შეიძლება არ გაქვს ინფორმაცია როგორი სამართალი გვაქვს ქვეყანაში. ეს სამართალი ეხება იმ ადამიანებს, ვინც “ოცნებას” აკრიტიკებს.
მაინც რა კანონები და სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ნოემბრიდან დღემდე 1600+ ადამიანი დაიჭირეს, 50+ კი ახლაც ციხეშია? რომ აღშფოთებულია ყველა – დაწყებული არასამთავრობოებიდან, დამთავრებული ალტინფოთი? რატომ ინგრევა წლობით ნაშენები ნდობა პოლიციის, ძალოვანების მიმართ?
შევეცდებით მოსაწყენი დეტალების და იურიდიული განათლების საჭიროების გარეშე, ძირითადი მაგალითებით და ფაქტებით გაჩვენოთ ეს.
სანამ დავიწყებთ, ორ რამეზე შევთანხმდეთ:
- არცერთ მთავრობას არ მოსწონს კრიტიკა, თუმცა ზოგი უსმენს და ითვალისწინებს ამ კრიტიკას, ზოგი – თავს ესხმის კრიტიკოსებს, მოქალაქეებს. პრობლემის მოგვარებას კი არა, პრობლემაზე მიმთითებლის დაჩაგვრას ცდილობს.
- ამიტომ არის საჭირო მუშაობდეს სასამართლო, ძალოვანი ინსტიტუტები იყოს დამოუკიდებელი პარტიისგან და კანონი ისე იყოს შედგენილი, რომ მოქალაქეს იცავდეს ამ დიდი ძალისგან. ცუდია ისეთი კანონი, რომლის სწორად შესრულებაც პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული.
რატომ გამოვედით ქუჩაში?
დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც ადამიანებს რაიმე არ მოეწონებათ, მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ. შეიძლება მათი მოთხოვნები ყოველთვის არ დაკმაყოფილდეს, თუმცა მათ აქვთ უფლება გააგონონ ეს მოთხოვნები მთავრობას და თანამოქალაქეებს.
თუ ევროპულ ქვეყნებში პროტესტი ხშირად ყოფით საკითხებზე იწყება ხოლმე, მაგალითად საპენსიო ასაკის აწევაზე ან პროდუქტის ფასებზე, ჩვენ, საზოგადოების დიდი ნაწილი, ასე თუ ისე, შეგუებული ვართ ასეთ რაღაცეებს – უძირო კორუფციას, ფასების დაუსრულებელ ზრდას და მსგავს პრობლემებს. თანახმაც კი ვართ ქვეყანამ “იბორძიკოს სწორი თუ ზოგჯერ არასწორი მიმართულებით”. ვიაზრებთ შიდა პოლიტიკის ხარისხს, სამეზობლოში დაძაბულ ვითარებას და სხვა ფაქტორებს.
თუმცა, როდესაც ყოველდღიური კორუფციიდან და “ბორძიკიდან” ქვეყანა გადადის სწრაფ უკუსვლაზე, დაპირებული კურსიდან გადახვევაზე, მეგობრების გადამტერებაზე, ამ დროს გამოვდივართ გარეთ და ვახსენებთ “ოცნებას”, რომ რაღაცეებზე თვალის დახუჭვა, არ ნიშნავს, რომ სრულიად დავბრმავდით.
დიქტატურისკენ მიდრეკილი რეჟიმი ასე ხედავს ხოლმე მოვლენებს – რაც უფრო მეტს “გავუტარებთ”, მით მეტს ითხოვს. მაგალითად, 2023 წელს “აგენტების კანონი” უპირობოდ რომ გაიწვიეს, ადამიანებიც დაბრუნდნენ სახლებში. 2024 წელს პირობა რომ დაარღვიეს და ისევ შემოიტანეს, ჩვენც ისევ გამოვედით გარეთ. არჩევნების შედეგები რომ დაიბევა და ნახა, რომ პროტესტი მინელდა, “ოცნებამ” დრო იხელთა შემდეგი უარყოფითი ნაბიჯის გადასადგმელად – ევროკავშირთან ურთიერთობის გასაჩერებლად.
ამ გვერდზე ჩვენ გვინდა მოგიყვეთ რა მოჰყვა ამ პროტესტს. პროტესტი გაცილებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის საკითხზეც რომ დაწყებულიყო, ეს არაფერს შეცვლიდა, თუმცა გვინდა წარმოგადგენინოთ, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პროტესტი, და, შესაბამისად – როგორი დიდია უსამართლობის განცდა.
მოქალაქემ ვერ უნდა გაბედოს პროტესტი
“ოცნების” მიზანი არ არის მოუსმინოს მოქალაქეებს. ის არ მოიაზრებს თავს მოქალაქეების სურვილების გამტარად. საკუთარი გეგმები აქვს ქვეყანასთან მიმართებაში. ერთადერთი გზა, რაც რჩება, არის პროტესტის აგრესიული მეთოდებით ჩახშობა, მოქალაქეების დამორჩილება, დამონება.
მონაწილეების “გაშავება”
ის “აშავებს” აქციის მონაწილეებს – აგორებს ჩვენზე ათასნაირ მითს, ჭორს, ბრალდებას, რითაც საზოგადოების მეორე ნაწილს ამზადებს სხვა აგრესიული ნაბიჯებისთვის. ცდილობს დაარწმუნოს, რომ ჩვენ არ დაგვიჭირონ მხარი, როდესაც სხვა აკრძალულ ილეთებს გამოიყენებს.
“გაშავების” შემდეგ, როდესაც ის დარწმუნდება რომ მეორე ნაწილმა ყველაფერი დაიჯერა და მათგან მხარდაჭერას აღარ ელის, იწყებს სხვადასხვა მექანიზმის ამოქმედებას.
სამსახურიდან დათხოვნის მუქარა
ერთპარტიულ მთავრობაზე, ამა თუ იმ ფორმით, მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანის ყოველთვიური შემოსავალია დამოკიდებული. “ოცნებამ”, დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ამარტივებს საჯარო პირის დათხოვნას, ჩამოქვეითებას ან სხვა სახის შეზღუდვას. ასეთი დათხოვნის არაერთი ფაქტი უკვე არსებობს. ჰო, ნიღბით თუ იფიქრებ აქციაზე მისვლას, რომ ვერ ამოგიცნონ და ვერ დაგითხოვონ, ესეც აიკრძალა – ნიღაბზე 2000 ლარით დაჯარიმდები.
აშინებს დიდი ჯარიმებით და პატიმრობით
როდესაც მოქალაქე უყურებს თუ როგორ აჯარიმებენ მის ათეულობით თანამოქალაქეს რამდენიმე ათასი ლარით წვრილმან ან საერთოდ არარსებულ დანაშაულზე, ის კიდევ უფრო მეტად დაფიქრდება “ღირს” თუ არა გაპროტესტება. ამ ჯარიმებზე და ახალ რეპრესიულ კანონებზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
ნამყოფი თუ ხარ აქციაზე, შეამჩნევდი სამოქალაქო ტანსაცმელში მოარულ პირებს, რომლებიც ტელეფონით იღებენ სხვადასხვა ადამიანის სახეებს – აღრიცხავენ თუ ვინ გაბედა პროტესტი.
თუ კანონს არღვევ, იქვე რატომ არ აღკვეთავს პოლიცია? რატომ იღებს კამერით?
პოლიციელის მიზანია აღკვეთოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. თუ შენი ქუჩაში დგომით, გზის გაუმართლებელი გადაკეტვით ეს წესრიგი ირღვევა, რატომ არ აღკვეთავს პოლიციელი ამას მომენტალურად? რატომ იყენებს “ჩანერგილ” ადამიანებს?
აშინებს ფიზიკური ძალადობით
არაერთი მოქალაქე ამბობს, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გამო, ვერ რისკავს აქციაზე გამოსვლას, რადგან ნახეს, თუ რა შეიძლება დაემართოს იქ ადამიანს.
უვარდება სახლში, უწყობს რეიდებს
სისტემა მიზანში იღებს სხვადასხვა აქტიურ მოქალაქეებს – სხვადასხვა იდეის ავტორებს, სოციალური ქსელის ჯგუფების ადმინისტრატორებს..
მაგალითად, 2 თებერვლის აქციის წინა დღეს, სახლში შეუვარდნენ ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორებს. ერთ-ერთ მათგანთან ასეთი დიალოგი შედგა:
უფორმო “პოლიციელი”: დაჟინებით ითხოვს მოქალაქეები წაყვნენ გამოკითხვაზე.
მოქალაქე: ეს ნებაყოფლობითია?
