კი, მაგრამ…

შენ ამბობ: კი, შეიძლება არის ძალადობა, უსამართლო დაკავებები, კორუფცია, მაგრამ გვაქვს მშვიდობა, დაცვა ომისგან და “ნაცების” მობრუნებისგან.


გავამარტივოთ შენი შეთავაზება

ვიყოთ გულახდილები და გავამარტივოთ შენი შეთავაზება. ჩვენს ვერსიას შემოგთავაზებთ და შეგვისწორე, თუ რაიმე გამოგვრჩა.

შენ ამბობ:

დაგარქმევ აგენტს, მოღალატეს, დაფინანსებულს, უსამშობლოს. გცემგაგინებ, დაგაყადაღებ, დაგითხოვ სამსახურიდან. დაგიჭერ ტროტუარზე დგომის თუ კრიტიკული პოსტის გამო. დაგიჭერ უმიზეზოდ, ან მივიღებ ახალ კანონს და იმ კანონით დაგიჭერ.

მოგიგზავნი გაურკვეველ ბანდიტებს – ზოგს მაჩეტეთი, ზოგს პისტოლეტით, ზოგსაც უბრალოდ რკინის ხელკეტებით. სასამართლოზე ცრუ მოწმე მოვა, მოყვება როგორ არღვევდი კანონს. მოსამართლე მის სიტყვას ენდობა. შენც წახვალ ციხეში.

“ადრინდელ ციხეს ხომ მაინც სჯობს” – დაგვამადლი კიდეც.

სამაგიეროდ…

სამაგიეროდ, მე შემოგთავაზებ მშვიდობას, დაგიცავ ომისგან და ძველი პოლიტიკოსების დაბრუნებისგან, გაყიდინებ ხორცს 10 ლარად.

პარალელურად კი მოვიპარავ ფულს საბავშვო ბაღებიდან, გავძარცვავ ქართველ თუ უცხოელ პენსიონერებს, ჩავაწყობ ტენდერებს, გავხსნი პარკს, სადაც ახალგაზრდა გოგონას დენი დაარტყამს.


ჩავასწოროთ შენი წინადადება

შენ ამბობ:

მე მხარს ვუჭერ მშვიდობას.

ეს არასრული წინადადებაა. სრული წინადადება ასე გამოიყურება:

მე მხარს ვუჭერ კრიმინალურ, ძალადობაზე დამყარებულ სისტემას, რადგან ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტ სიკეთეს გვთავაზობს, ვიდრე – ბოროტებას.

ამ სიტყვებს სალანძღავად არ ვამბობთ. ეს არის უამრავ ფაქტზე დაყრდნობით აგებული ლოგიკური შეჯამება. ძალადობა და უსამართლობა ყველგან ხდება, თუმცა როცა ეს ხდება რეგულარული, განგრძობითი, როდესაც ძალადობა პროტესტის ჩასახშობად გამოიყენება, ის უკვე სისტემური ხდება. ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს, ახალისებს და იცავს კრიმინალებს, თავად არის კრიმინალური.

შეიძლება უსიამოვნო იყოს ამ წინადადების მოსმენა, თუმცა თუ მკაფიოდ და სრულად არ ვიტყვით ამ წინადადებას, საუბრის გაგრძელებაც გართულდება, რადგან პროპაგანდა ცდილობს ეს საუბარი დაიყვანოს ასეთ პრიმიტიულ დებულებამდე:

ჩვენ გვინდა მშვიდობა, თქვენ – არა, ამიტომ ჩვენ ვართ მართლები.

სინამდვილეში, აზრთა სხვადასხვაობა მშვიდობაზე არ არის. ამიტომ, ამ დებულების სწორი ვერსია ასე გამოიყურება:

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალადობა და უსამართლობა საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ საფრთხე, რომლის რეალურობასაც ვერ გიმტკიცებთ, სიტყვაზე უნდა გვენდოთ.

ეს არის შენი შეთავაზება. ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ.


პრობლემა შენს შეთავაზებაში

ახლა, როცა შენი შეთავაზება ცხადია, განვიხილოთ რა არ მოგვწონს ამ შეთავაზებაში.

შენ შეიძლება მართლაც ხედავ იმ სიკეთეს, რომლის გამოც ეს დამცირება და თავდასხმა უნდა ავიტანოთ. შეიძლება თვლიდე, რომ ეს სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენი აზრით, შენ გვთავაზობ, რომ “მგლის შიშით ცხვარი გავწყვიტოთ” – ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე გვახვევ თავს შიშს, რომლის გამოც უნდა ავიტანოთ კრიმინალური, ძალადობრივი ხელისუფლება.

შენი შიში რეალურიც რომ იყოს, ჩვენ არ გეთანხმებით, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა არის ის აუცილებელი ბოროტება, რომელიც ამ საფრთხის ასარიდებლად არის საჭირო. არც საბავშვო ბაღებიდან ფულის მოპარვაა აუცილებელი და არც მკვლელი პარკების გახსნა.

სხვა სიტყვებით:

შენი შეთავაზება გასაგებია და არ ვეთანხმებით. ხელს არ ვაწერთ.


გაღელვებს ძალადობა და უსამართლობა?

რეჟიმის მომხრეების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ მთავარია ძველი პოლიტიკოსები არ დაბრუნდნენ, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

თუმცა, საინტერესოა რატომ ამბობ ამას – გეშინია ძალადობის დაბრუნების თუ ძალაუფლების დაკარგვის?

ალბათ იტყვი, ძალადობის დაბრუნებისო.

შერჩევითი სამართალი არ არის სამართალი. შენ ამბობ, რომ არ მოგწონს როგორ ძალადობდა წინა ხელისუფლება. თუმცა, მხარს უჭერ ძალადობას ახლანდელი რეჟიმისგან, ნიშნისმოგებით აზიარებ დანიური თუ ნიდერლანდური პოლიციის ძალის გადამეტების კადრებს. ერთადერთი ძალადობა, რომელიც არ მოგწონს, ეს არის წინა ხელისუფლების ძალადობა.

პერიოდულად წამოგვაძახებ – მაშინ რატომ არ აპროტესტებდიო? ზოგი აპროტესტებდა, ზოგი – არა, ზოგიც – ვერა. როგორც ახლა. რა შეიძლება დავასკვნათ ამით? ხომ შეგვიძლია იგივე კითხვა დაგისვათ დღეს? როდემდე უნდა ვითამაშოთ ეს “პინგ-პონგი”?

არ მოგიწოდებთ სხვისი გტკიოდეს. პრობლემა ის არის, რომ ეს შენი ხელით ხდება. შენ შეიძლება ნაწყენი იყო, რატომ არ დაგიდგა გვერდში უფრო მეტი ადამიანი ადრე. თუმცა, დღეს, არათუ შენ არ უდგახარ გვერდში სხვებს, არამედ თვითონ უწყობ ხელს ამ ჩაგვრას.

ამიტომ, რთული იქნება არგუმენტებით გაამყარო შენი ნათქვამი, რომ ძალადობის წინააღმდეგ იბრძვი ან იბრძოდი.


რას გთავაზობთ ჩვენ

ჩვენი შეთავაზება უფრო მარტივია: პატივი ვცეთ კანონს, სამართალს. თუ უსამართლობას დავინახავთ – ვებრძოლოთ. გუშინ, დღეს და ხვალ.

ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ გავამართლოთ უსამართლობა, შეგვიყვანს უსაგნო კამათში:

  • კი, მაგრამ ეს ხომ იქაც ხდება
  • კი, მაგრამ, ადრე ხომ უარესი იყო
  • კი, მაგრამ…

რაც არ უნდა ვთქვათ “მაგრამ”-ის შემდეგ, ეს არის შერჩევითი სამართალი. შერჩევითი სამართალი კი უსამართლობაა.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx