შენ ამბობ: კარგი, ეს მთავრობა არ მომწონს, მაგრამ ვინ უნდა მოვიდეს? მაჩვენე უკეთესი და მივცემ ხმას!
1. უნაკლო პოლიტიკოსის ძიებაში
ჩვენ ყველას გვინდა ალტერნატივა.
პოლიტიკოსი სუფთა წარსულით. ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი. გამბედავი, თან ფრთხილი. განსხვავებული, თან ნაცნობი. ქარიზმატული, მაგრამ არა პოპულისტი. მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. სკანდალების გარეშე, შეცდომების გარეშე, გადაბრუნებული სიტყვის გარეშე.
როგორც კი ასეთი პოლიტიკოსი გამოჩნდება, მზად ვართ ხმა მას მივცეთ. მანამდე კი ისევ შეჩვეული ჭირი გვირჩევნია. გააგრძელოს მთავრობამ მოპარვა, ძალადობა, კონსტიტუციის დარღვევა.
2. არსებობს კი უნაკლო პოლიტიკოსი?
“უკეთესი ვინ არის?” ამ შეკითხვას ადამიანები ზოგჯერ ისე სვამენ, თითქოს ვარჩევდეთ – მერსედესი სჯობს თუ BMW, აიფონი თუ ანდროიდი, ბარსელონა თუ რეალი. თითქოს, ჯანსაღ კონკურენციაში გვიწევს რომელიმე პარტიის მშვიდად არჩევა და განვიხილავთ რომლის პროგრამა სჯობს განათლების მიმართულებით და რომლის – ინფრასტრუქტურის.
ჩვენ არ გვაქვს ჯანსაღი კონკურენცია. ძალაუფლება, რესურსები, სასამართლო, პროკურატურა, მთელი სახელმწიფო სისტემა მართულია ერთი ძალის მიერ, მეორე მხარე კი მუდმივად ვიწროვდება. ზღუდავენ არასამთავრობო სექტორს, ხურავენ ტელევიზიებს, აპატიმრებენ პოლიტიკოსებს და უბრალო მოქალაქეებს.
ჩვენ არ ვირჩევთ მეუღლეს. ჩვენ ვირჩევთ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ ისე მართონ ქვეყანა, რომ სწრაფი ტემპით თუ არ წაგვწევენ წინ, სრულად არ ჩამოშალონ მაინც. უნაკლო პოლიტიკოსები არ არსებობენ, არც ჯანსაღ დემოკრატიებში და, მითუმეტეს, არც ავტოკრატიულ სისტემებში. გამოცდილი, განათლებული კადრები გარიყულები არიან საჯარო სექტორიდან, ზოგს აჯარიმებენ, ზოგს აშინებენ ან იჭერენ. პოლიტიკაში მოსვლა უდიდეს რისკად იქცა.
ასეთ გარემოში სრულყოფილების ძიება არის რეალობისგან გაქცევა და პარალიზებულ მდგომარეობაში დარჩენა. ეს იმას ჰგავს, ადამიანს არასდროს რომ უმუშავია, და პირდაპირ მენეჯერულ პოზიციას ეძებს მაღალი ხელფასით და მძღოლით.
2.1 უარესის შიში
ავტოკრატიული რეჟიმი ყოველთვის ამ არგუმენტს იყენებს – “შეიძლება ჩვენ არ ვართ კარგები, მაგრამ ვაითუ უარესი მოვიდეს?”
არეულობის მეშინია…
თუ გეშინია, რომ მთავრობის ცვლილება არეულობას გამოიწვევს, დაფიქრდი უკვე რა ხდება და რა რისკები დგას. ჩვენ ვერ შევეგუებით სამართლიანობის, თავისუფლების განადგურებას. ეს შიში ჩვენთვის გაცილებით უფრო ძლიერია. იქ მდგომთა უმრავლესობას ძალიან გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ყოველდღიურობას, თუ ამის საშუალება მოგვეცემა.
შენ თუ არ გინდა ეს მთავრობა წავიდეს – მოუწოდე, რომ მოიქცეს ისე, რომ არ მოუწიოს წასვლა.
ჯერ შიდა მტრებით იწყებენ – ეს პარტია, ის ლიდერი.. მათი უნდა გვეშინოდეს! ხმა უნდა მივცეთ, თორემ ჩამოვა ექს-პრეზიდენტი და ნახავთ რაც მოგვივა! 1-2 არჩევნებს ეყოფა ეს შიში.
ის მართლაც ჩამოვიდა და რეჟიმმაც დააპატიმრა. ახლა რა უნდა ქნას? შემდეგი არჩევნები როგორ მოიგოს? ვისი უნდა გვეშინოდეს ამჯერად? საჭიროა გავცდეთ საზღვრებს და მტერს გარეთ დავუწყოთ ძებნა. აქ უკვე თამაშში მასონები, გლობალური ომის პარტია, დიფ სთეითი და ათასგვარი უსახო, დამთრგუნველი მტერი შემოდის. პროტესტის მონაწილეები კი მათი აგენტურაა.
ყველაფერი დალაგდა. არჩევნებისთვის მზად ვართ.
2.2 უსასრულო ლოდინი
რეჟიმი შენგან მოითხოვს რომ ცოტა კიდევ მოიცადო, ცოტა მეტი აიტანო. ერთი წელიც, ან ერთი საარჩევნო ციკლი. შეიძლება 2030-მდე, ან 2040-მდე. ან, საერთოდ, რას ვითვლით წლებს?! როგორც რეჟიმი დაგპირდა – უნაკლო პოლიტიკოსი როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე წავა. ისედაც არ უნდოდა პოლიტიკაში ყოფნა, რიგით მოქალაქედ ერჩივნა ცხოვრება, მაგრამ ქვეყანას რომ დასჭირდება, ხომ იცი?!
