პროტესტი აგრესიულია

შენ ამბობ: არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.

პროპაგანდა ეყრდნობა ამ საკითხის ბუნდოვანებას – იყო აქცია, მოხდა დარბევა, იმ არეულობაში რთულია გარკვევა ვინ ხელი მოიქნია და ვინ ქვა ისროლა. რიგით მოქალაქეებს, ვინც იქ არ ყოფილა, ამ დეტალების გამოძიების დრო და ინტერესი არ აქვთ. ეს მომგებიანი პოზიციაა მისთვის, ვისაც სიმართლის დანახვა არ სურს, და ურჩევნია ზოგადი ცილისწამებით შემოიფარგლოს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ როგორც ბევრ ფაქტს, ისე – შეკითხვებს.

“აბა ხვალ ვინ იქნება ჩემი ხელების მსხვერპლი” – წერს ფორმიანი სოციალურ ქსელში

ჩვენც მომხრე ვართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ აგრესია, რადგან პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ამ აგრესიის გაზვიადებას, რათა გაამართლოს ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან.

  • იცი თუ არა რამდენმა ადამიანმა ისროლა ქვა ან ჩაიდინა სხვა სახის დანაშაული? რამდენი იყო აქედან ვინც თავდაცვის მიზნით აიღო ხელში, როდესაც უყურებდა მის მეგობარს როგორ უსწორდებოდა ნიღბიანების ჯგუფი? დაკვირვებიხარ როგორ ხდება დარბევა? აქ ადამიანების გაფანტვა კი არ არის ხოლმე მიზანი – პირიქით, მათი ალყაში მოქცევა, რაც შეიძლება მეტის დაჭერა და ცემა.
  • როგორ ფიქრობ, რატომ გააუქმეს ძალოვანების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რატომ მოამზადეს სპეციალური მინივენები, სადაც შემდგომში მოქალაქეებს სცემდნენ? ხომ არ მიუთითებს ეს დაგეგმილ ძალადობაზე?
  • იცი რამდენი ისეთი მოქალაქეა ნაცემი, ვინც უბრალოდ იდგა, არც ქვა არც ჯოხი ხელში აუღია?
  • დაგიშვია, რომ ასეთი პროვოკაცია თავად ძალოვანების დაგეგმილია, შემდგომ სასტიკად დარბევის გასამართლებლად?
  • აქტიური დარბევები 2019 და შემდეგ 2023 წლიდან მიმდინარეობს, ყველა ეს შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში ნასროლი ფეიერვერკით არის გამოწვეული?
  • დარწმუნებული ხარ, რომ ყველა დარბევის დაწყებას ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა? რას იტყვი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სპეცრაზმის ერთ-ერთი მონაწილე საყვირით აგინებდა ყველა მონაწილეს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლენამდე? ან ქვებს ესროდა მათ?
  • 7 ნოემბრის დარბევასაც ამ არგუმენტებით ამართლებდი? მაგალითად, მაშინ კახი კალაძე ანალოგიური არგუმენტებით ამართლებდა დარბევას.
  • შენ როგორ მოიქცეოდი, ამ კადრებს რომ შესწრებოდი? იმედოვნებდი, რომ ეს ბიჭი გადარჩებოდა, თუ შეეცდებოდი მიხმარებას? გაამტყუნებდი ადამიანს, ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა? 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზეც იგივეს ფიქრობდი? თავდაცვისთვის ჯოხის დაჭერის გამო ამტყუნებდი მოქალაქეებს?
  • გაამტყუნებდი ამ ბიჭის დედას, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა და დემონსტრაციულად პოლიციის მანქანაზე ავიდა? ან ამ გოგოს მშობელს? გოგოს, რომელსაც ძალოვანები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მას შიშისგან გული წაუვიდა?
  • იმის მიუხედავად, თუ რა გააკეთა აქციის მონაწილემ – ისროლა ქვა, ფეიერვერკი, შეიგინა თუ სხვა, აქვს თუ არა სამართალდამცავს უფლება დაკავების შემდეგ, ბორკილდადებულს, ჯგუფურად, გამორჩეული სისასტიკით და დამცირებით სცემოს? კანონიერად რომ არ აქვს ეს ფაქტია, შენგან მორალური შეფასება არის საინტერესო.
  • პროტესტზე მოქნეული ჯოხის გამო, სწორია სახლებთან ბანდების მიგზავნა? ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
  • და რა საჭიროა ათობით ცრუ მოწმის გამოყენება, თუ და მოქალაქეები მართლაც დამნაშავეები არიან? ან ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
  • თუ ვინმემ რაიმე დააშავა, მას იჭერენ (თუ ის არ არის მაღალჩინოსნის ნათესავი), ხშირად – სისხლის სამართლის მუხლითაც. რატომ არ იჭერენ არცერთ სამართალდამცავს, რომელმაც გაცილებით მეტად, სადისტურად, ჯგუფურად, სასიკვდილოდ გაიმეტა უამრავი ადამიანი?

