2023 წლიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე, ან აქციებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს 100-ზე მეტი ადამიანი.
პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი „სინდისის პატიმრები“ არიან.
რით განსხვავდება „სინდისის პატიმარი“ „პოლიტიკური პატიმრისგან“?
„პოლიტიკურ პატიმარს“ შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული, თუმცა ეს დანაშაული არის მხოლოდ საბაბი მისი დაპატიმრების. მოტივი პოლიტიკურია (მაგ. პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება). სხვა სიტყვებით – თუ რიგით მოქალქეს ეპატიებოდა კონკრეტული დანაშაული, პოლიტიკური ნიშნით გამორჩეულ მოქალაქეს არ ეპატიება.
„სინდისის პატიმარს“ კი არ აქვს ჩადენილი დანაშაული ან აქვს, მაგრამ მისი სასჯელი გაცილებით აღემატება ნორმას, ის სამაგალითოდ „ისჯება“. ის დაპატიმრებულია პროტესტის გამო.
„ოცნება“, მისი პროპაგანდა და ტროლ-ანგარიშები კი ამბობენ, რომ ისინი არა სინდისის პატიმრები, არამედ რიგითი კანონდამრღვევები არიან. შეცდომაში შეყვანილი ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შემდეგ „აღმოაჩინეს“, რომ ქმედებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და ახლა ამ პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობენ „პოლიტიკური პატიმრის“ სარჩულით.
„ოცნების“ წარმომადგენლები დამრიგებლურ-ცინიკური ტონით მიმართავენ პატიმრებს – „თქვენ სცადეთ რევოლუცია, დაარღვიეთ კანონი, ახლა ან აგეთ პასუხი, ან გვთხოვეთ შეწყალება.“ უკვე შეწყალებულ პატიმრებს კი პროპაგანდა ანალოგიური ტონით ეხმიანება, „გმირმა პოლიტპატიმარმა დანაშაული აღიარა“ – ნიშნისმოგებით ამბობს ის.
ეწევიან პატიმრების და მათი ოჯახის წევრების დისკრედიტაციას, აყენებენ შეურაცხყოფას ბრიფინგებზე თუ პროპაგანდისტულ გადაცემებში (მაგ. „უცნობის კიდობანი“, „სამნი & Co.“), არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას.
„ოცნება“ ცდილობს შექმნას სურათი, რომლის მიხედვითაც, ერთ მხარეს არის მშვიდი, გაწონასწორებული, სამართლიანი, ზრდასრული ადამიანი, რომელიც კანონს აღასრულებს, მეორე მხარეს კი არის უპასუხისმგებლო, შეცდომაში შეყვანილი ან „დახელფასებული“ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და გაურბის პასუხისმგებლობას.
ამ სურათში ერთი პრობლემაა – მტკიცებულებები.
განვიხილოთ.
„მე თვითონ ვნახე, რასაც აკეთებდით“
შეიძლება ნანახი გაქვს ვიდეოები – როგორ ისვრის აქციის მონაწილე ქვას ან ფეიერვერკს პოლიციის მიმართულებით, როგორ აზიანებს შენობის ფასადს, რკინის ჯებირს, თუ ნაგვის ურნას.
ამიტომ, როცა გებულობ ამბავს, რომ პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე დაიჭირეს, ფიქრობ:
ალბათ ექნებოდათ მიზეზი. ალბათ, ამ ადამიანმაც ისევე დაარღვია კანონი, როგორც სხვები არღვევდნენ.
აქციაზე არაერთხელ გამოსულა ათობით ათასი ადამიანი. იმ რამდენიმე სცენას, რომელიც შენ ნახე სახელისუფლებო არხზე, პროპაგანდა იყენებს ერთი მიზნისთვის – რომ დაგამშვიდოს, რომ „უმიზეზოდ არავის იჭერენ“. შენ ხომ არ გაქვს დრო ყველა საქმეს ჩაეძიო? რამდენიმე ფაქტი ნახე, დანარჩენს ჩვენი ადამიანური ბუნება აიღებს საკუთარ თავზე – განაზოგადებს დანარჩენ საქმეებზე და ირწმუნებს იმას, რაც კომფორტულია.
მაგალითები – საბა ჯიქია, გიორგი მინდაძე
სამთავრობო არხმა, „იმედმა“ გააზიარა დამონტაჟებული ქარდი, სადაც საბა ჯიქიას ხელში დანა „დააჭერინა“ და აჩვენა, თითქოს საბა ამ დანით მიემართებოდა სპეცრაზმელისკენ.
გიორგი მინდაძეს ედავებიან სპეცრაზმელის დაზიანებას ფეიერვერკით. რეალურად კი გვაქვს ორი სხვადასხვა კადრი – 1) სადაც გიორგი ისვრის ფეიერვერკს, თუმცა არ ჩანს მიმართულება და 2) სადაც სპეცრაზმელს ხვდება ფეიერვერკი. ფაქტია, „ვიღაცამ“ ისროლა, მაგრამ იყო თუ არა ეს გიორგი ეს არ მტკიცდება, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მოსამართლისთვის გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
„ვინმე“ ხომ დასაჭერია? აქვს კი მნიშვნელობა ეს ვინმე გიორგია თუ სხვა?!
მთავარი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა: როცა შენს თანამოქალაქეებს აპატიმრებენ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის – აღქმა თუ მტკიცებულება? როგორი სამართალია მისაღები?
პროპაგანდა ცდილობს, რომ შეგიქმნას აღქმა – წარმოგიდგინოს პროტესტის მონაწილეები როგორც რადიკალი, აგრესიული, ასეთი თუ ისეთი ადამიანები. გაჩვენებენ ადამიანს, რომელსაც სახეზე აქვს ტატუ და გთავაზობენ დასკვნა შენით გამოიტანო – „განა ტატუიანი ადამიანი ასეთ დანაშაულს არ ჩაიდენდა?!“
შეიძლება ადამიანს ტატუ ეხატოს ან ევროკავშირში გაწევრიანება უნდოდეს, გაიძახოდეს სლოგანს, რომელიც შენ არ მოგწონს, იცვამდეს ისე, შენ რომ არ ჩაიცვამდი, მაგრამ ეს ხომ არ არის მტკიცებულება მის დასაპტიმრებლად?
სანამ ათობით ადამიანს ცხოვრების წლებს წავართმევთ, საჭიროა ნამდვილი მტკიცებულება – ვინ დააზიანა? რა დააზიანა? რომელ პოლიციელს დაესხა თავს? აგრესიული ბანდებისგან ხომ არ იცავდა თავს?
სხვა შემთხვევაში, ვიღებთ გამრუდებულ, საბჭოთა კორუმპირებულ პროცესს, სადაც განაჩენი გამოაქვს პროპაგანდას, ქმნის საზოგადოებრივ აღქმას და მხოლოდ ამის შემდეგ „იქმნება“ მტკიცებულება (ე.წ. „საქმის შეკერვა“).
შეიძლება ვიდეო ჩანაწერი არ არის, შეიძლება მოწმე პოლიციელიც იტყუება, შეიძლება ჩაუდეს, მაგრამ ეს ხომ უბრალო ბიუროკრატიაა?! ხომ ვიცით რომ დააშავა? რა მნიშვნელობა აქვს სამხილებს? ეს ხომ უბრალო დეტალებია?
სწორედ ამ დეტალებშია სიმართლე.
მაგალითი – რეზო კიკნაძე
რეზო კიკნაძეს 2 წელი მიუსაჯეს ხელსახოცის სროლისთვის.
არადამაჯერებლად ჟღერს?
მოდი, ვნახოთ ვიდეო, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა წარდგენილი ბრალის გასამყარებლად.
საკმარისი მტკიცებულებაა ეს იმისთვის რომ წლობით გაუშვან ადამიანი ციხეში?
კიდევ 20-მდე მაგალითი შეგიძლია ნახო ქვემოთ.
განაჩენი გამოაქვს პროპაგანდას, მტკიცებულებები კი უბრალო ფორმალობად იქცევა, რომლის გაყალბებით „ისეთი არაფერი დაშავდება“. შენც, ამ გაყალბებულ და გამრუდებულ საქმეებს არა უსამართლობად, არამედ ტექნიკურ დარღვევებად აღიქვამ. მთავარია დამნაშავე დაისაჯა!
და ვინ თქვა რომ დამნაშავეა?
ეს არ არის უბრალო ბიუროკრატია და ტექნიკური დარღვევა. როდესაც სამართალი წყდება აღქმებით, როდესაც ძლიერი ამბობს რა არის მართალი და ფაქტები მეორეხარისხოვანია, ეს არ არის სამართალი. ეს არ არის სამართლიანი საზოგადოება. ეს არ არის ქრისტიანული საზოგადოება. ეს არის ცილისწამება. ეს არის ჩაგვრა.
„მე ვერ ვერკვევი, მოსამართლემ და პროკურორმა ჩემზე უკეთ იციან, ტყუილა არავის იჭერენ!“
შეიძლება თქვა:
მე არ ვიცი საქმის მასალები, ეს არ არის ჩემი პროფესია, შესაბამისი ორგანოები მიხედავენ როგორც საჭიროა.
შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენი საქმე. ბუნებრივია, ვერ დაესწრები ყველა სხდომას, ვერ გაარჩევ ყველა საქმეს, ვერ მოუსმენ ყველა მოწმეს, ვერ ისწავლი სისხლის სამართლის კოდექსს. ვის სცალია ამისთვის?!
ამიტომ, ენდობი მათ, ვისაც ეს პირდაპირ ეხება – საგამოძიებო სტრუქტურებს, პროკურატურას, რომელიც ბრალს დებს, სასამართლოს, რომელსაც განაჩენი გამოქვს.
ნორმალურ მოწყობაში ეს ასეც უნდა იყოს – როცა ინსტიტუტები გამართულია, შეგვიძლია შესაბამისი საკითხები მათ მივანდოთ, ჩვენ კი საკუთარი საქმით დავკავდეთ.
თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ინსტიტუტები გამართული არ არის?
მაგალითად, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მერიას მიანდობ საქმის კეთებას, ის კი ამ საქმიდან მილიონებს მოიპარავს, ძირითად შემთხვევებში ეს ტრაგედიას არ იწვევს. უბრალოდ, შენგან აღებული ფულით, ნაცვლად სკოლის რემონტისა, კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა აიშენა კიდევ ერთი აგარაკი. არაუშავს, კორუფცია ხომ სხვაგანაც ხდება?!
მაგრამ, როცა საქმე სასამართლოს ეხება, შენგან აღებული ფულით სკოლის რემონტი ან ასფალტი კი არ ზიანდება, არამედ ადამიანებს ართმევენ სიცოცხლის წლებს.
ამიტომ, როცა საქმე სამართალს ეხება, თვალდახუჭული ნდობა გაცილებით სარისკოა, ვიდრე სხვა შემთხვევებში.
გვაქვს კი სანდო, გამართული ინსტუტები?
როცა გესმის „გამომძიებელი“, „პროკურორი“, „პოლიციელი“ ან „მოსამართლე“, შეიძლება წარმოდგენილი გქონდეს პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანების ერთობა – მუნდირი, მანტია, „ვემსახურებით საქართველოს“, „ჩვენი სიმშვიდისთვის თავს სწირავენ“, „პოლიციელი გმირია“.
რა თქმა უნდა, არიან ასეთი პატიოსანი ადამიანებიც, მაგრამ აქ გაგიზიარებთ რამდენიმე ფაქტს „ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც აღწერს რა შეიძლება იდგეს ამ სიტყვების მიღმა:
- გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე – მოიპარა ბოტასები გერმანიაში, 2017 წელს, სარდაფში სცემა აუდიტის სამსახურის უფროსს, შეუკვეთა კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა, ახლა კი რუსეთის მხარეს ჩაერთო საომარ მოქმედებებში.
- თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი (ორჯერ), ირაკლი ღარიბაშვილი – დაპატიმრებულია ფულის გათეთრების საქმეზე, ახლა კი უყენებენ ბრალს კორუფციაზე და საფრანგეთის აგენტობაზე.
- თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე – დაკავებულია კორუფციის საქმეზე.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი – დაკავებულია კორფუციის საქმეზე.
ამ მაგალითებით იმას კი არ ვამტკიცებთ, რომ ამ სტრუქტურებში პატიოსანი ადამიანი არ არსებობს, არამედ იმას, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ინსტიტუტები მოწყობილია ისე, რომ ის, ვინც სამართალს უნდა იცავდეს, უმეტეს შემთხვევაში თვითონ აღმოჩნდება ხოლმე დამნაშავე.
ეს მაგალითები გამოდგება ერთი რამის თვალსაჩინოებისთვის – პოზიციებისადმი, მაღალჩინოსნებისადმი, პოლიტიკოსებისადმი ბრმა ნდობა არ არის გამართლებული.
ამიტომ, როცა იტყვი „საქმის მცოდნეებმა გადაწყვიტონ, მე არ ვიცი“, გახსოვდეს, რომ შენ სწორედ ასეთ ადამიანებს ანდობ თანამოქალაქეების ბედს.
მაგალითი – გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილი
გეუბნებიან, რომ დამსახურებული ექიმი-პედიატრი, რომელსაც არაერთი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი, ცდილობდა სახელმწიფოს დამხობას და სწორედ ამიტომ მიუსაჯეს 72 წლის ექიმს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებით სახლში დააპატიმრეს.
„რა, ექიმმა არ შეიძლება დაარღვიოს კანონი და რადგან ექიმია უნდა ვაპატიოთ?“ კითხულობს პროპაგანდა, შეიძლება ფიქრობდე შენც. მართლაც, კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.
რა მოხდა რეალურად?
4 ოქტომბრის აქციაზე, პრეზიდენტის სასახლესთან, მან დაინახა წაქცეული ადამიანი, რომელსაც ფეხებით თელავდნენ. გიორგი ჩახუნაშვილმა მას დახმარება აღმოუჩინა, რათა გადაერჩინა დაბრმავებისგან. შეასრულა ექიმის, ჰიპოკრატეს ფიცი.
სწორედ ეს ქმედება დაუჯდა მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთად.
კიდევ 20-მდე მაგალითი შეგიძლია ნახო ამ გვერდზე.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, მკაფიო ვიდეო-მტკიცებულება, უმეტეს შემთხვევაში, არ არსებობს. სამხრე კამერები ძირითადად „არ მუშაობს“, პერიმეტრის კამერებიდან ჩანაწერების ამოღება კი საეჭვოდ რთულდება ხოლმე. ამ დროს, მთავარი მტკიცებულება ხდება პოლიციელის ჩვენება, თუ როგორ არღვევდა მოქალაქე კანონს.
ამიტომ, როცა ამბობ, რომ სისტემას ანდობ ადამიანებისთვის წლების წართმევას, ასე შეხედე:
შენ ენდობი მოსამართლეს, მოსამართლე ენდობა პოლიციელს, პოლიციელი კი ამბობს უბრალო სიტყვას, მტკიცებულების გარეშე.
ანუ, როცა შენ ამბობ „ვენდობი სისტემას“, ხშირ შემთხვევაში შენი ნდობა დადის ერთი, კონკრეტული პოლიციელის ჩვენებაზე.
მერე, რა არის ცუდი იმაში, რომ პოლიციელს ვენდო?
როდესაც საკითხს ასე სვამ, ნუ წარმოიდგენ „კუკარაჩას“, ნუ წარმოიდგენ საშობლოსთვის თავგანწირულ, ღირსეულ ადამიანს (თუმცა, ასეთებიც არსებობენ).
ანდაც, ნურავის ნუ წარმოიდგენ, რადგან შეგვიძლია გაჩვენოთ:
- ათობით პოლიციელი, რომელიც ჯგუფურად, გამეტებით ურტყამს ადამიანებს;
- ათობით პოლიციელი, რომელიც უშვერი სიტყვებით აგინებს პროტესტის მონაწილეებს, ავლენს განსაკუთრებულ ზიზღს და აგრესიას, განსაკუთრებით ქალების მიმართ;
რას ხედავ ამ ვიდეოებში? არიან ესენი ის პოლიციელები, რომლებიც მართლწესრიგის დაცვაზე ზრუნავენ? ხომ არ უყურებენ ისინი „პროტესტის მონაწილეებს“ როგორც „მეორე მხარეს“? ხომ არ აქვთ მათ არჩეული პოლიტიკური მხარე? ისინი არ ერიდებიან პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, „აგენტების“ კანონზე, ევროკავშირის უარყოფით მხარეებზე, ოპოზიციის პოლიტიკოსებზე.
როგორ ფიქრობ, ასეთი პოლიციელების მიცემული ჩვენება სანდოა? აქვთ თუ არა მათ მოტივაცია თქვან ტყუილი?
ანდაც, ნუ იფიქრებ, რადგან შეგვიძლია გაჩვენოთ:
- ათობით პოლიციელი, რომელიც საეჭვო ჩვენებას აძლევს;
..ისინი ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს, არასწორად ამოიცნობენ დამნაშავეს, აძლევენ ერთმანეთის იდენტურ ჩვენებებს, გაურბიან შეკითხვებს.
▶️ მაგალითი
მოწმე პოლიციელმა, რომელიც ხაზს უსვამდა, თუ როგორ დეტალურად ახსოვდა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, ამოცნობისას უთითებს განსასჯელთა სკამისკენ და ადასტურებს -„აგე,პირდაპირ დგას“. თუმცა, ბრალდებული სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა. ის, ვისკენაც მოწმე პოლიციელმა დამაჯერებლად მიუთითა, აღმოჩნდა ერთ-ერთი ადვოკატი.
კიდევ ათობით ასეთი მოწმე შეგიძლია ნახო აქ.
როგორ, არ არის რაიმე მექანიზმი, რომელიც ამას დააზღვევს?!
შეიძლება გაგიკვირდეს, მართლაც ასე მარტივად არის საქმე? როგორ შეიძლება კონკრეტული პოლიციელის ჩვენების საფუძველზე წყდებოდეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები?!
როდესაც არანაირი ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს, ჩვენი დღევანდელი სისტემა დადის ერთ შეკითხვამდე, რომელსაც მოსამართლე უსვამს პოლიციელს:
როგორ ფიცს დადებთ? სამოქალაქოს თუ რელიგიურს?
პოლიციელების უმრავლესობა სამოქალაქო ფიცს არჩევს, თითქოს ეს ფიცი უფრო ადვილი დასარღვევია. შემდეგ კი წარბშეუხრელად ყვებიან სხვადასხვა ისტორიას.
საბოლოოდ კი მივდივართ იქამდე, აქვს თუ არა მნიშვნელობა სიტყვას და ფიცს ჩვენს საზოგადოებაში.
სასამართლოზე, ჩვენების დროს ტყუილის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. შეიძლება კორუმპირებულმა სისტემამ ამაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ – მოქალაქეები? ვუშვებთ, რომ ცრუ ფიცით და ცრუ ჩვენებით ჩვენივე თანამოქალაქეებს სიცოცხლის წლები წავართვათ? გვადარდებს ეს საკითხი? ვხედავთ საკუთარ როლს ამ ყველაფერში?
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პოლიციელი იტყუება. საქართველოში 45,000-ზე მეტი პოლიციელია. (რაც თავისთავად ანომალიური რიცხვია, რადგან, 100,000 მოსახლეზე დათვლით, მინიმუმ 3-ჯერ მეტია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე.)
თუმცა, არც ერთ ან ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, გვხვდება მსგავსი ტიპის „მოწმე“, პოლიციელების კონკრეტული ჯგუფები, სამხრე კამერების მასიური „გაუმართაობა“, „დანაშაულის“ ადგილას არსებული კამერების გაუმართაობა, პოლიციელების მხრიდან ძალადობის და გინების ათობით შემთხვევა პასუხისმგებლობის დაყენების გარეშე..
ყველა ეს ფაქტი მიგვითითებს, რომ ერთ მხარეს არის სისტემა, მეორე მხარეს კი – მოქალაქე. საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს, რომ ეს მოვლენა აღვიქვათ, როგორც სისტემური, დანერგილი, გავრცელებული პრაქტიკა.
შედარებისთვის, თუ პროტესტის მონაწილის წლობით დასაპატიმრებლად ორი ცრუ ჩვენებაა საკმარისი, ძალოვანი სტრუქტურების თუ „ტიტუშკების“ მასიური, განგრძობითი, თავგასული ძალადობის ამსახველი მრავალი ვიდეო თუ ფოტო-მტკიცებულების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობა არ დგება.
ეს შედარება შენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
სამართლის აღსრულებას ანდობ არა აბსტრაქტულ „ინსტიტუტებს“ ან „პროფესიებს“, არამედ კონკრეტულ ადამიანს. ადამიანს, ვინც არ ერიდება მასიურ, სისტემურ ძალადობას, ცრუ ჩვენების მიცემას, ყველა ხერხის გამოყენებას მისი ინტერესების გასატარებლად და „მოწინააღმდეგის“ გასანეიტრალებლად.
„მე ვიცი, რომ სასამართლო ახლა უფრო კარგად მუშაობს“
შეიძლება შეგხვედრია სტატისტიკები, შეილება შენ თვითონ ყოფილხარ სასამართლოს მონაწილე, ან გსმენია შენი ახლობლის შესახებ, რომელმაც თავისი სიმართლე წარმატებით დაამტკიცა და გიკვირს – „კი, მაგრამ სასამართლოში ვითარება ხომ გაუმჯობესდა?“
ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი ტიპის საქმე:
- პოლიტიკურად მოტივირებული, როგორიცაა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული საქმეები;
- ყოფითი/საყოფაცხოვრებო საქმეები, როგორიცაა მაგალითად ნათესავების დავა კარმიდამოზე, ან მეწილეების დავა ბიზნესთან დაკავშირებით;
ჩვენ, აქ, ვსაუბრობთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.
საქმეებზე, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მოქალაქე და ხელისუფლება. სადაც, ხელისუფლებას აქვს როგორც მოტივაცია, ისე ყველა ინსტრუმენტი, რომ ებრძოლოს მოქალაქეს.
პოლიტიკურ საქმეებზე სასამართლო რომ სულ სხვაგვარად იქცევა. ამას, ჩვენს მიერ მოყვანილ ათობით ფაქტთან თუ არგუმენტთან ერთად ადასტურებს „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც – ირაკლი ღარიბაშვილი. ის, თავის განცხადებაში ამბობს:
იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.
ზემოთ განვიხილეთ, რომ სასამართლო სისტემასთან ყურადღების მოდუნება სარისკოა. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ყურადღების მოდუნება კი განსაკუთრებით სარისკოა.
„თქვენ რატომ უნდა გენდოთ?“
არც ჩვენ უნდა გვენდო ბრმად. შეიძლება რაიმე გამოგვრჩა, შეიძლება რაიმე სხვა მასალა არსებობს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, შეიძლება საეჭვო მოწმეებმა, სრულ ვიდეოებში, დალაგებულად და გამართულად ისაუბრეს, მხოლოდ ჩვენს მიერ შეგროვებულ ამონარიდებში იქცევიან საეჭვოდ.
თუმცა, ჩვენ გაჩვენეთ, ათობით ვიდეო თუ ფოტო მასალა – მოძალადე პოლიციელების, მაგინებელი პოლიციელების, საეჭვო ჩვენების მიმცემი პოლიციელების. მოგიყევით როგორ მუშაობს ეს სტრუქტურა. მოგიყვანეთ არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ბრმად ენდო „სისტემას“, რომ ეს ნდობა, ხშირ შემთხვევაში, დადის ერთი კონკრეტული პოლიციელის ჩვენებაზე, რომელიც დანაშაულის ადგილზე არც კი იმყოფებოდა.
შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი შენს დასარწმუნებლად. მაგრამ, ეს ნამდვილად საკმარისია იმისთვის, რომ დაეჭვდე, და გადაამოწმო ის პროპაგანდა, რომელიც „ოცნებისგან“, მისი მედიისა და ტროლების ანგარიშებიდან მოედინება.
ქვემოთ განვიხილავთ რამდენიმე ათეული პატიმრის საქმეს. მივუთითებთ წყაროებს, დოკუმენტებს, დეტალებს. მოგიყვებით რა ბრალი აქვთ მათ წაყენებული, რით არის ეს ბრალი განმტკიცებული, და რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ.
თუ რაიმე გამოგვრჩა, ან რაიმე შეგვეშალა – დაწერე კომენტარებში.
იცოდი, რომ 2025 წლის 28 ივნისს „ოცნებამ“ აკრძალა სასამართლო სხდომების გადაღება? როგორ ფიქრობ, რატომ? ეს ვიდეო-ჩანაწერები ხომ გააქრობდა ნდობის საჭიროებას და თვითონ გამოიტანდი დასკვნას?
ჩვენ არ გთხოვთ, რომ ხელისუფლების ნაცვლად გვენდო. უბრალოდ, ბრმად ნუ ენდობი ინფორმაციას. გაეცანი ამ ათობით ფაქტს, დაეჭვდი, ნუ მიანდობ სამართლის აღსრულებას მოძალადეებს.
განვიხილოთ პატიმრების საქმეები.
%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%%
„თუ ასე ყალბდება საქმეები, სტრასბურგში რატომ არ ასაჩივრებენ?“
სტრასბურგში საქმის გასაჩივრება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ამას „პროპაგანდა“ გვეუბნება.
დრო – სტრასბურგში საქმის გასაჩივრებამდე, მოქალაქემ უნდა ამოწუროს საქართველოში არსებული სამართლებრივი გზები – გაიაროს ყველა ინსტანცია და დაელოდოს საბოლოო გადაწყვეტილებას. მხოლოდ წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებაა შესაძლებელი პირდაპირ, საბოლოო გადაწყვეტილების დალოდების გარეშე.
საქართველოში არსებული გზების ამოწურვის შემდეგ საქმე შეიძლება გასაჩივრდეს სტრასბურგში. ჯამში, ყველა ამ პროცედურის გავლას შეიძლება 3-დან 5 წლამდე დასჭირდეს.
ეს დიდი დროა. ხშირ შემთხვევაში, წარდგენილ ბრალზე მეტი. ადამიანების ნაწილს არ აქვს საშუალება ეს დრო გაატაროს ციხეში – ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი მშობელი, არიან ოჯახის მარჩენალი და ა.შ. ამიტომ, ზოგიერთი მათგანი თანხმდება საპროცესო გარიგებას, ზოგსაც – ეხება შეწყალება. ამ გზით, ისინი ადრე თავისუფლდებიან, თუმცა ერთმევათ ან მნიშვნელოვნად ეზღუდებათ შანსი, რომ საქმე სტრასბურგში გაასაჩივრონ.
ხარჯი – ეს პროცესი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადვოკატის ხარჯები, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, ხშირად 8000 ლარს აღწევს თითო საქმეზე.
ანუ, გზა დაახლოებით ასე გამოიყურება:
საქართველოს სასამართლოები → აუცილებელი ინსტანციების ამოწურვა → საქმის მომზადება და დაფინანსება → სტრასბურგში შეტანა → დალოდება.
ამიტომ ბრალდება „თუ მართალია, სტრასბურგში რატომ არ წავიდა?“ არ არის ისეთი მარტივი, როგორც ამას პროპაგანდა გვეუბნება.
ზოგი უკვე წავიდა და ელოდება. ზოგი ჯერ კიდევ საქართველოში გადის გასაჩივრების გზას. ზოგმა კი შეიძლება საერთოდ არ აირჩიოს ეს გზა, რადგან წლობით პატიმრობაში ყოფნას და ძვირადღირებულ დავას უფრო სწრაფი გამოსავალი ურჩევნია.
ის, რომ დღეს სტრასბურგის გადაწყვეტილება არ არსებობს, არაფერს გვეუბნება იმაზე, რამდენად მყარი იყო მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც ეს ადამიანი დააპატიმრეს. სწორედ ამიტომ შევაგროვეთ არაერთი მტკიცებულება ამ გვერდზე, რათა შენით შეძლო შეფასების გაკეთება.
„თუ არაფერი დაუშავებიათ, რატომ ინანიებენ?“
პატიმრებს აქვთ არჩევანი: ციხეში გაატარონ წლები დანაშაულის გარეშე, ან დაეთანხმონ საპროცესო გარიგებას, რაც მათგან მოითხოვს ბრალის აღიარებას, რითაც მნიშვნელოვნად ეზღუდებათ სტრასბურგში გასაჩივრების შესაძლებლობა.
ადამიანებს სხვადასხვა გარემოებები აქვთ. ზოგს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ზოგს – ავადმყოფი ოჯახის წევრები. მაგალითად, გიორგი ახობაძეს, რომელიც მძიმედ ავადმყოფ დედას უვლიდა, ციხეში ყოფნის დროს, დედა გარდაეცვალა. 8 თვის შემდეგ კი გიორგი გამოუშვეს, რადგან ბრალი ვერ დაუმტკიცეს (პოლიციელების ცრუ ჩვენებების მიუხედავად).
ამიტომ, ადამიანებს უწევთ რთული არჩევანის გაკეთება. თუ ისინი დაეთანხმებიან საპროცესო გარიგებას, ხელისუფლება და მისი პროპაგანდა ნიშნისმოგებით იტყვის – „ხომ ვამბობდით, დამნაშავეები არიანო“.
საბოლოოდ, როცა არსებობა გვიწევს ქვეყანაში, სადაც სასამართლო, სტრუქტურები, ინსტიტუტები მხოლოდ ფორმალობაა და რეალურ ძალაუფლებას ფლობს კონკრეტული დაჯგუფება, მსგავსი პროცედურები აღარ ატარებს ჩვეულ მნიშვნელობას. აქ აღარ ხდება სიმართლის გარჩევა. პროცესი ემსგავსება ვაჭრობას – ადამიანებით, წლებით, სიცოცხლით, ჯანმრთელობით.
დღესაც ათეულობით პატიმარი უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე და აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის კიდევ არაერთი თვის თუ წლის გატარებას ნიშნავს პატიმრობაში. ეს პოზიცია ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას – ადამიანი თავისუფლებას თმობს იმისთვის, რომ დაამტკიცოს მისი სიმართლე.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის, ვინც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, ნაკლებად პრინციპული ან ნაკლებად უდანაშაულოა. ყველა ადამიანს განსხვავებული ზღვარი და გარემოება აქვს – შვილები, მშობლები, ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა, პატიმრობაში გატარებული დრო. ერთი ადამიანის არჩევანი, რომ ბოლომდე იბრძოლოს, არ უნდა გადაიქცეს მეორე ადამიანის არჩევანის გასამტყუნებელ არგუმენტად.
პრობლემა კი ის არის, რომ ხელისუფლების ნარატივი ორივე არჩევანს თავის სასარგებლოდ იყენებს: ვინც არ თანხმდება – „თავისით ზის ციხეში, არავინ აძალებს!“; ვინც თანხმდება – „ხომ ხედავთ, დანაშაული აღიარა!“.
„კარგი, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ 20 საქმეა“
ჩვენ ~20 საქმეზე გიყვებით და არა ყველაზე. არ ვამბობთ, რომ აბსოლუტურად ყველა საქმე სრულიად „შეკერილია“.
არის საქმეები, რომლებშიც მტკიცებულებები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
არის საქმეები, სადაც არის სადაო მტკიცებულებები.
არის საქმეები, სადაც არის მტკიცებულებები, თუმცა ბრალია არაპროპორციული.
გადაცდომა ყველგან ხდება, იდეალური სასამართლო არსად არის.
..შეიძლება თქვა.
ჩვენ გაგიზიარეთ არა ერთი ან ორი „საეჭვო“ საქმე, არამედ ათობით აშკარად უსაფუძვლო საქმე, ათობით დაზიანებული სიცოცხლე, ასევე გაგიზიარეთ ათობით ფაქტი სასტიკ ძალადობაზე სისტემის მხრიდან. ეს არ არის ერთეული გადაცდომა, ეს სისტემური დანაშაულია.
ეს ოცი საქმე არ ამტკიცებს, რომ დანარჩენი 80-ზე მეტი საქმეც ზუსტად მსგავსად არის გაყალბებული. მაგრამ, შენ შეგიძლია შეხედო სრულ სურათს: რა გაძლევს იმედს, რომ დანარჩენ 80 საქმეზე ისეთი სამართალი დადგა, შენ რომ მოგეწონებოდა?
შეიძლება დადგა კიდეც. თუ გსმენია ასეთი შემთხვევა, გთხოვთ გაგვიზიარო. ერთი ფაქტია, არ არის მართებული ისეთი ზედაპირული შეფასების გაკეთება, როგორიცაა:
სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, ანუ არსებობდა ამის მიზეზი.
„რისთვის სჭირდებათ ეს პატიმრები?“
აქამდე გიყვებოდით ფაქტებს და გიზიარებდით არგუმენტებს.
ახლა გადავდივართ შეფასებით კატეგორიაში.
რა რჯის ხელისუფლებას, რატომ აპატიმრებს ადამიანებს ასეთი შეთითხნილი ბრალდებებით?
ჩვენი ვერსია ასეთია:
ხელისუფლებას არ მოსწონს, როცა მის მოწინააღმდეგეს ხედავს, როცა ადამიანები მის ქმედებას ვაპროტესტებთ.
თავიდან, ხელისუფლების რიტორიკა ასეთი იყო:
- „მშვიდობიან პროტესტს არავინ გიშლით, უბრალოდ ქვებს ნუ ისვრით.“
შემდეგ:
- „პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ გზის სავალ ნაწილს ნუ კეტავთ.“
- „პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ ნიღაბს ნუ გაიკეთებთ.“
- „პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ ტროტუარზე ნუ დადგებით.“
- „პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ სოციალურ ქსელში ნუ დაწერთ კრიტიკას.“
საბოლოოდ, მივიღეთ ასეთი სურათი: “პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ ნუ გააპროტესტებთ“.
რა შუაშია ეს პატიმრებთან?
რეალური გამოძიების ჩატარება რთულია – მოსაპოვებელია კადრები, ამოსაცნობია დამნაშავე, ჩასატარებელია დაკითხვები, მოსაძებნია სანდო მოწმეები, შესადარებელია ჩვენებები. ზოგჯერ, ამ პროცედურებს შეიძლება რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს.
ეს ზედმეტი ძალისხმევაა.
საჭიროა აქციის მონაწილე ადამიანების გარკვეული ნაწილის დაპატიმრება, რათა ხელისუფლებამ „აჩვენოს ძალა“, დააშინოს დანარჩენი საზოგადოება და უთხრას:
პროტესტს არავინ გიშლით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება წლობით დაგაპატიმროთ. არჩევანი თქვენზეა.
სისტემა ცდილობს ისეთი ადამიანები შეარჩიოს დასაპატიმრებლად, ვისზეც პროპაგანდით აღქმის შექმნა უფრო გაუმარტივდება. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს უტყუარი ფაქტი, რომ აქციის დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა, მას არ შეეხებიან. თუმცა, თუ აქციაზე იმყოფებოდა, ქვა მან ისროლა თუ სხვამ, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. ვინ აინტერესებს ეს დეტალები?!
შემდეგ კი, თუ საზოგადოება მართლაც გაფრთხილდება, და ათობით ათასი ადამიანი ყოველდღე ქუჩაში აღარ გამოვა, პროპაგანდა წამოაძახებს – „რამდენიმე ასეული დაფინანსებული ადამიანია პროტესტში, უმრავლესობა კი ჩვენ გვიჭერს მხარს“.
ამიტომ, შენი გადასაწყვეტია რომელი ახსნა მიესადაგება ამ ყველაფერს:
- სასამართლო სისტემა, რომელმაც ზოგჯერ შეიძლება დაუშვას შეცდომა, თუ
- სისტემა, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს?
და თუ მართლაც შეცდომას უშვებს, რატომ არ ასწორებს ამ შეცდომას? ან შენ რატომ არ თხოვ ამ შეცდომის გამოსწორებას? ცივილიზებულ ქვეყნებში, ერთი ხარვეზიანი საქმეც კი მასობრივი განხილვის საგანი ხდება საზოგადოებაში და ბოლოს სრულდება დაზარალებულისთვის მსხვილი კომპენსაციის გადახდით.
და მაინც, არიან თუ არა „სინდისის პატიმრები“?
ჩვენ გაგიზიარეთ არაერთი არგუმენტი. ვისაუბრეთ ინსტიტუტებზე, თუ რატომ არის სარისკო სასამართლო სისტემის ბრმა ნდობა. გაგიზიარეთ მრავალი მასალა არგუმენტების გასამყარებლად.
თუ ვინმემ დააშავა და ამის მტკიცებულება გაქვს, შეგიძლია თქვა, რომ ის დამნაშავეა.
თუ ამ ბრალდებას იმიტომ იმეორებ, რომ ამას „ოცნების“ პროპაგანდა და მისი წარმომადგენლები გეუბნებიან, კიდევ ერთხელ დაფიქრდი – რამდენად სანდოა დაინტერესებული მხარე? რამდენად მორალურია ასეთი შეფასების გაკეთება შენი მხრიდან?
მუნდირიანი პოლიციელის, მანტიიანი მოსამართლის, კოსტუმიანი პოლიტიკოსის მიღმა რიგითი ადამიანები იმალებიან – ბოტასების ქურდები, კორუფციაში ჩაძირულები, ცრუ მოწმეები.
ამიტომ, დაფიქრდი, რა ინფორმაციას ფლობ ან რით ამყარებ შენს რიტორიკულ, დამრიგებლურ შეკითხვას:
„კანონს რომ არღვევდნენ რა ეგონათ?!”
და თუ დაგვეთანხმები და იტყვი:
„არც მე მომწონს და ვგმობ ამ ყველაფერს, მეტი რა შემიძლია?!”
..გაეცანი ჩვენს პასუხს, თუ რა შეგიძლია დაგმობის გარდა.