ფასებს რატომ არ აპროტესტებთ?

შენ ამბობ: რატომ არ აპროტესტებთ რაიმე კონკრეტულს? ფასებს? ხელფასებს? დასაქმებას? ჯანდაცვას? არ მინდა პროტესტი პროტესტისთვის, დააყენეთ კონკრეტული მოთხოვნები და შემოგიერთდებით.

⏩ გადახტომა
ჩვენც გვინდა ასეთი პროტესტი
რას ნიშნავს “კონკრეტული მოთხოვნა”?
– ნამდვილად “კონკრეტიკაშია” პრობლემა?
როგორ იქცევა ყოფითი პროტესტი უფლებრივ პროტესტად?
– მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მაგალითი
– აგენტების კანონის პროტესტის მაგალითი
– შესაბამისად…
ორი სახის პროტესტი
– შეურაცხმყოფელი შეთავაზება
ასეთ პროტესტს სჭირდება გარემო
– განვიხილოთ სცენარი – ამჯერად წარმოვიდგინოთ, რომ შენ აპირებ პროტესტს
– 1. როდესაც ვინმე რაიმეს აპროტესტებს, მთავრობა მას უნდა უსმენდეს
– 2. როდესაც მთავრობა პროპაგანდას აამუშავებს, შენ არ უნდა აყვე
– 3. პროტესტი გმირობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული
– ეს გარემო ჩვენი შესაქმნელია
როდის დაგვავიწყდა უფლებები?
ერთად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე

ჩვენც გვინდა ასეთი პროტესტი

ჩვენც გვსურს ასეთი პოლიტიკური გარემო.

გარემო, სადაც სხვადასხვა ადამიანები წამოჭრიან საკითხებს, იმსჯელებენ და გადაჭრიან. მშობლები სკოლის პროგრამაზე ისაუბრებენ, მძღოლები – პარკირების ადგილებზე, მგზავრები – გადატვირთულ ავტობუსებზე, პაციენტები – დაზღვევის პირობებზე.

გარემო, სადაც თუნდაც 100 ადამიანი შეიკრიბება ერთი კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობა კი მოუსმენს მათ, იმსჯელებს და გადაწყვეტს საკითხს ოპტიმალურად.

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ვცადეთ ასეთი პროტესტი და აღმოვაჩინეთ, რომ ქართული პოლიტიკური გარემო ამ ეტაპზე ასეთი პროტესტისთვის არ არის მზად. ამიტომ, გადავწყვიტეთ ენერგია მივმართოთ იმ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც ყველა დანარჩენ პრობლემას იწვევს.


რას ნიშნავს “კონკრეტული მოთხოვნა”?

პირველ რიგში, განვმარტოთ – რას ნიშნავს “კონკრეტული მოთხოვნა”?

ჩვენ ვთვლით, რომ კონკრეტულ მოთხოვნებს ვაყენებთ. აბა, დაჯარიმება და პატიმრობა ხომ არ არის ჩვენი მიზანი?!

მაგალითად, ჩვენი მოთხოვნებია:

რა არის აბსტრაქტული ან ზოგადი ამ მოთხოვნებში?

ნამდვილად “კონკრეტიკაშია” პრობლემა?

რატომ თვლი, რომ კვერცხის ფასის პროტესტი არის კონკრეტული, და მოძალადე პოლიციელის დასჯის მოთხოვნა – აბსტრაქტული?

პრობლემა კონკრეტიკაში კი არა, იმაშია, თუ რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის.

მაგალითად, კვერცხის ფასი გაწუხებს შენც და მეც.

ადამიანებზე ძალადობა და უფლებების შელახვა მაწუხებს მე, მაგრამ შეიძლება არ გაწუხებდეს შენ.

შესაბამისად, შენი ნათქვამი ჩვენ ასე გვესმის:

ის, რაც ჩვენს საფულეს უკავშირდება – კონკრეტულია. ხოლო ის, რაც ჩვენს უფლებებს და ღირსებას უკავშირდება – ბუნდოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელიც სხვისი გადასაწყვეტია.

ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას.

ამიტომ, გთავაზობთ შევთანხმდეთ ტერმინებზე:

დავარქვათ რთი ტიპის საკითხს – ყოფითი საკითხი, და მეორე ტიპის საკითხს – უფლებრივი საკითხი.

