“ნაცების” წისქვილზე ასხამთ წყალს

შენ ამბობ: კი, ვხედავ, რომ “ოცნება” ბევრს აშავებს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობ, არ მინდა ოპოზიციის წისქვილზე დავასხა წყალი. მათი მოსვლა ხელისუფლებაში უარესი იქნება.

შენს ამ პოზიციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

⏩ გადახტომა
შევაჯეროთ ძირითადი ფაქტები
რა პრობლემებია შენს პოზიციაში?
– სიჩუმე რყვნის ხელისუფლებას
– მცირდება ალტერნატივის გაჩენის შანსი
– მცირდება მშვიდობით წასვლის შანსი
– კრიტიკა ფუნდამენტურ საკითხებზე
– სად არის შენი ზღვარი?
– შერჩევითი სამართალი
– მორალური ორმაგი სტანდარტი
აბა, რა ვქნა?
– აირჩიე სამართალი და არა ბანაკი
– კარგი, მაგრამ “ნაცები” რომ დაბრუნდნენ?
– თუ აურევენ, გავუშვებთ
– ამდენი ცვლილება ხომ ქაოსია?
– პრაქტიკული შეთავაზება
– შევქმნათ საზოგადოებრივი გაერთიანებები
შეჯამება

შევაჯეროთ ძირითადი ფაქტები

პირველ რიგში დავაზუსტოთ – რას ვგულისხმობთ, როცა “ოცნების” დანაშაულებს ვახსენებთ.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ყოველდღიურ, რიგით პოლიტიკურ საკითხებზე, ამა თუ იმ კანონზე, ან “ოცნების” დეპუტატების უზრდელურ გამონათქვამებზე.

ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ძალადობაზე, სასტიკ ცემაზე, უსამართლობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, რეპრესიებზე. ადამიანების უფლებების შელახვაზე. ვრცლად

თუ ვთანხმდებით ამ ფაქტების არსებობასა და მასშტაბზე, გავაგრძელოთ.


რა პრობლემებია შენს პოზიციაში?


სიჩუმე რყვნის ხელისუფლებას

შენი სიჩუმე მმართველ პარტიას მეტს აბედინებს.

თუ ის ჩათვლის, რომ მის დანაშაულს საზოგადოება, ამა თუ იმ მიზეზით, მშვიდად შეხვდება, გაგებით მოეკიდება, ის აუცილებლად მოინდომებს მეტს.

მისი საზრუნავი ხდება მხოლოდ მისი ამომრჩეველი, თანაც, შედარებით გავლენიანი ნაწილი. დანარჩენი საზოგადოება შეუძლია გააშავოს, დაარბიოს, დაიჭიროს. მოექცეს, როგორც მეორეხარისხოვან მოქალაქეებს.


მცირდება ალტერნატივის გაჩენის შანსი

შეიძლება ჩუმად ელოდებოდე ალტერნატივას, შენთვის მოსაწონ პარტიას, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ათამამებ არსებულ ხელისუფლებას შენი სიჩუმით, მით უფრო მეტად მცირდება ასეთი ახალი პარტიის გაჩენის შანსიც.

თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ რეალურ კონკურენტს შეუძლია დაუპირისპიროს ძალა და მოექცეს ისე, როგორც მოესურვება, შენი აზრით, გამოიყენებს თუ არა ამ შანსს?


მცირდება მშვიდობით წასვლის შანსი

რაც უფრო დიდხანს აძლევ ხელისუფლებას ძალადობის, რეპრესიის და დანაშაულის ჩადენის უფლებას, მით უფრო მეტად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, სამართლიან სასამართლოში რომ არ მოუწიოს პასუხისგება.

ამავდროულად, გროვდება უსამართლობა საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. ეს უსამართლობა კი არსად ქრება, გაიზრდება და იფეთქებს.

ამიტომ, გარდა იმისა, რომ ალტერნატივის გაჩენის შანსი მცირდება, ასევე იზრდება არსებული ხელისუფლების ავტორიტარად ჩამოყალიბების შანსი.


კრიტიკა ფუნდამენტურ საკითხებზე

შეიძლება ერიდებოდე რიგით პოლიტიკურ საკითხებში ჩართვას, რიგითი პრობლემების გამო ხმამაღალ კრიტიკას. მაგალითად, შეიძლება არ მოგწონდეს გაზრდილი ჯარიმები, მაგრამ ითმენდე ამას.

თუმცა, არსებობს ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ფიზიკური თავდასხმა და პროტესტის აკრძალვა. ასეთი ნაბიჯების მოთმენა არ შეიძლება. ეს არის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ალტერნატივა ვერ გაჩნდება. ეს არის ის მინიმალური ნიადაგი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ, რათა შანსი მივცეთ ახალ ძალებს.

მოსაზრება, რომ ახალი ძალა უნდა იყოს გმირებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ ძალადობას გადალახავს, ამორალურია. ჩვენ ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. არსებობს არაერთი რეჟიმი, სადაც ათწლეულებია ოპოზიცია სრულიად გამქრალია.


სად არის შენი ზღვარი?

“რამდენი” უსამართლობაა საკმარისი? იმდენი, რამდენიც წინა ხელისუფლების დროს? უფრო მეტი? ნაკლები?

როცა საქმე უსამართლობას ეხება, ასეთი ლიმიტის ძიება და დაწესება სარისკო საქმეა. უსამართლობას ან გმობ და ებრძვი, ან – არა. როგორც კი ზღვარის გავლებას შეეცდები, თან იქნება ცდუნებაც, რომ ცოტა მეტიც აიტანო და გადაინაცვლო მუდმივი აწონ-დაწონვის რეჟიმში, სადაც ყოველი შემდეგი უსამართლობა უფრო და უფრო უფასურდება.

თუმცა, თუ მაინც ავლებ ზღვარს, ასეთ კითხვას დაგისვამთ: რატომ უნდა დაველოდოთ ამ მომენტის დადგომას? რატომ უნდა გავწიროთ ქვეყანა და ადამიანები დამატებითი გარდაუვალი ზიანისთვის? რატომ უნდა ვიყოთ ჩუმად მანამ, სანამ უსამართლობის შენეულ საზღვარს არ მივაღწევთ?

ძირითადად, აქ ერთი პასუხი გვხვდება ხოლმე: “იქნებ არ მიაღწიონ ამ ზღვარს”. თუმცა, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენი სიჩუმით ხელისუფლება, დროთა განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად გაირყვნება და გათამამდება.


შერჩევითი სამართალი

შენ აკრიტიკებ ადამიანებს, ვინც წინა მთავრობის ძალადობას უყურებდა და ჩუმად იყო. წამოაძახებ ხოლმე ამ სიჩუმეს.

მე გაკრიტიკებ შენ, ახლანდელ ძალადობას რომ უყურებ და ჩუმად ხარ.

ეს ხელისუფლებაც ხომ შეიცვლება, ისევ მე უნდა გავჩუმდე და შენ ახმაურდე?

ვიაროთ ამ წრეზე?

მაშინაც იყვნენ ადამიანები ვინც აპროტესტებდა, ვისაც ეშინოდა პროტესტის და ვისაც მოსწონდა ძალადობა.

თუ უსამართლობა მხოლოდ პერიოდულად გაღელვებს, თუ პოლიტიკური სიმპათიებით წყვეტ, როდის არის დაუშვებელი ძალადობა და როდის – არა, შენ დგახარ არა სამართლის, არამედ პარტიის მხარეს.

არ არსებობს ნაწილობრივი სამართლიანობა. შერჩევითი სამართალი ნიშნავს უსამართლობას. ასეთი მიდგომით, შენ მზად ხარ ქვეყანა ამყოფო მუდმივი უსამართლობის რეჟიმში.


მორალური ორმაგი სტანდარტი

წინა ხელისუფლებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი განვითარება მოუტანა. თუმცა, პოლიციურ ძალადობას ვერ შეელია.

მაშინ, ძალადობის გასამართლებელი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, ინვესტორები ფულს აბანდებდნენ და დესტრუქციული აქციებით ამ პროცესების ხელის შეშლას ვერ დაუშვებდნენ.

▶️ მაგალითად, ასე ამართლებდა კახი კალაძე 7 ნოემბრის დარბევას.

მაგრამ მაშინ შენ, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, გადაწყვიტე, რომ ეს განვითარება ადამიანების უფლებების შელახვად არ ღირდა და გაუშვი ის ხელისუფლება.

კი, იყო სხვა მიზეზებიც, მაგალითად 5 მილიონი თითო სოფელს, ფასების განახევრება, 100 ქარხანა, იაფი კრედიტები, ევროპის გაკვირვება დემოკრატიით, მაგრამ ძალადობის დასრულება ხომ მთავარი მიზეზი იყო?

ახლა სად არის ეს მორალური პოზიცია? ახლა რატომ გახდა ყველა სხვა საკითხი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანებზე ძალადობა? ახლა რატომ მოყვება ძალადობაზე საუბარს მრავალი “კი, მაგრამ..“? ნამდვილად ძალადობა იყო ის, რამაც მაშინ ხმა აგამაღლებინა, თუ რაიმე სხვა, მაგალითად პირადი შურისძიება ან ძალაუფლებაში მოსვლის სურვილი? უსამართლობას ებრძოდი თუ კონკრეტულ ადამიანებს?