სიფრთხილე პრაგმატულია, მოთმინება – სიბრძნე, დუმილი კი ოქრო.
მსოფლიოში ისეთი ამბებია, რა დროს ცვლილებაზეა საუბარი? უნაკლო პოლიტიკოსი რომ გვყავდეს, კიდევ დაფიქრდებოდა ადამიანი, მაგრამ ამ ოპოზიციას ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას ამ ქაოტურ გარემოში? დამშვიდდეს მსოფლიო, გამოჩნდეს უნაკლო პოლიტიკოსი და კი ბატონო.
ისე, ბოლოს როდის იყო მსოფლიო მშვიდად?
რეჟიმი გვთავაზობს დაველოდოთ. დაველოდოთ სანამ გვიან არ იქნება – სანამ ის ბოლომდე არ შეიარაღდება, ყველა პატიოსან პოლიციელს ქვეყნიდან არ გააქცევს, კანონებს სრულად არ მოირგებს, ცივილიზებულ მეგობრებს არ გადაიმტერებს, ბოლო ხმამაღალ მოქალაქეს არ დაიჭერს.
შემდეგ კი მითუმეტეს – უნდა დაველოდოთ. ასეთ რეჟიმს შიშველი ხელებით ხომ ვერ შევებრძოლებით? დაველოდოთ, რაღაცა იქნება.
გავიჭირვოთ, შემოვიჭიროთ ქამრები, გავძლოთ, მათ კი აიშენონ ახალი სახლები, იყიდონ ახალი მანქანები, საათები, და ისეირნონ ევროპაში. საქართველოსთვის. ოჯახის სიწმინდისთვის, ღირებულებებისთვის.
2.3 სად არის ზღვარი შენთვის?
არასწორია ამ საკითხის შავ-თეთრად განხილვა – ან უნაკლო პოლიტიკოსი, ან იყოს რაც არის – ნაკლიანი ახლაც გვყავს. საჭიროა შედარების გაკეთება.
წარმოიდგინე, რომ გვყავს ბოროტი დიქტატორი, ვინც ხასიათის მიხედვით ხვრეტს ადამიანებს ყოველდღე კვირის გარდა – კვირას ეკლესიაშია. გააგრძელებდი უნაკლო პოლიტიკოსის ძიებას და ლოდინს? თუ იტყოდი, რომ საკმარისია – ავარჩიოთ მისი შემცვლელი არსებული ვარიანტებიდან!
არსებობს ზღვარი, რომლის შემდეგ მშვიდ ლოდინს ვეღარ ვაგრძელებთ. ყველას გვაქვს ეს ზღვარი.
რეალურად, შეკითხვა მდგომარეობს არა იმაში, თუ სად არის უნაკლო პოლიტიკოსი, არამედ:
რა არის ეს ზღვარი შენთვის? სადამდე დაელოდები?
200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რომ გვეყოლება? ყველა არხი რომ დაიხურება? ყველა პარტია რომ აიკრძალება? აქციაზე ნიღბიანებს, ჯგუფურად ცემის დროს, ვინმე რომ შემოაკვდებათ? კიდევ რამდენიმე თაობას რომ წავართმევთ ცხოვრებას?
თუ შენ არ დაფიქრებულხარ რა არის ეს ზღვარი შენთვის, ეს ნიშნავს, რომ უნაკლო პოლიტიკოსს კი არ ეძებ, არამედ არსებულ რეჟიმთან არ გაქვს საკმარისი პრეტენზია.
3. და “ოცნება” როგორია?
სანამ იკითხავ – “ოცნება თუ არა, აბა ვინ?” გავიხსენოთ, გადავხედოთ და პასუხი გავცეთ უფრო მარტივ შეკითხვას: და თვითონ “ოცნება” როგორია?
3.1 “ცოტაც ვაცალოთ”
ზოგიერთი ამომრჩეველი ელოდება, რომ “ოცნება” მე-13 წლიდან დაიწყებს ფასების შემცირებას თუ განათლების აღორძინებას. “ოცნება” 13 წელია მთავრობაშია. მასზე არ ვრცელდება მიდგომა “დაველოდოთ, მივცეთ შანსი“ – რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის საბოლოო პროდუქტი და სწორედ ეს პროდუქტი უნდა შევაფასოთ.
მას ჰქონდა ბევრი დრო და არაერთი შანსი. პრემიერ მინისტრი გაუშვეს თანამდებობიდან. კორუფციის გამო. ორჯერ. შემდეგ კი დაიჭირეს.
თუ ყველა პრემიერ მინისტრი კორუმპირებული ან მოღალატე იყო, თუ ზოგი მათგანი ბავშვებს პარავდა ფულს, ზოგიც – ავადმყოფებს, თუ არცერთმა პრეზიდენტმა არ გაამართლა, თუ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები კორუმპირებული არიან, თუ აჭარის თავმჯდომარე გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს და ქვეყნიდან გაიქცა, ეს არ არის მხოლოდ მათი ბრალი. ვინ ირჩევს ამ ადამიანებს? ვინ აწინაურებს? ვინ აჯილდოვებს? (1, 2)
ჩვენ “ოცნება” სამომავლო იმედებით და ოცნებით კი არა, დღევანდელი სახით უნდა შევაფასოთ. ეს არის მისი სახე. ახლა გადასაწყვეტია – რამდენ ადამიანს მოსწონს ის.
3.2 კომპეტენცია არ არის მნიშვნელოვანი
როგორ არჩევს “ოცნება” ადამიანებს თავისი გუნდისთვის? ერთი რამ ცხადია – არ აქვს მნიშვნელობა რა იცი, მთავარია როგორ უერთგულებ პარტიას. გამოცდილება, დამოუკიდებელი აზრი, პრინციპები – ასეთი რაღაცებისთვის ადგილი აქ არ არის. უნდა იყო მორჩილი პარტიის შიგნით და აგრესიული – პარტიის გარეთ.
პრეზიდენტობისთვის არ არის საჭირო უმაღლესი განათლება, თბილისის მერობისთვის ფეხბურთის ცოდნაა საკმარისი, გორის მერობისთვის – ჭიდაობის მედალი, დეპუტატობისთვის – “შტანგის” აწევა, ტენდერის მოსაგებად კი – ნათესაური კავშირი.
შედეგად იბადებიან სპეციფიური პოლიტიკოსები. არა უბრალოდ კორუმპირებული, არამედ შეუსაბამო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. მათ არ შეუძლიათ დაწერილი ტექსტის წაკითხვა ან აზრის ჩამოყალიბება უზრდელობის, გინების და ჩხუბის გარეშე – ქუჩაში, ტელევიზიაში თუ პარლამენტში.
| მიხეილ ყაველაშვილი იგინება | ვიდეო |
| მიხეილ ყაველაშვილი ისევ იგინება | ვიდეო |
| მიხეილ ყაველაშვილს უჭირს ტექსტის წაკითხვა | ვიდეო |
| გორის მერს უჭირს ტექსტის წაკითხვა | ვიდეო |
| დაჩი ბერაიასაც უჭირს ტექსტის წაკითხვა | ვიდეო |
| “ოცნების” დეპუტატი ი. ზარქუა ლანძღავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს | ვიდეო |
| ახალ დეპუტატს, ეკა ჭიჭინაძეს უჭირს სხდომის დღის წესრიგის ამოკითხვა | ვიდეო |
| დიტო სამხარაძის, პარლამენტის წევრის კოლაჟი – გინება, ცემა, მუქარა და სხვა. | ვიდეო 1, ვიდეო 2 |
| კალათბურთელი, მოჭიდავე, მორაგბე, ძალოსანი, წყალბურთელი და ძიუდოისტი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ფეხბურთელი პრეზიდენტის ხელმოწერით შევა ძალაში | სურათი |
რა მოხდა მერე, ისწავლის!
გსმენია ალბათ ასეთი ფრაზა. “მთავარია ალალი ბიჭია, დანარჩენს ისწავლის”, “ის რომ განათლებული იყო კარგი რა გაგვიკეთა?” და მსგავსი.
ეს მიდგომა, არასწორთან ერთად, საშიშიც არის. პოლიტიკა არ არის სასწავლებელი, სადაც მოუმზადებელი ადამიანები პირველი ნაბიჯების გადადგმას სწავლობენ, ზოგი – კითხვას, ზოგი – წერას, ზოგიც – გამართულად საუბარს. ამ ადამიანების ქმედება განსაზღვრავს როგორი სამართალი გვექნება, როგორ მოიქცევა პოლიცია, როგორი ურთიერთობა გვექნება გარე სამყაროსთან, თხრილში ხომ არ ჩავარდება ჩვენი რომელიმე მოქალაქე, პარკში დენი ხომ არ დაარტყამს.
ამიტომ, მათი სწავლის საფასური ისევ ჩვენი გადასახდელია.
3.3 კორუფცია არ არის უბრალო გადაცდომა
კორუფცია “ოცნებისთვის” არ არის გადახრა, გამონაკლისი. ზოგჯერ, როდესაც ზედმეტი მოუვა, შეიძლება მცირე შესწორება შეიტანოს და 1-2 ადამიანი დაიჭიროს იმიჯისთვის ან შიდა კლანური დაპირისპირების გამო. მაგალითად, “ქოლ-ცენტრების” საქმესთან დაკავშირებული სუსის უფროსი დაიჭირეს. ასევე დაიჭირეს “ქოლ-ცენტრების” თანამშრომლები და მალევე გამოუშვეს.
აქ საქმე კორუფციაში კი არ არის, მთავარია ვინ შოულობს ფულს ამ კორუფციით. საქმე არ გვაქვს ერთ, ორ ან ათ შემთხვევასთან. არც ერთ, ორ ან ათ მოპარულ მილიონთან. სისტემა ისევ რჩება – სისტემა, რომელმაც ეს ადამიანი აირჩია, მისცა არაერთი შანსი, დაიცვა, სცადა ჩვენი დარწმუნება მის პატიოსნებაში, შემდეგ კი დაიჭირა და ჩაანაცვლა სხვით.
| რამდენიმე პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სუსის უფროსი და სხვები | ვიდეო |
რეჟიმის მიზანი კორუფციის აღკვეთა კი არა, მისი მართვაა.
3.4 “ესენი არ ძალადობენ მაინც”
კორუფციის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის, მათ შორის “ოცნების” ამომრჩეველმაც. წლების განმავლობაში, ყველა ამ დანაშაულს ფარავდა ერთი არგუმენტი:
“ესენი არ ძალადობენ მაინც”
ეს არგუმენტი გარკვეულწილად ეფარებოდა არსებულ სისტემურ კორუფციას – თითქოს, არაუშავს თუ ვინმემ რაღაც საქმე ჩააწყო, მთავარია ქართველ ხალხზე ხელს არ წევენ! სხვას მოვითმენთ.
“ოცნებასაც”, წლების განმავლობაში ისღა დარჩენოდა მშვიდად გამდიდრებულიყო. ჩვენც გვყოფნიდა ეს შეთანხმება.
კონფლიქტი შეიქმნა/გამწვავდა მაშინ, როდესაც მათ ინტერესებს მიადგა საფრთხე – ევროკავშირთან ინტეგრაცია ხომ კანონის უზენაესობასაც მოიცავს. როდესაც პრემიერ მინისტრს 6 მილიონი სახლში უდევს, ერთი ამდენი კი მაჯაზე უკეთია, აწყობს კი მას კანონის უზენაესობა? ამიტომ რეჟიმმა ვეღარ გააგრძელა ევროინტეგრაციის მოჩვენებითი თამაში და მოუწია უარი განეცხადებინა მასზე.
ეს იყო ერთ-ერთი პირველი მომენტი, როდესაც შეიქმნა მსხვილი კონფლიქტი. თუ სადმე უნდა გამოეჩინა მთავრობას მისი “ლმობიერი” და “წინა მთავრობისგან განსხვავებული” ბუნება, სწორედ აქ ჰქონდა ამის შანსი.
თუმცა მან საპირისპირო აჩვენა – განსაკუთრებული სისასტიკით და მობილიზებით დაიწყო პროტესტის ჩახშობა. აამოქმედა ყველა ინსტიტუტი – ნიღბიან ძალოვანებს მოხსნა სანომრე ნიშნები და გზა გაუხსნა სრული აგრესიისკენ, პარალელურად მიიღო ახალ-ახალი კანონები პროტესტის შესაზღუდად, ქუჩაში “ტიტუშკები” დააორგანიზა, მოქალაქეებს ჩამოურეკა და აგინა, და ა.შ.
4. “ნაციონალები დაბრუნდებიან”
რეჟიმი ეყრდნობა ამ შიშს – “ნაციონალები დაბრუნდებიან”. ცდილობს დაზაფროს ის ადამიანები, ვისაც წინა მთავრობა უსამართლოდ მოექცა და ქმნის ემოციურ ფონს, სადაც ფიქრის და ანალიზის ადგილი აღარ რჩება.
ამ ისტერიას რამდენიმე არგუმენტით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ.
4.1 არაერთი მათგანი უკვე “ოცნებაშია”
ერთის მხრივ, “ოცნება” მორალურ ზღვარს ავლებს მასსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის.
მეორეს მხრივ, წლების განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობის” არაერთი წარმომადგენელი გადავიდა “ოცნებაში”, დარჩა დაკავებულ პოზიციაზე, ან სულაც დაწინაურდა – პოლიტიკოსები, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, მოსამართლეები (მაგალითად, გირგვლიანის, მოლაშვილის, თეთრაძის საქმის მოსამართლები) და სხვა.
ადრეც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდა, მურუსიძე ასამართლებდა, კალაძე კი ამართლებდა.
ზოგი მათგანი ამბობს, რომ წინა მთავრობამ აიძულა დეპუტატობა, ზოგი ამბობს, რომ დაშინებით შეაწირინეს თანხა პარტიისთვის, თუმცა არ ამბობს ვინ აძალებდა, არ ითხოვს მის დასჯას, ზოგიც იყო, მაგრამ თან არ იყო. მიზეზები სხვადასხვაა.









📷 კიდევ ათობით მაგალითი

























































დამატებით:
- კოლაჟი 1, კოლაჟი 2, კოლაჟი 3, კოლაჟი 4, კოლაჟი 5, კოლაჟი 6
- “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველები “ქართული ოცნებიდან”
- რაჟდენ კუპრაშვილი სააკაშვილის პოპულარიზაციას ეწევა
- გივი მიქანაძე, “ნაციონალური მოძრაობის” დროს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე (ბიოგრაფია)
- წულუკიანის კომისია იძიებს დამნაშავე “ნაციონალს”, რომელიც დღესაც სტრუქტურაში მუშაობს
4.2 “მთავარია სისტემა და არა ადამიანები”
როდესაც ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვეს, თუ რატომ შეინარჩუნა “ოცნებამ” მოსამართლეები, განაცხადა, რომ “ოცნებამ” გააუმჯობესა სისტემა, რომ არ არსებობენ კარგი და ცუდი ადამიანები, მთავარია როგორ არის სისტემა მოწყობილი და რომ ისინი, ვინც წინა მთავრობის დროს “ცუდად იქცეოდნენ”, ახლა სამაგალითოდ ემსახურებიან ქვეყანას.
თუ მივყვებით მის ლოგიკას, ჩნდება შეკითხვა:
კონკრეტულად რომელი ადამიანების უნდა გვეშინოდეს?
სისტემის ძალადობრივი ნაწილი “ოცნებამ” გადმოიბარა – მოსამართლეები, ძალოვანები და სხვა. ვინ არიან ის ადამიანები, ვისი შიშის გამოც დაუშვებელია, რომ “ოცნებამ” ძალაუფლება დათმოს?
4.3 “ყველა “ნაცია”, ვინც “ოცნებას” ეწინააღმდეგება”
დროთა განმავლობაში, “ოცნებამ” “ნაცი” დაარქვა ყველას, ვინც მას ეწინააღმდეგება ან აკრიტიკებს.
“ოცნების” რიტორიკა, საბოლოოდ, ასე ჩამოყალიბდა:
“ჩვენ გვსურს ერთიანობა, მშვიდობა, კეთილდღეობა. შესაბამისად, ვინც ჩვენ გვეწინააღმდეგება, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, აქტივისტი თუ სხვა, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და არის აგენტი, “ნაცი”, “ნაცთან გათანაბრებული”, “ნაცების ქვედანაყოფი”, “სატელიტი”, “მემკვიდრე” და ა.შ.”
აქ საუბარი აღარ არის “ოცნებისა და “ნაციონალების” იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე, არამედ – “ოცნებისა” და “სხვების”.
5. კარგი და.. აბა ვინ?
ეს შეკითხვა დასაწყისშიც დავსვით, მაგრამ ახლა სხვა მნიშვნელობას ატარებს.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ ზემოთ არგუმენტებზე ვთანხმდებით, თუ ნამდვილად გაინტერესებს პასუხი და რიტორიკულად არ სვამ ამ კითხვას.
სამი ვარიანტი გვაქვს და სანამ გაგიზიარებთ, გვინდა რომ ორი რამ იყოს ცხადი:
- იმაში დასარწმუნებლად, რომ შენი ეს შეკითხვა რიტორიკული არ არის და მართლაც გსურს პასუხის მოძებნა, საჭიროა დაფიქრდე – რა ძალისხმევის გაღებისთვის ხარ მზად პასუხის მისაღებად? როდესაც რაიმე ნივთს ყიდულობ სახლისთვის, შენ არჩევ მაღაზიებს, ადარებ ბრენდებს, ფასებს, საგარანტიო პირობებს. ასეთივე პროცესია ეს. პარტია, კოალიცია თუ სხვა ფორმატები შედგება ადამიანებისგან, გეგმებისგან. საჭიროა მათი გაცნობა – მათი დანაპირების, ინტერვიუების, ადამიანების მოსაზრებების. ნუ დაეყრდნობი მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდისტულ არხს.
- ჩვენ (“გაანათე”) არ და ვერ გირჩევთ კონკრეტულ გზას, პარტიას, ლიდერს თუ ფორმატს. ჩვენი მიზანი, როგორც სხვა შემთხვევებში, არის პროპაგანდით მოწამლული სივრცის დაწმენდა და ამ გზით დახმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
5.1 პოლიტიკური პარტიების არჩევა
ტრადიციული მეთოდი – გაეცანი ველს, თუ შედარებით ძველი პარტიებიდან ვერ იპოვე შენი მოსაწონი, ამასობაში ახალი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ – ზოგი შედარებით ტრადიციული, ზოგიც – ახალგაზრდული, ზოგიც – სოციალურ-დემოკრატიული. ზოგიერთი მათგანი დროს ვერ გაუძლებს, ზოგიც შეიძლება არ მოგეჩვენოს სერიოზულ ვარიანტად, მაგრამ გამოცოცხლება შეინიშნება და ეს უკვე კარგია.
დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად არ გვჭირდება უნაკლო პარტია თუ ლიდერი, მხსნელი. გვჭირდება ისე მოვაწყოთ სისტემა, რომ მთავრობაში მოსულმა იცოდეს და სჯეროდეს – თუ დააშავებს, წავა. საჭიროა მოქალაქეებმა დავიბრუნოთ რწმენა, რომ შეგვიძლია მთავრობის დათხოვნა იმ შემთხვევაშიც კი, თუ უნაკლო პოლიტიკოსით ვერ ჩავანაცვლეთ.
▶️ ბიძინა ივანიშვილი: თუ პირობებს დავარღვევთ, აღარ დაელოდებით შემდეგ არჩევნებს, გამოხვალთ და დანიშნავთ ახალს
ახალი მოთამაშეები რომ დაიბადოს, შენი ყურადღებაც საჭიროა.
თუ შენ არ ხარ დაინტერესებული, არ ეცნობი ინფორმაციებს, მეტიც – პროპაგანდის ნაკარნახევი მესიჯებით ქილიკობ ნებისმიერ ახალ პოლიტიკურ მოთამაშაზე, მასაც ნაკლები მოტივაცია რჩება გააგრძელოს საქმიანობა. ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, პოლიტიკა ისედაც სარისკო საქმიანობაა.
მოთამაშეებს სჭირდებათ ყურადღება, კრიტიკა, უკუკავშირი. შედეგად, ზოგი დაიშლება, ზოგი კი ვინ იცის, იქნებ ისეთ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს, შენს სიმპათიას რომ დაიმსახურებს.
5.2 კოალიციური მთავრობა
კოალიციური მთავრობა არის მთავრობა, რომელშიც ქვეყნის მართვის პროცესში არაერთი პარტია მონაწილეობს.
“კი, მაგრამ ხომ იყვნენ პარტიები პარლამენტში? არ იმუშავა!”
შეიძლება იფიქრო – “კი, მაგრამ, ხომ გვქონდა ასეთი რამ უკვე – 5% ვინც გადალახა ხომ ისედაც იყო პარლამენტში და მუშაობდაო”. კოალიცია არ არის უბრალოდ ბევრი პარტიის არსებობა პარლამენტში, არამედ ამ პარტიების ერთმანეთთან თანაშრომლობა ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობების გაზიარება-გადანაწილებით.
