თქვენ რევოლუცია გინდათ!

შენ ამბობ: თქვენ არ გაღელვებთ ძალადობა და უსამართლობა, უბრალოდ საბაბს ეძებთ რევოლუციისთვის. ქვეყნის დესტაბილიზაცია გინდათ და ძალაუფლებაში მოსვლა!

განვიხილოთ.


“რევოლუციის” დემისტიფიკაცია

სიტყვა “რევოლუციას” ბევრი ემოცია უკავშირდება, გვახსენდება არეული ქვეყანა, სამოქალაქო ომი, გადამწვარი თბილისი… ამ შიშით მანიპულირებს პროპაგანდა.

სად არის რევოლუცია?

მთავრობა პროტესტს ხშირად რევოლუციასთან აიგივებს. განვიხილოთ ორი მაგალითით – რატომ არის ეს გაიგივება არასწორი.

28 ნოემბრის განცხადება და მიმდინარე პროტესტი

28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოჰყვა მომენტალური პროტესტი. ადამიანები მომენტალურად, გეგმის გარეშე, ორგანიზების გარეშე გავიდნენ ქუჩაში განმარტების მისაღებად და მოსმენილის გასაპროტესტებლად.

ეს იყო უპარტიო, უსცენო პროცესი ადამიანების, რომელთაც დაახვედრეს სრულად შეიარაღებული სპეცრაზმი და პოლიცია. სად არის რევოლუციის ნიშნები? სად არის ორგანიზატორი? ვინ გასცემს ბრძანებებს? ვინ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა? ვის რა ფუნქცია აკისრია? რა გზით იღებს ინსტრუქციებს ეს ათობით ათასი ადამიანი? ონლაინ-ჯგუფით? წერილებით?

2023 წლის პროტესტი აგენტების კანონის შესახებ

მთავრობა ცდილობს შექმნას სურათი, რომ აქციის მონაწილეები ნებისმიერ მიზეზს ვიყენებთ რევოლუციის საბაბად. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურად აგენტების კანონიც გამოდგება – როდესაც 2023 წელს კანონი უპირობოდ გაიწვიეს, ჩვენც შევწყვიტეთ პროტესტი და წავედით სახლებში, რადგან პროტესტმა მიზანს მიაღწია.

თუ რევოლუცია იყო ჩვენი მიზანი, რატომ გავჩერდით? რატომ არ მოვიგონეთ შემდეგი საბაბი? ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ აქციების დროს საკმარისი მიზეზი იქნებოდა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, რომ პასუხისმგებელი პირები გადამდგარიყვნენ, მაგრამ პროტესტი არ გაგრძელებულა.

პარანოია მტკიცებულებების ნაცვლად

ამჟამინდელი მთავრობა აქტიურად იყენებს პროპაგანდის ერთ-ერთ ტექნიკას, გამოგონილ საფრთხეს – გვესაუბრება, თუ როგორ უნდა მთელს მსოფლიოს საქართველოს განადგურება, როგორ მუშაობს დიფ სთეითი, როგორ ღებულობენ მუქარისშემცველ ზარებს “უცხოეთიდან”, როგორ ებრძვიან გარე თუ შიდა მტერს, როგორი მართულია ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათ აკრიტიკებს.

თუ მოქალაქეებმა ერთმანეთს წყალი თუ ხაჭაპური დაურიგეს – ეს პროდუქტები უცხოეთიდან არის შესყიდული, რათა პროტესტმა უფრო დიდხანს გასტანოს.

პოლიტიკოსს შეუძლია თქვას რაც მოესურვება – თვითონ დაიჯეროს, ან ეცადოს საზოგადოების დარწმუნებას შეთქმულების სხვადასხვა თეორიაში, შეუძლია დამაჯერებლად განაცხადოს, რომ “ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის!”.

მაგრამ, სად არის გამოძიება? სად არის მტკიცებულებები? სად არიან დასჯილი ორგანიზატორები, მაგალითად 2023 წლის აქციების, 2024 წლის გაზაფხულის აქციების, 2024 წლის 28 ნოემბერს წამოწყებული აქციის?

ადეკვატურად შევაფასოთ მოვლენები

ჩვენი, მოქალაქეების მიზანია არ ავყვეთ პროპაგანდას და შევაფასოთ მოვლენები ადეკვატურად და გადავწყვიტოთ – არის საქართველო რეკორდსმენი ქვეყანა აღკვეთილი რევოლუციების რაოდენობით, თუ ამ სიტყვას მთავრობა იყენებს ნებისმიერი მასიური პროტესტის დისკრედიტაციისთვის?

ჩვენ ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს და ყველა პრობლემაზე ქუჩაში არ გამოვდივართ, მაგრამ როდესაც მთავრობა დიდი ტემპით დაიწყებს უკუსვლას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ვფიქრობთ, ეს ადეკვატური ქცევაა და ეს ქცევა საჭიროა მანამ, სანამ მთავრობა მიხვდება, რომ უნდა მოგვისმინოს.

დაინტერესებულხარ პროტესტის შინაარსით?

რევოლუციის მითი აშენებულია ერთ მარტივ დაშვებაზე – ყველაფერი კარგად არის, მთავრობამ გასაგებად ახსნა მისი გადაწყვეტილებები, თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს არ უნდა გაგება და ნებისმიერ შანსს იყენებს რევოლუციის მოსაწყობად.

დაინტერესებულხარ პროტესტის შინაარსით? რა შეკითხვები თუ შენიშვნები გვქონდა ამა თუ იმ პროტესტზე? გიკითხავს ჩვენთვის? არა სამთავრობო ტელევიზიისთვის, არამედ პროტესტის მონაწილეებისთვის?

რამ გაგვაბრაზა? რატომ გამოვიდა ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში დღეების განმავლობაში? ცემის, დაპატიმრების, დაყადაღების, სამსახურის დაკარგვის რისკის ფასად?

ხომ არ არის შესაძლებელი, რომ მართლაც გვაქვს პასუხგაუცემელი კითხვები?

პროტესტს აქვს ისტორია – ათობით ათასი ადამიანის იგნორირება, პირობის დარღვევა, მასობრივი ძალადობა, ტყუილი, რეპრესიები…

შეიძლება შენ სხვაგვარად აფასებდე ამ მოვლენებს, მაგრამ სანამ სამთავრობო ტელევიზიის ნარატივს აყვები, დაუსვი რამდენიმე შეკითხვა პროტესტის მონაწილეებს.

რატომ იყენებს მთავრობა სიტყვა “რევოლუციას”?

ეს პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული ტექნიკაა, რომელსაც ავტორიტარული მთავრობები იყენებენ – მუდმივი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე. მისი მიზანია ვიყოთ მუდმივ შიშში.

შიშის მდგომარეობაში კი მოვლენების ანალიზის და გააზრების დრო აღარ გვრჩება. ვმოქმედებთ იმპულსურად, ემოციურად.

წარმოიდგინე სცენარი:

2024 წელს, მთავრობამ ხელმეორედ შემოიტანა აგენტების კანონი, რომელზეც მანამდე დაგვპირდა, რომ უპირობოდ გაიწვევდა და აღარასდროს შემოიტანდა. ამას მოჰყვა მომენტალური, მასიური პროტესტი ქუჩაში.

ახლა მას მოსახდელი აქვს ბოდიში და მოსაფიქრებელი აქვს ახსნა – რატომ დაარღვია პირობა? 

ეს რთულია.

უფრო მარტივია თქმა – ამ ადამიანებს რევოლუცია უნდათ, ამიტომ გამართლებულია ნებისმიერი ძალადობრივი გზით ამ მცდელობის აღკვეთა.

ასეთი გაგებით, მთავრობის მიერ ჩადენილი ძალადობა სისტემური დანაშაული კი არ არის, არამედ – ქვეყნის გმირულად გადარჩენა ტიტუშკებით.

ასეთი ტიპის მთავრობისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელიც იმიტომ შეიძლება გაბრაზდეს, რომ პოლიციამ მასზე იძალადა. არ არსებობს ადამიანი, ვინც გაბრაზდება, როდესაც მთავრობა მასთან პირობას დაარღვევს. ყველა ეს ადამიანი არის რადიკალი რევოლუციონერი.

თუ შენ დაიჯერებ მთავრობის ამ ნარატივს, ამით მხოლოდ საქმეს გაუმარტივებ მას, რომ აღკვეთოს ნებისმიერი პროტესტი – საკმარისია შენ შეგაშინოს და დაგაშოშმინოს, რომ ის მიმართავს აუცილებელ ზომებს რევოლუციის აღსაკვეთად, შენ არ ინერვიულო.