მაგალითად, კვერცხის ფასი იყოს ყოფითი საკითხი, ადამიანებზე ძალადობის პროტესტი – უფლებრივი. ორივე კონკრეტული საკითხია, უბრალოდ სხვადასხვა კატეგორიის.

ისე, გამართულა ასეთი “ყოფითი” პროტესტებიც, მაგალითად:

დასწრებიხარ რომელიმე მათგანს? შენ რატომ არ აორგანიზებ შენთვის მნიშვნელოვან პროტესტს?


როგორ იქცევა ყოფითი პროტესტი უფლებრივ პროტესტად?

პროტესტი შეიძლება დაიწყოს “ყოფითი” მიზეზით და შემდეგ გადაიზარდოს უფლებრივ პროტესტში.

მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მაგალითი

2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.

ათობით ათასი ადამიანი მომენტალურად, ორგანიზების გარეშე გავიდა ქუჩაში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად და განმარტებების მისაღებად.

განმარტების მაგივრად, მთავრობამ ამ ადამიანებს სასტიკი ძალადობით უპასუხა და სცემა პროტესტის ასობით მონაწილე.

პროტესტი გადაიზარდა უფლებრივ პროტესტში – ახლა უკვე ძალადობის გაპროტესტება გახდა მთავარი საკითხი.

ასეთ დროს პროპაგანდა მანიპულირებს, შენ კი იბნევი და ამბობ:

ვეღარ გავიგე რა გინდათ, ხან – ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტას აპროტესტებთ, ხან – პოლიციის ძალადობას, ხან – უსამართლო პატიმრებს. ჩამოყალიბდით.

პროპაგანდა ცდილობს პროტესტი არაადეკვატურად წარმოაჩინოს. თითქოს დაბნეულია, არ იცის რა გააპროტესტოს და სხვადასხვა საბაბს ებღაუჭება – ოღონდ რაიმე გააპროტესტოს, ამ ადამიანებს ხომ გარედან აფინანსებენ – დალაგებული ქვეყანა რომ არიონ?!

თუმცა, ვფიქრობთ დაგვეთანხმები, რომ არაადეკვატური ის უფრო იქნებოდა, ასობით ადამიანის ცემის შემდეგ ისევ 28 ნოემბრის განცხადების შინაარსზე გვესაუბრა და არა ძალადობაზე.

აგენტების კანონის პროტესტის მაგალითი

ანალოგიურად წარიმართა აგენტების კანონთან დაკავშირებული აქციები.

ყველაფერი დაიწყო შეკითხვებით – რატომ არქმევთ საზოგადოების დიდ ნაწილს აგენტს? როგორ განსაზღვრავს შემოსავლის 20%+ აგენტობას? ასეთი ბაზები ხომ უკვე არსებობს?

აქაც, კითხვებზე პასუხად საზოგადოებამ მიიღო სასტიკი დარბევები, სადარბაზოებთან დახვედრები, თავდასხმები, ტელეფონზე ჩამორეკვა და გინება.. დარბევებს რომ გაუძლო საზოგადოებამ – “ოცნება” დაგვპირდა რომ უპირობოდ გაიწვევდა კანონს. 2024 წელს მან პირობა დაარღვია და კანონი ისევ შემოიტანა.

ახლა უკვე, კანონის შინაარსთან და ძალადობასთან ერთად გაჩნდა ახალი საპროტესტო მიზეზი:

რატომ მოგვატყუე?

▶️ ვიდეო მაგალითი

აქაც, ხომ უცნაური იქნებოდა, რომ ისევ კანონპროექტის შინაარსზე და კონკრეტულ მუხლებზე გვესაუბრა? ამ დროს მთავარი ხომ ტყუილი და განგრძობითი დარბევები გახდა?

შესაბამისად…

უმეტეს შემთხვევაში, პროტესტი იწყება სწორედ ისეთი ყოფითი, “კონრეტული” საკითხის გარშემო, შენ რომ მოგწონს.

თუმცა, როდესაც მთავრობა ძალადობით ცდილობს ამ პროტესტის ჩახშობას, მოვლენები გადაიზრდება უფლებრივ პროტესტში.

საკითხების ასეთი გადანაცვლება ბუნებრივია და არ უნდა ჩაგვითვალო დაბნეულობაში, პირიქით – ეს არის ადეკვატური რეაქცია შემხვედრ პასუხზე, პრობლემის სათავის გაპროტესტება და არა რიგითი სიმპტომების.


ორი სახის პროტესტი

რათქმაუნდა, ყველა პროტესტს სპეცრაზმი და დარბვა არ მოყვება.

პროტესტი შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ტიპად:

  1. პროტესტი, რომელიც ეხება მთავრობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხს;
  2. პროტესტი, რომელიც ეხება მთავრობისთვის პრინციპულ საკითხს;

მაგალითად, დიუშენის წამლის შესყიდვა არ იკვეთება მთავრობის ინტერესებთან, არ უქმნის საფრთხეს მის ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მან აამოქმედა პროპაგანდის მანქანა და შეეცადა პროტესტის დისკრედიტაციას, საბოლოოდ მან დაინახა მობილიზებული საზოგადოება და დაიხია უკან.

თუმცა, ადრეც ვყოფილვართ საზოგადოება მობილიზებული, ათობით ათასი ადამიანი გამოვსულვართ აგენტების კანონის თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გასაპროტესტებლად. ჩვენც გვქონდა კონკრეტული მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მთავრობამ არა მარტო პროპაგანდა აამოქმედა, არამედ მოაწყო სასტიკი დარბევები, გამოიყენა დაუნომრავი ძალოვანები, ტიტუშკები, ჯარიმები, პატიმრობები.

როდესაც პროტესტი ეხება მთავრობისთვის მნიშვნელოვან საკითხს, ის არ ერიდება მოქალაქეზე მრავალგვარ ძალადობას.

ამიტომ, თუ მთავრობა ზოგჯერ გარკვეულ საკითხებს თმობს, ეს არ ნიშნავს რომ მას მოქალაქესთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს და პროტესტის უფლება დაცულია. უბრალოდ, გააჩნია საკითხს.

შენი აზრით, რომელი უფრო მარტივია მთავრობისთვის – დაეთანხმოს მშობლებს შვილებისთვის წამლის ყიდვაში, თუ აღიაროს, რომ სისტემური დანაშაული ჩაიდინა და აიღოს პასუხისმგებლობა? რომელ მოთხოვნას უფრო დააკმაყოფილებს?

შეურაცხმყოფელი შეთავაზება

შესაბამისად, მთავრობის შეთავაზება ასე გამოიყურება – შეგიძლია გააპროტესტო პარკინგის ჯარიმები ან მოითხოვო უბანში გზის დაგება.

თუმცა, არ გაქვს უფლება გააპროტესტო ჩაგვრა, მოძალადე პოლიციელი და ქვეყნის საგარეო კურსი. ეს საკითხები ჩემს ძალაუფლებაზე ახდენს გავლენას. გახსოვდეს, რომ ისევ მყავს დაუნომრავი ძალოვანები, არც ტიტუშკების გამოყენებაზე მითქვამს უარი.

ასეთი შეთავაზება შეურაცხმყოფელია.


ასეთ პროტესტს სჭირდება გარემო

შენ რომ გინდა ისეთ პროტესტს სჭირდება შესაბამისი გარემო. ეს გარემო კი ერთად უნდა შევქმნათ.

განვიხილოთ სცენარი – ამჯერად წარმოვიდგინოთ, რომ შენ აპირებ პროტესტს

მაგალითად, არ მოგწონს პარკირების გაზრდილი ჯარიმა და გადაწყვიტე გააპროტესტო. კონკრეტული მოთხოვნაა, შენ რომ მოგწონს – ისეთი. არ ეხება გეოპოლიტიკას, ევროკავშირს, და არჩევნებს.

მეგობრები და სამეზობლოც აიყოლიე და გახვედით რუსთაველზე ამის გასაპროტესტებლად. პასუხს არავინ გცემს. მხოლოდ ერთი პოლიციელი გამოგელაპარაკა და ისიც – შენიშვნის მოსაცემად, იქით გადადექიო.

თავს შეურაცხყოფილად გრძნობ. პასუხის ღირსადაც არ გთვლიან! შეიძლება ხმასაც კი აუწიო ან სოციალურ ქსელში კრიტიკაც დაიწყო.

