“ნაცების” მობრუნება გინდათ!

შენ ამბობ: ესენი რომ წავიდნენ ხომ ისევ ნაცები უნდა მოვიდნენ? თქვენც ხომ ნაცები გაფინანსებენ? ანუ ნაცები გინდათ?

რამდენიმე საკითხი უნდა გამოვყოთ ერთმანეთისგან. მივყვეთ თანმიმდევრულად.


ვინ წამოიწყო ეს აქციები?

შენ ამბობ, რომ ეს აქციები ოპოზიციამ წამოიწყო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

გვერდზე გადავდოთ, რომ “ქართული ოცნება” ყველას “ნაცს” ეძახის. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, მართლაც იყო პროტესტი, ოღონდ ეს იყო რამდენიმე ასეული ადამიანი სხვადასხვა წერტილში. ამ პროტესტს არ მიუღია მასიური სახე. იმიტომ არა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ვენდობით, არამედ გამოძიება-დამტკიცების იმედი არ გვქონდა მაინცდამაინც.

დიდი პროტესტი არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ეს პროტესტი მოჰყვა 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ. ადამიანები მყისიერად გამოვიდნენ ქუჩაში.

ამას მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა, “ტიტუშკები” და უმოქმედო პოლიცია, დაუსჯელი მოძალადეები, შემდეგ – მეტი ადამიანის გამოსვლა, კიდევ არაერთი დარბევა, შემდეგ რეპრესიული კანონების სწრაფად შემოღება და ა.შ.

ვფიქრობთ მკაფიოდ გაგიზიარეთ თუ რატომ არის ალოგიკური ამ პროტესტს დაერქვას “პროტესტი გაყალბებული არჩევნების, ან რომელიმე პარტიის გარშემო”. ეს არის აპარტიული, უსცენო, თვითორგანიზებული პროტესტი.

აბა, “ნაცებს” რომ მიჰყავთ პროცესი? ვინ აფინანსებს აქციას?

ეს აქცია არის უსცენო, პოლიტიკოსებიც და მრავალი სხვა ადამიანიც დგას ქუჩაში.

კი პროტესტი ბევრ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც, ესა თუ ის აქტივობა შეიძლება სულაც მათი დაფინანსებული იყოს, მაგრამ ძირითადი პროცესი არ არის დაფინანსებული.

დასაფინანსებელიც ბევრი არაფერია – ადამიანები გადიან ქუჩაში და შემდეგ ბრუნდებიან სახლებში. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული არხები სრული მონდომებით ცდილობენ ფაქტების პოვნას, ხან მოქალაქის მიერ დარიგებულ ხაჭაპურებს ასაღებენ დაფინანსების მტკიცებულებად, ხან – ერთი რესპონდენტის კომენტარს, რომელიც “მიშას დაბრუნებას” ითხოვს, და ა.შ.

და კი, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, მაგრამ არა გაყალბებული არჩევნების გამო. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


აბა, რას აპროტესტებთ?

შენ ამბობ, თუ არჩევნების შედეგებს არ აპროტესტებ, აბა რას?

ზემოთ ვახსენეთ რას მოყვა ეს პროტესტი, რა მოყვა პროტესტის პირველ დღეებს და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. შეგიძლია პუნქტებად გაეცნო ჩვენი პროტესტის შინაარსს, აქ მოკლედ შემოგთავაზებთ.

ჩვენ არ მოგვწონს:

  1. ტყუილი – მაგ. ევროკავშირის შესახებ;
  2. ამ ტყუილის გასაპროტესტებლად გარეთ გამოსულებს რომ გვცემენ;
  3. ნაცემებს რომ გვიჭერენ და სამხილების გარეშე, მურუსიძის სასამართლო გვასამართლებს;
  4. ინსტიტუტების ნგრევა;
  5. საჯარო სტრუქტურა და შორის ძალოვანი ორგანოები მთლიანად რომ დაიქვემდებარა ერთმა პარტიამ.

ამის ფონზე, “ქართული ოცნება” და მისი არხები ცდილობენ ეს პროტესტი შეფუთონ როგორც “პარტიებსშორისი” დაპირისპირება, გააუბრალოონ ეს პრობლემები. ჩვენ რომ არ ვეგუებით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, ეს სურთ წარმოაჩინონ გადატრიალების მცდელობად. ასე უფრო მარტივია მათთვის – ნებისმიერ პროტესტს წარმოაჩენენ ”გადატრიალების” მცდელობად, თორემ ჩვენ ხომ ზეთის ფასს უნდა ვაპროტესტებდეთ მხოლოდ?

მთავრობა ცდილობს შექმნას სურათი, რომ აქციის მონაწილეები ნებისმიერ მიზეზს ვიყენებთ რევოლუციის საბაბად. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურად აგენტების კანონიც გამოდგება – როდესაც 2023 წელს კანონი უპირობოდ გაიწვიეს, ჩვენც შევწყვიტეთ პროტესტი. ჩვენ ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს და ყველა პრობლემაზე ქუჩაში არ გამოვდივართ, მაგრამ როდესაც მთავრობა დიდი ტემპით დაიწყებს უკუსვლას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ვფიქრობთ ეს ადეკვატური ქცევაა და ეს ქცევა საჭიროა მანამ, სანამ მთავრობა მიხვდება, რომ უნდა მოგვისმინოს.

თუ ვთანხმდებით ამ ლოგიკაზე, გავაგრძელოთ.


კარგი, მაგრამ რას ითხოვთ?

ამ ეტაპზე, ვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებას და ჯანსაღ გარემოში ჩატარებულ ახალ, სამართლიან არჩევნებს.

ახალ არჩევნებს იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ ძველის გაყალბება დავამტკიცეთ, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. არამედ იმის გამო, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა და ხდება.

არჩევნების დანიშვნა არის გადატვირთვის შესაძლებლობა. გავარკვიოთ – 28 ნოემბრიდან განვითარებული მოვლენების შემდეგ რამდენი ადამიანი რომელ ძალას უჭერს მხარს. რამდენს სჯერა კვლავ, რომ გაუქმებული ოპოზიციით, დახურული ტელევიზიებით, გამქრალი NGO-ებით და შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით ევროკავშირში შესვლას ვგეგმავთ. ევროკავშირზე უარის თქმის უფლება “ოცნებისთვის” მის ამომრჩეველსაც არ მიუცია. აქციებზე არაერთი ადამიანი დგას, ვინც ბოლო არჩევნებზეც კი “ოცნებას” მისცა ხმა.

ვეგუებით ქვეყნის კურსის ცვლილებას და დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ განადგურებას? ეს კითხვა დასასმელია.

“ქართული ოცნების” თავდაჯერებული რიტორიკის ფონზე, რომ ისინი მათ უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან, ეს არ უნდა იყოს რთული გადაწყვეტილება – გვაჩვენონ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ქცევის მიუხედავად მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხი.

ამასთან, რა არის არჩევნების ხელახალი ჩატარების საფუძველი მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით?
  1. წინასაარჩევნოდ გაცხადებული ძირითადი კურსიდან გადახვევა ✅
  2. არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით. ამ პუნქტს ცალკე განვიხილავთ.
  3. ქვეყანაში შექმნილია ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვა შეუძლებელია ახალი არჩევნების გარეშე. ✅

ამ მიზეზებიდან ერთიც საკმარისია ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ კი ორს ცალსახად ვაკმაყოფილებთ.

და არჩევნებს როგორ ჩავატარებთ?

ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. ზუსტი პასუხი არ გვაქვს. თუმცა, თუ მივუახლოვდებით არჩევნების დანიშვნისთვის მზაობას, საზოგადოებამ უნდა ვიმუშავოთ და შევთანხმდეთ მისაღებ ფორმაზე.

ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს “სუსის” მიერ ჩატარებული.


არჩევნების შემდეგ ისევ “ნაცები” მოვლენ!

კარგი, არჩევნები საჭიროა, მაგრამ ხომ ისევ “ნაცები” მოვლენ? სხვა ვინ არის? სად არიან ახალგაზრდა სუფთა ადამიანები?!

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx