შენ ამბობ: აგვისტოს ომი „ნაციონალურმა“ მოძრაობამ დაიწყო.
1. რას აწერ ხელს?
სანამ გავაანალიზებთ, ჯერ გავარკვიოთ – რას აწერ ხელს, როცა ამბობ:
ომი დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“
როცა ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი აცხადებს ომს, ომს აცხადებს ქვეყანა. საერთაშორისო სამართალი და საზოგადოება არ ინტერესდება ქვეყნის შიდა საქმეებით – რომელი პარტიაა ხელისუფლებაში ან ვის რა თანამდებობა უჭირავს.
ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ან სხვა პირების პასუხისმგებლობაზე საუბარი არ შეიძლება. მაგრამ, შეუძლებელია იმის თქმა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ჯარით წამოიწყო სახელმწიფოთაშორისი ომი, და ამ ბრალდებას საქართველოსთან კავშირი არ აქვს.
თუ ომი დაიწყო საქართველომ, ის ხდება აგრესორი, სეპარატისტები – უდანაშაულო მოქალაქეები, რუსეთი – ამ უდანაშაულო მოქალაქეების მშველელი მშვიდობისმყოფელი. საეჭვო ხდება ტერიტორიული საკითხიც – გვეკუთვნის კი ტერიტორიები ამ ყველაფრის შემდეგ?!
სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა“ თუ საქართველო?
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია. მას არ ჰყავს საკუთარი ჯარი და არ აქვს საკუთარი საზღვარი.
საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის საქციელზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს (1, 2). პრეზიდენტი, მთავრობა, ჯარი სახელმწიფო ინსტიტუტებია. ჩვენ, მთელს საზოგადოებას, გარე სამყაროში წარმოგვადგენს ხელისუფლება, იმის მიუხედავად, მოგვწონს მისი ამჟამინდელი კომპლექტაცია, თუ – არა.
საერთაშორისო არენაზე ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც ქვეყანა, და არა ინდივიდები ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. ამიტომ, შეუძლებელია ისე დაადანაშაულო პარტია ომის დაწყებაში, რომ, ამავდროულად, საქართველოც არ დაადანაშაულო.
საინტერესოა, რომ ამ განსხვავებას „ოცნებაც“ ხედავს და საჭიროების შესაბამისად იყენებს – როდესაც ევროკავშირი კონკრეტულად მას – „ოცნებას“ აკრიტიკებს რეპრესიული ქცევის გამო, „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს არის ქვეყანაზე თავდასხმა, რადგან „ოცნება“ სწორედ ქვეყანას წარმოადგენს. თუმცა, როდესაც საქმე აგვისტოს ომს ეხება, მათთვის ეს კავშირი აღარ არის მნიშვნელოვანი და ცდილობენ გამიჯნონ პრეზიდენტი ქვეყნისგან.
თუმცა, ერთ ეპიზოდში, ირაკლი კობახიძეს წამოცდა:
2008 წლის ომი დაიწყო სა…ქართველომ, ანუ სააკაშვილმა, რავიცი, როგორც გინდათ.
თუ საქართველო აგრესორია, როგორ შეფასდება მისი ჯარი?
აქ გვხვდება კიდევ ერთი წინააღმდეგობა.
სააკაშვილი აგრესორია, მან ომი დაიწყო, თუმცა ჯარისკაცები გმირები არიან.
აგრესორი ქვეყნის ჯარისკაცი გმირი ვერ იქნება. შეიძლება კონკრეტულმა ინდივიდებმა ვაჟკაცობა გამოავლინონ, მაგრამ მთლიანობაში ეს არის თავდამსხმელი, რომელიც უკანონო ქმედებას გააზრებულად ასრულებს, „მძინარე ცხინვალს ბომბავს“, მშვიდობიან მოქალაქეებს კასესტურ ბომბებს ესვრის.
ამ სცენარში, გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები და ბევრი სხვა დაცემული ჯარისკაცი ან „სააკაშვილის ახირებას უაზროდ შეწირულია“, როგორც ამას თეა წულუკიანი ამბობს, ან დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ბრძანების შემსრულებელი და თანამონაწილე – რაც „ოცნების“ განცხადებებში იკითხება.
„ოცნებამ“ შეიძლება ახსენოს სიტყვა „გმირები“, მემორიალთანაც მივიდნენ დამწუხრებული სახით, თუმცა მათი მებრძოლებთან გამოიხატება სწორედ ამ განცხადებებში, გენერლების საჯარო დამცირების მცდელობაში (6:44), მემორიალთან მყოფი გმირების მშობლებთან პოლიციის ბარიკადის ჩაყენებაში.
თუ საქართველო აგრესორია, რა ბედი ელის ტერიტორიებს?
საქართველო, წლებია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არაღიარების პოლიტიკას აწარმოებს. დღეს, აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას გაეროს წევრი მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს – რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა სირია. ნაურუმ აღიარება 2026 წლის ივლისში გააუქმა.
რუსეთის „ნარატივი“ ასეთია – მათ დაიცვეს ეს ტერიტორიები აგრესორი საქართველოსგან, შეუნარჩუნეს დამოუკიდებლობა და ეს ხალხი იმსახურებს საკუთარ სახელმწიფოს, დამოუკიდებლობას.
საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიიღო ეს ნარატივი. იგივე ევროსაბჭომ, 1633-ე რეზოლუციაში, სადაც საქართველოს ქმედებებსაც აკრიტიკებს, იქვე ადასტურებს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მაგრამ, რა მოხდება, თუ საქართველო შეუერთდება ამ ქვეყნების სიას და ნიკარაგუასთან ერთად გახდება მეხუთე ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ სწორედ საქართველოა აგრესორი?
ეს ხომ გააძლიერებს რუსეთის და სეპარატისტების არგუმენტებს, პოლიტიკას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით და დაასუსტებს საქართველოსას?
როგორ წარმოგიდგენია, როგორ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხრათ:
გთხოვთ, თქვენ გააგრძელეთ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის აგრესორად გამოცხადებაზე დგას, თუმცა ჩვენ არ გეთანხმებით, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოა აგრესორი.
როგორ შეიძლება ნებისმიერ სხვა ქვეყანას უფრო მეტად ადარდებდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა?
და ბოდიშს ვის და რატომ ვუხდით?
ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის არჩევნებამდე დააანონსა, რომ ქართველი ერი სეპარატისტებს მოვუხდიდით ბოდიშს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცეცხლის ალში გახვია ისინი.
პირველი კითხვა აქ ჩნდება.
საერთაშორისო კონტექსტში „ოცნება“ ამბობს, რომ საქართველო არაფერ შუაშია, რომ ისინი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ, თითქოს ვერ ხვდებიან ამ ორის კავშირს.
თუმცა, ამავდროულად, ის სახელმწიფოს სახელით პირდება ბოდიშს სეპარატისტებს. თუ ამ ომში ქვეყანას წვლილი არ მიუძღვის და მართლაც კონკრეტული პარტია იბრძოდა საკუთარი ჯარით, მაშ ბოდიშის მოხდა რატომ გვეკუთვნის დანარჩენ საზოგადოებას?
ერთია გულწრფელი სინანულის გამოხატვა მომხდარი კონფლიქტის გარშემო, ადამიანური მსხვერპლის გამო, ომს ხომ მეგობრობა სჯობს ბოლოს და ბოლოს?! მეორეა ბოდიშის მოხდა, რომელიც დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.
„ოცნება“ და რუსეთი სწორედ ასეთი ადამიანური ემოციებით და სიტყვებით ცდილობს კონკრეტული განზრახვის გადაფარვას – „ჩვენი ძმები“ „ბოდიში დიდი ადამიანის საქციელია“ „ისტორიული ძმობა“ და სხვა.
კიდევ უფრო გავამარტივოთ:
„ვწუხვარ“ და „ბოდიშს ვიხდი“ განსხვავდება.
შეიძლება ვთქვათ, რომ „ვწუხვართ“, რომ ვისურვებდით დაგვეწყო კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება.
მაგრამ, როცა ვამბობთ ბოდიშს, ეს ნიშნავს რომ ვართ დამნაშავეები.
მტერს ბოდიში არ აინტერესებს. მისთვის ჩვენი ბოდიში ინსტრუმენტია, რომელიც აძლევს საშუალებას თქვას:
დამნაშავეები ყოფილხართ, ამიტომ გამოასწორეთ თქვენი დანაშაული და გადმოგვეცით კუთვნილი ტერიტორიები.
სწორედ ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ ბოდიშს ედუარდ კოკოითიმ და პრეტენზიები დამატებით თრუსოს ხეობასა და გუდაურზეც გამოთქვა.
ანუ, რას ვაწერთ ხელს?
რომ შევაჯამოთ, რაზე აწერ ხელს:
საქართველო აგრესორია, აგრესორის ჯარისკაცები გმირები არ არიან, სეპარატისტები და რუსები მართლები არიან, ტერიტორიის საკითხი გადასახედია.
ეს პოზიცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
ეს ფაქტია.
შეიძლება შენთვის სიმართლის გაჟღერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ინტერესები.
თუ ასეა, განვიხილოთ – არის ეს სიმართლე?
2. ქრონოლოგია
შეიარაღებული დაპირისპირება 7 აგვისტოს არ დაწყებულა.
პროპაგანდა გვიხატავს სურათს, რომელშიც, 7 ნოემბრის საღამოს, მოწმენდილ ცაზე, ერთი ადამიანის ახირების გამო, საქართველომ ცეცხლი გაუხსნა თავისივე მოსახლეობას – „მძინარე ცხინვალს“, ასე დაიწყო „ომი“.
მარტი
2007 წელს, პუტინმა, მიუნჰენის გამოსვლაში დააანონსა საბჭოთა/რუსული იმპერიის აღდგენის სურვილი. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მხარი დაუჭირა დასავლეთის დიდმა ნაწილმა.
რუსეთმა გამოიყენა ეს პრეცედენტი და მალევე, მარტში განაცხადა, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ საკითხი გადაიხედებოდა. თუ „კოსოვოს“ აქვს დამოუკიდებლობის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება ამ რეგიონებს?!
აპრილი
16 აპრილს პუტინმა რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაავალა სეპარატისტებთან ოფიციალური ურთიერთობების გაღრმავება. NATO-მ მაშინვე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები საქართველოს სუვერენიტეტს უთხრიდა ძირს.
20 აპრილს რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ქართული დრონი (1, 2).
29 აპრილს კი რუსეთმა განაცხადა, რომ ზრდიდა „მშვიდობისმყოფელების“ რაოდენობას და საგუშაგოების რაოდენობას რეგიონში.
მაისი
მაისის ბოლოს, რუსეთმა განათავსა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი „სარკინიგზო“ დანაყოფიდან. გაცხადებული მიზეზი იყო რკინიგზის შეკეთება, თუმცა ქართულმა მხარემ ეს აქტი შეაფასა თავდასხმისთვის მზადებად. NATO-მ მალევე განაცხადა, რომ ამ ასეულობით ჯარისკაცის გადმოსხმას არ გააჩნდა ლეგალური საფუძველი, არ ჯდებოდა სამშვიდობო მისიის ფარგლებში და არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტს.
ივნისი-ივლისი
ზაფხულში შეიარაღებული ინციდენტები გახშირდა – იყო ინტენსიური სროლა 14-15 ივნისს, 3-4 ივლისს (რომელსაც ჰქონდა მსხვერპლი), 29-30 ივლისს.
ამავე პერიოდში რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა „კავკაზ-2008“. რუსული წყაროს მიხედვით, მასში მონაწილეობდა დაახლოებით 8,000 სამხედრო, 700-მდე ჯავშანტექნიკა და 30-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ეს ყველაფერი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, რომელიც რუსეთმა 2006-2007 წლებში მოამზადა, და რომლის გაცხადებული მიზანი იყო სეპარატისტების მომზადება ქართული ჯარის მოსაგერიებლად. ჰაიდი ტალიავინიც, 2006 წელს მოიხსენიებს, როგორც ერთგვარ „ომისკენ უკუთვლის“ დაწყებად.
აგვისტო – დღე 1-ლი
პირველ აგვისტოს, სეპარატისტებმა ააფეთქეს ქართული პოლიციის პიკაპი, რომელსაც 5 პოლიციელი გადაჰყავდა. დაიჭრა ხუთივე მათგანი.
საღამოს კიდევ უფრო გამწვავდა ვითარება:
იყო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ავნევი, ნული, ერგნეთი, ერედვი და ზემო ფრისი. დაიჭრნენ სამოქალაქო პირები და პოლიციელები.
ევროსაბჭო მოგვიანებით 1-ელ აგვისტოს აღწერს როგორც მომენტს, როცა კონფლიქტმა დაიწყო კონტროლირებადი ჩარჩოებიდან გასვლა.
თუ თვეების განმავლობაში ადგილი ქონდა რეგულარულ შეტაკებებს და მზადებას, 1-ელ აგვისტოს ამ თავდასხმებმა ახალი მასშტაბი შეიძინა.
აგვისტო – დღე 2-6
მომდევნო დღეებში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა დაიწყეს ქალებისა და ბავშვების რუსეთში ევაკუაცია. რუსეთიდან კი შემოვიდნენ „მოხალისეები“ და სხვა შეიარაღებული პირები. 5 აგვისტოს, კოკოითიმ საჯაროდ განაცხადა ჩრდილოეთ ოსეთიდან რამდენიმე ასეული „მოხალისის“ შემოსვლაზე და თქვა, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.
ქართულ მხარეს ანალოგიური ევაკუაცია არ გაუკეთებია. ეს მიანიშნებს, სეპარატისტების მზაობაზე ფართომასშტაბიანი შეტაკებებისთვის და საქართველოს მოლოდინს, რომ კონფლიქტის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
რატომ არ გააკეთა ქართულმა მხარემ ევაკუაცია?
შეიძლება არსებობდეს კრიტიკა, თუ რატომ არ დაიწყო ქართულმა მხარემ ევაკუაცია მაშინვე, როცა ეს სეპარატისტებმა დაიწყეს.
თუმცა, ეს კრიტიკა ეხება შეცდომებს ევაკუაციის თაობაზე, რაც ამ ტექსტის საზღვრებს ცდება.
ეს აქტი საინტერესოა „ომის დაწყების“ კონტექსტში, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ისე იქცეოდა, რომ ომის არიდების იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა.
მიხეილ სააკაშვილი 1-ლი აგვისტოდან 7 აგვისტომდე აქტიურად მიმართავდა დასავლელ ლიდერებს, რათა გაეზარდათ წნეხი რუსეთზე და სეპარატისტებზე თავდასხმების შესაწყვეტად. ის აცნობებდა მათ რუსეთის ჯარის მობილიზებაზე და ითხოვდა საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას, რადგან „მშვიდობისმყოფელები“ არ იყვნენ რეალური მშვიდობისმყოფელები.
აგვისტო – დღე მე-7, საპასუხო ცეცხლის გახსნამდე
7 აგვისტოს, დილიდან, ვითარება კრიტიკული გახდა.
გამთენიისას ქართულმა მხარემ მიიღო ცნობები რუსული ჯარის მიერ საზღვრის გადმოკვეთაზე. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტი იყო გაშიფრული სატელეფონო ზარი (03:41–03:52 მონაკვეთში), სადაც სეპარატისტები ამბობდნენ, რომ რუსული ტანკები და ჯავშანმანქანები მოემართებოდნენ როკის გვირაბის გავლით. რუსეთს ამ ჩანაწერების ავთენტურობა არ უარჰყვია. მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი შეიძლებოდა ყოფილიყო „მშვიდობისმყოფელ“ ძალებზე.
კიდევ ერთი მაგალითი: კაპიტან დენის სიდრისტის ინტერვიუ
საინტერესოა რუსეთის 135-ე „ჯავშან-ტექნიკის“ პოლკის კაპიტნის, დენის სიდრისტის კომენტარი. 2008 წლის 3 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა მასთან ინტერვიუ. სიდრისტიმ განაცხადა, რომ მისი დანაყოფი ნიჟნი ზარამაგში, როკის გვირაბთან ახლოს, წვრთნების შემდეგ ბანაკში იყო დაბანაკებული. 7 აგვისტოს მან ცხინვალისკენ გადაადგილების ბრძანება მიიღო. მან თქვა, რომ მისი დანაყოფი 8 აგვისტოს დაწყებული ძირითადი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე „ჩავიდა“ საქართველოში.
მოგვიანებით, გაზეთში თარიღი 8 აგვისტოდ გადააკეთეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სიდრისტის თარიღი შეეშალა, რადგან მას ბრძოლისას მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მალევე, ინტერვიუ ვებ-გვერდიდან მთლიანად წაშალეს.
დღის განმავლობაში დაიბომბა ქართული სოფლები, მათ შორის: ერედვი, ავნევი, დვანი და ნული. მძიმე ცეცხლის ქვეშ მოყვა ავნევის ქართული სამშვიდობო. გარდაიცვალა ~10 ადამიანი, დაიჭრა უფრო მეტი – ჯარისკაცები, პოლიციელები თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა ჯავშანმანქანა.
ქალებისა და ბავშვების დიდმა ნაწილმა დატოვა ტერიტორია. დარჩენილი მაცხოვრებლები კი ჟურნალისტებთან სვამდნენ შეკითხვას, თუ რატომ არ იცავდა მათ ქართული ჯარი.
დაბომბვისა და მსხვერპლის ფონზე, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სატელევიზიო განცხადება (1, 2). მან თქვა, რომ რამდენიმე საათის წინ გასცა ბრძანება საპასუხო ცეცხლისგან თავის შეკავებაზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტაზე, მოლაპარაკებაზე და შესთავაზა სეპარატისტებს ფართო ავტონომია და ამნისტია.
სროლა რამდენიმე საათით შეწყდა, თუმცა სეპარატისტებმა 22:00-ზე ისევ განაახლეს.
აგვისტო – დღე მე-7, საპასუხო მასშტაბური ცეცხლი სეპარატისტებს
გვიან საღამოს, 23:35-23:50 მონაკვეთში, სააკაშვილმა გასცა ბრძანება მასიური საპასუხო ცეცხლის გახსნაზე იმ საცეცხლე წერტილების მიმართულებით, საიდანაც სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას უტევდნენ.
სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ინტერპრეტაციის, ბრალდებებისა და მანიპულაციის საგანი, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
აგვისტო – დღე მე-8 და შემდეგ
როგორ განვითარდა ომის დღეები 7 აგვისტოს შემდეგ, ამაზე არაერთი დეტალური მასალა არსებობს. ამ ტექსტში ამ ნაწილს არ ვეხებით. აქცენტი გვაქვს მხოლოდ იმ „დაწყების“ ნაწილზე, რომელსაც პროპაგანდა იყენებს საქართველოს გასამტყუნებლად.
თუმცა, აღსანიშნია, რომ იგივე ტალიავინის დასკვნის მიხედვით, რუსეთის პასუხი ქართული მხარის ცეცხლზე იყო გაცილებით არაპროპორციული – მალევე გაცდა „სამშვიდობოების დაცვის“ ჩარჩოს და შემოიჭრა გაცილებით ღრმად. ტალიავინი არ ეთანხმება რუსეთის არგუმენტებს „რუსეთის მოქალაქეების დაცვის“ თუ „ქართული მხარის მიერ მოწყობილი გენოციდის“ შესახებ.
ქრონოლოგიის შეჯამება
რუსული პროპაგანდა და „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ საქართველომ „მძინარე ცხინვალი“ დაბომბა. თითქოს, ცხინვალს მშვიდად ეძინა, სანამ ეს სიმშვიდე ქართულმა არტილერიამ არ დაარღვია.
თუმცა, ჩვენ გაგიზიარეთ ქრონოლოგია – როგორ განვითარდა მოვლენები გაზაფხულიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, რა უძღოდა წინ საპასუხო ცეცხლის გახსნას – რამდენი შეტაკება, რამდენი გარდაცვლილი ადამიანი, რამდენი დაბომბილი სოფელი, რამდენი უარი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. (მეტი: 1, 2)
ახლა დავა მხოლოდ ერთ რამეზეა – იყო თუ არა საქართველოს ეს პასუხი პროპორციული და გამოიწვია თუ არა ამ პასუხმა სრულმასშტაბიანი ომი.
ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ფაქტია, რომ ეს იყო პასუხი განგრძობით თავდასხმაზე და მზარდ მსხვერპლზე.
3. ვინ დაიწყო ომი?
„ომის დაწყება“ არის ფაქიზი ფრაზა. ტალიავინის დასკვნა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ერიდება ასეთი ფრაზების გამოყენებას.
გვხვდება სხვადასხვაგვარი ფორმულირებები – „გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია“, „გამოიწვია კონფლიქტის გადაზრდა ფართომასშტაბიან ომში“ და ა.შ.
ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში თითოეული სიტყვა თუ ფორმულირება ფრთხილად არის შერჩეული.
თუმცა, პროპაგანდა ირჩევს ერთ მარტივ, ემოციურად დატვირთულ, ხისტ და არასწორ ფორმულირებას – „საქართველომ ომი დაიწყო“.
ჩვენი მიზანი არის არა ამ მრავალგვერდიანი რეზოლუციების დეტალური ანალიზი, არამედ იმ ძირითადი სხვაობის ჩვენება, რაც განასხვავებს ოფიციალურ დოკუმენტებს პროპაგანდისგან, რათა მკაფიო გავხადოთ – როგორ არ ავყვეთ პროპაგანდას და როგორ ვისაუბროთ ამ საკითხზე სწორად.
რას ამბობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და ტალიავინი?
ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუცია, მე-4 და მე-5 ჩანაწერი ამბობს:
ომი წარმოიქმნა იმ დაძაბულობის, პროვოკაციების და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების შედეგად, რომელიც დაიწყო გაცილებით ადრე. ასამბლეის მოწოდებას კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზების განხილვის შესახებ არ გამოეხმაურნენ სამხრეს ოსეთისა და რუსეთის მხარეები.
თუმცა, ქართული ძალების მიერ, 7 აგვისტოს, ცხინვალის დაბომბვით ესკალაცია გადავიდა ღია, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე.
ორიგინალი ჩანაწერი 1633 რეზოლუციიდან
წყარო: rm.coe.int/168008eb50
- ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ.
- თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.
ტალიავინის დასკვნა ამბობს:
საქართველოს პასუხი იყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი. მძიმე, „გრად“ არტილერიის გამოყენება არ იყო პროპორციული, რაც იმსახურებს კრიტიკას. ამასთან, დაბომბვის დაწყების მომენტში, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ რუსულმა შენაერთებმა მასიურად გადმოკვეთეს საზღვარი.
ორიგინალი ჩანაწერი
წყარო: echr.coe.int/d/hudoc_38263_08_annexes_eng
აბზაცები: 3, 14, 16, 19, 21, 24, 36
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, რათა კონტროლქვეშ აეყვანა ის ადგილები, რომელთაც საქართველო ვერ აკონტროლებდა.
წყარო
რატომ არის არასწორი „ომი დაიწყო“?
დაუკვირვებელი თვალისთვის, ამ ფორმულირებებს შორის განსხვავება არ არის – ესკალაცია, სრულმასშტაბიან ომში გადაზრდა და მსგავსი ტერმინები შეიძლება გააიგივოს „ომის დაწყებასთან“.
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს რეზოლუციები თუ დასკვნები განსაკუთრებით ფრთხილად არჩევენ სიტყვებს, ფორმულირებებს, თუმცა რუსული და „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მარტივ, ხისტ ფორმულირებას გვთავაზობს:
ომი დაიწყო საქართველომ მძინარე ცხინვალის დაბომბვით.
ავხსნათ ილუსტრაციით.
წარმოვიდგინოთ კონფლიქტი როგორც შკალა. დაძაბულობა იმატებს ეტაპობრივად.

თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით აგვისტოს პირველ დღეებში გამწვავდა ვითარება, იმატა თავდასხმებმა და მსხვერპლმა. 7 აგვისტოს გარდაიცვალა ~10 ადამიანი, გრძელდებოდა თავდასხმა, იბომბებოდა ქართული სოფლები. მივიღეთ არაერთი უარი ცეცხლის შეწყვეტაზე და დაზავებაზე.
7 ნოემბრის საღამოს, ქართულმა მხარემ დაიწყო პასუხის გაცემა არტილერიით და ბომბებით. სწორედ ეს პასუხი შეფასდა არაპროპორციულად.
თუ მანამდე ორივე მხარე დაახლოებით ერთი ძალით ესროდა ერთმანეთს, 7 ნოემბრის პასუხი იყო მნიშვნელოვანი ნახტომი. საგულისხმოა, რომ კიდევ უფრო დიდი ნახტომი იყო ქართულ პასუხზე რუსეთის მიერ დაბრუნებული სრულმასშტაბიანი პასუხი.
შეუძლებელია კონკრეტულ წერტილს დაარქვა „ომის დაწყება“ ისევე, როგორც შეუძლებელია თქვა, როდის, ზუსტად რა მომენტში იქცევა უბრალო კოცონი მასიურ ხანძრად.

როდესაც საკითხს შევხედავთ ასე, პერსპექტივაში, დავინახავთ მოვლენების განვითარებას, პროპაგანდასაც ეცლება საფუძველი, რადგან გაცილებით ეფექტიანად და ემოციურად ჟღერს:
ომი დაიწყო საქართველომ.
ვიდრე:
7 აგვისტოს, ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია უკვე არსებული კონფლიქტის და დაძაბულობის ახალ, სრულ მასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში გადაყვანა.
სხვა სიტყვებით, ზემოთ მოცემული სურათის ნაცვლად, პროპაგანდას სურს დახატოს სურათი, სადაც 7 ნოემბერს, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ქართულმა ჯარმა დაბომბა მძინარე ცხინვალი. იყო მშვიდობა და დადგა ომი.

ეს სურათი არ ითვალისწინებს მთელს ისტორიას, რომ ეს იყო პასუხი გაზრდილ აგრესიაზე, მსხვერპლზე, დაზავების უარყოფაზე, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებული იყო, რომ ცეცხლი მიმართული იყო შემაღლებულ ადგილებზე განთავსებული საცეცხლე წერტილებისკენ და არა მოსახლეობისკენ.
📍 რა ადგილები იბომბებოდა?
მოცემულ რუკაზე ხედავ:
- ცხინვალის დასახლებას
- კვერნეთს და კუსირეთს (წითლად), საიდანაც სეპარატისტებს ცეცხლი ჰქონდათ გახსნილი თამარაშენის (მათ შორის) მიმართულებით
- ლურჯად ხედავ ქართული მხარის საპასუხო ცეცხლს ამ საცეცხლე წერტილების მიმართულებით
ამაზე საუბრობს გენერალი ყურაშვილი წულუკიანის კომისიაზე.
აქაც, პროპაგანდა გვთავაზობს სურათს, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ცხინვალის, როგორც დასახლების დაბომბვა.

შეიძლება ეს იყო იმაზე მასშტაბური პასუხი, ვიდრე უნდა ყოფილიყო ტალიავინის დასკვნის თუ ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, მაგრამ ეს იყო პასუხი დაბომბვაზე და მსხვერპლზე.
საბოლოოდ, სწორი ფორმულირება, რომელიც სრულ ისტორიას ყვება არის ასეთი:
თვეების განმავლობაში, ქართული მხარე ცდილობდა თავდასხმების მოგერიებას ლოკალური, არამასშტაბური პასუხით. როცა სეპარატისტების აგრესია გაიზარდა, დაიბომბა სოფლები და ქართულ მხარეს გაიზარდა მსხვერპლი, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა უფრო მკაცრი პასუხის გაცემა – ეს უნდა ყოფილიყო წინა მცდელობებზე უფრო მკაცრი, მაგრამ არა „ზედმეტად“ მკაცრი პასუხი. ქართულმა მხარემ ეს ზღვარი ვერ დაიცვა, მისი პასუხი, ტალიავინის და ევროსაბჭოს შეფასებით, აღმოჩნდა “ზედმეტად“ მკაცრი, ამიტომ ამ კონფლიქტმა მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც კონფლიქტს ერქმევა ომი.
შენ როგორ მოიქცეოდი? სანამ საქართველოს გაასამართლებ, დაფიქრდი – შენ როგორ უპასუხებდი? კიდევ რამდენ დაბომბილ სოფელს თუ გარდაცვლილ ადამიანს მოითმენდი? დაელოდებოდი რუსული ჯარის სრულად შემოსვლას და ტერიტორიის დაკავებას?
რატომ მოაწერეს ხელი ამ რეზოლუციას?
ანუ, რატომ დაუჭირეს მხარე ქართველმა დელეგატებმა 1633-ე რეზოლუციას.
პროპაგანდის მეორე მთავარი საყრდენი არის მაშინდელი მთავრობის ხელმოწერა 1633 რეზოლუციაზე:
რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ამტყუნებდა?!
