მაგათთან რატომ დგახართ?!

შენ ამბობ: მე მაგათთან არ დავდგები, ან თქვენ რატომ დგახართ?!

საკითხის ასე დაყენებაში რამდენიმე პრობლემაა.


ეს ხომ “ნაცების” პროტესტია?

განმარტე “ნაცი”

პირველ რიგში, განმარტე ვის გულისხმობ.

თუ შენი პასუხია “ნაცებს”, კონკრეტულად რას გულისხმობ “ნაცებში”? პარტიის ისტორიულ წევრებს? ახლანდელ წევრებს? მათ ამომრჩევლებს? ოჯახის წევრებს? მეგობრებს? ნებისმიერს, ვისაც “ოცნება” არ მოსწონს?

კრიტერიუმს რომ ჩამოაყალიბებ, შემდეგ გადახედე – რამდენი ადამიანი ექცევა ამ სიიდან შენს კრიტერიუმში? სავარაუდოდ, არც ისე ცოტა.

ამას რამის პასუხად კი არ ვამბობთ, მხოლოდ იმაზე დასაფიქრებლად, რომ, როგორც წესი, ასეთი საკითხები უფრო სიღრმისეულ განხილვას იმსახურებს, ვიდრე ერთმანეთისთვის იარლიყების მიმაგრებაა.

ეს ხომ “ნაცების” ორგანიზებული პროტესტია?

შეიძლება თქვა – ეს ხომ “ნაცების” ორგანიზებული პროტესტია? სულ ერთსა და იმავე, ძველ სახეებს ვხედავ ტელევიზიაში.

პროპაგანდა ცდილობს გამოტოვოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ არსებული მასიური პროტესტი არ მოჰყოლია არჩევნებს, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას, როდესაც ათობით ათასი ადამიანი მომენტალურად, ორგანიზების გარეშე გავიდა ქუჩაში.

მეტის წაკითხვა

კარგი, მაგრამ მათ მობრუნებას უწყობთ ხელს

შეიძლება მათი ორგანიზებული არ არის, მაგრამ პროტესტით ხომ მათ მობრუნებას უწყობთ ხელს? ისინი გიყენებენ, ან, ისედაც – სხვა ვინ არის?

ეს რიტორიკული შეკითხვაა, რომელიც გვთავაზობს მგლის შიშით ჩვენი ხელით დავკლათ ცხვარი. როდესაც სისტემა ცდილობს მუდმივ შიშში გვამყოფოს და ამ შიშის ხათრით თვალი დავხუჭოთ ძალადობაზე, უფლებების შელახვაზე და ნებისმიერ დარღვევაზე.

ასეთი ქცევა, უსამართლობაზე თვალის დახუჭვა დამანგრეველია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ისე – სახელმწიფოსთვის.

მეტის წაკითხვა

მარტივი პროპაგანდა

პროტესტის ჩასახშობად საკმარისია რომ ის “ნაცების” პროტესტად მოინათლოს?

სურათზე ნაჩვენებია ერთ-ერთი აქცია, რომელიც პატიმრებს ეხება, და რომელიც ახალი ოპოზიციური პარტიის მიერ არის დაანონსებული.

ამ აქციას ახასიათებდა ერთი უცნაურობა – აქციის დაწყების შემდეგ, მალევე ჩნდებოდა ქალბატონი მიხეილ სააკაშვილის პლაკატით და ამ ქალბატონთან ერთად – სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტები.

ჟურნალისტები უღებდნენ ქალბატონს სურათებს და ტოვებდნენ ტერიტორიას.

რა გამოდის? ერთი ქალბატონით, ერთი ჟურნალისტით და ერთი ბანერით სისტემას შეუძლია ნებისმიერი პროტესტის დისკრედიტაცია.

და ამას ხელს უწყობენ ადამიანები, ვინც უპირობოდ ენდობა სახელისუფლებო პროპაგანდას, იმეორებს მათ იარლიყებს, განზოგადებას, ცილისწამებას.


მე “ამ” ადამიანებთან არ დავდგები!

შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობ – არ მოგწონს ამა თუ იმ პოლიტიკოსმა რა თქვა ან რა გააკეთა სხვადასხვა დროს. სწორედ ამით ხსნი შენს კრიტიკას პროტესტისადმი და სვამ რიტორიკულ შეკითხვას:

თქვენ რომ მაგათთან დგახართ, ანუ იზიარებთ მათ პოზიციას? თქვენც მათნაირი ხართ?!

ეს არასწორი შეკითხვა და ლოგიკაა.

შენიშვნას დაგიბრუნებთ

როდესაც ჩვენ გიყვებით სისტემურ ძალადობაზე, დაუნომრავ ძალოვანებზე, ცრუ მოწმეებზე, ტიტუშკებზე, რეპრესიულ კანონებზე, კორუფციაზე..

შენ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავ ერთი არგუმენტით:

კი, “ოცნება” ცუდად იქცევა, მაგრამ ამაზე რომ ვილაპარაკო “ნაცები” დაბრუნდებიან

რა გამოდის? შენ შეგიძლია იდგე მოძალადეებთან, მომპარავებთან და ათასგვარ მავნებელთან, და ეს ყველაფერი ახსნა იმით, რომ საერთო მიზანი გაქვთ?

ხომ არასწორი იქნება რომ ანალოგიური შენიშვნა დაგიბრუნოთ – რომ ცრუ ჩვენების მიმცემი ადამიანები მოგწონს, ან საბავშვო ბაღის მძარცველები, თუ ჯარის ბიუჯეტის გამფლანგველები.

..სხვა მაგალითები
  • არსებობს ამ რეჟიმის არაერთი მხარდამჭერი, რომელსაც ფინანსური ინტერესი აქვს რეჟიმთან – იქნება ეს გამარტივებული ტენდერები, პირდაპირი მოსყიდვა, საჯარო სექტორში დასაქმება თუ სხვა. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველანი მოსყიდულები ხართ?
  • ნიღაბჩამოხდილი სადისტი რობოკოპების დიდ ნაწილს, Facebook გვერდზე მრავალი ხატის სურათი უდევს. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველა მათგანი ასეთი მოძალადე ფარისეველია?”
  • და “ტიტუშკები”? ამათ დაუსჯელობას რომ არ აპროტესტებ, ნიშნავს, რომ მხარს უჭერ?
  • ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონტრაქციაზე, არაერთი ნარკომანი თუ აგრესიული მთვრალი ადამიანი იყო, რომლებიც არანაირ პროვოკაციაზე უკან არ იხევდნენ. დავუშვათ, რომ აქციის ყველა მონაწილე ასეთი იყო?
  • ქვის სროლას და კუბოს დაწვას ხედავ და ამბობ, რომ აქცია აგრესიული და “სატანისტურია”. ხორუმს, “გვიმღერიას“, გარეკახურ საჭიდაოს, სპეცრაზმელისთვის გაწეულ დახმარებას როცა ხედავ, რატომ არ ანზოგადებ ამ ფაქტებს? რატომ ეჭვობ, ამას ადამიანები შენს მოსატყუებლად აკეთებენ.

ასე შეხედე: 9 აპრილის სისხლიან ღამესთან დაკავშირებულ გენერალ ლებედს აფინანსებდა ბიძინა ივანიშვილი და ამას გარკვეული არგუმენტებით ხსნიდა.

შევასწოროთ ნათქვამი

რეალურად, ჩვენ ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ – რომ არსებობს მიზნები, რომელთა გარშემოც შეიძლება სხვადასხვანაირი ადამიანები გავერთიანდეთ და ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ყველაფერში ან ნებისმიერ სხვა საკითხშიც კი ვეთანხმებით.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, ეთანხმები თუ არა კონკრეტულ მიზანს. დანარჩენი კი მხოლოდ ყურადღების გასაფანტი საბაბია.

შენი მიზანია, რომ არსებულ მოწყობას საფრთხე არ შეექმნას და ამისთვის არაერთ ამორალურ ადამიანთან აგრძელებ დგომას, არაერთ მავნებელ ქმედებაზე ხუჭავ თვალს და ამ გზით მხარს უჭერ მათ. ზოგჯერ შეიძლება, მოკრძალებულად დაგმო ესა თუ ის ქმედება, მაგრამ სულ ეს არის.

ამიტომ, ვისაუბროთ მიზნებზე, გადავინაცვლოთ უფრო სიღრმისეულ, სერიოზულ განხილვაში.

მეტის წაკითხვა

აბა, როგორ?

ჩვენ არ ვდგავართ ვინმესთან ან ვინმესთვის. ჩვენ ვდგავართ რაღაცისთვის და ეს რაღაცა არ არის აბსტრაქტული.

მაგალითად, ჩვენ ვითხოვთ მოძალადე ძალოვანებისა და ორგანიზატორების დასჯას, ცრუ ჩვენებებით და მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, ტროტუარზე დგომის ამკრძალავი კანონის გაუქმებას და ა.შ.

ცოტაა?

ჩვენთვის არა.

ამ მოთხოვნაში ველით რომ შემოგვიერთდებიან ადამიანები, ვისთვისაც ეს ცოტა არ არის. როგორც კი კონკრეტულ მოთხოვნას მივაღწევთ, შეიძლება ერთმანეთს დავემშვიდობოთ. არ არის აუცილებელი რაიმე უფრო დიდში გადაიზარდოს ეს თანაბრძოლა.

ბანაკების მხარდაჭერას თუ ტომურ ცხოვრებას არ გთავაზობთ. კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის თანამშრომლობას გთავაზობთ, თუ ამ პრობლემას ორივე მხარე ვიზიარებთ.

მეტის წაკითხვა


ჩვენ არ ვაშენებთ ავტორიტარიზმს

შენი შემოთავაზებული ლოგიკა რომ პრობლემურია, ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ.

ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ავუკრძალოთ დგომა. ეს არ არის კერძო ტერიტორია.

ჩვენ არ ვაშენებთ ავტორიტარიზმს, პირიქით – ვებრძვით მას.

თუ ვინმე კანონს არღვევს, ამისთვის შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს სისტემამ. სხვა მხრივ კი, მათ აქვთ ისეთივე უფლებები, როგორიც – საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად პირადი სიმპათიებისა.

ამასთან, აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, პროპაგანდა მზად არის პროტესტის გასაკრიტიკებლად ორივე შემთხვევაში:

  1. თუ “ვაძლევთ” ამ ადამიანებს რუსთაველზე დგომის უფლებას, ესე იგი ყველაფერში ვეთანხმებით.
  2. თუ არ ვაძლევთ ამ უფლებას, და ყოფილა ასეთი მომენტებიც – პროტესტის მონაწილეები არადემოკრატიულ, აგრესიულ ადამიანებად იქცევიან.

ჩვენც დაგისვამთ შეკითხვას

აქამდე ჩვენ გპასუხობდით შეკითხვებზე, თუმცა, ჩვენც დაგისვამთ ორ შეკითხვას.

გადარდებს ეს პრობლემები?

თუ შენ ადასტურებ, რომ ეს პრობლემები არსებობს – ძალადობა, უსამართლობა, კორუფცია და სხვა, მაშინ:

გამოგიხატავს პროტესტი რაიმე ფორმით?

რუსთაველზე დგომა არ არის პროტესტის გამოხატვის ერთადერთი საშუალება.

მდგარხარ სხვა ქუჩებზე? შემოგიკრებია შენნაირი ადამიანები? აგიმაღლებია ხმა სოციალურ ქსელში?

თუ არა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანები მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი ის არის, რომ ამ მოვლენებს არ აღიქვამ პრობლემად. ყოველ შემთხვევაში, ისეთ პრობლემად, პროტესტის გამოხატვად რომ ღირდეს.

შეიძლება კონკრეტული ადამიანების გამო რუსთაველზე დგომა არ გსურდეს, მაგრამ სრული სიჩუმე ამით არ იხსნება.

და შენ რას გვთავაზობ?

თუ ეს პრობლემები შენც გაწუხებს, მაშინ ეს ხომ საერთო სატკივარი ხდება და გარედან კრიტიკა აღარ არის საკმარისი.

შენც შემოგვიერთდი, შემოგვთავაზე პროტესტის ახალი ფორმა, ან საპროტესტო ქუჩა, ჩამოაყალიბე მკაფიოდ – რა მოგწონს, და რა – არა.

საბოლოოდ, მივდივართ ერთ შეკითხვამდ:

ამ ადამიანებთან პროტესტი არ გინდა, თუ ზოგადად – პროტესტი?

მეტის წაკითხვა


შეჯამება

როდესაც ამბობ “მე მათთან არ დავდგები” ან ჩვენ გვიწუნებ “მათთან” დგომას, შენ რამდენიმე ლოგიკურ შეცდომას უშვებ.

შენ დგახარ მოძალადეებთან, მომპარავებთან, კორუფციაში ჩაფლულ ადამიანებთან კონკრეტული მიზნის გამო. შენ არ აიგივებ საკუთარ თავს ამ დამნაშავე ადამიანებთან.

რატომ არ ავრცელებ იგივე ლოგიკას პროტესტთან მიმართებაში? რატომ არ შეიძლება პროტესტის მონაწილე იმიტომ იდგეს იქ, რომ მოძალადეების დასჯას ითხოვდეს და, ამავდროულად, არ მოსწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, რომელიც ასევე იქ დგას?

და შენ? გამოგიხატავს პროტესტი რაიმე ფორმით? თუ კონკრეტულ ადამიანებთან ფიზიკური სიახლოვეა შენი პრობლემა, გიცდია სხვა ქუჩაზე დადგომა ან სოციალურ ქსელში აღშფოთების გამოხატვა? თუ არა, ხომ არ არის ადამიანები უბრალოდ საბაბი, რომლითაც შენი სიჩუმე გსურს გაამართლო?

ეს ლოგიკა სერიოზულ საუბარს ვერ უძლებს, ამიტომ გთავაზობთ გავცდეთ ამ არგუმენტს და განვიხილოთ შინაარსი – არის თუ არა მოსათხოვი ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ?

❔ სასაუბრო შეკითხვები
ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.
  • როდესაც ამბობ “მე მათთან არ დავდგები”, განმარტე – ვინ არიან “ისინი”? პოლიტიკოსები, ამომრჩევლები, ნათესავები, მეგობრები თუ ყველა, ვინც “ოცნებას” აკრიტიკებს?
  • თუ ვინმესთან ერთად დგომა ნიშნავს, რომ მისი ყველა პოზიციის თანაზიარი ხარ, გამოდის, რომ შენ იზიარებ “ოცნების” მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულს?
  • თუ ჩვენს მიერ დასახელებულ პრობლემებს იზიარებ, გამოგიხატავს პროტესტი რაიმე ფორმით? სხვა ქუჩაზე, სოციალურ ქსელში ან სხვა ფორმატით?
  • ისე ხომ არ გამოდის, რომ კონკრეტული ადამიანების დასახელება საბაბია, რომელსაც პროტესტის გასაკრიტიკებლად იყენებ, მიზეზი კი ისაა, რომ ზოგადად პროტესტის შინაარსს არ ეთანხმები?
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
0
დატოვე კომენტარიx