შენ ამბობ: კობახიძემ რამდენჯერმე შემოგთავაზათ შეხვედრა და არავინ მისულა. არგუმენტები რომ არ გაქვთ ამიტომ გაურბიხართ დებატებს!
დიალოგი აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს პროექტიც, ეს საიტიც, ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთ არის მიმართული.
თუმცა, დიალოგს სჭირდება მზაობა და სწორი გარემო. ორივე მხარეს უნდა ესმოდეს ერთმანეთთან საუბრის აუცილებლობა, აღიარებდეს ერთმანეთის როლს საერთო მიზნისკენ სიარულში.
ჩვენ არ ვფიქრობთ რომ ეს მზაობა არსებობს, თორემ სათქმელი ნამდვილად დეტალური და არგუმენტირებული გვაქვს. ქვემოთ გაგიზიარებთ თუ რატომ არ ვფიქრობთ ასე. ასევე, შემოგთავაზებთ ალტერნატივას.
რას ნიშნავს საუბრისთვის მზაობა?
ჯანსაღია საუბარი მაშინ, როდესაც მხარეებს აქვთ ერთმანეთის პატივისცემა (მინიმალური მაინც) და მზად არიან შეეცადნონ მოძებნონ გამოსავალი ერთად. ეს კი ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, მხარეები უნდა ხედავდნენ პრობლემას, რომლის გადაჭრის სურვილიც აქვთ და მზად იყვნენ ერთმანეთის აზრების მოსასმენად. როდესაც ვამბობთ, რომ “ხელისუფლება არ უსმენს ხალხს” აქ გაგონებას კი არ ვგულისხმობთ, არამედ გაგებას – მცდელობას რომ გაიგოს, გაითვალისწინოს, კრიტიკა მიიღოს, რაიმე შესთავაზოს, აზრი ჰკითხოს, შეწუხდეს თუ მან რაიმე ისე ვერ გააკეთა.
არაჯანსაღია საუბარი მაშინ, როდესაც მხარეებს არ აქვთ ასეთი მიზანი. ამის ნაცვლად, მათი გეგმა არის არა ერთმანეთის მოსმენა, არამედ ჩასაფრება, თავდასხმა, დებატებში დამარცხება. ასეთ მოჩვენებით შეთავაზებებს მხარეები აკეთებენ როდესაც მათ სურთ:
- საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, საკუთარი პროპაგანდისტული არხების დახმარებით, ფრთხილად შერჩეული მომენტების წარდგენა ლეგიტიმაციისთვის, მოჩვენებითი დემოკრატიისთვის, მოჩვენებითი მზაობისთვის.
- მეორე მხარის დასასუსტებლად – ილუზიის შესაქმნელად, რომ არგუმენტებს პასუხი გაეცა. რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას იწვევს.
არის მზად კობახიძე და “ქართული ოცნება”?
როგორ გავიგოთ არის თუ არა კობახიძე მზად ჯანსაღი საუბრისთვის? რამდენიმე მიზეზი გვაქვს, რატომაც ვფიქრობთ, რომ არ არის.
- ის ყველა იმ გადაწყვეტილების გამტარი და აღმასრულებელია, რომელთა გამოც ხალხი დგას ქუჩაში: ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, ამის შემდეგ კი პროტესტს მოყოლილი ძალადობა და უსამართლობა (მათ შორის ახალი რეპრესიული კანონები, რომლებიც ასევე დიალოგის გარეშე იქნა მიღებული). მოძალადეების დასჯის მაგივრად კი მათი დაჯილდოვება დააანონსა.
- არ აღიარებს კრიზისის არსებობას – მისი თქმით, ეს არის რამდენიმე რადიკალი, “უსამშობლო” ადამიანის ანტისახელმწიფოებრივი, უცხოეთიდან დაფინანსებული პროტესტი. არ აღიარებს, რომ გაცილებით მეტი ადამიანია უკმაყოფილო, ვიდრე აქციებზე დგას.
- ტყუილი – მაგალითად “აგენტების კანონზე”, ის ჯიუტად ამბობდა, რომ “ერთი საწინააღმდეგო არგუმენტიც არ მოუსმენია”, როდესაც ჩვენ გაჩვენებთ 30-მდე ვიდეო მაგალითს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს. შეგვიძლია სხვა მაგალითებიც მოვიყვანოთ.
- არ სცემს პატივს მეორე მხარეს – “ქართული ოცნება” უკიდურესი ეპითეტებით და აგრესიული პროპაგანდით ლანძღავს აქციის მონაწილეებს.
- განსხვავებული აზრის მიუღებლობა – მთავრობა, ბოლო თვეები თუ წლებია, “ნაცობას აბრალებს” ყველას, ვინც მის აზრზე არ არის. ლოგიკურია, რომ ამ შეხვედრაზეც იგივეს ველოდოთ – პირველივე უთანხმოებისას “უსამშობლოდ” რომ მოვინათლოთ.
- გაურკვეველია საუბრის პირობები და მიზნები – გასაგები უნდა იყოს შეთავაზება. რა საკითხებზეა მზად სასაუბროდ? რა შემთხვევაში რა ნაბიჯის გადადგმისთვის არის მზად? ამ შეთავაზების ჩამოყალიბებით გამოირიცხება “არაჯანსაღი” მოტივაცია, რომ სურს შეხვედრა შეხვედრისთვის, მოჩვენებითი დემოკრატიისთვის.
- რეპრესიის რისკი – რამდენად მაღალია რისკი, რომ შეხვედრის შემდეგ, მოქალაქეებზე არ დაიწყება შურისძიება – არ მოემართება სამთავრობო არხები ამ ადამიანების წინააღმდეგ არ დაითხოვენ მათ ახლობლებს საჯარო სექტორიდან? არ დახვდებათ სადარბაზოებთან ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც არავინ დასჯის? არ დაიჭერენ გაურკვეველი მუხლით და ცრუ ჩვენებით?
თუ “ქართულ ოცნებას” რაიმეს ახსნა სურს, მას ყოველთვის შეუძლია ტელევიზიით ან სხვა საშუალებით მიმართოს ადამიანებს. თუ დიალოგი უნდა, უნდა ჩანდეს დიალოგისთვის რეალური მზაობა. ასევე, კობახიძესთან შეთანხმება და მასთან ერთად გეგმის დასახვა არ მიგვაჩნია სწორად, რადგან ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი.
ანუ, აზრი აღარ აქვს დიალოგს?
ჩვენ ვცდილობთ არ შევხედოთ ამ საკითხს რადიკალურად. შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ზღვარი არ გადალახულა, მაგრამ მეორე მხარეს აუცილებლად დასჭირდება არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადმოდგმა ზემოთჩამოთვლილი დანაშაულების და შეცდომების ფონზე.
ეს არ არის რთული პოლიტიკური მეცნიერების საკითხი, ყოველდღიურ ურთიერთობებშიც, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს რაიმეს დაუშავებს, სანამ ჩვეულებრივ ურთიერთობას გააგრძელებს, მინიმუმ გულწრფელი ბოდიში ხომ მაინც უნდა მოიხადოს?
ანუ, ჩიხში ვართ?
ჯერ-ჯერობით, მთავრობა არაფრით არ მიანიშნებს, რომ მზად არის რეალური, შედეგიანი საუბრისთვის (ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ ამ სიტყვების თქმაზე მეტად ქცევაა მნიშვნელოვანი, ქცევის მაგალითებიც ჩამოგითვალეთ).
პროტესტის გაგრძელების, ზეწოლის გაზრდის შედეგად, რაღაც ეტაპზე მთავრობას მოუწევს რეალურად განეწყოს სასაუბროდ.
მანამდე, მივყვებით პროცესს.
ამიტომ, ვისაუბროთ ჩვენ
გთავაზობთ, ვისაუბროთ ჩვენ – მოქალაქეებმა. პროპაგანდით მოწამლულ გარემოში ეს რთულია, მაგრამ ეს სირთულე ისევ ჩვენი გადასალახია.
შეგიძლია გაეცნო ჩვენს პოზიციას, ჩვენს პასუხს შენს კითხვებზე და შენიშვნებზე, ან გამოგვეხმაურო და დავგეგმოთ ონლაინ ზარი.
მოგვიწოდებ საუბრისკენ, ამბობ, რომ დებატებს გავურბივართ, დაგვიმტკიცე საპირისპირო, მოგვეცი მაგალითი.
ჩვენი ერთ-ერთი ბოლო მცდელობისას, შეგვეთავაზებინა საუბარი ადამიანებისთვის, 10,000-მდე ადამიანს მიაღწია. აქედან რამდენიმე ასეული გამოვეხმაურა. მათმა სრულმა უმეტესობამ მისი გამოხმაურება ძირითადად ლანძღვას, გინებას, ცილისწამებას, უმისამართო რეპლიკებს მიუძღვნა. პირისპირ საუბარზე კი მხოლოდ 2 დაგვთანხმდა და საინტერესო, კონსტრუქციული დიალოგი შედგა.
გარემო ისე არის მოწამლული, რომ შეიძლება რთული იყოს ემოციების და აღქმების დალაგება, თუმცა მოგიწოდებთ ნუ დაგაბრკოლებს კითხვები “ვინ გაფინანსებთ” ან ცილისწამების სურვილი, რომ “მანდ ყველა ასეთები ან ისეთები დგახართ”, თუ გჯერა შენი სიმართლის, გვესაუბრე. სულ ესაა.
თუ შენ ამბობ, რომ ჩვენთან, მოქალაქეებთან არ აქვს აზრი საუბარს და სხვადასხვანაირი მიზეზით გაგვირბიხარ, ნუ მოგვთხოვ რომ ჩვენ ვესაუბროთ კობახიძეს, რომელთანაც გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს, რომ არ ვენდობოდეთ.
შეჯამება
დიალოგი აუცილებელია საზოგადოებისთვის, თუმცა დიალოგს სჭირდება მზაობა. მზაობა არ ნიშნავს თქვა “მზად ვარ ვისაუბრო”, ეს საქმით უნდა დაამტკიცო. უნდა აჩვენო მეორე მხარეს, რომ უბრალოდ სასაუბროდ კი არა, მოსასმენად, გასააზრებლად, შესათანხმებლად ხარ მზად.
არ ვფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” მზად არის და თუ რატომ, ამის არაერთი მიზეზი ჩამოვთვალეთ.
ამის საპირწონედ, გთავაზობთ ჩვენ – მოქალაქეები ვესაუბროთ ერთმანეთს.
შენ იყავი მაგალითი.
შეავსე ფორმა: 💭 საუბარი