“პოლიციელი”: რათქმაუნდა
მოქალაქე: მაშინ არ მოგყვებით
“პოლიციელი”: ართმევს ტელეფონს, იწყებს ჯაჯგურს მოქალაქის დედასთან, ეძახის დამხმარე ძალას.
პარალელურად, სხვა აქტივისტის ბინაში მიმდინარეობს ანალოგიური რეიდი. აქტივისტს პარალელურად სცემდნენ და აგინებდნენ. ბინიდან კი დედის ოპერაციისთვის ბანკიდან სესხად გამოტანილი 2000 ლარი და სუნამო წაიღეს. ვიდეო, ისტორია 1, ისტორია 2
არის მაგალითები, როდესაც საჯარიმო ქვითარი “შეცდომით” არა აქტივისტთან, არამედ მის მშობელთან, ღამის საათებში მიაქვთ. მოქალაქეების აზრით, ეს ემსახურება მათ დაშინებას. ისტორია 1
რა ელოდება აქციაზე მისულს?
დავუშვათ მოქალაქემ გადალახა ეს შიში, როგორც ამას ასობით და ათასობით ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს. რა ხდება აქციაზე?
ყოველდღიურად რთულდება არ დაარღვიო კანონი

ცივილურ გარემოში, არსებობს კანონი, ანუ გასაგებია თამაშის წესები, ვინც ამ წესებს არღვევს – ის ისჯება.
ჩვენს შემთხვევაში, “ოცნება” აკვირდება აქციის მონაწილეების გეგმებს და სასწრაფოდ, ზოგჯერ ერთ დღეშიც შემოაქვს კანონები, რომლებიც ამ გეგმებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, 2 თებერვლის აქციის შემდეგ, “ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ კერძო შენობებში აქციის გამართვა არ შეიძლება. აქციამდე კი, აღმაშენებლის ხეივანი ძველი თარიღით ჩაამატეს კანონმდებლობაში, რათა მონაწილეების დასჯა მომენტალურად გამხდარიყო შესაძლებელი. ამის მაგალითია ყველანაირი ნიღბის აკრძალვაც – მომწამლავი გაზისგან ან აქციის შემდეგ რეპრესიებისგან თავი რომ ვეღარ დაიცვას მოქალაქემ.
სოციალურ ქსელში რას დავწერთ იმის კონტროლამდეც კი შეიძლება მივიდეს ასეთი პროცესი, თუ უკვე მიდის?
წარმოიდგინე ფეხბურთის მაგალითი – დაიწყე თამაში ოპონენტთან, კარგად თამაშობ, განსაკუთრებით მაღალი პასები გამოგდის კარგად. ოპონენტი კი, აკვირდება და რაც კარგად გამოგდის – იმის კეთებას კრძალავს, წესებს ცვლის თამაშის დროს.
ყველა კანონი სამართლიანია?!
ასეთი კანონები სამართლიანი ვერ იქნება. მათ ერთი მიზანი აქვთ – პოლიციელს შეუმსუბუქოს დანაშაულის განცდა (“კანონს ვიცავ, ჩემი ბრალი არ არის”). ნაცისტურ გერმანიაში ებრაელების საწინააღმდეგო კანონიც კანონი იყო, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში გადასახლების ან დახვრეტის კანონები. პოლიციელის გარდა, ასეთი ქმედებების “დაკანონება” ეხმარება საზოგადოების კონფორმისტ ნაწილსაც – “ვერ დაინახოს” რა არის პრობლემა ამ ყველაფერში.

ასევე, ის არაკანონიერი მოქმედებები, რითაც “ოცნება” აქციის მონაწილეებს ებრძოდა, გზადაგზა დაკანონდა, რითაც მას ეძლევა საშუალება თქვას – “ყველაფერი კანონიერად ხდება”.
ამ კანონების დიდი ნაწილი სუბიექტურია – “შეურაცხყოფა მიაყენა”, “გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ იყო” და მსგავსი შეფასებები პოლიციელის ხელშია, არ არის განსაზღვრული ზუსტად რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, რომ კანონი არ დავარღვიოთ. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკვე გადაკეტილ ქუჩაზე მისულა მოქალაქე და გზის გადაკეტვისთვის დაუჯარიმებიათ.
