თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709
სექცია: 2. არსებობს კი უნაკლო პოლიტიკოსი?
ქვეთემა: 2.2 უსასრულო ლოდინი
რეჟიმი შენგან მოითხოვს რომ ცოტა კიდევ მოიცადო, ცოტა მეტი აიტანო. ერთი წელიც, ან ერთი საარჩევნო ციკლი. შეიძლება 2030-მდე, ან 2040-მდე. ან, საერთოდ, რას ვითვლით წლებს?! როგორც რეჟიმი დაგპირდა – უნაკლო პოლიტიკოსი როგორც კი გამოჩნდება, მაშინვე წავა. ისედაც არ უნდოდა პოლიტიკაში ყოფნა, რიგით მოქალაქედ ერჩივნა ცხოვრება, მაგრამ ქვეყანას რომ დასჭირდება, ხომ იცი?!
სიფრთხილე პრაგმატულია, მოთმინება – სიბრძნე, დუმილი კი ოქრო.
QUOTE:
მსოფლიოში ისეთი ამბებია, რა დროს ცვლილებაზეა საუბარი? უნაკლო პოლიტიკოსი რომ გვყავდეს, კიდევ დაფიქრდებოდა ადამიანი, მაგრამ ამ ოპოზიციას ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას ამ ქაოტურ გარემოში? დამშვიდდეს მსოფლიო, გამოჩნდეს უნაკლო პოლიტიკოსი და კი ბატონო.
END QUOTE
ისე, ბოლოს როდის იყო მსოფლიო მშვიდად?
რეჟიმი გვთავაზობს დაველოდოთ. დაველოდოთ სანამ გვიან არ იქნება – სანამ ის ბოლომდე არ შეიარაღდება, ყველა პატიოსან პოლიციელს ქვეყნიდან არ გააქცევს, კანონებს სრულად არ მოირგებს, ცივილიზებულ მეგობრებს არ გადაიმტერებს, ბოლო ხმამაღალ მოქალაქეს არ დაიჭერს.
შემდეგ კი მითუმეტეს – უნდა დაველოდოთ. ასეთ რეჟიმს შიშველი ხელებით ხომ ვერ შევებრძოლებით? დაველოდოთ [LINK: https://www.youtube.com/watch?v=THORXz6_fUc], რაღაცა იქნება.
გავიჭირვოთ, შემოვიჭიროთ ქამრები, გავძლოთ, მათ კი აიშენონ ახალი სახლები, იყიდონ ახალი მანქანები, საათები, და ისეირნონ ევროპაში. საქართველოსთვის, ოჯახის სიწმინდისთვის, ღირებულებებისთვის. [LINK: https://gaanate.org/propaganda/rogor-amovitsnot/#%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%94]