აბა, რა ვქნა?


აირჩიე სამართალი და არა ბანაკი

გთავაზობთ ექსპერიმენტს. დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში შეიძლება უცნაურად, არასერიოზულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ ვსინჯოთ.

დადექი არა ბანაკის, არამედ სამართლის მხარეს.

ეს არის ის, რასაც შეუძლია პოლარიზაციის დასრულება. ნაირ-ნაირი კანონით სიძულვილს ვერ ვუშველით.

თუ შენი “ბანაკი” რაიმეს დააშავებს – გააკრიტიკე. თუ მეორე ბანაკი რაიმეს კარგად გააკეთებს – შეაქე. თუ რომელიმე ბანაკი ბოროტებას ჩაიდენს – შეებრძოლე.

ნათქვამი და გაკეთებული უფრო მეტად უნდა ფასობდეს, ვიდრე მთქმელი და გამკეთებელი.

შევეწინააღმდეგოთ არა ადამიანებს, არამედ ავტორიტარიზმს, ძალადობას, წამებას.

ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება შეაქო და გააკრიტიკო სხვადასხვა ნათქვამზე თუ საქციელზე. ეს არ არის ანომალია. ოღონდ სხვადასხვა საქციელზე და არა ისე, როგორც “ოცნება” ექცევა თავისი ჯგუფის წევრებს – მაგალითად, გახარია გავრილოვის ღამის შემდეგ დააწინაურა, ახლა კი ის იდევნება იგივე საქმის გამო.

სხვა შემთხვევაში, შენ მოგიწევს მრავალ სიბინძურეზე თვალის დახუჭვა, ტყუილის თქმა, თანამოქალაქის შეძულება, იარლიყებით საუბარი, ერთ ადამიანზე ჯგუფურად თავდასხმა, ანტიკონსტიტუციურ კანონზე მწვანე ღილაკის მიჭერა.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ერთგულების პირობა დადე პარტიასთან, და არა პრინციპებთან.


კარგი, მაგრამ “ნაცები” რომ დაბრუნდნენ?

შეიძლება იკითხო – სიმართლის მხარეს დგომა კარგია, მაგრამ მართლა რომ გავაკრიტიკო “ოცნება” იმაზე, რაზეც გასაკრიტიკებელია, ეს ხომ მას დააზიანებს, მოგვიწევს მისი გაშვება და ისევ “ნაცები” რომ მოვიდნენ?

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ათობით ადამიანმა, წინა ხელისუფლებიდან, წარმატებით გადმოინაცვლა დღევანდელში.

თუ კონკრეტული ადამიანები გყავს მხედველობაში, და მათი დაბრუნების გეშინია, თქვი – ვისი და რა მიზეზით?

დანაშაული ჩაიდინეს?

თუ დაჭერილები არ არიან, რატომ არ იჭერენ? რატომ არ მოუწოდებ ხელისუფლებას გამოიძიოს მათი დანაშაული? რატომ აძლევ ხელისუფლებას უფლებას, რომ შეგაშინოს ამ ადამიანებით?

თუ დაჭერილები არიან, ან არაფერი დაუშავებიათ, ან უკვე მოიხადეს სასჯელი, რისი გეშინია?

ჯერ დავაკონკრეტოთ საფრთხე, რეალური საფრთხე და შემდეგ ერთად მოვიფიქროთ, როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე თავიდან.


თუ აურევენ, გავუშვებთ

გსმენია ალბათ ეს ფრაზა. არჩევნების წინ ვპირდებით ხოლმე ერთმანეთს.

▶️ ბიძინა ივანიშვილი: თუ პირობებს დავარღვევთ, აღარ დაელოდებით შემდეგ არჩევნებს, გამოხვალთ და დანიშნავთ ახალს

თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს დაპირება გვავიწყდება ხოლმე. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ხელისუფლება იშვიათად თუ გადადგამს რადიკალურ, ნახტომისებრ ნაბიჯს უსამართლობისკენ. ის ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება ავტორიტარიზმისკენ, თითო-თითო კანონით. ეს მიდგომა კი ძალიან კარგად ერგება შენს მიდგომას – როცა ყოველთვის მზად ხარ ერთით მეტი უსამართლობის მოსათმენად.

ამიტომ, გვიჭირს ამ დაპირების შესრულება. ზოგი დანებდა და ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართველ საზოგადოებას, არ შეგვიძლია ისეთი სისტემის შექმნა, ხელისუფლებაში მოსული უკან რომ გავუშვათ.