უფრო და უფრო მცირდება პროტესტის გამოხატვის სივრცეები
მუდმივად იზრდება “სტრატეგიული ობიექტების” სია – არ შეიძლება პროტესტი ამა თუ იმ შენობის მისასვლელთან, ამა და ამ ქუჩაზე, გამზირზე, კვეთაზე. კერძო სივრცეში თუ მოინდომებ პროტესტს, ჯერ მისმა მფლობელმა უნდა მოგცეს წერილობითი ნებართვა. რეპრესიების ფონზე კი რომელი მათგანი გაბედავს ამას, ცალკე საკითხია.
გზის გადაკეტვის, გზაზე გასვლის უფლება კონსტიტუციურად გვაქვს, მთავარია იყოს ადამიანთა საკმარისი რაოდენობა. საკმარისია თუ არა რაოდენობა, ამას პოლიციელი წყვეტს.
ხომ ირონიული იქნება საბოლოოდ თუ პროტესტის გამოსახატად მხოლოდ რამდენიმე ჩიხი დაგვრჩება? “გააპროტესტე, ოღონდ სხვას ნუ გააგებინებ” – ასეთი ცინიკური ტონი გასდევს ამ ცვლილებებს. ამ გზის არცთუ შორი ბოლო კი რუსეთის მოდელია – სადაც, პროტესტის უფლების ასაღებად მთავრობას უნდა მიმართო (გსმენია ალბათ, ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო დაკავებულ ადამიანებზე).
თუ გადაურჩი ამ კანონებს, მაინც არ ხარ დაცული
დავუშვათ ყველა ეს ბუნდოვანი კანონი ზედმიწევნით გაითვალისწინე. ყველა სიტყვა ფრთხილად შეარჩიე და გაციების მიუხედავად პირბადეც არ გაიკეთე. არცერთ ანკესს არ წამოეგე.
თუ ასე, მოწესრიგებულად მოახერხე სისტემისთვის დისკომფორტის შექმნა – მაგალითად გამოხვედი კარგი სიტყვით, პოლიციას შეუძლია ტრადიციული ბუნდოვანი მიზეზებით დაგაკავოს: ვანდალიზმი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა..
ასე უმიზეზოდ როგორო? იკითხავ. ამაზე ქვემოთ.
ცემა დაკავების დროს
ერთის მხრივ, ყოველდღიურად იზრდება შანსი, რომ რომელიმე ასეთ რეპრესიულ კანონზე წამოეგო.
მეორეს მხრივ უნდა იცოდე, რომ როგორც კი წამოეგები, შენ მხოლოდ კი არ დაგაკავებენ და დაგაჯარიმებენ, არამედ გცემენ, გაგინებენ, გაგძარცვავენ.
..ან ტიტუშკების მიერ
პრინციპში, რომც არ წამოეგო, და ვერ ჩაგავლოს პოლიციამ, ამისთვის უკვე “ტიტუშკები” არსებობენ – აქციის მიმდებარედ, სხვადასხვა ქუჩის კუთხეებში დგანან ხოლმე რამდენიმე ერთად და მზად არიან აქციაზე თუ აქციიდან მომავალს თავს დაგესხან. თუ განსაკუთრებით აქტიური ხარ, შეიძლება სახლთანაც დაგელოდონ.
როგორ გასამართლებენ?
დაგაკავეს. წინ სასამართლოა – უსამართლო სისტემის ბოლო ეტაპი.
განვიხილოთ როგორი იქნებოდა სამართლიანი პროცესი, და შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ჩვენს სასამართლოს სამართლიანი.
არ დავაკარგინოთ დრო მოქალაქეს
გადაყვანილი ხარ იზოლატორში, სასამართლო ჯერ არ გქონია. შენ ხარ პატიმრობაში ბრალის დამტკიცების გარეშე. თუ სასამართლომ ბრალი დაგიმტკიცა, ახლა დაკარგული დღეები სასჯელს გამოაკლდება. მაგალითად, თუ სასამართლომდე 20 დღე მოგიწია ლოდინი, სასამართლომ კი 100 დღე მოგისაჯა, შენ მხოლოდ 80 დღის გატარება მოგიწევს.
მეორეს მხრივ, თუ სასამართლომ გაგამართლა, აღმოჩნდება, რომ შენი ცხოვრების ეს 20 დღე დაკარგული გაქვს.
სამართლიანი სისტემა ყველანაირად შეეცდება, რომ ასეთი დაკარგული დღეები მინიმალური იყოს, ან, სულაც შინაპატიმრობაში მოიცადო სანამ სასამართლოს დრო მოვა – ტერორიზმში ხომ არ გდებენ ბრალს ბოლო-ბოლო?!
“სად ვჩანვარ, სად ვჩანვარ, სამი თვე მოგეცით და ვერაფერი მოიტანეთ, დამიმტკიცეთ, რომ ვჩანვარ..” | ისტორია |
სანაცვლოდ, ხდება სასამართლო სხდომის მრავალჯერ გადადება – ხან “ბრალდების მხარე” ითხოვს მეტ დროს მტკიცებულებების მოსაგროვებლად, ხან მოსამართლეა გაციებული. მიზეზის პოვნა ყოველთვის შეიძლება.
ასევე, მაგალითად გიორგი ახობაძე ითხოვდა, რომ პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ, რათა ავამდყოფი დედისთვის მოევლო. ეს მოთხოვნა მას არ დაუკმაყოფილეს – საზღვრების დატოვების რისკის საბაბით (გიორგი ექიმია და ხშირად უწევდა მოგზაურობა). ამის პასუხად, გიორგიმ მათ შესთავაზა პასპორტის ჩაბარება ან თანხმობა ნებისმიერ სხვა იდეაზე, რასაც სისტემა შესთავაზებდა მას. არც ამ არგუმენტმა იმუშავა. გიორგის დედა, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა.
ამ მიდგომით, სისტემა ცდილობს როგორც მინიმუმ გააწვალოს მოქალაქეები, მაქსიმუმ კი მორალურად გატეხოს – გამოაკლოს ცხოვრების ბედნიერ თუ ტრაგიკულ მომენტებს ისე, რომ მათთვის ბრალის დამტკიცებაც კი არ დასჭირდეს.
დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა
მიამიტი ადამიანი იკითხავს – ალბათ დააშავა, ისე ხომ არ დაიჭერდნენ? და ასეც უნდა იყოს – ტყუილის გამო არავის უნდა იჭერდნენ. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
თუ მოქალაქე კონკრეტულს არაფერს აშავებს, გამოიყენება ზოგადი ჩანაწერები – პოლიცისადმი დაუმორჩილებლობა, უმისამართო გინება და სხვა. თუმცა, შეიძლება გადადგმული იყოს უფრო მძიმე ნაბიჯებიც, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერების “ჩადება”.
კი, მაგრამ – ასე, როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მოიქცნენ? შეიძლება იკითხო.
ასე მოქცევა რომ არ შეეძლოთ, სწორედ ამისთვის არსებობს:
- სამხრე კამერები, რომლებმაც უნდა აღბეჭდონ სამართალდარღვევის მომენტი;
- ნეიტრალური მოწმე, რომელიც უნდა დაესწროს დაკავების პროცესს;
საქმე იმაშია, რომ:
- სამხრე კამერები არასდროს მუშაობს, მხოლოდ მაშინ ანათებს ხოლმე მწვანედ, როდესაც მოქალაქეები გზის გადაკეტვას აპირებენ (შემდგომში მათ დასაჯარიმებლად);
- თუ სხვა კამერებმა დააფიქსირა პროცესი, ამ კამერების ჩანაწერები საეჭვოდ ქრება;
- არც საკუთარი ტელეფონები მუშაობს ხოლმე – სამხრე კამერები რომ ჩაანაცვლოს, ასეთ “ხარვეზებს” სხვადასხვა გზებით ამართლებენ;
- ნეიტრალურ მოწმეს რაც შეეხება, ამ წესს ისედაც ხშირად არღვევდა პოლიცია, ახლა კი ახალი კანონი მიიღეს, რომ საერთოდ აღარ იქნება საჭირო.
სხვა სიტყვებით, შენს ბოლო შეკითხვაზე პასუხი არის რომ კი – შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ. გადამოწმების საშუალება, უმეტეს შემთხვევაში არ არსებობს.
ერთადერთ “მტკიცებულებად” რჩება ხოლმე პოლიციელის ჩვენება – რამდენად სანდოა იმ პოლიციელების ჩვენება, რომლებმაც დაკავებამდე მოქალაქეს აგინეს და სცემეს?
- პოლიციელი ჩვენების მიცემის დროს ნერვიულობს, შეიძლება იმიტომ რომ ცრუ ჩვენებას აძლევს, ან სხვა, ბიოლოგიური მიზეზის გამო – ვიდეო
- პოლიციელი, ჩვენების მიცემამდე, იმეორებს, იმახსოვრებს ტექსტს – ვიდეო
- 4 პოლიციელი იდენტურად, სიტყვა-სიტყვით აღწერს თუ როგორ დაესხა მოქალაქე თავს პოლიციელს – ისტორია
- ცრუ მოწმე პოლიციელს კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს – ვიდეო
- დაკავებული ეკითხება ჩვენების მიმცემ პოლიციელს – “რომ დამაკავე, ხელზე რა მეკეთა?”, პოლიციელი: “ხამუთები” (დაკავებული დაუკავებია..) ისტორია
- ერთ-ერთი პოლიციელი, მის ჩვენებაზე დასმულ კითხვას გაურბის (ფიზიკურად) ვიდეო
- და ბევრი სხვა პოლიციელი, რომელიც ასევე გაურბის ასეთ შეკითხვებს ვიდეო
სისტემა არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიციელის სიტყვაზე. ნუ დაუშვებ, რომ ყველა პოლიციელი ისეთი პატიოსანია, შენ რომ ისურვებდი. ბევრი მათგანისთვის პატიოსნება სრულიად უცხოა.
მოსამართლეები
როგორ უნდა იქცეოდეს მოსამართლე და როგორ იქცევიან ჩვენი მოსამართლეები?
- მტკიცებულებების განხილვა – მტკიცებულებების ხარისხზე ზემოთ ვისაუბრეთ. მოსამართლე, ამ “მტკიცებულებებს” ეცნობა, ცრუ მოწმეებს უსმენს და ყოველთვის გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლო იქცევა ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი აღწერდა წლების წინ. ეს მაინცდამაინც გასაკვირიც არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ სანქცირებული, უცნაური დიპლომების მქონე მოსამართლეები სწორედ წინა რეჟიმისგან გადმოიბარა “ოცნებამ”.
- გარემოებების გათვალისწინება – მოსამართლე ადამიანია, რომელსაც შეუძლია მოისმინოს, გაიაზროს კონტექსტი და მხოლოდ ტექნიკურად “სწორი” კი არა, მორალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ბანკის დამყაჩაღებელმა რომ ითხოვოს შინაპატიმრობა, ეს ალბათ არ უნდა დაკმაყოფილდეს – მაღალია მიმალვის რისკი. თუმცა, როდესაც ექიმი, რომელსაც ნარკოტიკი “ჩაუდეს”, ითხოვს შინაპატიმრობას მომაკვდავი დედის მოსავლელად, ეს უნდა დაკმაყოფილდეს. მოსამართლეები, ყოველგვარი ინტერესის თუ ემოციური კავშირის გარეშე უსმენენ ბრალდებულებს, ისმენენ ასეთ ისტორიებს და ყოველთვის გამოაქვთ გამამტყუნებელი, მძიმე განაჩენი.
სასამართლოს დანიშვნა გაიგივებულია გამამტყუნებელ განაჩენთან – არ აქვს მნიშვნელობა ფაქტებს, არგუმენტებს, სიმართლეს თუ გარემოებებს.
შეჯამება
ჩვენ ვერ შევძლებთ თითოეული საქმის აბსოლუტურ განხილვას და დამოუკიდებელი სასამართლოს მოწყობას.
რაც შევძელით ესაა – მოგიტანეთ ფაქტები და არგუმენტები.
შენ კვლავ შეგიძლია ეჭვის თვალით უყურო ამ საუბარს (ზოგადად, ეს კარგი ჩვევაა). ისევ შეგიძლია არ დაიჯერო, რომ შენს ქვეყანაში ასეთი ხარისხის სამართალია, რომელიც ურმით კი არ დადის, სიარული თავიდან აქვს სასწავლი.
მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვი საკუთარ თავს – თუ შენით არ ჩაეძიები ამ საქმეებს, არ ადევნებ თვალყურს სასამართლო სხდომებს, ინფორმაციას კი მხოლოდ სამთავრობო არხებიდან მიიღებ, კიდევ რა შეგვიძლია ჩვენ, რა ინფორმაციის ან ფაქტის მოტანა შეგვიძლია, რომლის ნახვის შემდეგ იტყვი:
ასე არ შეიძლება, რაღაც უნდა შეიცვალოს!