უვიზო მიმოსვლა

ევროკავშირი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საშუალებას მისცემს შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – ადამიანთა უფლებების გაუარესების თუ ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვის შემთხვევებში.

“ქართულმა ოცნებამ”, სავარაუდოდ ჩათვალა, რომ სწორედ საქართველო მოხვდება ამ უარყოფით სიაში და გადაწყვიტა შეამზადოს საზოგადოება უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.

⏩ გადახტომა
რატომ ალაპარაკდა “ოცნება” ამ საკითხზე ახლა?
“ვინც დადიოდა ისევ ივლის, რა პრობლემაა?”
“შეიძლება კარგიც იყოს, ასეთი ემიგრაცია აღარ გვექნება”
ვიზის აღების ბიუროკრატია
ფრენების გაძვირება

💭 რას ამბობენ და რა ხდება სინამდვილეში?

სანამ უვიზო მიმოსვლის სიკეთეებზე ვისაუბრებთ, დავშალოთ პროპაგანდა – რას ამბობს “ოცნება”, რატომ ამბობს ამას, რას გულისხმობს და ასე შემდეგ.


“ოცნება” ალაპარაკდა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

ოცნების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

გიზიარებთ ამ განცხადებების ძირითად აქცენტებს და ასევე ჩვენს კომენტარებს – ჩვენი აზრით რა იგულისხმება ამ აქცენტებში.

ისინი ამბობენიგულისხმება…
უვიზო მიმოსვლა კომფორტია, მაგრამ ამ კომფორტში ქართველი ხალხი არ გაცვლის ქვეყნის ინტერესებს, სუვერენიტეტს, იდენტობას.კი, უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი იყენებს შანტაჟისთვისჩვენ თავმოყვარე ხალხი ვართ, შანტაჟის უფლებას მათ არ მივცემთ.
უვიზო მიმოსვლა ჩვენ მოვუტანეთ ქვეყანასრადგან ეს “ოცნების” დროს მოხდა და ამ მთავრობამ დააბოლოვა ეს პროცესი, თითქოს ნაკლებ დანაშაულად წარმოაჩენენ მის გაუქმებას, თითქოს ამადლიან საზოგადოებას – ჩვენი მოტანილია და ჩვენ თვითონ წავიღებთ უკანო.
შეიძლება შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა ყოველგვარი არგუმენტის გარეშეთუ ეს მოხდება, ეს იქნება დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, უსამართლო გადაწყვეტილება.

რატომ ალაპარაკდა “ოცნება” ამ საკითხზე ახლა?

“ოცნების” გააქტიურება მარტივი ლოგიკური ჯაჭვით აიხსნება:

  • “ოცნებას” აქვს მოლოდინი, რომ უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმდეს.
  • მან იცის, რომ ამას დიდი უარყოფითი რეაქცია მოყვება საზოგადოებაში, მათ შორის მის მხარდამჭერებში.
  • ამ უარყოფითი რეაქციის შესარბილებლად, ის წინასწარ აჩვევს და ამზადებს საზოგადოებას ამ უარყოფითი სიახლისთვის.

2023-2024 წელს, “ოცნებამ”, აგენტების კანონით დასავლეთს ჯერ “უცხო ძალის” იარლიყი მიანიჭა, შემდეგ მასშტაბური ანტი-დასავლური პროპაგანდა ჩაატარა, ბოლოს კი მათგან დაფინანსებული არასამთავრობოები მნიშვნელოვნად შეზღუდა. ამ კანონს მასშტაბური და სისხლიანი აქციები მოჰყვა.

2024 წლის 28 ნოემბერს, “ოცნებამ” მისი ვადის ამოწურვამდე შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკება. ამ ნაბიჯს და განცხადებასაც ფართომასშტაბიანი პროტესტი, მასშტაბური ძალადობა და კრიზისი მოჰყვა.

ახლა, დღის წესრიგში “უვიზო მიმოსვლა” დგას, რაც ევროკავშირისგან კიდევ ერთი დიდი ნაბიჯით დაშორებას ნიშნავს. ამჯერად, “ოცნება” ცდილობს გაითვალისწინოს წინა გაკვეთილები და შეამზადოს საზოგადოება ასეთი განცხადებებით, რათა შეარბილოს მოსალოდნელი პროტესტი.


გავარჩიოთ პროპაგანდა – რეალურად რა ხდება?

მოკლედ შევაჯამოთ – როგორ მუშაობს ასეთი მანიპულაცია?

  • ზიანის დაკნინება – “ეს უბრალო კომფორტია”, “ბოლო-ბოლო ვიზითაც მშვენივრად ვივლით”
  • აქცენტი სიამაყეზე – “ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს, ტრადიციებს, არ გვიღირს ევროკავშირი ამად!”
  • დანაშაულის გადაბარალება – “ჩვენ, მთავრობას, არაფერი დაგვიშავებია, ევროკავშირი გვებრძვის – დიფ სთეითი, აგენტურა..”
  • ცრუ არჩევანი – “უვიზო მიმოსვლა ან დამოუკიდებლობა!”

ასეთი ქცევა ავტორიტარული პროპაგანდის კარგი მაგალითია – ასეთი პროპაგანდა ადამიანებს ისე ართმევს უფლებებს, ისე უუარესებს ცხოვრებას, რომ ეს ადამიანები ამ ყველაფრით ამაყობენ, მათ ჰგონიათ, რომ უთანასწორო ბრძოლაში მყარად დგას პატარა ქვეყანა და მათი ეს გაჭირვება სწორედ მათი თავგანწირვის საამაყო ნიშანია – “დიახაც, გავიჭირვებთ თუ ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება!”

“ოცნება” ცდილობს შეასწავლოს, გაუჯინოს ადამიანებს განცდა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული უკუსვლა, რეალურად სუვერენიტეტის განმტკიცებაა.


იქნებ მართლა გვთხოვენ ტრადიციების დათმობას სანაცვლოდ?

ალბათ გსმენია – პროპაგანდამ რომ იმუშავოს, მასში სიმართლის მარცვალი მაინც უნდა იყოს. ასეთ დროს, ადამიანები ფიქრობენ – “ეს ნამდვილად ვიცი რომ სიმართლეა, და ალბათ ისიც სიმართლე იქნება, იმას რატომ მოგვატყუებდა მაინცდამაინც?”

“ოცნების” რიტორიკაში, ეს სიმართლის მარცვალი არის ის, რასაც ჩვენც ვეთანხმებით:

უვიზო მიმოსვლა კი კარგია, მაგრამ ის ყველაფრის ფასად – ღირსების აყრად, დამოუკიდებლობის დათმობად არ გვიღირს.

უთანხმოება იწყება ამ წინადადების მეორე ნაწილიდან. რათქმაუნდა, ღირსება და დამოუკიდებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უვიზო მიმოსვლა, მაგამ დავსვათ ერთი მარტივი კითხვა:

ნამდვილად ასე დგას საკითხი? ან დამოუკიდებლობა, ან უვიზო მიმოსვლა?

თუ კი, აქვე შევთანხმდეთ – დამოუკიდებლობა გვირჩევნია. აღარც გავაგრძელოთ მეტი საუბარი.

თუმცა, ჩვენ გვგონია რომ სწორედ აქ ატყუებს “ოცნება” მის ამომრჩეველს: ასე არ დგას საკითხი.

განვიხილოთ.

უვიზო მიმოსვლა არ ყოფილა ევროკავშირის საჩუქარი “ოცნებისთვის”, ეს იყო შედეგი – დაინახეს გარკვეული დემოკრატიული ნიშნები, ჩვენი მზადყოფნა სრულფასოვანი ევროპული ინტეგრაციისთვის და გადმოდგეს შემხვედრი ნაბიჯი.

💭 რას ამბობდა “ოცნება” ვიზალიბერალიზაციის შემოღებისას, 2017-ში?

გიზიარებთ რამდენიმე განცხადებას, რომელიც “ოცნების” სხვადასხვა წარმომადგენელმა წლების წინ, ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს გააკეთა:

  • “ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ნაჩუქარი არ იყო” – თეა წულუკიანი
  • “ეს არ არის მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან” – გიორგი კვირიკაშვილი
  • “ვიზალიბერალიზაცია ქვეყანას შანსს აძლევს, დაიმკვიდროს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში” – გია ვოლსკი

ასევე: “ორდღიანი ზეიმი, რომელსაც არაერთი ოფიციალური პირი დაესწრო”

დაათვალიერე მეტი: გადადი “რუსთავი 2”-ის გვერდზე და მოძებნე ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ანალოგიურად, უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ იქნება ევროკავშირის სასჯელი – დაინახეს რა სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა, ასევე დაიწყეს საუბარი შემხვედრ ნაბიჯზე.

განსხვავება იმ და ამ დროს შორის არის შემდეგი:

  1. უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პოლიტიკურად მომგებიანი სიახლე იყო – “ოცნება” ხაზს უსვამდა მის როლს დემოკრატიის შენებაში, ამ სტატუსის დამსახურებაში. მისი წარმომადგენლები ამაყად ჩამოთვლიდნენ ხოლმე ნაბიჯებს, რომლებიც გადადგეს ამ მიმართულებით.
  2. უვიზო მიმოსვლის გაუქმება კი წამგებიანია – “ოცნება” არ და ვერ იტყვის, რომ “ჩვენი საქციელის გამო ევროკავშირი გვიუქმებს უვიზო მიმოსვლას”.

ანალოგიისთვის – მაგალითად ავიღოთ ვაკის პარკი – მისი საზეიმო გახსნისას, თბილისის მერი ამაყად პოზირებდა კამერებთან, შემსრულებელი კომპანიის სახელიც კი არ გაჟღერებულა არსად. თუმცა, როდესაც ახლად გახსნილ პარკში გოგონას დენმა დაარტყა და იმსხვერპლა, ამ შემთხვევაში ბრალდება სრულიად შემსრულებელ კომპანიაზე გადავიდა.

ეს, ერთგვარი “წაუგებელი თამაშია” – თუ რაიმე კარგი ხდება მისი დამსახურებაა, თუ ცუდი – სხვისი ბრალია.

წაუგებელია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება ამ მარტივ ლოგიკას არ დააკვირდება და მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცევა.

საბოლოოდ, ამ რიტორიკის შეჯამება ასე შეიძლება:

ჩვენ მოვატყუებთ ამომრჩეველს, პროტესტს სისხლიანად ჩავახშობთ, დამნაშავეებს არ დავსჯით, პირიქით – პოლიტპატიმრების სიას გავზრდით..

მაგრამ, ევროკავშირისგან შენიშვნას არ მივიღებთ, რადგან თავმოყვარე ერი ვართ! მათ არავინ ეკითხებათ ჩვენს ქვეყანაში როგორ მოვიქცევით.

ეს კარგად გამოცდილი ტაქტიკაა, პროპაგანდამ ზუსტად ასევე ახსნა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც. ადამიანებში ჯერ კიდევ არის ბუნდოვანება თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან, და ზოგადად – ჩვენნაირ ქვეყნებს ევროკავშირთან.

ევროკავშირი არაფერს გვაძალებს, ის გვეუბნება: “თუ სამართლიანი და დემოკრატიული ხალხი ხართ, და მე საფრთხეს არ შემიქმნით, ჩემთან მარტივად იმოგზაურებთ.” უბრალოდ, როდესაც ტყუილში გამოგვიჭერს, გვამხელს და გვეუბნება “ეს როგორი რაღაცები გიქნიათ, ასე ვერ ვიმეგობრებთ, ჩვენ არ გვინდა ჩვენს ტერიტორიაზე დადიოდნენ ადამიანები, ვინც ასე ექცევა საკუთარ მოქალაქეებს.”

ამ დროს, ჩვენი პასუხი ის კი არ უნდა იყოს “არც გეხვეწებით მეგობრობასო”, არამედ – დავფიქრდეთ და ავარჩიოთ – გვინდა ვიყოთ მოძალადე, უსამართლო, ავტორიტარული ქვეყანა თუ – არა. თუ გვინდა, ამასთან ერთად ევროკავშირთან მეგობრობა არ გამოვა.


რატომ იქცევა “ოცნება” ასე?

“ოცნება” ხედავს, რომ მისი ქცევით ევროკავშირთან ვერ იმეგობრებს. იმასაც ხვდება, რომ ეს პროტესტს გამოიწვევს საკუთარ ამომრჩეველშიც კი, თუმცა მაინც ასე იქცევა. ეს ნიშნავს, რომ მისთვის რაღაც სხვაა უფრო მნიშვნელოვანი.

საქმე იმაშია, რომ:

“ოცნებამ” რომ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნა, მის ძალაუფლებას დაემუქრება საფრთხე.

ევროკავშირი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს – მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართალს, რასაც ადრე დავპირდით. ეს ყველაფერი მან 8 პუნქტად შეაჯამა.

თუ “ოცნებამ” შეწყვიტა მოქალაქეებზე ძალადობა და მათი უსამართლოდ გასამართლება, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის, ევროკავშირთანაც გავაგრძელებთ ურთიერთობას, მაგრამ ეს არ იქნება კარგი “ოცნებისთვის” – ასე ხომ აღიარება მოუწევთ, მართლაც ჩავდიოდით ასეთ რამესო? ჩადენილის აღიარება მათთვის დიდი პრობლემაა. თუმცა, მხოლოდ აღიარებაში არ არის საქმე, მათი ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად, ამ ქცევას აგრძელებენ და არც აპირებენ შეწყვეტას.

თუმცა, ამას საჯაროდ ხომ არ იტყვის?

ამიტომ, “ოცნების” მიზანია მისი საკუთარი პრობლემა შეფუთოს ქვეყნის საერთო პრობლემად.

ის ცდილობს დაარწმუნოს მისი ამომრჩეველი, რომ “ევროკავშირი”, მისი ფარული ხელით, დიფ სთეითით, ებრძვის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესს – იდენტობას, თავისუფლებას, ღირსებას. ამ ბუნდოვანი საუბრით სურს გავიდეს ფონს და თავშესაქცევი მისცეს ადამიანებს.

ევროკავშირი კი არ გვიხურავს კარს, “ოცნება” ცდილობს რომ გამოიჯახუნოს, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტს კი არა, საკუთარ ძალაუფლებას იცავს.

თუ დაინტერესდები – იქნებ სამართლიან შენიშვნას გვაძლევს ევროკავშირი, თუ უპირობოდ არ ენდობი სამთავრობო ტელევიზიას, შეგიძლია გაეცნო ჩვენს მიერ შეგროვებულ მასალას – ძალადობას და უსამართლობას და შენით გადაწყვიტო – რა არის გასაკვირი, თუ ასეთი საქციელის გამო ევროკავშირი ჩვენთან მეგობრობას აღარ მოისურვებს?


🤔 ისე, რა საჭიროა ეს უვიზო მიმოსვლა?

აქამდე გაჩვენებდით როგორ მუშაობს პროპაგანდა ამ საკითხზე.

აქ კი გავიხსენოთ – რა მნიშვნელობა აქვს უვიზო მიმოსვლას? მისი მიღებიდან წლები გავიდა. ადამიანს მარტივად ავიწყდება როგორი იყო ცხოვრება “კომფორტამდე”, მარტივად ეჩვევა ამ კომფორტს. გსმენია ალბათ – “არ იყო შუქი, მაგრამ ვცხოვრობდით”, “არ იყო ტელეფონი, მაგრამ კავშირი გვქონდა ერთმანეთთან”, ეს ნოსტალგიანარევი გაუბრალოებაა იმ კომფორტის, რაც დღეს მოცემულობად გვაქვს მიღებული.


“ვინც დადიოდა ისედაც ივლის, რა პრობლემაა?”

უვიზო მიმოსვლაზე ხშირად უბრალო მოგზაურები გვახსენდება ხოლმე – შემოსავლიანი წყვილი, რომელიც შვებულებას ევროპაში ატარებს, პარიზში კრუასანს მიირთმევს, იტალიაში კი პიზის კოშკთან იღებს სურათს.

რეალურად, უვიზო მიმისვლით სარგებლობს გაცილებით მეტი ადამიანი. მათთვის ეს კომფორტი კი არა, საარსებო საჭიროებაა.

უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ, 2017 წლიდან, მილიონზე მეტმა ქართველმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით – გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა, დაათვალიერა სხვადასხვა ქვეყანა, გააბა და შეინარჩუნა საქმიანი თუ მეგობრული კავშირები, იმკურნალა, ისწავლა და განვითარდა.

მიზეზები და ადამიანთა ჯგუფები სხვადასხვაა:

  • დროებით სამუშაოდ წასულები – 90 დღით ევროპაში მომუშავე 265,000-მდე ადამიანი, ვინც აგროვებს საარსებო თანხას და ბრუნდება უკან. სატვირთოს და ტაქსის ათიათასობით მძღოლი, კურიერები, მშენებლობაზე მომუშავეები, მცირე ვაჭრობით დაკავებულები (ტანსაცმელი და სხვა), 30,000-მდე მეზღვაური..
  • ემიგრანტები – მაგალითად, 2023 წელს ქვეყანა 245 000-მა ადამიანმა დატოვა. ისინი ევროპიდან არჩენენ საკუთარ თავს და მათ ოჯახებს საქართველოში.
  • ემიგრანტების ახლობლები – ემიგრანტებს, რომელთაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში დარჩენის ვადები, უჭირთ საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ მათი ოჯახის წევრები საქართველოდან მიდიან ხოლმე მათ სანახავად. ამას გარდა, ემიგრანტების გადმორიცხული თანხით უამრავი ადამიანი ცხოვრობს, თუ ამ ემიგრანტებს საფრთხე შეექმნებათ, მათზე დამოკიდებულ ადამიანებსაც შეექმნებათ პრობლემა.
  • ავად მყოფი ადამიანები ათასობით ქართველი დადის დასავლეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ყოველწლიურად 400-მდე ბავშვს ესმება მძიმე დიაგნოზი. ეს პაციენტები ვერ ჩადგებიან რამდენიმეკვირიან რიგში.
  • ექიმები კი ვეღარ ივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერენციებზე, პრაქტიკებზე.
  • ბიუჯეტური მოგზაურები – სტუდენტები თუ არასტუდენტები, რომლებიც ბიუჯეტურად მოგზაურობენ, რომელთაც შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა თვეებით ადრე, რადგან არ აქვთ ვიზის ვერაღების რისკი. ლოდინის გარდა, ვიზის აღებას ასევე სჭირდება დამატებითი საბუთები, როგორიცაა სტაბილური სახელფასო ამონაწერი. რამდენ ადამიანს აქვს პრობლემა ბანკთან, ან რამდენი ადამიანი იღებს ანაზღაურებას ნაღდი ფულით?

სხვა თუ არაფერი, “ტიტუშკებიც” კი, გარკვეული დროის შემდეგ, დასავლეთში გარბიან.

უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმა არ არის მხოლოდ კომფორტის დათმობა, ეს არის ოჯახების გახლეჩვა და ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვა.


“შეიძლება კარგიც იყოს, ასეთი ემიგრაცია აღარ გვექნება”

ირაკლი კობახიძე უვიზო მიმოსვლაში კიდევ ერთ პრობლემას ხედავს – მისი თქმით, ასობით ათასი ადამიანი, ვინც საქართველო დატოვა, უვიზო მიმოსვლის არარსებობის შემთხვევაში, დარჩებოდა საქართველოში და აქ დასაქმდებოდა.

თუ გვსურს ჩვენი მოქალაქეები ჩვენივე ქვეყანაში რჩებოდნენ, საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი არ არის. ეს საბჭოთა კავშირის მიდგომაა. გამოსავალი არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იქნება ღირსეული პირობები. ღირსეულ პირობებს კი სამართლიანი გარემო და მუშაობა სჭირდება. ეკონომიკის არნახულ ზრდაზე ტელევიზიიდან მოსმენილი ამბები არ არის საკმარისი.

მიუხედავად იმისა, თუ რა რიცხვებზე გვესაუბრება სამთავრობო მედია, ჯერ-ჯერობით “ოცნება” ისე იქცევა, როგორი ხედვაც ბიძინა ივანიშვილმა ადრე გაგვიზიარა:

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა (1:50), რომ მთავრობა უმუშევარ ადამიანებს ვერ დაასაქმებს, და მათ უცხოეთში უნდა ეძებონ სამსახური.

ავტორიტარულ რეჟიმს შეიძლება მართლაც ადარდებდეს მოქალაქეების ქვეყანაში დარჩენა, ოღონდ მეტი კეთილდღეობის გამო კი არა – მათ უკეთ გასაკონტროლებლად, დასამორჩილებლად.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ავტორიტარულ რეჟიმს არ სურს რომ მოქალაქეებმა ნახონ სხვა ქვეყნები – ასე ხომ მათ უკეთეს ცხოვრებაზე გაუჩნდებათ პრეტენზია?

ამიტომ, თუ მართლაც გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, მან, როგორც ავტორიტარულმა რეჟიმმა, სარგებელიც შეიძლება ნახოს, ადამიანების უკეთესად დამორჩილების კუთხით. ადამიანი დადგება ცრუ დილემის წინაშე – ერთის მხრივ, მას ევროკავშირის კარს უხურავენ, მეორეს მხრივ სთავაზობენ რუსეთთან უფრო დაახლოვებას – “სხვას მაინც არავის ვუნდივართ” არგუმენტით.

საბოლოოდ რა პასუხს რეჟიმი გაჭირვებულ მოქალაქეს?

“ვიცი, რომ აქ თავის რჩენა გიჭირს, ვიცი, რომ ამიერიდან ვერც დასავლეთში მოახერხებ წასვლას, სამაგიეროდ შეგიძლია იყო ამაყი, რომ იცავ ქვეყნის სუვერენიტეტს. ამასობაში, მე გავაგრძელებ მოგზაურობას და სიმდიდრის დაგროვებას.”


ვიზის აღების ბიუროკრატია

აქვე გავიხსენოთ ის რთული პროცესი, რაც ვიზის აღებას უკავშირდებოდა.

  1. საკონსულოში ვიზიტი – ზოგჯერ რამდენიმე კვირით თუ თვით ადრე (ქვეყნის მიხედვით). საკონსულოები კი მხოლოდ თბილისშია, ამიტომ სხვა ქალაქებიდან თუ რეგიონებიდან ადამიანებს უწევთ ჩამოსვლა, შვებულების აღება, გრძელ რიგში ჩადგომა, დროის და ენერგიის დათმობა.
  2. უამრავი დოკუმენტის მოგროვება – სახელფასო ამონაწერი და სამსახურის კონტრაქტი (დამოუკიდებლად დასაქმებულების პრობლემა), დაზღვევა, მოსაწვევი.
  3. უარის რისკი – შეიძლება მიიღო უარი არგუმენტის გარეშე.
  4. გაურკვევლობა – არ იცი იყიდო თუ არა თვიმთფრინავის ბილეთი, დაჯავშნო თუ არა სასტუმრო. თუ ვიზას ბოლო წუთამდე დაელოდები – ჯავშნის ფასებიც გაიზრდება. წინასწარ თუ დაჯავშნი, შეიძლება წყალში ჩაგეყაროს.
📻 ვიდეო მიმოხილვა

ფრენების გაძვირება

დღეს, მოგზაურობა რომ მარტივია, მხოლოდ უვიზო მიმოსვლის დამსახურება არ არის – ბიუჯეტური ავიაკომპანიების არსებობაც უმნიშვნელოვანესია.

უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, შემცირდება ზოგადად მიმოსვლა, ამ კომპანიებს კი მოუწევთ რეისების შემცირება, ან, უარეს შემთხვევაში, ქვეყნის დატოვება.

შედეგად, ფრენები გაძვირდება და კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს ქვეყნის დატოვებას.


✊ რა უნდა ვქნათ?

ეს საკითხი თანაბრად ეხება და ინტერესს იწვევს ყველანაირი ადამიანისგან. ყველა ადამიანს ვერ დაარწმუნებ, მაგრამ შეგიძლია გამოიყენო ეს ინტერესი და გაუზიარო მათ ინფორმაცია – რეალურად რა ხდება და რატომ.

“ოცნება” თვლის, რომ ყურადღების გადატანას შეძლებს მოჩვენებით სიამაყეზე. არ მივცეთ ამის საშუალება.


🗞️ შეჯამება

შევაჯამოთ პუნქტებად:

  • ევროკავშირი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის დახმარებითაც შეძლებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს ქვეყნებს, რომლებიც, მათ შორის, არღვევენ ადამიანის უფლებებს;
  • “ოცნება”, მართალია თვითონ არ აღიარებს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს, მაგრამ მოახლოებულ საფრთხეს გრძნობს;
  • ის ასევე გრძნობს იმ მოსალოდნელ პროტესტს, რაც უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოჰყვება, მათ შორის თავისივე ამომრჩეველში;
  • ამიტომ, ის უკვე იწყებს ამომრჩევლის შემზადებას გამოცდილი პროპაგანდისტული სქემით: აუბრალოებს მის მნიშვნელობას (არქმევს კომფორტს), აქცენტს აკეთებს იდენტობაზე და გვისახავს ცრუ არჩევანს – უვიზო მიმოსვლა თუ ღირსება.
  • სინამდვილეში, “ოცნებამ” იცის, რომ ევროკავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილებით მის ძალაუფლებას შეექმნება საფრთხე, და არა ქვეყანას.
  • როგორც სხვა ავტორიტარული რეჟიმები, “ოცნებაც” საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს, ამიტომ სურს საკუთარი პრობლემა ქვეყნის პრობლემად შეფუთოს და ადამიანებს დააჯეროს, რომ ეს მათი ბრძოლაა ქვეყნისთვის.
  • ჩვენი მიზანია ადამიანებს ვაჩვენოთ რეალურად რისთვის ბრძოლას თხოვს მათ “ოცნება”, რატომ თხოვს შვილების ჯანმრთელობის გაწირვას, ოჯახების გახლეჩვას და კიდევ უფრო მეტი გაჭირვების ატანას.
გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
1 Comment
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
ჯუდი
ჯუდი
5 თვის წინ

მადლობა 🙏 ეს ინფორმაცია დამეხმარება კონსტრუქციული მსჯელობის წარმართვაში. თანმიმდევრული, არგუმენტირებული, მარტივად გასააზრებელი ტექსტია. დიდი მადლობა ამხელა შრომისთვის.

1
0
დატოვე კომენტარიx