ასეთ გარემოში კი ადამიანები ირჩევენ ბანაკებს – “ეს ვიცი მაინც ვინც არის, მომავალში ვინ მოვა ხომ არ ვიცი”. შეჩვეული ჭირის პრინციპით.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროცესში დანებება ნიშნავს მუდმივ უსამართლობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

შეიძლება რთულია ორგანიზება, საჭიროა საზოგადოებრივი გაერთიანება, ერთმანეთთან საუბარი, დაგეგმვა, თანმიმდევრულობა, ნაკლები ემოცია, მეტი საქმე. მაგრამ, უფრო რთულია მუდმივ უსამართლობაში ცხოვრება.


ამდენი ცვლილება ხომ ქაოსია?

შეიძლება იფიქრო, ასე ხომ ხშირად შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება? როდის უნდა დავლაგდეთ და დავმშვიდდეთ?

რა თქმა უნდა, სტაბილურობა და 4-წლიანი საარჩევნო ციკლი კარგია. არც ჩვენ გვსურს ხშირი არჩევნები, ჩაშლილი კოალიციები და გრძელი მოლაპარაკებები.

თუმცა, ეს არც ისეთი პრობლემაა, როგორადაც ხელისუფლებას უნდა რომ წარმოაჩინოს. მაგალითად, იტალიაში, 76 წლის განმავლობაში, მთავრობა დაკომპლექტდა 68-ჯერ. ბელგიაში, 2010 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა 541 დღის განმავლობაში. ბულგარეთში, 2021 წლიდან 2024 წლამდე 7 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ძიების პროცესი დამახასიათებელია დემოკრატიისთვის.

დემოკრატია ხომ აზრთა სხვადასხვაობასაც ნიშნავს, ადამიანები კი შეიძლება სწრაფად ვერ შეთანხმდნენ იდეალურ ვერსიაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია არ შევწყვიტოთ ძიება.

ფორმულა მარტივია:

თუ დღევანდელ მოწყობაში ადამიანი იჩაგრება და უსამართლობა ნორმაა, ჯერ არ მივსულვართ სასურველ ვერსიამდე, ამიტომ ვაგრძელებთ ძიებას.

ხშირი ცვლილება დისკომფორტია, მაგრამ სისტემური უსამართლობა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

როდის ვარჩიეთ საზოგადოებამ კომფორტი ღირსებას?

ბატონ-ყმობის ხანა დასრულებულია. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი და იგივე სახეს ვხედავდეთ პარლამენტში წლების განმავლობაში. არც მეფე გვყავს და არც – თავადები.

რატომ უნდა ავიტანოთ დამცირება და ძალადობა? მხოლოდ იმიტომ, რომ ცვლილება არაკომფორტულია? რომ გვეზარება? რომ ერთმანეთთან ერთ ენაზე საუბარს ვერ ვახერხებთ? თუ შეჩვეულ ჭირზე ანდაზების გამო?


პრაქტიკული შეთავაზება

მაინც როგორ უნდა შევძლოთ ამ დაპირების შესრულება?

უკვე ვისაუბრეთ მთავარ პრობლემაზე – რატომ არის შერჩევითი სამართალი და მმართველი ძალის დანაშაულზე გაჩუმება სახიფათო.

გამოსავალიც შესაბამისია: საჭიროა პროტესტი მაშინვე, როდესაც ხელისუფლება უკან გადადგამს ნაბიჯს ადამიანის უფლებების კუთხით, მაგალითად:

გააპროტესტე.

უფლებების უკუსვლის გაპროტესტების გარდა, გთავაზობთ:

ვაიძულოთ თითოეული მთავრობა მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი კანონი მაინც.

კანონი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას გაურთულებს ძალადობას, ან ორჯერ მაინც დააფიქრებს სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

მაგალითად, ვაიძულოთ “ოცნება” დააბრუნოს ნომრები გდდ-ს ფორმებზე. ასე, ამ და შემდეგ ხელისუფლებებს გამოეცლებათ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ პროტესტი სასტიკად დაარბიონ და  მოუწევთ საუბარი საზოგადოებასთან.

შემდეგ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ისევ გახსნას სასამართლო სხდომები. შემდეგს კი – კონკრეტული რეფორმის გატარება ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ

“სისტემა უნდა დაინგრეს” – გსმენია ალბათ ასეთი სლოგანი არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ კი არათუ არ ინგრევა, არამედ უფრო მკაცრდება ხოლმე.

ჩვენი შემოთავაზებული გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ  გავაუმჯობესებთ სისტემას. გამართულ სისტემაში კი, როგორც ირაკლი კობახიძე იტყოდა, აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ, პერიოდულად, კონკრეტულ ადამიანებში არ გაგვიმართლებს.

ისე, გიფიქრია, რატომ აკეთებს დღემდე “ოცნება” აქცენტს იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების გარანტი არის ერთი ადამიანი – ბ. ივანიშვილი? რატომ არ ან ვერ შექმნა “ოცნებამ” ისეთი სისტემა, სადაც ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე თუ ჯანმრთელობაზე არ იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი?


შევქმნათ საზოგადოებრივი გაერთიანებები

ჩვენი შეთავაზება მარტივი არ არის, სჭირდება საზოგადოების ორგანიზება, თანამშრომლობა. ხელისუფლება კი ყოველთვის შეეცდება ხელის შეშლას – პროპაგანდას, იარლიყების მიკერებას, პოლარიზაციას.

ვცადოთ და არ ავყვეთ ამ პროვოკაციას.

გავერთიანდეთ კონკრეტული საკითხების გარშემო და გავუწიოთ კონტროლი მთავრობას.

მაგალითად, როდესაც მთავრობა აორგანიზებს ფიზიკურ თავდასხმებს მოქალაქეებზე, და ამას აპროტესტებს ადამიანთა ერთი ჯგუფი, შეუერთდი ამ ჯგუფს იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია აქვს ამ ჯგუფს სხვა საკითხებზე ან რა თქვა რომელიმე მათგანმა წლების წინ ინტერვიუში. ვითანამშრომლოთ საკითხების გარშემო.

მაგალითად, “დიუშენის ბავშვების” პროტესტმა, რომელმაც შედეგი გამოიღო, გააერთიანა ადამიანები ერთი საზრუნავით. ამ ადამიანებში იყვნენ როგორც ხელისუფლების მომხრეები, ისე – მოწინააღმდეგეები. ამას ხელი არ შეუშლია ორგანიზებაში, კონკრეტული მოთხოვნის ჩამოყალიბებაში, მთავრობის მიერ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის მოგერიებაში.

ამიტომ, ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელია. ახლა მთავარია შევთანხმდეთ, რომ სამართლიანობაც მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენს საზოგადოებაში. საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ასეთი ორგანიზება შევძლოთ.


შეჯამება

შენ ცდილობ აირიდო უარესი შედეგები, ამიტომ ითმენ დღევანდელ რეალობას, დღევანდელ უსამართლობას.

მაგრამ ეს არ არის პრაგმატული თმენა. ეს თმენა საზიანოა ქვეყნისთვის. ეს თმენა რყვნის ხელისუფლებას.

ჩვენ უნდა შევძლოთ და ბანაკის ერთგულებიდან გადავიდეთ პრინციპების ერთგულებაზე, უნდა შეგვეძლოს ცუდისთვის სახელის დარქმევა. “მაგრამ”-ის გარეშე.

უფრო პრაქტიკულად კი, უნდა შევძლოთ:

  1. ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა;
  2. ხელისუფლებისთვის შიშის განცდის შექმნა;
  3. დამნაშავე ხელისუფლების დათხოვნა;
  4. ყოველი ახალი ხელისუფლებისთვის ისეთი ცვლილებების მოთხოვნა, რომ შემდეგ ხელისუფლებას კიდევ უფრო გაურთულდეს ძალადობა მოქალაქეზე.

უნდა შევძლოთ ორგანიზება და ერთმანეთთან თანამშრომლობა.

არ არის აუცილებელი მოგწონდეს ოპოზიცია. მაგრამ, აუცილებელია არ დახუჭო თვალი უსამართლობაზე, რადგან როგორც კი ამ გზას დავადგებით, როგორც კი უსამართლობის აწონ-დაწონვას დავიწყებთ, თუ რამდენი უსამართლობაა მისაღები, დავიწყებთ მანკიერ წრეზე სიარულს.

ასეთ გარემოში კი ერთადერთი სტაბილურობა, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ, არის სტაბილური უსამართლობა.

❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
  • თუ ყველა მთავრობის ძალადობაზე თვალს დავხუჭავთ უარესის შიშით, როდის დასრულდება უსამართლობა?
  • სამართლისთვის ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია თუ ხელისუფლების ხშირი ცვლილების დისკომფორტი? რატომ?
  • თუ შენი სიჩუმე აძლიერებს მთავრობას, როგორ შეიძლება გაჩნდეს ალტერნატივა?
  • რა არის შენი ზღვარი? რამდენი დანაშაულის უფლებას მისცემ მთავრობას? რატომ ახლავე არ აკრიტიკებ მას?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx