შენ ამბობ: ყველას თავისი აზრი აქვს, მე მაქვს უფლება მომწონდეს ეს ხელისუფლება, ნუ გვაბულინგებთ, ნუ გავიფუჭებთ ურთიერთობას პოლიტიკის გამო.
ჩვენთვისაც ძვირფასია ეს ურთიერთობები. ჩვენც სილაღე გვირჩევნია დაძაბულობას, სიყვარული კი – ნეგატივს.
თუმცა, ნეგატივისგან თავის დასაღწევად საჭიროა პოლარიზაციის შემცირება. პოლარიზაციის შესამცირებლად კი საჭიროა იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ამ პოლარიზაციას იწვევს. კრიტიკის აკრძალვით და ნაირ-ნაირი კანონებით ეს არ გამოვა.
ჩვენ მოგიყვებით პრობლემებზე, რომელთა აღმოხვრა საჭიროა პოლარიზაციის შესამცირებლად. ვერ დაგპირდებით, რომ მარტივ გზას გთავაზობთ, მაგრამ ეს გზა აუცილებლად არის გასავლელი. ამ ნაბიჯების გამოტოვება არ გამოვა.
ორ მთავარ პრობლემას ვხედავთ.
1. უსამართლობა
წლების განმავლობაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი ათობით ათას ადამიანს ძალიან ძვირად გვიჯდება.
ხელისუფლება გვეძახის აგენტებს, მოღალატეებს, დაფინანსებულებს, უსამშობლოებს. ხელისუფლება გვცემს, გვაგინებს, გვაყადაღებს, გვათავისუფლებს სამსახურიდან. გვიჭერს ტროტუარზე დგომის გამო. რეგულარულად იღებს ახალ კანონებს, რომლითაც კიდევ უფრო მარტივად გვიჭერს და გვასამართლებს.
გვიგზავნის ბანდიტებს – ზოგს მაჩეტეთი, ზოგს პისტოლეტით, ზოგსაც უბრალოდ რკინის ხელკეტებით. სასამართლოზე კი მოდის ცრუ მოწმე, რომელიც ამბობს დაზეპირებულ სიტყვას, რომლის საფუძველზეც მოსამართლეს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი.
გვყავს სასტიკად ნაცემი 100-ობით ადამიანი, 100-ზე მეტი პატიმარი და 9000-ზე მეტი დაჯარიმებული თუ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ბოლო წლების განმავლობაში. გვაქვს ამ ძალადობის და უსამართლობის ამსახველი ათეულობით თუ ასეულობით ფაქტი.
ასევე მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ეს ცნებები – ჩვენი შენდამი კრიტიკა არ სცდება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. სასტიკი ცემა და ცრუ ბრალდებით დაჭერა კი ნამდვილად არის აზრის ჩახშობა.
2. ცილისწამება
ძალაუფლების დათმობა, როგორც წესი, ადამიანებს არ ემარტივებათ ხოლმე, მითუმეტეს, თუ იმდენი ხანია ფლობენ ამ ძალაუფლებას, რომ აღარ იციან სხვანაირად როგორ შეიძლება ცხოვრება.
რეჟიმს არ სჭირდება გაერთიანებული საზოგადოება. მას სჭირდება, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს მეორის ეშინოდეს, სძულდეს და ამ დაუსრულებელ სიძულვილში და ხმაურში თვითონ გვევლინებოდეს ერთადერთ მხსნელად.
ამიტომ, როდესაც სახელისუფლებო მედია პროტესტის მონაწილეებზე ათასგვარ ტყუილს იგონებს, მათ ცემას და დაჭერას ამართლებს, ჩვენ მათზე არ ვბრაზდებით. ეს ასეთი რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქცევაა.
პროპაგანდა აღვივებს ზიზღს სწორედ ამ ცილისწამებით. თუმცა, ის ამას ვერ შეძლებდა, ნიადაგი რომ არ ჰქონდეს. ეს ნიადაგი არის შენი მზაობა, რომ გადამოწმების, პირადი პასუხისმგებლობის აღების გარეშე დაიჯერო და გაავრცელო ეს ცილისწამება.
“ტელევიზორში თქვეს ასეო” – ამბობ. შენ აუცილებლად გეყოლება გარშემო ადამიანები, ვინც პროტესტმა დააზარალა. იმის ნაცვლად, რომ დაინტერესდე და კითხვები დაუსვა, არჩევ რომ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს დაუჯერო და შეუერთდე ათასგვარ ცილისწამებას.
“მე რა შუაში ვარ?”
“ან ჩვენს ურთიერთობას რატომ აზიანებ პოლიტიკით?” – შეიძლება იკითხო.
დავაზუსტოთ რამდენიმე დეტალი. ნაბიჯ-ნაბიჯ.
1. ფლობ იგივე ფაქტებს, რასაც ჩვენ?
ფლობ ინფორმაციას იმ ძალადობაზე და უსამართლობაზე, რასაც პროტესტის მონაწილეების მიმართ აქვს ადგილი?
თუ არა, გაეცანი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი: გადასვლა
თუ კი, გავაგრძელოთ.
2. ხედავ დამნაშავეს?
გვეთანხმები, რომ ეს უსამართლობა და ძალადობა არის სისტემური, ორგანიზებული, წახალისებული ხელისუფლების მხრიდან?
თუ არა, უფრო დეტალურად გაეცანი ზემოთმოცემულ მასალას: გადასვლა. აქ არ არის საორჭოფო ისტორიები, აქ დაგხვდება უამრავი ცხადი ფაქტი და არგუმენტი, თუ რატომ არის ეს ასე.
თუ კი, გავაგრძელოთ.
3. ხედავ შენს როლს ამ ყველაფერში?
“მე რა შუაში ვარ?” შეიძლება იკითხო.
თუ გვეთანხმები, რომ ადგილი აქვს მასშტაბურ ძალადობას და უსამართლობას და რომ ამის შემოქმედი ხელისუფლებაა. და თუ ამ ხელისუფლებას უჭერ მხარს, აგულიანებ, უჯერებ, რა გამოდის?
შეიძლება ამ ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზით უჭერდე მხარს – უარესის მოსვლის შიში, ოჯახის საარსებო წყაროს წართმევის შიში, სამსახურის ან ტენდერის დაკარგვის შიში, ან რწმენა, რომ სწორედ ეს პარტია იცავს ჩვენს ღირებულებებს და ტრადიციებს. მხარდაჭერის მოტივი შეიძლება იყოს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი. შეიძლება ხედავ მის დანაშაულებს და ითმენ სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება ვერ ხედავ – არცოდნა რომ არცოდვაა – ისე, შეიძლება ხედავ და მოგწონს, რადგან თვლი, რომ სიმართლე მორევაზეა.
თუმცა, მიუხედავად მოტივისა, შენი შეთავაზება ასე ჟღერს:
მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გცემს, გიჭერს, გაჯარიმებს, გამცირებს.
მაგრამ, გთხოვ პოლიტიკას მეგობრობა არ გადავაყოლოთ და თვალი დავხუჭოთ ამაზე.
სიტყვა “პოლიტიკა” ზოგჯერ ბუნდოვანია ხოლმე. თითქოს რაიმე ყოფითი პოლიტიკური საკითხის გამო ვდაობდეთ, მაგალითად ჭკვიანი შუქნიშნები საჭიროა თუ არა სანაპიროზე? აქ დაგეთანხმებოდით, ასეთი საკითხების გამო ნამდვილად არ ღირს ურთიერთობის დაზიანება, ისევე, როგორც – ხაჭაპური სჯობს თუ ხინკალი.
მეტიც, ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეც არ გთხოვთ ჩვენს აზრზე იყო, მაგალითად საგარეო ვექტორზე, ევროკავშირზე და სხვა.
მაგრამ, როდესაც შენ აქტიურად უჭერ მხარს ადამიანთა ჯგუფებს, ვინც ჩვენზე ძალადობს, ეს აღარ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. რაიმე აბსტრაქტულ ჯგუფზე კი არა – ჩვენზე, შენს მეგობრებზე, ნათესავებზე, ჩემზე. როდესაც ძალადობა და უსამართლობა ყოველდღიურობა ხდება და ხელისუფლება ამას შენი სახელით სჩადის, მხარდაჭერა ნეიტრალური აღარ არის.
ამ რეჟიმს ხმა შენ მიეცი, სტრუქტურებს კი ვაფინანსებთ როგორც ჩვენ – აქციაზე მდგომი ადამიანები, ისე – შენ. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის ის მინიმალური ზღვარი, რომელსაც ვიზიარებთ. ჩვენ ამ შეთანხმების შეხსენებას ვცდილობთ. მოდი, ერთად ვაიძულოთ სისტემა, რომ მოისმინოს განსხვავებული აზრი, შემდეგ კი საზოგადოებამ გადავწყვიტოთ თუ რომელი აზრი ჯობს.
ჩვენ არ გვსურს ზედაპირულობა, ფარისევლობა – სუფრით და სადღეგრძელოებით რომ შემოვიფარგლოთ, და ურთიერთობა იმით შევინარჩუნოთ, რომ რთულ საკითხებს არ შევეხოთ. პირიქით – გვინდა, რომ შევეხოთ რთულ საკითხებს, ვისაუბროთ, გადავლახოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა.
შეჯამება
ვფიქრობთ შენც გესმის, რომ თუ ჩვენზე მოძალადეებს უჭერ მხარს, ჩვენი მეგობრობის გაგრძელებაც უფრო რთული წარმოსადგენი ხდება.
თუმცა, თუ მაინც გაქვს ამის მოლოდინი, ეს მიგვანიშნებს, რომ უთანხმოება სხვაგან გვაქვს:
- უარყოფ, რომ ამ ძალადობას და უსამართლობას აქვს ადგილი?
- უარყოფ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში?
- უარყოფ შენი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერის როლს?
თუ არ ეთანხმები აქ განვითარებულ ლოგიკას, მიგვითითე – კონკრეტულად რომელ ნაწილს არ ეთანხმები და ვისაუბროთ. ჩვენი მიზანია, როგორც მინიმუმ, არასწორი წარმოდგენების, პროპაგანდის გამო არ გავიფუჭოთ ურთიერთობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საუბარი, რომ ვიცოდეთ რაზე ვერ ვთანხმდებით.
❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, გაეცანი გვერდს სრულად, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.
ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
- შენ კრიტიკას არქმევ “ბულინგს”. ხედავ სხვაობას კრიტიკასა და ცემაში, ციხეში, დაყადაღებაში?
- უშვებ შესაძლებლობას იმისა, რომ სამთავრობო ტელევიზიები პროტესტის მონაწილეებს ცრუ ბრალდებას უყენებდნენ? რატომ უჯერებ მათ?
- ფიქრობ, რომ მთავრობა სისტემურ დანაშაულს სჩადის ადამიანების მიმართ?
- თუ მთავრობა ჩვენზე ძალადობს, ამ მთავრობის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხი გამოდის?
- თუ შენ მხარს უჭერ ადამიანებს, ვინც თავს გვესხმის, როგორ მოგვიწოდებ გავაგრძელოთ მეგობრობა?