შენ რას გვირჩევ? – მიუხედავად რაოდენობისა, ათობით ათასი ვდგავართ თუ რამდენიმე ასეული, მმართველი პარტია არ გვესაუბრება. ან გვაიგნორებს, ან გვარბევს. შენ როგორ ფიქრობ, რა გზით შეგვიძლია ჩვენი პროტესტის დაფიქსირება?

მთავარი პრობლემა არ არის რამდენიმე ათეული ნასროლი ქვა. მთავარი პრობლემა არის ამ ქვების სროლის ფაქტების გამოყენება მასშტაბური, სისტემური ძალადობის გასამართლებლად მშვიდობიან ადამიანებზე. პროპაგანდის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია მოძალადის ვიქტიმიზაცია – მოძალადის, როგორც მსხვერპლის მოხსენიება ან რეალურ მსხვერპლთან ტოლობის ნიშნის დასმა.

ვინ დაიწყო?

შენ ამბობ: ფეიერვერკებს და ქვებს რომ ესროდით, აზიანებდით პოლიციელებს, ამიტომ მოუწიათ მათ პასუხის გაცემა. რომ ამოიღეს ფეიერვერკები, და დაიჭირეს მოძალადეები, ძალადობაც შეწყდა.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის წესით და არა ემოციით თუ პირადი შურისძიებით. “იმან დაიწყო და ამიტომ ვცემეთ ჯგუფურად” არ არის პოლიციელის, ზრდასრული ადამიანის არგუმენტი. მითუმეტეს, რომ მრავალი მაგალითი გაგიზიარეთ, სადაც ძალოვანები ძალადობენ ყოველგვარი მსგავსი მიზეზის გარეშე, ორგანიზებულად, ხანგრძლივად, მიპარვით და ჯგუფურად. მათ მიზნად აქვთ არა აგრესორის განეიტრალება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქის დასჯა.

ამასთან, ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ ტიპის მასიურ ძალადობას ადგილი აქვს 2019 წლიდან. ეს არ არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა. თუმცა, რადგან მიმდინარე პროტესტი გაღვივდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ჩავეძიოთ ქრონოლოგიას.

აქციის მონაწილეებთან ერთად ზიანდებოდნენ ძალოვანებიც, შსს-ს თქმით ეს არის რამდენიმე ათეული პირი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ფაქტები – სურათი (თუნდაც დამალული სახით), ვიდეო ან სხვა მტკიცებულება. ნანახი გვაქვს მხოლოდ POSTV-ის გავრცელებული ვიდეო, რომელიც 1-ელ და 2 დეკემბერს დაზიანებულ ძალოვანებს ასახავს.

ფაქტი ერთია – ქმედება იწვევს უკუქმედებას, “ვინ დაიწყოს” გარჩევით შორს ვერ წავალთ, კონკრეტული ადამიანების უკანონობის გამო, ძალოვანები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოდან.