რევოლუცია ცუდია?

უკვე განვიხილეთ, რატომ არ შეიძლება დაერქვას ამ პროტესტს რევოლუციის მცდელობა, და რომ ეს უბრალოდ პროპაგანდის ერთ-ერთი ხრიკია.

მოვიყვანეთ ფაქტები, მაგალითები, არგუმენტები, კონტრ-შეკითხვები. გაჩვენეთ, როგორ ჩერდებოდა პროტესტი მიზნის მიღწევისთანავე.

ახლა განვიხილოთ კიდევ უფრო სენსიტიური საკითხი:

ვინ თქვა, რომ “რევოლუცია” ცუდს ნიშნავს?

ნუ შეგეშინდება ამ სიტყვის

რათქმაუნდა, ყველა რევოლუცია არ არის კარგი. რევოლუცია გულისხმობს მკვეთრ ცვლილებას, ამ ცვლილების შემდეგ კი, თუ მოვლენებს სწორად ვერ ვმართავთ, არის შანსი, რომ უარესი შედეგიც კი მივიღოთ – მოძალადე, დიქტატორული რეჟიმი, ეკონომიკური ნგრევა და არასტაბილურობა. ახალმა რეჟიმმა შეიძლება უსასრულოდ დაგვაყვედროს საკუთარი არსებობა, შეედაროს წარსულ ბოროტებას გადაწყვიტოს გახდეს სამუდამო მმართველი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუცია თავისთავად ცუდია. ხშირად, ავტორიტარულ ქვეყნებში, მოძალადე სისტემასთან დაპირისპირების ერთადერთი გზა რევოლუცია რჩება ხოლმე.

ილია ჭავჭავაძემ თქვა:

სიტყვამ ”რევოლუცია” არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე. ასეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ.

თუმცა, ზოგჯერ, უსამართლობასთან ბრძოლის სახელით რევოლუციის შედეგად, მთავრობაში მოდის ძალა, რომლისთვისაც, სინამდვილეში უსამართლობა არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა, უბრალოდ ძალაუფლება უნდოდა. ამიტომ, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ის იცვლის სახეს, თვითონ იწყებს ძალადობას და ამას ათასგვარი მიზეზით ამართლებს.

ბიძინა ივანიშვილმაც თქვა:

თუ პირობებს დავარღვევთ, აღარ დაელოდებით შემდეგ არჩევნებს, გამოხვალთ და დანიშნავთ ახალს.

შენი გადასწყვეტია ენდობი ილია ჭავჭავაძეს, ბიძინა ივანიშვილს თუ საკუთარ ლოგიკას. ფაქტი ერთია – კი, რევოლუცია რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩანასახშივე ცუდია.

შენ შეიძლება გაგვკიცხო რევოლუციის მცდელობისთვის, თუ შენ:

  1. დაგვიმტკიცებ, რომ რევოლუციაა ჩვენი მიზანი;
  2. დაგვიმტკიცებ, რომ ძალაუფლებაში მოსვლაა ჩვენი მიზანი და არა უსამართლობის დასრულება;

სხვა შემთხვევაში, შენ უბრალოდ იმეორებ სამთავრობო ტელევიზიების ნარატივს.

რევოლუცია არ არის ექსტრემისტული იდეა

როდესაც მთავრობა იქცევა ავტორიტარად და იწყებს ძალადობას ადამიანებზე, ადამიანებს აქვთ უფლება შეცვალონ ეს მთავრობა და მოიყვანონ ახალი.

ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ გაბრაზებულ ჯგუფს აქვს უფლება რომ თავს დაესხას მთავრობას. მაგრამ, როდესაც ათობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში, სვამს რთულ შეკითხვებს, მთავრობა კი პასუხის გაცემის ნაცვლად ძალადობით ახშობს ამ შეკითხვებს, ეს შეიძლება იქცეს რევოლუციის საფუძვლად.

ვის უნდა ქაოსი?

ჩვეულებრივ მოქალაქეს სურს, რომ იმუშავოს, გაზარდოს შვილები, ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, იმოგზაუროს, უყუროს ფეხბურთს, გაერთოს მეგობრებთან ერთად, იცხოვროს.

მას არ სურს თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომა, სამსახურის დაკარგვა, დაყადაღება, პატიმრობა, პოლიციის თუ ტიტუშკების თავდასხმების მოგერიება.

ამიტომ, როდესაც ადამიანები საკუთარ სურვილებს თმობენ და ასეთ რისკზე მიდიან, დავსვათ კითხვა – რატომ აკეთებენ ამას? პასუხი კი მათგანვე მივიღოთ, და არა სამთავრობო ტელევიზიებიდან.

მეტის წაკითხვა ცვლილებებზე და ქაოსზე.


როგორ ავირიდოთ რევოლუცია?

ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამართლიანობას მივაღწევთ დიდი რყევების და რევოლუციის გარეშე. მაგრამ, როგორ?

საუკეთესო გზა რევოლუციის ასარიდებლად

რევოლუციის ასარიდებლად არის ორი გზა:

  1. შევეგუოთ უსამართლობას და გადავინაცვლოთ სრულ ავტორიტარიზმში;
  2. ვაიძულოთ მთავრობა გადადგას ნაბიჯები სამართლიანობის აღსადგენად;

სხვა სიტყვებით, რევოლუციის არიდების საუკეთესო გზა არის ისეთი მოწყობის შექმნა, სადაც რევოლუციის მოწყობა საჭირო არ იქნება.

დასაჯე მოძალადე ძალოვანები, გამოუშვი ცრუ ბრალდებით დაკავებული მოქალაქეები, გადადგეს პასუხისმგებელი პირი, გაატარე რეფორმა სასამართლოში, მოუსმინე ათობით ათას მოქალაქეს, როდესაც ქუჩაში გამოვლენ, ნუ დაარქმევ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აგენტს, მტერს და რადიკალს, ნუ დაარბევ ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტს.

მთავრობას, რომელსაც ეშინია რევოლუციის, პირველ რიგში უნდა ადარდებდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა. ასე, თითოეულ გადაცდომას თუ უსამართლობას სამართლიანი სისტემა სამართლიანად გადაჭრის. სხვა შემთხვევაში, უსამართლობა დაგროვდება ბრაზად, და ბოლოს აუცილებლად იფეთქებს.

როდესაც საზოგადოება ენდობა არჩევნებს, ცვლილებას არ სჭირდება რევოლუცია. როდესაც სასამართლო მიუკერძოებელია, სამართლიან განაჩენს არ სჭირდება რევოლუცია. როდესაც პოლიცია ხალხს ემსახურება და არა პარტიას, ღირსების დაცვას არ სჭირდება რევოლუცია.

ანუ, გვინდა რევოლუცია?

არა.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც არაერთხელ ავხსენით.

მთავრობა ცდილობს ნებისმიერი პროტესტი მონათლოს რევოლუციად, რათა თავიდან აირიდოს კითხვებზე პასუხის გაცემის საჭიროება და გადავიდეს პირდაპირ ძალადობაზე. მაგრამ, ჩვენ შეთქმულების თეორიებს ვერ ავყვებით – მთავრობამ უნდა ისაუბროს მტკიცებულებებით და ოფიციალური გამოძიების შედეგებით.

ვიმედოვნებთ, რომ ამ მოთხოვნების შესრულებას ვაიძულებთ მთავრობას.

ვშიშობთ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება, ანუ სამართლიანობის აღდგენა ავტომატურად ნიშნავს მთავრობის ძალაუფლების რყევას, რადგან მთავრობას არაერთი სისტემური დანაშაული აქვს ჩადენილი.

გვჯერა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უსამართლობის დაგროვება აუცილებლად გამოიწვევს რევოლუციას ადრე თუ გვიან. სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აღვადგინოთ სამართალი.

❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
  • სად არის მტკიცებულებები, გეგმა, ორგანიზატორები, სასამართლო გადაწყვეტილებები?
  • როდესაც აგენტების კანონი უკან წაიღეს, 2023-ში, პროტესტიც შეწყდა. რა არგუმენტით არქმევ ამ პროტესტს რევოლუციის მცდელობას?
  • განმარტე – რა არის რევოლუცია და (რა შემთხვევაში) აქვს თუ არა ამის უფლება ხალხს?
  • რატომ ამჯობინებს მთავრობა პროტესტის ძალით ჩახშობას, ნაცვლად იმისა, რომ გასცეს პასუხი საზოგადოებას?
  • თუ შენი მიზანია რომ რევოლუცია არ მოხდეს, როგორ ფიქრობ, დაგროვებული უსამართლობა და ბრაზი არ ქმნის ამის საფრთხეს?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx