აბა ვინ? – 5. კარგი და.. აბა ვინ? – 5.2 კოალიციური მთავრობა – ნაწილი 1

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?

ქვეთემა: 5.2 კოალიციური მთავრობა

ნაწილი: 1 / 2

კოალიციური მთავრობა არის მთავრობა, რომელშიც ქვეყნის მართვის პროცესში არაერთი პარტია მონაწილეობს.

QUOTE:
“კი, მაგრამ ხომ იყვნენ პარტიები პარლამენტში? არ იმუშავა!”
END QUOTE

შეიძლება იფიქრო – “კი, მაგრამ, ხომ გვქონდა ასეთი რამ უკვე – 5% ვინც გადალახა ხომ ისედაც იყო პარლამენტში და მუშაობდაო”. კოალიცია არ არის უბრალოდ ბევრი პარტიის არსებობა პარლამენტში, არამედ ამ პარტიების ერთმანეთთან თანაშრომლობა ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობების გაზიარება-გადანაწილებით.

როდესაც ერთ პარტიას 50%-ზე მეტი ხმა აქვს გაფორმებული და შეუძლია სხვა პარტიების აზრის მიუხედავად ნებისმიერი კანონის მიღება, ეს აღარ არის კოალიცია. ეს არის ისევ ერთპარტიული მმართველობა. კი, სხვა პარტიებს შეუძლიათ საუბარი, კრიტიკა, რთული შეკითხვების დასმა, მთავრობის არაკომპეტენტურობის გამომჟღავნება, ან სულაც რამდენიმე მავნებელი კანონის ჩაგდება თუ გადადება, და ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, გვრჩება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც სხვა პარტიები უფრო ვიზუალურ გაფორმებას ემსგავსება, სადაც რეგლამენტი და პროცედურები კი არ ეხმარება თანამშრომლობას, არამედ იქცევა იარაღად მმართველი პარტიის ხელში.

ამის კარგი მაგალითია “აგენტების კანონი” [LINK: https://gaanate.org/s/agentebis-kanoni/], კერძოდ კი – თუ როგორ წარიმართა მსჯელობა მასზე. კი, პარლამენტში იყო სხვადასხვა პარტია, ამ პარტიებმა 30-მდე მნიშვნელოვანი შეკითხვა თუ შენიშვნა გაუზიარეს “ოცნებას” [LINK: https://gaanate.org/s/agentebis-kanoni/mitebi/argumenti-ver-movisminet/upasukho-shekitkhvebi/] განხილვების დროს, მაგრამ პასუხად მიიღეს დაცინვა, მიკროფონების გათიშვა, დარბაზიდან გაძევება და სხვა. ეს არ არის მრავალპარტიული თანამშრომლობა, ეს არის ერთპარტიული მმართველობა ხმაურის ფონზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პასუხგაუცემელმა შეკითხვებმა თავის წვლილი შეიტანა საზოგადოების აღშფოთებაში, რაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საერთო სურათი არ შეცვლილა.

ერთპარტიულობას ემატება ისიც, რომ პარტიის შიგნითაც არ არის დემოკრატია. ეს არის 84 ადამიანი, 84 ხელი, რომელიც აჭერს წითელ ან მწვანე ღილაკს WhatsApp ჯგუფში გამოგზავნილი ინსტრუქციის მიხედვით [LINK: https://www.facebook.com/share/v/1DHpsJQ4oE/]. შესაბამისად, მრავალპარტიული პარლამენტის მოჩვენებითი სურათიდან მარტივად მივდივართ რეალობამდე – ერთი ადამიანის მმართველობამდე.

წამალი ერთადერთია – თანამშრომლობა უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის სურვილზე დამოკიდებული, არამედ – ყველასთვის აუცილებელი. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც 50%-ზე მეტი არცერთ პარტიას არ აქვს. საჭირო ხდება კომპრომისები, გამართული შეთავაზებები, დებატები, არგუმენტების დაცვა, ახსნა, უკეთ დაცვა და უკეთ ახსნა, ამ ჭიდილში კი საზოგადოებამ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, გავაძლიეროთ კარგი მოთამაშეები. ასე, ხარისხიც უმჯობესდება. არა იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ხდებიან უკეთესი ადამიანები, არამედ კონკურენცია უბიძგებს მათ განვითარდნენ [LINK: https://gaanate.org/?p=552#აირჩიე_ბალანსი_და_კონკურენცია] და გაუმჯობესდნენ.

QUOTE:
“დაჭამენ ერთმანეთს”
END QUOTE

გაგიგია ალბათ ეს ფრაზა.

კი, ჩვენ გვაკლია საუბრის, დებატის, განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა.

თუმცა, ეს განსხვავებები ისედაც არსებობს საზოგადოებაში. როდესაც პოლიტიკური პარტიები უპირისპირდებიან ერთმანეთს ერთ კონკრეტულ სივრცეში – პარლამენტში, ეს ნიშნავს რომ უთანხმოებას თავს ვუყრით ერთ ადგილას, იქ ხდება ყველაფერი, იქ იქმნება დაძაბულობაც, იქ ვხვდებით ხმის აწევასაც და ზოგჯერ უფრო მეტსაც. თუმცა, თუ ეს დაპირისპირება პარლამენტში ავკრძალეთ, ის გარეთ გამოჟონავს – ოჯახებში, სამეგობროებში და ოფისებში შეაღწევს. რაც დღეს ხდება.

შეიძლება ცოტათი გადამეტებულიც იყო ეს რისკები. სხვა თუ არაფერი, ზემოთ 35-ზე მეტი მაგალითი გაგიზიარეთ როგორ უპრობლემოდ თანაცხოვრობენ “ოცნებისა” და “ნაციონალი მოძრაობის” პოლიტიკოსები.

QUOTE:
“არ იქნება ეფექტიანი, ვერაფერს თავს ვერ მოაბამენ.”
END QUOTE

მეორე გავრცელებული ფრაზა ეს არის – შეიძლება ერთმანეთი არ “დაჭამონ”, მაგრამ შედეგიანი არ იყოს ეს თანამშრომლობა – უსასრულოდ გაგრძელდეს მსჯელობა, ეგომ გადაწონოს კარგი აზრი და ა.შ. აქაც, ისევ არსებულ რეალობას უნდა შევედაროთ – 13 წლიანი ერთპარტიული მმართველობის ფონზე, გვაქვს კი ის სანატრელი მაღალი ტემპი, რომლის დათმობაც გვენანება?