ნელ-ნელა უკვე პრობლემად იქცევი მთავრობისთვის. უნდათ ახლა მათ ასეთი პროვოკატორები ამ დალაგებულ ქვეყანაში?!

და, ისე, შენ ვინ გაფინანსებს?

და იცოდი, რომ ტროტუარზე დგომა არ შეიძლება და ამისთვის დაგიჭერენ? თავიდან ისეთი არაფერი, რამდენიმე დღით ჩაგსვამენ ციხეში, მაგრამ განმეორებით დადგომა უკვე ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი გამოხატე შენთვის, სახლში, სოციალურ მედიაში. თუმცა იქაც ფრთხილად წერე, თორემ დაჯარიმდები. ნუ იტყვი რომ გვძარცვავენ ამ ჯარიმებით – ასე გამოდის რომ მძარცველს ეძახი ოფიციალურ პირებს, ეს კი შეურაცხყოფაა.

თუ კიდევ არ გაჩერდები, კეთილისმსურველები გირჩევენ რომ არ ღირს პროტესტის გაგრძელება. თუ არ ენდობი მათ ნათქვამს, შეიძლება შენნაირი რადიკალებით დაღლილი ადამიანების ჯგუფი დაგხვდეს სადარბაზოსთან.

ჰოდა, რას ამბობდი პარკირების ჯარიმებზე?

ასე ხომ არ გამოვა? დავუბრუნდეთ გარემოს – როგორი უნდა იყოს გარემო, სადაც ასეთ პროტესტს აზრი ექნება?

1. როდესაც ვინმე რაიმეს აპროტესტებს, მთავრობა მას უნდა უსმენდეს

ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ყველა ადამიანის მოთხოვნა უპირობოდ გაითვალისწინოს. თუმცა, უნდა მოუსმინოს მაინც.

კითხვას უნდა მოყვებოდეს პასუხი. თუ საკითხზე შეთანხმება არ ხერხდება, მთავრობა უნდა ამბობდეს:

გასაგებია თქვენი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია.

ამის ნაცვლად, ვხედავთ სრულ იგნორს, არ აქვს მნიშვნელობა 100 დგახართ, 1000 თუ 100000. დაიღლებით და წახვალთ სახლში.

მთავრობის დამოკიდებულება დიუშენის პროტესტის მაგალითზე

მშობლებს ჰყავთ შვილები მძიმე დაავადებით და სჭირდებათ პრეპარატები.

ორი თვის განმავლობაში, მშობლები ათენებდნენ ღამეს კანცელარიასთან ერთი მოთხოვნით – პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით.

არა უპირობო დაყოლიების, არა წამლის შესყიდვაზე ხელმოწერის, არამედ – შეხვედრის მოთხოვნით. მოსმენის მოთხოვნით. პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით.

კვირების განმავლობაში, პოლიციის გარდა არავინ მისულა მშობლებთან. პრემიერ-მინისტრი დაკავებულიაო – მისდიოდათ ხმები მშობლებს. მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრს შეუძლია დრო გამონახოს და საგანგებო ბრიფინგი ჩაატაროს რათა აქოს ბიძინა ივანიშვილი.

ამავდროულად, ამოქმედდა პროპაგანდა.

ხომ არ იკვეთება ფარმაცევტული მაფიის კვალი? რა აზრის აქვს ამ წამლების ყიდვას, ისინი ხომ სიცოცხლეს უბრალოდ ახანგრძლივებენ? საერთოდ, არ არსებობს მტკიცებულება, რომ წამალი მუშაობს. ეს ბავშვები აინშტაინები ხომ არ არიან? ეს არაპრაგმატული ხარჯია.

პარალელურად, სტუდენტებმა მოაწყვეს მარათონი და 100 საათში მოაგროვეს 1.6 მილიონი ლარი ბავშვების სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მარათონში მონაწილეობა მიიღო 100,000-ზე მეტმა ადამიანმა. საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა პირადად უპასუხა მთავრობის მესიჯს, თუ რა მიაჩნდა საჭირო ხარჯად.

ასეთი აქტივობის ფონზე მთავრობამ გადმოდგა ნაბიჯი და დათანხმდა წამლის შესყიდვას. პორპაგანდის ყველა ის მესიჯი კი დავიწყებას მიეცა.

შენ რომელ მხარეს იყავი?

იყავი პროპაგანდის მხარეს, იმეორებდი მის მესიჯებს, თუ 100,000 ადამიანის მხარეს?

რა არჩევანი აქვს მოქალაქეს?

  • მშვიდად იდგები – ყურადღებას არავინ მოგაქცევს;
  • ხმას აიმაღლებ – დაგარქმევენ რადიკალს და დაგარბევენ;

ამის ფონზე კი ისმენ რიტორიკულ შეკითხვას მზრუნველი თანამოქალაქისგან:

გიცდიათ რაიმე კონკრეტულის მოთხოვნა და არავინ მოგისმინათ?!

დიახ, გვიცდია.

2. როდესაც მთავრობა პროპაგანდას აამუშავებს, შენ არ უნდა აყვე

თუ არ დაიღალეთ, პროპაგანდა დაიწყებს მუშაობას. თქვენ იქცევით აგენტებად, რადიკალებად, რევოლუციონერებად. შეცდომაში ხართ შეყვანილი ან გამიზნულად აზვიადებთ პრობლემას.

შენ არ უნდა აყვე პროპაგანდას.

არ უნდა შეუერთდე ცილისწამებას, განზოგადებულ ბრალდებებს, იარლიყებს. უნდა გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი, რომ შევძლოთ კონკრეტულ საკითხზე ფოკუსი, თანმიმდევრული პროტესტი.

მაგალითად, აქ გაჩვენებთ რამდენად მარტივია პროტესტის დისკრედიტაცია თუ სამთავრობო ნარატივს ავყვებით – ერთი მოქალაქით, ერთი ბანერით, ერთი ჟურნალისტით, ფრთხილად შერჩეული რამდენიმე კადრით.

არ გთხოვთ ბრმად ენდო პროტესტის ყველა მონაწილეს, უპირობოდ გჯეროდეს მათი. მაგრამ, განსაკუთრებული ხალისით ნუ შეუერთდები პროპაგანდის შემოთავაზებულ ნებისმიერ ახალ ნარატივს.

პროპაგანდის მუშაობა პროდუქტის ფასების მაგალითზე

2025 წლის ზამთარში, მთავრობამ გვითხრა, რომ პროდუქტის ფასები საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე – ევროპაში.

შექმნეს კომისია, რომელმაც იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და დაიკავა მედიის ყურადღების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მუშაობა დასრულდა. პროდუქტები არათუ არ გაიაფებულა, არამედ – გაძვირდა. მთავრობამაც შეცვალა ნარატივი:

  • თქვეს, რომ ეს იყო არა ფასების შესამცირებელი, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია;
  • თქვეს, რომ, სინამდვილეში, საქართველოს ფასები ისედაც უფრო იაფი იყო ევროპასთან შედარებით. ამ ნარატივის გამყარებას კი იაფფასიანი ხრიკებით ცდილობდნენ, მაგალითად, ამ ვიდეოში, სამთავრობო ტელევიზია ადარებს “ნუთელას” პატარა შეფუთვის ფასს საქართველოში, “ნუთელას” დიდ შეფუთვას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.
  • დაგვამადლეს, რომ საერთოდაც რომ არ წამოეჭრათ ეს საკითხი, არც არავის მოაფიქრდებოდა ამის გაპროტესტება;
  • გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებიც კმაყოფილები იყვნენ ფასებით და მოუწოდებდნენ სხვა მოქალაქეებს, რომ ნუ ინერვიულებდნენ ფასებზე;
  • დაგვცინეს და მოგვიწოდეს, რომ “ბავშვების საკვების პრობლემას” ნუ გადააყოლებდნენ სხვა სიკეთეებს, როგორიცაა ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში. შემოგვთავაზეს ჩვეული ცრუ დილემა – ფასები თუ ჩემპიონატი? ვიზალიბერალიზაცია თუ სუვერენიტეტი? დასავლეთი თუ ტრადიციები? იამაყეთ სიღარიბით – მოგვიწოდებდნენ ისინი.

აშკარაა ცინიკური დამოკიდებულება საზოგადოებისადმი.

იკითხე:

რას აპროტესტებენ ეს ადამიანები? რატომ არავინ პასუხობს მათ კითხვებს? რა არგუმენტები აქვთ? რატომ სცემეს მონაწილეები გაურკვეველმა ჯგუფებმა? რატომ არავინ დაიჭირა მოძალადეები?

3. პროტესტი გმირობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული

თუ პროპაგანდა მოიგერიეთ, გამოვლენ დაუნომრავი ძალოვანები, მობილიზდებიან ტიტუშკები და დაიწყება მასობრივი ძალადობა, დაპატიმრება, დაჯარიმება.

გამონაკლისი იყო დიუშენის პროტესტი

როდესაც პროტესტმა ამ პროპაგანდას გაუძლო, მთავრობას მოუწია უკან დახევა – ვერანაირი პროპაგანდა ვერ გაუძლებს სურათს, როდესაც მშობელი შვილისთვის წამალს ითხოვს, ამ მშობელს კი ძალოვანებით ან ტიტუშკებით უსწორდებიან.

შეიძლება თქვა:

თუ გჯერა შენი იდეის, უნდა გაუმკლავდე ამ სირთულეებს, გადალახო პროპაგანდა, დაცინვა, ძალადობა, დაჭერა, დისკრედიტაცია. პროტესტი ხომ ამ რისკებს უკავშირდება?

..და გაიხსენო ისეთი სახელები, როგორიცაა მერაბ კოსტავა ან ნელსონ მანდელა.

ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანები – ვინც სცემეს, დაიჭირეს, სამსახურებიდან დაითხოვეს, დააყადაღეს და ისევ ჯიუტად დაუბრუნდნენ პროტესტს.

თუმცა, ამორალურია ადამიანებს მოვთხოვოთ ასეთი თავგანწირვა.

თან, ეს შენივე მოთხოვნასთან მოდის წინააღმდეგობაში. შენ გსურს არსებობდეს გარემო, სადაც ადამიანები რიგით, ყოფით საკითხებს განიხილავენ და აგვარებენ აუღელვებლად, მშვიდად.

ასეთი პროტესტი კი ვერ იარსებებს, თუ პროტესტის გამოხატვამდე ადამიანმა უნდა აწონ-დაწონოს რისკები:

მცემენ? დამიჭერენ? პროპაგანდას აამუშავებენ ჩემს წინააღმდეგ? სამსახურიდან დამითხოვენ? ჩემს ოჯახს ვინ მიხედავს?

ერთის მხრივ, შენ ხელს უწყობ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პროტესტი ასოცირდება საკუთარ მთავრობასთან ომთან. მეორეს მხრივ კი გიკვირს – რატომ ვაპროტესტებთ უფლებრივ საკითხებს, ან სად არიან ახალი, სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსები.

ეს გარემო ჩვენი შესაქმნელია

შეიძლება არ გაინტერესებდეს კონკრეტული პროტესტის შინაარსი – არ გაღელვებდეს პარკინგის ჯარიმები, რადგან მანქანა არ გყავს, შეიძლება არ მოგწონდეს ჩვენი ბანერი, ან კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად დგანან.

მაგრამ, უნდა გაღელვებდეს, თუ რომელიმე ეს ფუნდამენტური კომპონენტი ირღვევა – თუ პროტესტის მონაწილეებს პასუხის გაცემის ღირსად არ თვლიან, თუ მათ წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიებს აორგანიზებენ, თუ სცემენ და იჭერენ.

მეკამათე, არ დამეთანხმო, მაგრამ უთხარი მთავრობას:

არ გაბედო ძალით პასუხი!

დღეს შეიძლება პროტესტს გამოხატავდეს მაღაროელი, ხვალ – მშობელი, ზეგ კი იქნებ შენც დააპირო რაიმეს გაპროტესტება.


როდის დაგვავიწყდა უფლებები?

წინა ხელისუფლებამ, ჩამოშლილი ქვეყნიდან, გამართული, ფუნქციური სახელმწიფო შექმნა. აღმოფხვრა გამეფებული კრიმინალი, კორუფცია, უშუქობა…

ქვეყანა სწრაფი ტემპით განვითარდა.

თუმცა, მან ვერ შეძლო უარი ეთქვა ძალადობაზე, რეპრესიებზე, მოწინააღმდეგის უფლებების შელახვაზე.

2012 წელს საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი – ქვეყნის განვითარება შეუძლებელია ადამიანების ჩაგვრის ფონზე. არ გვიღირს ეს ამად.

ეს სწორი, მორალური პოზიციაა. მაგრამ, როდის ვთქვით უარი ამ პოზიციაზე?

როდის დავიწყეთ ძალადობის გამართლება ათასგვარი, დაუსრულებელი არგუმენტით? როდის დავიწყეთ თუ გავაგრძელეთ ძალადობით ვაჭრობა? რა შეიცვალა? მორალი თუ მთავრობა?

კი, იყო სხვა მიზეზებიც, რატომაც გადავირჩიეთ – 5 მილიონი თითო სოფელს, ფასების განახევრება, 100 ქარხანა, უფასო სესხები, მაგრამ მთავარი ხომ ძალადობის დასრულება იყო?

იყო კი სამართლიანობა ის, რისთვისაც იბრძოდი 2012-ში? თუ ეს იყო უბრალო საბაბი ძალაუფლებაში მოსასვლელად?


ერთად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე

ჩვენც გვინდა პროტესტი ფასებზე. გვინდა პროტესტი განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე. გვინდა მსჯელობა, დებატები, საკითხების გადაჭრა, ცხოვრების ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესება დიდი რყევების გარეშე.

გვიცდია კიდეც ასეთი ტიპის პროტესტი. თუმცა, როცა პროტესტს მოჰყვება იგნორი, დისკრედიტაცია და ძალით ჩახშობა, ჩვენც ამ ძალადობაზე ვიწყებთ საუბარს.

შენ კი იბნევი და გვეკითხები:

ბოლო-ბოლო რას აპროტესტებთ? ხან წამალზე საუბრობთ, ხან პოლიციელების დასჯაზე…

არადა, ეს ხომ სავსებით გასაგებია.

მიზანიც არ არის ბუნდოვანი – მოძალადე პოლიციელის დასჯა ზუსტად ისეთივე კონკრეტული საკითხია, როგორიც კვერცხის გაიაფება. შეიძლება უფრო კონკრეტულიც კი – რადგან აქ ცხადია რა არის გასაკეთებელი – არის დამნაშავე, არის კანონი, საჭიროა აღსრულება. უბრალოდ, მთავრობის დაყოლიება უფრო რთულია ასეთ საკითხზე.

ამ მანკიერებას თავი რომ დავაღწიოთ, უნდა შევქმნათ გარემო, სადაც:

  1. მთავრობა უსმენს მოქალაქეს;
  2. შენ არ აყვები პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობას;
  3. ხმას აიმაღლებ, თუ პროტესტს მთავრობა ძალით ჩაახშობს;

ამ ყველაფერს კი გააკეთებ იმის მიუხედავად, გადარდებს თუ არა ის კონკრეტული საკითხი შენ. ეს პირობები უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული ყოფითი პრობლემა.

როდესაც მთავრობას ვაიძულებთ, რომ პროტესტს პასუხი უნდა დაუპირისპიროს და არა დაუნომრავი მოძალადეები, შემდეგ შეგვიძლია გადავინაცვლოთ იმ ეტაპზე, შენ რომ გსურს და ჩვენც რომ გვინდა.

შემდეგ კი უფრო მკაფიოდ გიპასუხებთ:

ვაპროტესტებთ ამ ახალ მშენებლობას, რადგან ხედს გვიფარავს.

❔ სასაუბრო შეკითხვები

ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.


  • შენ მხარს უჭერ პროტესტს კონკრეტული მოთხოვნით. შენი აზრით, მოძალადე ძალოვანების დასჯა ან ცრუ ჩვენებით დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება არ არის კონკრეტული მოთხოვნა?
  • ყოფილა მსგავსი პროტესტიც – დიუშენის წამალზე, ფასებზე თუ მაღაროელების ხელფასებს. დაესწარი?
  • რატომ თვლი, რომ კვერცხის ფასი უფრო კონკრეტული პრობლემაა, ვიდრე მოძალადე ძალოვანის დასჯა?
  • თუ მთავრობა მხოლოდ ისეთ პროტესტს უსმენს, მის ძალაუფლებას რომ არ ემუქრება, ეს ნიშნავს რომ პროტესტი მუშაობს?
  • 2012 წელს, ძალადობა იყო ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ხელისუფლება შევცვალეთ. რა შეიცვალა მას შემდეგ? ამჯერად რატომ გვაქვს მრავალი არგუმენტი ძალადობის გასამართლებლად?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx