აბა ვინ? – 5. კარგი და.. აბა ვინ? – 5.4 მოდი, ჩვენ დაგისვამთ შეკითხვას

თემა: აბა ვინ? https://gaanate.org/?p=3709

სექცია: 5. კარგი და.. აბა ვინ?

ქვეთემა: 5.4 მოდი, ჩვენ დაგისვამთ შეკითხვას

ამ დრომდე შენ გვისვამ შეკითხვებს და გვაძლევ შენიშვნებს – არ მოგწონს ოპოზიციური არჩევანი, არ მოგწონს თუ ვინმე ქვას ისვრის [LINK: https://gaanate.org/?p=1599], გვთხოვ მოვიფიქროთ არჩევნების წყალგაუმტარი ფორმატი, გვიწუნებ ამას თუ იმას.

ამჯერად ჩვენც გვაქვს ერთი შეკითხვა – ეს პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვეხება თუ შენც?

მოცემულობა ასეთია: ჩვენი აღქმით, სწრაფი ტემპით ინგრევა სამართლიანობა, ინსტიტუტები და სახელმწიფოებრიობა.

გვაქვს ორი არჩევანი: გავჩერდეთ, ან ვიმოქმედოთ. სანამ სირთულეებზე საუბარს დავიწყებთ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმოქმედოთ. უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ სამართლიანი საქართველოსთვის. სანამ თავიდან ჩამოთვლი სირთულეებს – კი, ჩვენც გვესმის ეს სირთულეები, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.

– ოპოზიციას ბევრი ნაკლი აქვს? ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
– არეულობა არ გინდა? არც ჩვენ გვინდა, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
– არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს ზუსტად არ იცი? ჩვენც არ ვიცით, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
– ზოგიერთი ისეთი ადამიანი დგას იქ, ვინც არ მოგწონს? ჩვენც არ მოგვწონს ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
– კუბო დაწვეს რუსთაველზე? ბევრს არ მოგვეწონა. მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
– მსოფლიოში მნიშვნელოვანი ამბები მიმდინარეობს და რა დროს აქციებია? მაინც უნდა ვიმოქმედოთ.

შენ მიგვითითებ ამ კითხვებზე და სირთულეებზე. ჩვენც ვხედავთ ამ ყველაფერს. ეს სირთულეები არ არის საკმარისი გასაჩერებლად. არსებული მოცემულობიდან მისაღები ვარიანტის გამოძერწვას ვცდილობთ და გამართული შეთავაზებაც შევიმუშავეთ. შენ კი გვეუბნები, რომ მეტიც შეიძლებოდა.

უბრალოდ თქმა არ არის საკმარისი. შემოგვიერთდი და ერთად ამოვხსნათ ეს სირთულეები.