როდესაც ერთ პარტიას 50%-ზე მეტი ხმა აქვს გაფორმებული და შეუძლია სხვა პარტიების აზრის მიუხედავად ნებისმიერი კანონის მიღება, ეს აღარ არის კოალიცია. ეს არის ისევ ერთპარტიული მმართველობა. კი, სხვა პარტიებს შეუძლიათ საუბარი, კრიტიკა, რთული შეკითხვების დასმა, მთავრობის არაკომპეტენტურობის გამომჟღავნება, ან სულაც რამდენიმე მავნებელი კანონის ჩაგდება თუ გადადება, და ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვრჩება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც სხვა პარტიები უფრო ვიზუალურ გაფორმებას ემსგავსება, სადაც რეგლამენტი და პროცედურები კი არ ეხმარება თანამშრომლობას, არამედ იქცევა იარაღად მმართველი პარტიის ხელში.
ამის კარგი მაგალითია “აგენტების კანონი”, კერძოდ კი – თუ როგორ წარიმართა მსჯელობა მასზე. კი, პარლამენტში იყო სხვადასხვა პარტია, ამ პარტიებმა 30-მდე მნიშვნელოვანი შეკითხვა თუ შენიშვნა გაუზიარეს “ოცნებას” განხილვების დროს, მაგრამ პასუხად მიიღეს დაცინვა, მიკროფონების გათიშვა, დარბაზიდან გაძევება და სხვა. ეს არ არის მრავალპარტიული თანამშრომლობა, ეს არის ერთპარტიული მმართველობა ხმაურის ფონზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პასუხგაუცემელმა შეკითხვებმა თავის წვლილი შეიტანა საზოგადოების აღშფოთებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა.
ერთპარტიულობას ემატება ისიც, რომ პარტიის შიგნითაც არ არის დემოკრატია. ეს არის 84 ადამიანი, 84 ხელი, რომელიც აჭერს წითელ ან მწვანე ღილაკს WhatsApp ჯგუფში გამოგზავნილი ინსტრუქციის მიხედვით. შესაბამისად, მრავალპარტიული პარლამენტის მოჩვენებითი სურათიდან მარტივად მივდივართ რეალობამდე – ერთი ადამიანის მმართველობამდე.
წამალი ერთადერთია – თანამშრომლობა უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის სურვილზე დამოკიდებული, არამედ – ყველასთვის აუცილებელი. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც 50%-ზე მეტი არცერთ პარტიას არ აქვს. საჭირო ხდება კომპრომისები, გამართული შეთავაზებები, დებატები, არგუმენტების დაცვა, ახსნა, უკეთ დაცვა და უკეთ ახსნა, ამ ჭიდილში კი საზოგადოებამ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, გავაძლიეროთ კარგი მოთამაშეები. ასე, ხარისხიც უმჯობესდება. არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ხდებიან უკეთესი ადამიანები, არამედ კონკურენცია უბიძგებს მათ განვითარდნენ და გაუმჯობესდნენ.
“დაჭამენ ერთმანეთს”
გაგიგია ალბათ ეს ფრაზა.
კი, ჩვენ გვაკლია საუბრის, დებატის, განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა.
თუმცა, ეს განსხვავებები ისედაც არსებობს საზოგადოებაში. როდესაც პოლიტიკური პარტიები უპირისპირდებიან ერთმანეთს ერთ კონკრეტულ სივრცეში – პარლამენტში, ეს ნიშნავს რომ უთანხმოებას თავს ვუყრით ერთ ადგილას, იქ ხდება ყველაფერი, იქ იქმნება დაძაბულობაც, იქ ვხვდებით ხმის აწევასაც და ზოგჯერ უფრო მეტსაც. თუმცა, თუ ეს დაპირისპირება პარლამენტში ავკრძალეთ, ის გარეთ გამოჟონავს – ოჯახებში, სამეგობროებში და ოფისებში შეაღწევს. რაც დღეს ხდება.
შეიძლება ცოტათი გადამეტებულიც იყო ეს რისკები. სხვა თუ არაფერი, ზემოთ 35-ზე მეტი მაგალითი გაგიზიარეთ როგორ უპრობლემოდ თანაცხოვრობენ “ოცნებისა” და “ნაციონალი მოძრაობის” პოლიტიკოსები.
“არ იქნება ეფექტიანი, ვერაფერს თავს ვერ მოაბამენ.”
მეორე გავრცელებული ფრაზა ეს არის – შეიძლება ერთმანეთი არ “დაჭამონ”, მაგრამ შედეგიანი არ იყოს ეს თანამშრომლობა – უსასრულოდ გაგრძელდეს მსჯელობა, ეგომ გადაწონოს კარგი აზრი და ა.შ. აქაც, ისევ არსებულ რეალობას უნდა შევედაროთ – 13 წლიანი ერთპარტიული მმართველობის ფონზე, გვაქვს კი ის სანატრელი მაღალი ტემპი, რომლის დათმობაც გვენანება?
ასეც რომ იყოს, ამ არგუმენტს მეორე მხარეც აქვს – ნელი განვითარება გვირჩევნია სწრაფ უკუსვლას. ახლა ხომ ცხადია, რა ტემპით დავიწყეთ უკუსვლა როგორც კი ეს “ოცნებამ” გადაწყვიტა? რა სიჩქარით გადავიმტერეთ ცივილიზებული ქვეყნები, რა ტემპით მივიღეთ რეპრესიული კანონები მათ შორის ტროტუარზე დგომის აკრძალვა? აშვებული რეჟიმის შემჩერებელი ბერკეტი არ აღმოგვაჩნდა.
ეფექტიანობის გამო, რომელიც არ არსებობს, ვრისკავთ გამანადგურებელი იარაღის ჩაბარებას პარტიისთვის, რომელმაც სხვისი თუ საკუთარი ლიდერების უდიდესი ნაწილი უკვე ციხეში ჩასვა ან ქვეყნიდან გააქცია.
“საერთოდ, რად გვინდა დემოკრატია?”
ამ საკითხზე კამათის დროს, ხშირად დამალული მთავარი განსხვავება აზრებს შორის არის – გვინდა კი დემოკრატია, თუ სჯობს ავტოკრატია გვქონდეს? ადამიანთა ნაწილი მკაფიოდ აფიქსირებს აზრს, რომ გვჭირდება ერთი “მკაცრი” ხელი რომელიც “აზრზე მოგვიყვანს” – ზოგი სტალინის გაცოცხლებას ნატრობს, ზოგიც – არსებული ოლიგარქის უსასრულოდ დატოვებას.
დემოკრატიის და ავტოკრატიის შედარება სცდება ამ ტექსტის ფარგლებს, ამაზე შეგიძლია სხვა წყაროებიდან მოიძიო ინფორმაცია, რომელი სჯობს და რატომ. აქ მხოლოდ იმას ვხსნით, რომ როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული მოწყობაა და სინამდვილეში ერთი პარტია მართავს მთელს ქვეყანას, ეს აღარ არის დემოკრატია.
“კოალიცია კი კარგია, მაგრამ დღეს არ ვართ მზად.“
შიშით მანიპულირება აქაც გრძელდება. ზემოთჩამოთვლილი არგუმენტების განეიტრალების შემდეგ, რეჟიმის პროპაგანდისტი მოლბება და იტყვის – “კი, ბატონო, განა მე არ მინდა კოალიციური მმართველობა?! ძალიანაც მინდა, უბრალოდ დღეს ამისთვის მზად არ ვართ”.
13 წელია “ხვალ” არ დამდგარა. “მსოფლიო არეულია, კოალიცია დესტაბლიზიაციას გამოიწვევს” – გვეუბნება ის. ასეთ დროს ავტოკრატია ერთადერთი გზაა და ის არც ისეთი ცუდია – გვარწმუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი.
კოალიციას არაერთი დადებითი, მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი მოჰყვება.
ზემოთ ვახსენეთ, რომ კოალიცია, კონკურენცია პარტიებს და პოლიტიკოსებს განვითარებისკენ ბუნებრივად უბიძგებს, მაგრამ მოდით რამდენიმე კონკრეტული, ხელშესახები მაგალითიც მოვიყვანოთ:
- ბიზნესზე წნეხის შემცირება – ბიზნესს ნაკლები შიში ექნება გააკრიტიკოს ესა თუ ის პარტია, რადგან ერთპიროვნული ძალაუფლება არცერთი მათგანის ხელში არ იქნება და ყველა სახელმწიფო ორგანო ამ ბიზნესს არ დაემუქრება.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების ხარისხი გაიზრდება – არ იქნება ერთი, ცენტალური პარტია, რომელიც გავლენას მოახდენს მაუწყებლის რედაქციაზე. შესაბამისად, ბუნებრივად უფრო მეტი, მრავალფეროვანი ხმა გაჟღერდება.
- სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზრდება – როდესაც მოსამართლემ იცის, რომ აღარ ჰყავს დასაცავი კონკრეტული პარტია, ის მეტად დამოუკიდებელი იქნება.
ეს არ არის ჯადოსნური დაპირებები, არამედ ამ მრავალფეროვნების ბუნებრივი შედეგია. ანალოგიურად, როდესაც ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რეჟიმსაც უჭირს მისთვის “თავის მოკვეთა”.
“კარგი, მაგრამ საზოგადოება არ არის ამისთვის მზად”
საზოგადოების დაკვეთის ცოდნაზე ყველა რეჟიმს აქვს პრეტენზია – მათ იციან რა და როგორ სჯობს, რადგან უსმენენ საკუთარ ხალხს. ასე ამბობენ ისინი. თუმცა, უნდა გავიხსენოთ, რომ 2024 წლის არჩევნებში, “ოცნების” აღიარებული რიცხვებით, მან 54%-ზე ნაკლები აიღო. ანუ, 4%-ზე ნაკლები დაგვაკლდა იმ შედეგის დადგომამდე, რასაც აქ აღვწერთ – როდესაც არცერთ პარტიას 50%-ზე მეტი ხმ არ აქვს. ამასთან, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიებს შორის მეტ-ნაკლებად თანაბრად იყო გადანაწილებული ხმები.
5.3 გარდამავალი, ანტი-კრიზისული მთავრობა
იმის მიუხედავად რას ფიქრობ ამა თუ იმ პარტიაზე თუ კოალიციურ მთავრობაზე, ორივე გზა ეყრდნობა ერთ მთავარ დაშვებას: არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, სანდოდ. თუ ეს ნდობა არ არსებობს, ამ ვარიანტების ანალიზსაც ეკარგება აზრი.
რა ხდება მაშინ, თუ რეჟიმმა ისე დააზიანა გარემო, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება აღარ გამოდის? დაწყებული საჯარო სექტორის დაშინებით თუ მოსყიდვით, დამთავრებული გასაჩივრების უფლების პრაქტიკულად წართმევით. რეჟიმმა, 2024 წლის არჩევნების ხარვეზების არგამოსწორების გარდა, არაერთი ახალი, მნიშვნელოვანი საზიანო კანონი მიიღო.
ტრადიციული ანტი-კრიზისული გზა გულისხმობს ამ ძირითადი დაზიანებების გამოსწორებას და გარემოს იმ დონემდე მიყვანას, სადაც თავისუფალი არჩევნების ჩატარება კვლავ შესაძლებელი გახდება – ეს მოიცავს ცვლილებების გატარებას არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობაში, არამედ – მედიის თავისუფლების, სასამართლო დამოუკიდებლობის, საჯარო მოხელეების პარტიული ინტერესებიდან გამოყოფის და სხვა კუთხით.
“ეს ხომ არადემოკრატიულია?”
რატომ ვანდობთ ასეთი ტიპის მთავრობას ქვეყნის ბედს? სად არის დემოკრატია? საქმე იმაშია, რომ, როგორც ვახსენეთ, დემოკრატიის დასაბრუნებლად საჭიროა ერთგვარი სამაშველო ოპერაციის ჩატარება, რათა არჩევნებს დაუბრუნდეს აზრი, შემდეგ კი გაგრძელდეს ტრადიციული გზით სვლა.
ანტიკრიზისული მთავრობის მთავარი შემზღუდავი მექანიზმი არის დრო – ძირითად შემთხვევებში ეს არის 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდი.
5.4 მოდი, ჩვენ დაგისვამთ შეკითხვას
ამ დრომდე შენ გვისვამ შეკითხვებს და გვაძლევ შენიშვნებს – არ მოგწონს ოპოზიციური არჩევანი, არ მოგწონს თუ ვინმე ქვას ისვრის, გვთხოვ მოვიფიქროთ არჩევნების წყალგაუმტარი ფორმატი, გვიწუნებ ამას თუ იმას.
ამჯერად ჩვენც გვაქვს ერთი შეკითხვა – ეს პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვეხება თუ შენც?
მოცემულობა ასეთია: ჩვენი აღქმით, სწრაფი ტემპით ინგრევა სამართლიანობა, ინსტიტუტები და სახელმწიფოებრიობა.
გვაქვს ორი არჩევანი: გავჩერდეთ, ან ვიმოქმედოთ. სანამ სირთულეებზე საუბარს დავიწყებთ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმოქმედოთ. უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ სამართლიანი საქართველოსთვის. სანამ თავიდან ჩამოთვლი სირთულეებს – კი, ჩვენც გვესმის ეს სირთულეები, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- ოპოზიციას ბევრი ნაკლი აქვს? ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- არეულობა არ გინდა? არც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს ზუსტად არ იცი? ჩვენც არ ვიცით, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- ზოგიერთი ისეთი ადამიანი დგას იქ, ვინც არ მოგწონს? ჩვენც არ მოგვწონს ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- კუბო დაწვეს რუსთაველზე? ბევრს არ მოგვეწონა. მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
- მსოფლიოში მნიშვნელოვანი ამბები მიმდინარეობს და რა დროს აქციებია? მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
შენ მიგვითითებ ამ კითხვებზე და სირთულეებზე. ჩვენც ვხედავთ ამ ყველაფერს. ეს სირთულეები არ არის საკმარისი გასაჩერებლად. არსებული მოცემულობიდან მისაღები ვარიანტის გამოძერწვას ვცდილობთ და გამართული შეთავაზებაც შევიმუშავეთ. შენ კი გვეუბნები, რომ მეტიც შეიძლებოდა.
უბრალოდ თქმა არ არის საკმარისი. შემოგვიერთდი და ერთად ამოვხსნათ ეს სირთულეები.
6. და მაინც.. აბა ვინ?
ადამიანი ამ შეკითხვას ხშირად რიტორიკულად სვამს – რეალური პასუხით არ არის დაინტერესებული. ის ელის უნაკლო პოლიტიკოსს, სინამდვილეში კი გადაწყვეტილების მიღების გადავადებას ცდილობს.
უნაკლო პოლიტიკოსი არ არსებობს. არც ჯანმრთელ დემოკრატიაში და, მითუმეტეს, არც მიტაცებულ სისტემებში.
უარესის შიში შეიძლება სიფრთხილეს და გონიერებას გავდეს, მაგრამ, რეალურად ეს არის ავტორიტარული სისტემის მთავარი საყრდენი.
დაუსრულებელი ლოდინიც პოზიციაა. პოზიცია, რომელიც ეხმარება რეჟიმს – აძლევს მას დროს და ჩუმ ლეგიტიმიაციას რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამკაცრდეს. სანამ ლოდინის გარდა სხვა გზას ვეღარც დავინახავთ.
ამიტომ, უნაკლო პოლიტიკოსის ძიების მაგივრად, შეკითხვა უნდა დავსვათ ასე – სად არის ზღვარი თითოეული ჩვენგანისთვის? და გვაქვს კი ეს ზღვარი?
ჩვენ ვერ გირჩევთ რომელიმე გზას, მაგრამ გაჩვენებთ, რომ არის მხოლოდ სამი გზა და სამივე მათგანი ითხოვს ძალისხმევას, ყურადღებას, პირადი პასუხისმგებლობის დანახვას. დემოკრატიას სჭირდება ჩართულობა.
შენი არჩევანია გააგრძელებ ლოდინს თუ გააკეთებ არჩევანს. რთულ, არასრულყოფილ, მაგრამ შენს არჩევანს.