შენ ამბობ: მოიქეცით უკეთ, უფრო მშვიდად, გაწონასწორებულად, თავაზიანად. უარი თქვით ბილწისტყვაობაზე, არ ისროლოთ ქვა. და ჩვენ მხარს დაგიჭერთ.
შენ კარგი ბიჭი/გოგო ხარ, იმათთან რა გინდა?
ზოგჯერ, პირადი საუბრისას, პროტესტის მოწინააღმდეგეები კეთილგანწყობას გამოხატავენ კონკრეტული ადამიანების მიმართ – ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი კი კარგია, განათლებულია, პატრიოტია, ზრდილობიანია, მაგრამ “სხვები” არიან ცუდები, რადიკალები, დაფინანსებულები… და სანამ ის “ცუდები” იქ არიან და ცუდად იქცევიან, ეს ადამიანიც პროტესტის მოწინააღმდეგედ რჩება.
მადლობა კომპლიმენტისთვის.
თუმცა, ჩვენ კომპლიმენტის მისაღებად არ ვართ პროტესტში. ჩვენ არ ვართ პარტია, არ ვნადირობთ ხმებზე. ჩვენ ვხედავთ და ვაპროტესტებთ უსამართლობას. სულ ესაა.
ჩვენც შეიძლება გვქონდეს შენიშვნები პროტესტის ამა თუ იმ მონაწილესთან – მათ ლექსიკასთან თუ ქცევასთან. არც ჩვენ ვემხრობით ძალადობას და მზად ვართ კანონით ვაგოთ პასუხი ასეთ ფაქტებზე. თუმცა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ ვის რა აცვია, ვის რისი სწამს და როგორ იქცევა.
მადლობა, რომ მოგწონვარ, მაგრამ ვერ დავუშვებ რომ დაჩაგრო სხვა, ვინც ნაკლებად მოგწონს.
კარგი, მაგრამ რატომ არ ემიჯნებით “იმათ”?
ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს სიტყვის თქმას ან კონკრეტულ ქცევას. ვერც პასუხისმგებელი ვიქნებით თითოეულ მათგანზე.
თუ რომელიმე სამართლიანი კანონი ირღვევა, სახელმწიფოს ვალია ამ დარღვევის აღკვეთა. კოლექტიური ბრალდება და პროტესტის “გაშავება” უსამართლობაა.
თუ შენი მხარდაჭერა დამოკიდებულია იმაზე, რომ ათიათასობით ადამიანში არცერთმა მათგანმა შეცდომა არ დაუშვას, ეს უკვე სამართლიანობის მხარდაჭერა კი არა, საბაბის ძებნაა.
ყველას კეთილგანწყობას ვერ დავიმსახურებთ
ჩვენ გვესმის, რომ ყველა ადამიანის კეთილგანწყობას ვერ დავიმსახურებთ. არც ვცდილობთ ამას. პროტესტის მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც რომ იყვნენ, ეს არ ასუსტებს სიმართლეს.
საზოგადოების ყველა წევრს შეიძლება ერთნაირად არ აღელვებდეს უსამართლობა. ზოგისთვის თავად პროტესტია პრობლემა – დალაგებულის არევა, ზედმეტი თავის ტკივილი რაღაც “სამართლიანობის” გამო. ბოლო ბოლო – სხვა ქვეყნებშიც არ არის იდეალური სამართალი, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი?
არსებობენ ადამიანები, ვის მხარდაჭერასაც არ და ვერ მოვიპოვებთ:
- ვინც ამტყუნებს მსხვერპლს – “არ წასულიყავი პროტესტზე და არ გცემდნენ”, “არ ჩაეცვა ქალს გამომწვევად და არ მოკლავდნენ”, “არ გაეღიზიანებინა საქართველოს რუსეთი და არ დაესხმებოდა თავს”.
- ვინც საკვებს და თანხას პარავს მოხუცს, ბავშვს და ჯარს – ეს და მსგავსი ბრალდებები “ოცნების” არაერთ მაღალჩინოსანს აქვს წაყენებული. ეს არ არის ერთი მაღალჩინოსნის დანაშაული. მათი მოადგილეები, დამხმარეები, იმ სტრუქტურების თანამშრომლები…
- ვინც ყიდის ბავშვებს – საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ, 2005 წლამდე, 100,000-ზე მეტი ბავშვი გაიყიდა. ამის ჩამდენი არ არის მხოლოდ 1 ან 2 ბოროტი ექიმი. ეს ორგანიზებული, კოორდინირებული დანაშაულია, რომელიც ჩვენ, საზოგადოებამ დავუშვით წლების მანძილზე. ისევე, როგორც მაგალითად მე-14 – მე-16 საუკუნეებში აქტუალური იყო ერთმანეთის ტყვეებად გაყიდვა.
და კიდევ ბევრი სხვა – დაინტერესებული პირები, კორუფციული ტენდერების მონაწილეები, მილიონერი საჯარო მოხელეები, მათზე დამოკიდებული ადამიანები და ა.შ.
ეს არ არის უმრავლესობა, მაგრამ ეს ჯგუფები არც ისე ცოტა ადამიანს აერთიანებს.
ჩვენ არ ვეძებთ და ვერ მოვიპოვებთ მათ კეთილგანწყობას.
ჩვენ მხოლოდ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ხმა უფრო მკაფიო იქნება, ვიდრე ამ ადამიანების, რომ უფრო მეტი ქართველი არსებობს, ვისთვისაც სამართლიანობა მნიშვნელოვანია.
თუმცა, არის ერთი ჯგუფი, ვისი მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია
ეს არის პატიოსანი ადამიანი, რომელსაც აღელვებს მის გარშემო სამართლიანობაა თუ უსამართლობა. რომლისთვისაც ღირებულია თანამოქალაქე, სახელმწიფო, საერთო საქმის განცდა.
თუმცა, მას შეიძლება არ მოსწონდეს არსებული ოპოზიცია, პროტესტის ფორმა ან კონკრეტული აქტივისტები. ეშინოდეს არეულობის, ქაოსის. ამიტომ, ირჩევდეს განზე დგომას და პროცესებზე პასიურ დაკვირვებას.
თუ შენ ხარ ასეთი, ერთ კითხვას დაგისვამთ:
უსამართლობა მხოლოდ ჩვენი პრობლემაა თუ შენიც?
შეიძლება ბევრი შენიშვნა გაქვს. ბევრი რამ არის, რაც არ მოგწონს. ჩვენც ასევე, შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს.
თუმცა, გვაქვს მხოლოდ ორი არჩევანი – შევეგუოთ უსამართლობას ან ვიმოქმედოთ, თუნდაც არასრულყოფილი ფორმებით. ვიმოქმედოთ მიუხედავად ოპოზიციის ხარისხის, მიუხედავად კონკრეტული ადამიანების ჩაცმულობის, მიუხედავად ნასროლი ქვის, გეოპოლიტიკის, ევროპის, რუსეთის, ირანის თუ სხვა ფაქტორების.
“ეს ყველაფერი გამოასწორეთ და მეც შემოგიერთდებით” არ არის სამართლიანი მოთხოვნა. თუ შენც იზიარებ არსებულ პრობლემებს, ერთად ვეძებოთ უკეთესი გზები.
დაინტერესებულხარ, საიდან დაიბადა ეს აგრესია?
შენ გვაძლევ შენიშვნას – პროტესტის ზოგიერთი მონაწილე აგრესიულად იქცევა, ხმამაღლა საუბრობს, ზედმეტად ემოციურია და გამომწვევად იქცევა.
ზედმიწევნით ზომავ დეციბალებს პროტესტის მონაწილის ხმაში. გამადიდებელი შუშით აკვირდები მის თითოეულ ქცევას.
მაგრამ, რამ მიიყვანა პროტესტის მონაწილეების ნაწილი აქამდე? ესეც ხომ საინტერესოა?
- ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვსულვართ. საქართველოსთვის ეს უზარმაზარი რიცხვია. არავინ დაგვლაპარაკებია. მხოლოდ მოძალადე ნიღბიანები და შეიარაღება დაგვახვედრეს.
- 2023 წელს არაფერი მოასწავებდა საზოგადოებაში მასიური პროტესტის მუხტის არსებობას, თუმცა “ოცნებამ” შემოიტანა “აგენტების კანონი“, მისი კრიტიკა კი სპეცრაზმით მოიგერია. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ პროტესტი არ ჩერდებოდა, შეგვპირდა, რომ კანონს უპირობოდ გაიწვევდა და აღარ შემოაბრუნებდა.
- 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას, საზოგადოებაში ტრიალებდა დიდი სიხარული. “ოცნებამ” კი დაარღვია პირობა, მეორეჯერ შემოიტანა “აგენტების კანონი” და თავიდან დაიწყო პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევა.
- 2024 წლის ნოემბერში, როდესაც აქციები მილევად რეჟიმში იყო, კობახიძემ გააკეთა განცხადება, რასაც მოჰყვა მომენტალური მასშტაბური პროტესტი. დარბევებიც განახლდა – ახალი ტექნიკით და მეტი სისასტიკით.
- მხოლოდ 2025 წელს, 8200-ზე მეტი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში – უმეტესობა მათგანი ადმინისტრაციული ჯარიმებით, რომლებიც მრავალ ათას ლარს შეადგენს, ბევრი მათგანი კი სისხლის სამართლის წესით.
ადამიანები დაიღალნენ, გაკოტრდნენ, ჯანმრთელობა დაუზიანდათ. როგორ ფიქრობ, ის ათობით ათასი ადამიანი, ვისზეც “ოცნებამ” განგრძობითად იძალადა და ძალადობს, ახლა კმაყოფილია და ამიტომ არ გამოდის ქუჩაში? მათი სიჩუმე, გადაღლა თუ დაშინება არ უნდა გავაიგივოთ პროტესტის ამოწურვასთან.
როდესაც ცდილობ ხმა გააგონო მთავრობას, და საუბრის ნაცვლად ის ხისტი ძალით ცდილობს შენს გაჩუმებას, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანი დგას ქუჩაში თუ 100,000 – რა გზა გვრჩება? გაბრაზების უფლებაც არ გვაქვს? მონები ხომ არ ვართ?
შენ არ დაინტერესებულხარ ამ ბრძოლით, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს, არ ყოფილხარ რუსთაველზე, ინფორმაციას კი სამთავრობო არხებიდან ეცნობოდი. მეტიც, შენი ოჯახის წევრისთვისაც კი არ გიკითხავს ან გიკითხავს, მაგრამ არ დაგიჯერებია. რამდენად მორალურია პროტესტის მონაწილეების ბრაზის კრიტიკა ამ ფონზე?
კონტრასტისთვის, იგივე ხდება სრულიად განსხვავებული თემატიკის აქციაზე – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა რამდენიმე კვირა ისე გაათენეს კანცელარიასთან, რომ მათთან პოლიციის გარდა არავინ მისულა. შემდეგ, სცადეს მათი ბინძური ხერხებით გაშავება. თუმცა, ამანაც რომ არ იმოქმედა, დაიხიეს უკან და წავიდნენ დათმობაზე.
კიდევ გკითხავთ: რას გვირჩევ? ბევრნაირი პროტესტი ვცადეთ – მშვიდი, ხალმხრავალი, მცირერიცხვოვანი, განგრძობითი, ერთ ადგილზე დგომით, მარშით, ბანერებით, უბანეროდ, პარლამენტთან, კანცელარიასთან, რუსთაველზე, დიღმის მაგისტრალზე…
როდესაც საკუთარი მთავრობა საუბრის ღირსად არ გთვლის, რა არის შენი რჩევა პროტესტის მონაწილისადმი?
გვაჩვენე მაგალითი
თუ იზიარებ პროტესტის შინაარსს და არ მოგწონს ფორმა, ჩაერთე და გვაჩვენე როგორ უნდა მოვიქცეთ.
იცოდე, რომ შენ დაგარქმევენ აგენტს, მოღალატეს, დაფინანსებულს, უსამშობლოს. გცემენ, გაგინებენ, დაგაყადაღებენ, დაგითხოვენ სამსახურიდან. დაგიჭერენ ტროტუარზე დგომის თუ კრიტიკული პოსტის გამო. მოგიგზავნიან გაურკვეველ ბანდიტებს – ზოგს მაჩეტეთი, ზოგს პისტოლეტით, ზოგსაც უბრალოდ რკინის ხელკეტებით. სასამართლოზე ცრუ მოწმე მოვა, მოყვება როგორ არღვევდი კანონს. მოსამართლე მის სიტყვას ენდობა. შენც წახვალ ციხეში. “ადრინდელ ციხეს ხომ მაინც სჯობსო” – დაგამადლიან კიდეც.
ამ ყველაფერმა არ გაგაბრაზოს. წონასწორობა შეინარჩუნე და მიეცი მაგალითი დანარჩენებს.
შევთანხმდეთ მინიმალურზე – კანონზე
შენ ალბათ შენს პოზიციაში ხარ დარწმუნებული. გაქვს შენი წარმოდგენა ქართველობაზე, ქრისტიანობაზე, ტრადიციებზე, მორალის სხვადასხვა ასპექტზე, გეოპოლიტიკაზე, საგარეო ვექტორზე, ჩაცმულობაზე, ტატუზე თუ პირსინგზე.
თუმცა, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: სამართალი და კანონი ყველაფრის ფუნდამენტია. კანონი ტექნიკური ჩანაწერი კი არ არის, რომელიც მხოლოდ იურისტებს ეხება. ეს არის შეთანხმება – რა არის მისაღები ჩვენთან, საზოგადოებაში, და რა ისჯება.
თუ შენ ამ შეთანხმებას არღვევ, და მზად ხარ შეხედულების მიხედვით უწესოდ ებრძოლო საზოგადოების განსხვავებულ ნაწილს, ასე არ გამოვა. ეს აღარ არის უბრალოდ განსხვავებული აზრი, რომელსც პატივი უნდა ვცეთ. ეს არის ძალმომრეობა.
შეიძლება განსხვავებული აზრი გვქონდეს ბევრ რამეზე – ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ვინ მსხვერპლია და ვინ მოძალადე, ვინ მოაწყო პროვოკაცია, ვინ გააზვიადა, ვინ გადაამეტა ძალას. ეს სუბიექტური აღქმებია. ამ აღქმებით ადამიანებს განაჩენს ვერ გამოვუტანთ და ვერ ვცემთ.
მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ქვეყანა გვექნება – სადაც ადამიანის ბედი წყდება სამართლიანი კანონით, თუ პირადი სიმპათიით.