პიროტექნიკა და ურნის დაწვა გაჩნდა პირველი ორი დღის სასტიკი დარბევების პასუხად – საზოგადოებას აქვს სურვილი დაიცვას თავი აგრესიისგან. კი, ორივე მხარეს აქვს სურვილი მიიწეროს “თავდაცვის” სურვილი, მაგრამ ფაქტები, დაშავებული ადამიანების რაოდენობა და ფორმა აჩვენებს სად არის სიმართლე.

შენი გადმოსახედიდან, რამდენად აგრესიულია ეს აქციები?

ასეთ რამეს გთავაზობთ – იმის მაგივრად, რომ თქვა აქცია აგრესიული არის თუ არა, შეაფასე – რამდენად აგრესიულია ის? წარმოიდგინე შკალა 0-დან 10-მდე. 0 ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი აქცია, სადაც ყველაფერი სრული სიმშვიდით მიმდინარეობს. 10 – ეს არის აბსოლუტურად აგრესიული აქცია, სადაც ნადგურდება ყველა და ყველაფერი.

ასეთი შეფასება დაგვეხმარება ობიექტურობაში.

რა ქულას მიანიჭებდი ამ აქციას? რა ფაქტები გახსენდება, რომელთა გამოც ეს ქულა მიანიჭე? ქვის სროლა, ურნის დაწვა, შეურაცხყოფის მიყენება..

საბოლოოდ, დაფიქრდი შეკითხვაზე – შენი ამ შეფასებით რა დასკვნის გამოტანას ცდილობ? გადაწონა კი ამ ჩამონათვალმა სისტემის დანაშაული? გააკეთე დაშვება, რომ თუ აქციის აგრესიულობა შეფასდა პირობითად “7 ქულით”, სისტემა მზად არის დაიჭიროს და დაასისხლიანოს ასობით მონაწილე და კიდევ ერთხელ დაფიქრდი – ამ 7 ქულის უკან, ნამდვილად ღირებული არგუმენტები გაქვს?

სხვა მაგალითიც შეგიძლია სცადო: თუ ოდესმე გიჩხუბია, საკმარისია ეს რომ დაგერქვას აგრესიული ადამიანი? რამდენი ჩხუბია საკმარისი? ცადე ანალოგიური ლოგიკით მიუდგე აქციის შეფასებასაც.

“თუ ძალადობას არ ემხრობით, რატომ არ აღკვეთეთ?”

ასეთი შეკითხვაც შეიძლება გაგიჩნდეს. ეს ცალკე განვიხილოთ – გააგრძელე კითხვა.

აგრესიულობას გვიწუნებ, თუ ზოგადად – პროტესტს?

საუბარი დაიწყო ასე:

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ფეიერვერკს ნუ ისვრით
  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ნიღაბს ნუ გაიკეთებთ
  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ გზას ნუ კეტავთ

დღეს უკვე მოვედით აქამდე:

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ტროტუარზეც ნუ დადგებით

რა იქნება შემდეგი?

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ მთავრობას ნუ გააკრიტიკებთ?

შეჯამება

ჩვენ არ ვემხრობით აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას. თუმცა, მედია ცდილობს ეს გაუთანაბროს სისტემის მხრიდან ძალადობას, რაც არასწორია.

❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, გაეცანი გვერდს სრულად, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
  • პროტესტის ათობით ათასი მონაწილიდან, და ასობით ნაცემი ადამიანიდან, იცი რამდენმა ისროლა ქვა?
  • როგორ ფიქრობ, რატომ მოაშორეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ს? რატომ გახადეს მათი ამოცნობა შეუძლებელი? ან, რატომ ჰქონდათ მომზადებული სპეციალური მინივენები, უსკამო და დაბურული ან გაუქმებული შუშებით?
  • 2019 წლიდან არაერთ სასტიკ დარბევას ჰქონდა ადგილი. როგორ აიხსნება ყველა ეს შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში ნასროლ ფოიერვერკთან?
  • ასევე ამართლებდი 7 ნოემბრის დარბევას? მაგალითად, კალაძე ამართლებდა.
  • როგორ ახსნი “ტიტუშკების” მოვლენას? სადარბაზოებთან დახვედრას და პროტესტის მონაწილეებზე ჯგუფურ თავდასხმებს?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx