდებლად, არამედ უსაფრთხოების სტანდარტები, სასამართლოს ხარისხი და მსგავსი სიკეთეები.


ვინ არის პასუხისმგებელი დანაშაულზე?

როდესაც ერთი ადამიანი მეორეს თავს დაესხმება, გასაგებია ვინ არის დამნაშავე – პირდაპირ, საკუთარი თვალით ვხედავთ ამ კადრებს.

რატომღაც, უფრო რთულდება ხოლმე გარკვევა თუ ვინ უნდა დაისაჯოს ასეთი ტიპის “ირიბ” დანაშაულებზე.

ამ შემთხვევებში მონაწილეობს სამი მხარე:

  1. სახელმწიფო, მაგალითად მერია
  2. სამუშაოს შემსრულებელი კომპანია, რომელსაც მერია ქირაობს
  3. მოქალაქე, ვისაც შეეხო ეს შემთხვევა

სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს ბრალდება გადაამისამართოს პირველ რიგში მოქალაქეზე, ხოლო თუ რეზონანსული საქმეა – შემსრულებელ კომპანიაზეც, და არასდროს – საკუთარ თავზე.

როგორ ახერხებს ამას?

მოქალაქე

სახელმწიფო სვამს რიტორიკულ კითხვებს:

სად იყო მისი მშობელი? ამ დროს რა უნდოდა გარეთ? ყველაფერს სახელმწიფო ხომ ვერ გაითვალიწინებს?

ეს არის უსაგნო განზოგადება. რათქმაუნდა – ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე თუ შვილებზე უნდა იზრუნოს. თუმცა, ამავდროულად, გვაქვს სახელმწიფოც, ფულს ვიხდით რომ გვქონდეს სხვადასხვა სერვისი – უსაფრთხოების, დაცვის, პოლიციის, კეთილმოწყობის. რა საჭიროა თუნდაც საგზაო უსაფრთხოების სამსახური? არ დავხაზოთ გზები, არ მოვაწყოთ შუქნიშნები, ყველამ ვიაროთ ისე, როგორც გვინდა და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, შევქმნათ ჯუნგლები და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის ამ ჯუნგლებში. ოღონდ, ამ საჯარო სერვისებსაც ნუ დავაფინანსებთ.

“კარგი, ვაცალოთ ჭირისუფალს”, “უბედურებით იკვებებით!” – როგორ “ამშვიდებს” სისტემა საზოგადოებას?

სიტუაციის განსამუხტად და აღშფოთების ჩასაცხრობად, სისტემა, საკუთარი ან მისი მხარდამჭერების პირით (1, 2, 3, 4) იწყებს მოწოდებას – “ვაცალოთ ჭირისუფალს, ახლა არ არის კითხვების, ბრალდების, გამოძიების დრო, ყველაფერი გაირკვევა, ოღონდ ახლა დავიშალოთ.”

ეს მართლაც დელიკატური, საფრთხილო ვითარებაა და ყველამ უნდა დავიცვათ ეთიკის ნორმები.

პრობლემა იმაშია, რომ საზოგადოებას აღარ სჯერა ამ მოწოდების მეორე ნაწილის – “ახლა დავიშალოთ და ყველაფერი გაირკვევა”. რომ არაფერი ირკვევა და არავის პასუხისმგებლობა არ დგება, ერთ ტრაგედიას მეორე რომ ფარავს, ამიტომ აღარ სჯერა მას ამ სიტყვების.

საზოგადოებას არ უნდა, რომ მშვიდად შეხვდეს ასეთ ტრაგედიებს, უნდა რომ იმოქმედოს, რაიმე ქნას, რომ სისტემა შეაწუხოს და უბიძგოს გაუმჯობესებისკენ, შემდეგი სიცოცხლე მაინც რომ გადაარჩინოს.

ცალკე საკითხია, თუ როგორ გამოიყენა “ოცნებამ” 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა წინასაარჩევნოდ და როგორ ადანაშაულებს ნებისმიერ სხვა ადამიანს ასეთ ქცევაში.

თვითონ მშობელი არაფერს ამბობს, შენ რა გინდა?

სისტემა ცდილობს განსაცდელში მყოფი მშობელი დაარწმუნოს, რომ პროტესტს და მოქმედებას აზრი აღარ აქვს.

“ახლა თქვენს შვილს აღარაფერი ეშველება, მხოლოდ ლოცვა შეგიძლიათ”, “ამით მას ვერ დაიბრუნებთ” და ა.შ.

განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებზე, შეიძლება მუქარანარევი საჩუქარიც გაიმეტოს მოქალაქისთვის, უსახლკარო დააბინავოს, ან საკუთარი მაისური აჩუქოს.

ამის შემდეგ კი, პროპაგანდა დანარჩენ მოქალაქეებს მიმართავს – მშობელი არ ამბობს არაფერს, თქვენც დამშვიდდით, ნუ შეაწუხეთ ადამიანიო.

საქმე იმაშია, რომ ადამიანებს არ უნდათ იგივე რისკის ქვეშ ცხოვრება, არ უნდათ ეშინოდნენ ბავშვების ეზოში გაშვების. ისინი მხოლოდ უკვე დამდგარ ტრაგედიას კი არ აპროტესტებენ, არამედ ითხოვენ პასუხისგებას და ცვლილებებს მომავლის გასაუმჯობესებლად.

ასევე.. სანამ გააპროტესტებ კარგად დაფიქრდი, პროტესტის უფლება გაქვს?

სისტემა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს პროტესტი, არ ჰქონდეთ ადამიანებს აზრის მკაფიოდ დაფიქსირების საშუალება. ვრცლად შეგიძლია წაიკითხო აქ.

უსმენს კი სისტემა მოქალაქეს, რომელიც საფრთხეზე მიუთითებს?

შეიძლება დააფიქსირო პრობლემა – საკანალიზაციო ჭა, რომელსაც თავსახური არ აქვს ან თხრილი, რომელიც შემოღობილი არ არის.

რეკავ მერიაში. იქ კი გთხოვენ წერილის დაწერას. ამ წერილის განხილვას კი 30 დღემდე სჭირდება. ეს ვადა რამდენიმე თვედ შეიძლება გადაიქცეს.

რამდენიმე თვის შემდეგ კი გეტყვიან – “თქვენს განცხადებას ამ ეტაპზე ვერ დავაკმაყოფილებთ”.

თუ ძალიან იაქტიურებ, შეიძლება დაგაჯარიმონ, დაგაშინონ, ინტრიგნობა დაგაბრალონ.

სამუშაოს შემსრულებელი კომპანია

მოქალაქის დადანაშაულების კამპანია თუ არ აღმოჩნდა საკმარისი საზოგადოების დასაშოშმინებლად, შემდეგ ჯერი შემსრულებელ კომპანიაზეა.

მერია ამბობს: “სამწუხაროდ არ აღმოჩნდნენ პროფესიონალები/კეთილსინდისიერები”.

სისტემამ შეიძლება კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დაიჭიროს კიდეც. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც საზოგადოება დამშვიდდება, ან ახალი ტრაგედია გადაფარავს ძველს, ეს ადამიანები გამოდიან ციხიდან, ხშირად მათ ხვდებათ საჩუქრები, ახალი ბინის თუ მანქანის გასაღებები, წილები (რადგან ხელი დააფარეს სახელმწიფოს).

სახელმწიფო, მაგალითად მერია

თუ შემსრულებელი კომპანიის მოჩვენებითმა დასჯამაც ვერ “დაამშვიდა” საზოგადოება, ჯერი საჯარო პირებზეა. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე – რამდენიმე თვით თუ დაიჭერენ რომელიმე თანამშრომელს.

“როგორ შეიძლება მერიის თანამშრომლის ბრალი იყოს, თვითონ ხომ არ თხრიდა იმ ორმოს?” ან “მას ხომ არ უნდოდა ეს უბედური შემთხვევა მომხდარიყო?”

გვესმის ხოლმე ასეთი რიტორიკული კითხვები.

განვიხილოთ ვაკის პარკის ტრაგედიის მაგალითზე, სადაც, შადრევანში ჩადებულ დაზიანებულ ელექტრო-კაბელს 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

  • თბილისის მერიამ გადაწყვიტა ვაკის პარკის, მათ შორის შადრევნის რეაბილიტაცია;
  • ამ საქმისთვის გამოაცხადა ტენდერი და შეარჩია კომპანია;
  • ამ კომპანიამ დაასრულა მუშაობა;
  • მერიამ ჩაიბარა ნამუშევარი და საზეიმო გახსნაც მოაწყო;

მერიის ფუნქცია ორ ადგილას იკვეთება – შეარჩიოს საქმის გამკეთებელი და შემდეგ ჩაიბაროს გაკეთებული საქმე.

ჩვენ, მოქალაქეები ფულს ხომ მერიას ვუხდით და არა კონკრეტულ კომპანიას? კითხვებიც მასთან გვაქვს. ერთადერთი, რაც ჩვენს დაქირავებულ საჯარო მოხელეებს ევალებათ, გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღებაა, თორემ გასაგებია, რომ თვითონ არ ასრულებენ ამ სამუშაოებს.

კერძოდ, ისმება კითხვები:

  • როგორ შეარჩია კომპანია? იყო ის კვალიფიციური? ჰქონდა თუ არა ხარისხიანი ნამუშევრების ისტორია? ამის საპირისპიროდ, ვაკის პარკის საქმეზე არჩეული კომპანია შავ სიაში იყო შეყვანილი.
  • როგორ ჩაიბარა ნამუშევარი? როგორი კომპანიაც არ უნდა შეარჩიოს, მერიას ჰყავს სპეციალისტები იმისთვის, რომ ნამუშევარი ჩაიბარონ – თვითონ შეამოწმონ რომ ყველაფერი რიგზეა. შეამოწმეს? რატომ ვერ აღმოაჩინეს? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ მოასწრეს საზეიმო გახსნის გამო?
  • რა შეცვალა ამ ტრაგედიის შემდეგ? გადახედა კომპანიის შერჩევის ან ნამუშევრის ჩაბარების წესებს? თუ პირიქით, ისევ იმავე წესებით, იმავე კომპანიას მისცა სხვა ტენდერები?

სახელმწიფოს როლის გამრუდებულ გაგებაზე მიანიშნებს ხოლმე ისიც, რომ:

კარგად გაკეთებული შადრევანი მერიის დამსახურებაა, ცუდად გახსნილი კი – გაურკვეველი კომპანიის ბრალი.


რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება?

ზემოთ ავხსენით თუ რა როლი აქვს სახელმწიფოს, საჯარო პირებს ამ პროცესებში.

და მაინც, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება საჯარო პირისთვის?

საჯარო პირის Facebook პოსტი, თუ როგორ შეძრა ამ ამბავმა არ არის საკმარისი. გასაგებია, რომ მასაც არ უნდოდა ასეთი შედეგი დამდგარიყო და განზრახ ბოროტებაში ვერ დავდებთ ბრალს.

თუმცა, განსხვავებით სხვა მოქალაქეებისგან, საჯარო პირს არა მხოლოდ “არ უნდა უნდოდეს” მსგავსი ტრაგედიები, არამედ აქტიურად უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

პირველ რიგში, მან უნდა გვაჩვენოს, რომ ესმის მისი პასუხისმგებლობა, შემდეგ დეტალურად აგვიხსნას რას გააკეთებს გამოსაძიებლად, და მომავალში ასეთი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად.

შეიძლება პროტოკოლშია ცვლილება შესატანი – მომავალში რომ გავითვალისწინოთ ეს პრობლემა. შეიძლება პროტოკოლი სწორია, თუმცა შესაბამისმა ჯგუფმა არ გაითვალისწინა, ან ვერ გაითვალისწინა და კვალიფიკაციაა ასამაღლებელი.

ამის ნაცვლად, ისინი სრულიად გვერდიდან აფასებენ მოვლენებს – როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო არაფერი, თურმე მათაც ზუსტად მსგავსად არაფერი შეძლებიათ, მათი ბრალეულობაც ანალოგიურად არ არსებობს.

მათი ქცევა რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება: “ვაცალოთ ჭირისუფალს” → “დავივიწყოთ, მოვასვენოთ მიცვალებული, მაინც ვეღარაფერს ვუშველით”, “მე ხომ არ ვაშენებდი იმ შენობას?!” → “ტრაგედიით მანიპულირებთ, ოპოზიციის წისქვილზე ასხამთ წყალს!”

არადა, რა დაშავდებოდა პროტოკოლი რომ ჩაესწორებინათ? შავ სიაში მყოფი კომპანია რომ არ დაექირავებინათ? პასუხისმგებლობა რომ აეღოთ? მარიტა რომ არ გარდაცვლილიყო? ეს აუცილებელი მსხვერპლია?!

როგორ იქცევიან პასუხისმგებელი პირები “უცხოეთში”?

“უცხოეთი” ხშირად მხოლოდ ერთ კონტექსტშია ხოლმე ნახსენები, რომ ასეთი ინციდენტები იქაც ხდება. ყურადღებას არ ამახვილებენ ხოლმე თუ რა მოჰყვება ასეთ ინციდენტებს იქ.

რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ:

  1. შვედეთის მინისტრის გადადგომა ცუნამიზე დაგვიანებული რეაგირების გამო (2004) – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა ინდოეთის ოკეანის ცუნამიზე მთავრობის ნელი რეაგირების გამო.
  2. იაპონია, მატარებლის დაგვიანება (2017) – იაპონურმა სარკინიგზო კომპანიამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მატარებელი 20 წამით ადრე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრებს არ დაუჩივლიათ, კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო.
  3. სამხრეთ კორეის ბორანის ტრაგედია (2014) – ბორანის ჩაძირვის შემდეგ, გადადგა პრემიერ-მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტნის შეცდომა აშკარა იყო, მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო გაუმართავ რეგულაციებზე.
  4. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის გადადგომა (1993) – გიუნტერ კრაუსი გადადგა მატარებლების სისტემური დაგვიანების და სხვა პრობლემების გამო. მას შეეძლო ინდივიდუალური მემანქანეების ან გადატვირთული გრაფიკის დადანაშაულება, თუმცა პასუხისმგებლობა აიღო მართვაზე – იმაზე, რაც მას ევალებოდა.
  5. იაპონური რკინიგზის დირექტორის გადადგომა (2005) – მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლამ 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. JR West-ის დირექტორი გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ავარიის მიზეზი მემანქანის შეცდომა იყო, კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ მის მიერ შედგენილი მკაცრი გრაფიკი დიდ წნეხს უქმნიდა მემანქანეებს.

შეჯამება

ორგანიზებული სისტემა პირდაპირ, ძალადობით ებრძვის მოქალაქეებს. არაორგანიზებული სისტემა კი მისი კორუფციით, არაპროფესიონალიზმით, გულგრილობით, ნაცნობობით და “ქართული ჯიგრული პონტით” კლავს.

განსხვავებით ორგანიზებული სისტემისგან, არაორგანიზებული სისტემა არ ანსხვავებს “ქოცს” და “ნაცს”, შუაშისტს თუ აპოლიტიკურს. არ ითვალისწინებს ვინ რა გააფერადა არჩევნებზე. ის არის თხრილი, რომელიც გშთანთქავს; გაზი, რომელიც გწამლავს, რადგან კუსტარულად გქონდა გაკეთებული; ნამსხვრევი, რომელიც მშენებლობიდან ვარდება და ქუჩაში მიმავალს გეცემა.

გასაგებია, რომ არავის უნდა ვინმეს სიკვდილი. შეიძლება ნამდვილი ცრემლიც კი მოადგეს რომელიმე პასუხისმგებელ საჯარო პირს, კამერებს მიღმა. თუმცა, მთავარია რას გააკეთებს ამ ცრემლის შეშრობის შემდეგ – შეცვლის რაიმეს, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, თუ ისევ მისცემს ტენდერს მის ნათესავს, ახალ წელს რომ დაპირდა.

ტრაგედია შეიძლება მოხდეს. თუმცა, ორმაგი ტრაგედიაა თუ ვერაფერს ვსწავლობთ, და ასე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვაგრძელებთ ცხოვრებას.


ტრაგედიები – არასრული სია

გაგვიზიარე სხვა მაგალითები კომენტარებში.

მასშტაბური ტრაგედიები:

კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში9 ადამიანი (მათ შორის 3 ბავშვი)
შოვის ტრაგედია32 ადამიანი
გუდაურის ტრაგედია და დასახმარებლად მისული ჩამოვარდნილი ვერტმფრენი9 ადამიანი
13 ივნისის ტრაგედია21 ადამიანი
ნერგეეთის მეწყერი9 ადამიანი
დიდთოვლობა გურიაში და დაგვიანებული რეაგირება1 ადამიანი
ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში”11 ადამიანი
მიწის ჩამოშლა გზის მშენებლობისას4 ადამიანი
მეწყერი ხელვაჩაურში5 ადამიანი
ავარიული შენობის კარნიზის ჩამოგრევა სადგურთან; 2024 წლის ვიდეო და მოქალაქეების კომენტარები, რომელიც აჩვენებს შენობის მდგომარეობას; კახი კალაძემ მოქალაქეებისკენ გაიშვირა ხელი – შევთავაზეთ და არ გამოვიდნენო, თუმცა არ აუხსნია რა დააშავა გამვლელმა ადამიანმა.2 ადამიანი

ინდივიდუალური ტრაგედიები:

❔ სასაუბრო შეკითხვები

ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.


  • როდესაც სამუშაო წესების დარღვევით ტარდება, ექსპერტების შენიშვნებს არავინ ითვალისწინებს და არც ტრაგედიის შემდეგ იცვლება რაიმე, ხომ არ იქცევა ეს ინციდენტი სისტემურ დანაშაულად?
  • თუ მოქალაქეებს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას რომ მოერიდონ ყველა ორმოს, ავარიულ შენობას, სახიფათო ელექტროკაბელს, რატომ ვუხდით ხელფასს მერიას?
  • თუ სახელმწიფომ დაიქირავა კონტრაქტორი, გაუწია ზედამხედველობა, ჩაიბარა პროექტი, როგორ შეიძლება მხოლოდ კონტრაქტორის ბრალეულობა დადგეს?
  • იმის მიუხედავად, აპროტესტებს თუ არა მსხვერპლის ოჯახი, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ცვლილებები მომავალში სხვა მოქალაქის გადასარჩენად?
  • მწუხარების გამოხატვის შემდეგ, რა შეცვალეს პასუხისმგებელმა პირებმა მსგავსი ტრაგედიის მომავალში ასარიდებლად? ჩაბარების პროტოკოლი, კონტრაქტორის შერჩევის კრიტერიუმები თუ სხვა.
0 კომენტარი