განათლების რეფორმა

“ოცნებამ” დაიწყო “განათლების რეფორმა”. რეფორმა სხვადასხვა ცვლილებას ითვალისწინებს. აქ განვიხილავთ ორ ყველაზე აქტუალურ ცვლილებას, რომელთაც ყველაზე მეტად მოჰყვა საზოგადოების პროტესტი.

  • სახელმწიფო უნივერსიტეტის “უფასოდ” გადაქცევა – სიკეთე თუ სწავლის შეზღუდვა ათასობით სტუდენტისთვის?
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება

ეს ცვლილებები “ოცნებამ” წარადგინა დაჩქარებულად, აბიტურიენტის ცნობარის შედეგების გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე – ათასობით აბიტურიენტს შეუქმნა გაურკვევლობის განცდა.

“რატომ აპროტესტებთ უფასო განათლებას?!”

– გვსაყვედურობენ სამთავრობო ტროლები. მართლაც, რატომ შეიძლება ადამიანები აპროტესტებდნენ უფასო განათლებას – ეს ხომ პროგრესია, ევროპაშიც ხომ ასე ხდება? მომავალ თაობაზე ზრუნვაში რა არის ცუდი? შეიძლება ყველაფრის გაპროტესტება?

“ოცნებისთვის” ეს ჩვეული პრაქტიკაა – საზიანო თუ კორუფციული გადაწყვეტილების შეფუთვა სასიამოვნო პროპაგანდით. “აგენტების კანონზეც” ასე იყო – “რა სჯობს გამჭვირვალობას?!” – მიამიტად კითხულობდა პროპაგანდა მაშინ. სინამდვილეში, ეს იყო რეპრესიული იარაღი “ოცნების” ხელში.

გავცდეთ პროპაგანდას.

“ვინ თქვა, რომ სტუდენტებს სწავლა შეეზღუდებათ?”

სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყოველწლიურად, 24,000 სტუდენტი აბარებს. აქედან 11,000 ფინანსდება სახელმწიფოს მიერ გრანტის სახით, დანარჩენ 13,000-ს კი უწევს სწავლის საფასურის – 2,250 ლარის გადახდა.

უნივერსიტეტების საგრანტო ბიუჯეტი წელს არ გაზრდილა. ეს ნიშნავს, სახელმწიფო დააფინანსებს იმდენივე სტუდენტს, რამდენსაც – ადრე, ანუ 11,000-ს. 

რაც შეეხება დანარჩენ 13,000 სტუდენტს, რომლებიც ადრე თანხას გადაიხდიდნენ, ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეღარ ისწავლიან, რადგან ფასიანი სწავლა იკრძალება.

“ოცნება” ამბობს, რომ სწავლა უფასო გახდა. რეალურად, სწორი ფორმულირება ასეთია – სწავლა უფასო რჩება მათთვის, ვისთვისაც უფასო იყო. დანარჩენებისთვის კი – იკრძალება.

სტუდენტების შემცირება რომ არის ჩანაფიქრი, ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს – “ოცნებამ” უკვე მიმართა რამდენიმე უნივერსიტეტს და მოსთხოვა პროფესორების რაოდენობის განახევრება, რაც ნიშნავს ამ უნივერსიტეტებში სტუდენტების განახევრებასაც. განახევრებული აკადემიური პერსონალით იგივე რაოდენობის სტუდენტებს ხომ ვერ მოემსახურება უნივერსიტეტი?

ამიტომ, დანარჩენი 13,000 სტუდენტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტის გარეთ.

“რა მოხდა მერე, სხვაგან წავიდნენ, კერძო უნივერსიტეტებში!”

დავუშვათ, რომ ამ 13,000 ოჯახს აქვს საშუალება გადაიხადოს კერძო უნივერსიტეტის გადასახადი, რომელიც, ხშირად, რამდენჯერმე აღემატება სახელმწიფო უნივერსიტეტის გადასახადს, 13,000 სტუდენტის მიღებას სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი კადრები, ამ ყველაფრის მომზადებას კი თვეები ან წლებიც შეიძლება დასჭირდეს.

“არც გვჭირდება ამდენი სტუდენტი, ყველა ხომ არ ჩააბარებს?”

ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს – როგორია ტრადიციული განათლების ეფექტიანობა დღეს, AI-ს და განვითარების სწრაფი ტემპის ფონზე. განსაკუთრებით, საქართველოში. თუმცა, ეს ცალკე განსახილველი საკითხია.

აქ ვხვდებით ორ არგუმენტს:

  1. “ოცნება” ამას საკუთარი პირით არ ამბობს – როგორც ზემოთ ვთქვით, “ოცნება” რეალურ განზრახვას ჩვეულ სტილში ფუთავს – უფასო განთლება, ხარისხის ზრდა.. თუმცა, მისი პროპაგანდისტული არხები და ტროლები უფრო თამამად აჟღერებენ რეალურ ჩანაფიქრს. “ოცნებამ” უნდა თქვას რეალურად რას და რატომ აკეთებს, რომ აპირებს ათასობით სტუდენტის ცხოვრება სხვანაირად, მისი შეხედულებისამებრ დაგეგმოს, და მისცეს უფლება თუნდაც მისსავე ამომრჩეველს შეაფასოს მისი ეს გადაწყვეტილება. სანაცვლოდ, ის არცთუ ხარისხიანი მანიპულაციის გზას ირჩევს.
  2. მორალური არგუმენტი – თუ ქვეყნის პოლიტიკას გვერდიდან შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ – მართლაც, ყველა სტუდენტი ხომ არ იქნება? ასე სად ხდება? ბოლო-ბოლო სახლში რამე რომ გაფუჭდება ვინ უნდა გააკეთოს, ან ხინკალს რომ გამოვიძახებ ვინ უნდა მომიტანოს? პრობლემა იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს საკუთარი შვილები უნდათ რომ იყვნენ სტუდენტები, აი სხვისი შვილები კი არც ისე მნიშვნელოვანია. “ოცნების” გუნდსაც რომ გადავხედოთ – განსაკუთრებით მდიდარი მოხელეები შვილებს ამერიკულ თუ ევროპულ მრავალათეულათასიან უნივერსიტეტებში ჩარტერით უშვებენ, შედარებით საშუალო დონის მოხელეები კი ქართულ მრავალათასიან კერძო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებს სჯერდებიან.

თუ მართლაც ეს არის მათი განზრახვა, გამოვიდეს “ოცნება” და ღიად დაიწყოს ამ პოზიციის დაცვა. სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ გაგრძელებაა მისი ტაქტიკის – სწრაფად, საზოგადოების ჩართვის გარეშე, მანიპულაციური პროპაგანდით მიიღოს სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე.

გადაწყვეტილება აზრის კითხვის გარეშე

როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც, “ოცნებამ” საჭიროდ არ ჩათვალა საჯარო დისკუსიის გამართვა, ან მკაფიო ახსნა-განმარტების გაკეთება. “სტუ”-ს რექტორმაც კი განაცხადა, რომ “წინა დღეს გაიგო” ამ გადაწყვეტილების შესახებ.

ასე იყო “აგენტების კანონზეც” – მაშინ, პარლამენტში ჯერ კიდევ იყო ოპოზიცია, ამიტომ “ოცნებამ” საუბრის სრულად არიდება ვერ მოახერხა. ოპოზიციამ მაინც შეძლო არაერთი რთული შეკითხვის თუ შენიშვნის გაზიარება. 30-მდე მაგალითი ჩვენ შეგიგროვეთ. “ოცნება” კი წარბშეუხრელად იმეორებდა, რომ “ერთი არგუმენტიც ვერ მოისმინეს კანონის წინააღმდეგ”.

განსხვავება ისაა, რომ დღეს კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა – “ოცნება” იღებს გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა და შემდეგ აცნობებს საზოგადოებას – ვინ ისწავლის, ვინ ვერ ისწავლის, ვინ დაჯარიმდება, ვინ აიკრძალება, ვის – დააპატიმრებენ.

როგორ იცავს ტრადიციებს “ოცნება”?

“ოცნების” პროპაგანდა ეყრდნობა სიმბოლიზმს, პატრიოტიზმს, რელიგიას, ტრადიციას, ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს…

პარალელურად, ერთის მხრივ არაბულ ქალაქს აშენებს, მეორეს მხრივ – საუკუნოვანი ისტორიის და კულტურულად ღირსშესანიშნავ უნივერსიტეტებს ისე უშლის სახელს, ისე საუბრობს მათ გაერთიანებაზე, თითქოს უბანში სუპერმარკეტების რაოდენობაზე საუბრობდეს. ამის კარგი მაგალითია “ოცნების” დამოკიდებულება ეკლესიასთან.

გავიხსენოთ, ვინ ატარებს ამ რეფორმას?

რეფორმის შინაარსის განხილვის გარდა, საინტერესოა გავიხსენოთ – ვინ ატარებს ამ რეფორმას? ვინ მართავს განათლებას?

ეს არის კორუფციით სავსე და კომპეტენციისგან დაცლილი ჯგუფი. განათლების მინისტრი კი გივი მიქანაძეა – “ნაციონალური მოძრაობის” მინისტრის – ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. (კიდევ 30+ მაგალითი)

მაინც სად უშვებს “ოცნება” ათასობით სტუდენტს?

ამის მისახვედრად საკმარისია ისევ “ოცნების” წარმომადგენლებს და პროპაგანდისტებს მოვუსმინოთ. 

  • გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბევრი ვაკანსია არსებობს, მაგალითად ბოთლის მბერავის ვაკანსია და ადამიანებს შეუძლიათ დაინტერესდნენ.
  • პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა ახალგაზრდების ნაწილი მოიხსენია როგორც “ზედმეტი”, “დებილი” და თქვა, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა.

რატომ აკეთებს “ოცნება” ამას?

ღია კომუნიკაციის გარეშე რთულია რაიმეს მტკიცებით ფორმაში თქმა, მაგრამ თუ გადავხედავთ სხვა კანონებს, სხვა ქმედებებს, შეგვიძლია პარალელი გავავლოთ.

ყველაზე ზედაპირული, “არაღრმა” მიზეზი შეიძლება იყოს შენობების და ადგილის ხელში ჩაგდება. უნივერსიტეტი, ისტორიასთან და საზოგადოებასთან ერთად, ფიზიკურ შენობასაც წარმოადგენს პრესტიჟულ ადგილებში, სადაც შეიძლება დიდი საცხოვრებელი კომპლექსის ჩადგმა. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ისევ – გავიხსენოთ, ვინ აკეთებს ამას.

უფრო ღრმა მიზეზს თუ მოვძებნით, ეს ნაბიჯი მათთვის პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი. ავტორიტარული რეჟიმი ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება. მან მუდმივად უნდა გააფართოოს მისი კონტროლის სივრცე – თითოეული ავტონომიური, თავისუფალი, განსხვავებული სივრცე უნდა დაიპყროს. უნივერსიტეტი კი სწორედ ასეთი სივრცეა. 

ავტორიტარის ლოგიკით მრავალფეროვნება ქაოსია, არაეფექტიანია, უხარისხოა. ერთფეროვნება კი, შესაბამისად, ეფექტიანობად არის გასაღებული. ერთფეროვნება ნამდვილად ეფექტიანია მართვის კუთხით – ცენტრალიზებულად მართვა შესაძლებელი ხდება.

ერთი სუპერმარკეტი უბანში, ერთი უნივერსიტეტი ქალაქში, ერთი პარტია ქვეყანაში, გადაწყვეტილების ერთი მიმღები პარტიაში.

მიმართვა სტუდენტებს

2023 წლის პროტესტს სტუდენტური ძალა წამყვანი იყო. შეიძლება დაიღალე, არ თვლი რომ პროტესტით რაიმე შეიცვლება. გადაერთე სწავლაზე და “შენს ცხოვრებაზე”. მაგრამ, ავტორიტარული სისტემა, როგორც ვთქვით, და როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, არ ჩერდება – მას მეტი უნდა.

შენი აქტიურობის გარეშე არ გამოვა.

მიმართვა მშობლებს

შეიძლება ფიქრობ, რომ შენი შვილი იმ იღბლიან 11,000-ში მოხვდება. ყველა მშობელს საუკეთესოს იმედი აქვს შვილთან მიმართებაში, რაც გასაგებია. მაგრამ იქნება კი ასე? და რომც იყოს, მისაღებია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ერთი პარტია წყვეტს, რომ ახალგაზრდობის ნახევარი აღარ არის საჭირო?

შეჯამება

ეს რეფორმა არ უკავშირდება განვითარებას, უფასო სწავლას, საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებას. არამედ, მეტ კონტროლს, ნაკლებ თავისუფალ აზრს.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx