პროტესტი აგრესიულია

შენ ამბობ: არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.

პროპაგანდა ეყრდნობა ამ საკითხის ბუნდოვანებას – იყო აქცია, მოხდა დარბევა, იმ არეულობაში რთულია გარკვევა ვინ ხელი მოიქნია და ვინ ქვა ისროლა. რიგით მოქალაქეებს, ვინც იქ არ ყოფილა, ამ დეტალების გამოძიების დრო და ინტერესი არ აქვთ. ეს მომგებიანი პოზიციაა მისთვის, ვისაც სიმართლის დანახვა არ სურს, და ურჩევნია ზოგადი ცილისწამებით შემოიფარგლოს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ როგორც ბევრ ფაქტს, ისე – შეკითხვებს.

ჩვენც მომხრე ვართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ აგრესია, რადგან პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ამ აგრესიის გაზვიადებას, რათა გაამართლოს ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან.

დავიწყოთ მთავარით:

შეგიძლია განმარტო რას ნიშნავს “აგრესიული პროტესტი”?

ერთი შეხედვით, თითქოს ასახსნელიც არაფერია.

თუმცა, სინამდვილეში, ეს არის იარლიყი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს პროპაგანდა, რათა შემდგომში მმართველი პარტიის მრავალი კანონდარღვევა გადაფაროს.

ამიტომ, სცადე განმარტო რას გულისხმობ ამ სიტყვებში ამ შეკითხვის დასმისას. მაგალითად, თუ შენ ოდესმე გქონია ფიზიკური დაპირისპირება, თუ გიჩხუბია, შეიძლება დაგერქვას აგრესიული ადამიანი? “აგრესიული” არის არა მარტივი შეკითხვა, არამედ შეფასება. შეფასებისთვის კი საჭიროა გადამოწმება – გაქვს თუ არა საკმარისი, ობიექტური ინფორმაცია ამ შეფასების გასაკეთებლად?

მაგალითად:

  • იცი თუ არა რამდენმა ადამიანმა ისროლა ქვა ან ჩაიდინა სხვა სახის დანაშაული?
  • იცი რამდენი ადამიანი იყო ამ დროს აქციაზე? აქციის მონაწილეთაგან რამდენმა უნდა ისროლოს ქვა იმისთვის, რომ სრულიად აქცია “აგრესიულად” შეაფასო?
  • რამდენი იყო აქედან ვინც თავდაცვის მიზნით აიღო ხელში, როდესაც უყურებდა მის მეგობარს როგორ უსწორდებოდა ნიღბიანების ჯგუფი?
  • სისტემის მიერ ჩადენილ ათობით დანაშაულს არქმევ ერთეულ გადაცდომას მაშინ, როდესაც აქციის მონაწილე ათიათასობით ადამიანს ასამართლებ რამდენიმე ინციდენტის გამო, რატომ?
  • როგორ ფიქრობ, რატომ გააუქმეს ძალოვანების იდენტიფიცირების შესაძლებლობა? ან რატომ არ აბრუნებენ ნომრებს? ნომრები ხომ სწორედ ინდივიდუალური გადაცდომების გამოსაძიებლად არსებობს? ხომ არ მიუთითებს ეს დაგეგმილ ძალადობაზე?
  • შენი აზრით, სჭირდებათ ასეთ ძალოვანებს განსაკუთრებული მიზეზი თავდასხმისთვის?
  • იცი რამდენი ისეთი მოქალაქეა ნაცემი, ვინც უბრალოდ იდგა, არც ქვა არც ჯოხი ხელში აუღია?
  • დაგიშვია, რომ ასეთი პროვოკაცია თავად ძალოვანების დაგეგმილია, შემდგომ სასტიკად დარბევის გასამართლებლად?
  • აქტიური დარბევები 2019 და შემდეგ 2023 წლიდან მიმდინარეობს, ყველა ეს შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში ნასროლი ფეიერვერკით არის გამოწვეული?
  • დარწმუნებული ხარ, რომ ყველა დარბევის დაწყებას ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა? რას იტყვი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სპეცრაზმის ერთ-ერთი მონაწილე საყვირით აგინებდა ყველა მონაწილეს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლენამდე? ან ქვებს ესროდა მათ?
  • 7 ნოემბრის დარბევასაც ამ არგუმენტებით ამართლებდი? მაგალითად, მაშინ კახი კალაძე ანალოგიური არგუმენტებით ამართლებდა დარბევას.
  • შენ როგორ მოიქცეოდი, ამ კადრებს რომ შესწრებოდი? იმედოვნებდი, რომ ეს ბიჭი გადარჩებოდა, თუ შეეცდებოდი მიხმარებას? გაამტყუნებდი ადამიანს, ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა? 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზეც იგივეს ფიქრობდი? თავდაცვისთვის ჯოხის დაჭერის გამო ამტყუნებდი მოქალაქეებს?
  • გაამტყუნებდი ამ ბიჭის დედას, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა და დემონსტრაციულად პოლიციის მანქანაზე ავიდა? ან ამ გოგოს მშობელს? გოგოს, რომელსაც ძალოვანები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მას შიშისგან გული წაუვიდა?
  • იმის მიუხედავად, თუ რა გააკეთა აქციის მონაწილემ – ისროლა ქვა, ფეიერვერკი, შეიგინა თუ სხვა, აქვს თუ არა სამართალდამცავს უფლება დაკავების შემდეგ, ბორკილდადებულს, ჯგუფურად, გამორჩეული სისასტიკით და დამცირებით სცემოს? კანონიერად რომ არ აქვს ეს ფაქტია, შენგან მორალური შეფასება არის საინტერესო.
  • პროტესტზე მოქნეული ჯოხის გამო, სწორია სახლებთან ბანდების მიგზავნა? ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
  • და რა საჭიროა ათობით ცრუ მოწმის გამოყენება, თუ და მოქალაქეები მართლაც დამნაშავეები არიან? ან ეს შედის აუცილებელ მოგერიებაში?
  • დასავლეთში გაცილებით აგრესიული პროტესტი ისეთ ტექნიკურ საკითხს შეიძლება მოჰყვეს, როგორიც საპენსიო ასაკის ცვლილებაა. ჩვენ კი, მიუხედავად კონსტიტუციის მრავალჯერ დარღვევას და სასტიკ თავდასხმებს მარშით ვპასუხობთ. როდის ვთქვით უარი ღირსებაზე?
  • თუ ვინმემ რაიმე დააშავა, მას იჭერენ (თუ ის არ არის მაღალჩინოსნის ნათესავი), ხშირად – სისხლის სამართლის მუხლითაც. რატომ არ იჭერენ არცერთ სამართალდამცავს, რომელმაც გაცილებით მეტად, სადისტურად, ჯგუფურად, სასიკვდილოდ გაიმეტა უამრავი ადამიანი?

შენ რას გვირჩევ? – მიუხედავად რაოდენობისა, ათობით ათასი ვდგავართ თუ რამდენიმე ასეული, მმართველი პარტია არ გვესაუბრება. ან გვაიგნორებს, ან გვარბევს. შენ როგორ ფიქრობ, რა გზით შეგვიძლია ჩვენი პროტესტის დაფიქსირება?

მთავარი პრობლემა არ არის რამდენიმე ათეული ნასროლი ქვა. მთავარი პრობლემა არის ამ ქვების სროლის ფაქტების გამოყენება მასშტაბური, სისტემური ძალადობის გასამართლებლად მშვიდობიან ადამიანებზე. პროპაგანდის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია მოძალადის ვიქტიმიზაცია – მოძალადის, როგორც მსხვერპლის მოხსენიება ან რეალურ მსხვერპლთან ტოლობის ნიშნის დასმა.

ვინ დაიწყო?

შენ ამბობ: ფეიერვერკებს და ქვებს რომ ესროდით, აზიანებდით პოლიციელებს, ამიტომ მოუწიათ მათ პასუხის გაცემა. რომ ამოიღეს ფეიერვერკები, და დაიჭირეს მოძალადეები, ძალადობაც შეწყდა.

პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის წესით და არა ემოციით თუ პირადი შურისძიებით. “იმან დაიწყო და ამიტომ ვცემეთ ჯგუფურად” არ არის პოლიციელის, ზრდასრული ადამიანის არგუმენტი. მითუმეტეს, რომ მრავალი მაგალითი გაგიზიარეთ, სადაც ძალოვანები ძალადობენ ყოველგვარი მსგავსი მიზეზის გარეშე, ორგანიზებულად, ხანგრძლივად, მიპარვით და ჯგუფურად. მათ მიზნად აქვთ არა აგრესორის განეიტრალება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქის დასჯა.

ამასთან, ზემოთ ვახსენეთ, რომ ამ ტიპის მასიურ ძალადობას ადგილი აქვს 2019 წლიდან. ეს არ არის კონკრეტული, ცალკეული შემთხვევა. თუმცა, რადგან მიმდინარე პროტესტი გაღვივდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, ჩავეძიოთ ქრონოლოგიას.

აქციის მონაწილეებთან ერთად ზიანდებოდნენ ძალოვანებიც, შსს-ს თქმით ეს არის რამდენიმე ათეული პირი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ფაქტები – სურათი (თუნდაც დამალული სახით), ვიდეო ან სხვა მტკიცებულება. ნანახი გვაქვს მხოლოდ POSTV-ის გავრცელებული ვიდეო, რომელიც 1-ელ და 2 დეკემბერს დაზიანებულ ძალოვანებს ასახავს.

ფაქტი ერთია – ქმედება იწვევს უკუქმედებას, “ვინ დაიწყოს” გარჩევით შორს ვერ წავალთ, კონკრეტული ადამიანების უკანონობის გამო, ძალოვანები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოდან.

პიროტექნიკა და ურნის დაწვა გაჩნდა პირველი ორი დღის სასტიკი დარბევების პასუხად – საზოგადოებას აქვს სურვილი დაიცვას თავი აგრესიისგან. კი, ორივე მხარეს აქვს სურვილი მიიწეროს “თავდაცვის” სურვილი, მაგრამ ფაქტები, დაშავებული ადამიანების რაოდენობა და ფორმა აჩვენებს სად არის სიმართლე.

“თუ ძალადობას არ ემხრობით, რატომ არ აღკვეთეთ?”

ასეთი შეკითხვაც შეიძლება გაგიჩნდეს. ეს ცალკე განვიხილოთ – გააგრძელე კითხვა.

აგრესიულობას გვიწუნებ, თუ ზოგადად – პროტესტს?

საუბარი დაიწყო ასე:

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ფეიერვერკს ნუ ისვრით
  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ნიღაბს ნუ გაიკეთებთ
  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ გზას ნუ კეტავთ

დღეს უკვე მოვედით აქამდე:

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ ტროტუარზეც ნუ დადგებით

რა იქნება შემდეგი?

  • პროტესტს არავინ გიშლით, ოღონდ მთავრობას ნუ გააკრიტიკებთ?

შეჯამება

ჩვენ არ ვემხრობით აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას. თუმცა, მედია ცდილობს ეს გაუთანაბროს სისტემის მხრიდან ძალადობას, რაც არასწორია.

❔ სასაუბრო შეკითხვები

ეს კითხვები გამოგადგება საუბრის სწორად წამოსაწყებად. პირველ რიგში, სრულად გაეცანი გვერდს, დაეუფლე ძირითად ფაქტებს და არგუმენტებს. შემდეგ კი დასვი რომელიმე შეკითხვა, რომელსაც ყველაზე მეტად მოარგებ მოსაუბრეს. არ არის საჭირო ყველა შეკითხვის დასმა, უბრალოდ დაიწყე და შემდეგ ბუნებრივად გააგრძელე.

ზოგადად, ასეთი საუბრის წარსამართად სასარგებლო რჩევები შეგიძლია იხილო აქ.


  • განმარტე – რას ნიშნავს “აგრესიული პროტესტი”? პროტესტის ათობით ათასი მონაწილიდან, და ასობით ნაცემი ადამიანიდან, იცი რამდენმა ისროლა ქვა? რატომ არქმევ მთლიან პროტესტს აგრესიულს ათეული შემთხვევის გამო, ხოლო პოლიციის მიერ ჩადენილ ასობით დანაშაულს – ინდივიდუალურ გადაცდომას?
  • შენს ახლობელს რომ შეხებოდა აგრესია? ამ ბიჭივით რომ გაეთიშათ? ან შენი მეუღლისთვის, დედისთვის ან შვილისთვის ასე რომ ეგინებინათ?
  • როგორ ფიქრობ, რატომ მოაშორეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ს? რატომ გახადეს მათი ამოცნობა შეუძლებელი?
  • გორის პოლიციის გავრცელებული ვიდეოდან რომელიმე მონაწილეს ნიღაბი გაუკეთო და აქციაზე შეუშვა, შენი აზრით, ღირსეულად მოიაქცევიან?
  • ასევე ამართლებდი 7 ნოემბრის დარბევას? მაგალითად, კალაძე ამართლებდა.
  • როგორ ახსნი “ტიტუშკების” მოვლენას? სადარბაზოებთან დახვედრას და პროტესტის მონაწილეებზე ჯგუფურ თავდასხმებს?
0 კომენტარი