როგორც უკვე ვისაუბრეთ, რეზოლუციის კონკრეტული აბზაცები ნამდვილად აკრიტიკებს ქართულ მხარეს და ამბობს, რომ ქართული მხარის პასუხით იქცა ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან დაპირისპირებად, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ, რომ ეს არ იგივდება პროპაგანდის შემოთავაზებულ პრიმიტიულ ფორმულირებასთან, რომ „ომი საქართველომ დაიწყო მძინარე ცხინვალის დაბომბვით“.
და ამ კრიტიკულ აბზაცებს რატომ მოაწერეს ხელი?
რეზოლუციაში მე-4 და მე-5 აბზაცების გარდა გაკეთებული იყო საქართველოს ინტერესების შესაბამისი არაერთი ჩანაწერი – რომ ეს კონფლიქტი ომად იქცა გაცილებით ადრე წამოწყებული პროვოკაციებისა და ესკალაციების შედეგად, რომ სამშვიდობოებმა თავისი საქმე არ გააკეთეს, რომ რუსეთმა და „სამხრეთ ოსეთმა“ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე უარი თქვეს, დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება, დადასტურებულია ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა და საერთაშორისო გამოძიების დაწყება.
საქართველოს, და არცერთ ქვეყანას, არ აქვს შესაძლებლობა რომ მსგავსი რეზოლუციებიდან ამოიღოს მისთვის ნაკლებად მოსაწონი პუნქტები და დატოვოს მხოლოდ სასურველი აბზაცები. ხელის მოწერის თუ მხარდაჭერის საკითხი წყდება იმის მიხედვით, არის თუ არა ეს რეზოლუცია, საერთო ჯამში, დადებითი ქვეყნის ინტერესებისთვის.
და „ოცნებამ“ რატომ შეცვალა რიტორიკა?
ევროსაბჭოს რეზოლუცია შეიქმნა 2008 წელს, ხოლო ტალიავინის დასკვნა – 2009 წელს.
რამდენიმე წლის წინ, „ქართული ოცნება“, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე მკაფიოდ ამბობდნენ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა.
რეზოლუცია და ტალიავინის დასკვნა არ შეცვლილა. თუმცა, შეიცვალა „ოცნების“ პოზიცია.
როგორ ფიქრობ, რატომ?
4. შეჯამება
ომი 18 წლის წინ მოხდა. რეზოლუციაც მალევე იქნა მიღებული. არსებობს გამოძიებული და დამტკიცებული ფაქტები. რატომ ან რისთვის გრძელდება დავა დღესაც?
დავა გრძელდება იმაზე, თუ როგორ იქნება ესა თუ ის ფაქტი ინტერპრეტირებული და მიღებული საზოგადოებაში.
ომი ქაოტური მოვლენაა და, როგორც წესი, ყველა საკითხზე არ ტოვებს მკაფიო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, არ გვაჩვენებს სურათს „შავით თეთრზე“. არის შეფასებები, რომელთაც მხარეები არ ეთანხმებიან; ფაქტები, რომელთა ავთენტურობას ზოგი მხარე არ აღიარებს; არის ჯანსაღი კრიტიკა როგორც საქართველოსი, ისე, მით უფრო – რუსეთის.
არსებობს ე.წ. „ნაცრისფერი სივრცე“, სადაც რთულია თქმა – ზუსტად რამდენი პასუხისმგებლობა ეკისრება ამა თუ იმ მხარეს კონკრეტული მოქმედებისთვის. სწორედ ეს „ნაცრისფერი სივრცე“ აძლევს მხარეებს იმედს, რომ ნარატივი, საბოლოოდ, მათ სასარგებლოდ გადაიხრება – მეტი პროპაგანდით, ფაქტების გამრუდებით, საინფორმაციო ომით.
ის, თუ რას ამბობს რუსეთი ან „ქართული ოცნება“ დღეს, ვერ გამოიწვევს 2008 წელს მიღებული რეზოლუციის გაუქმებას, თუმცა პოლიტიკა ცოცხალი პროცესია. როდესაც დადგება შემდეგი მომენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რა მოხდება, თუ იმ დროს რუსეთი და საქართველო ერთ პოზიციაზე აღმოჩნდებიან? თუ საქართველო იტყვის – მე ვარ აგრესორი და გთხოვთ შესაბამისად მომექცეთო?
როდესაც ოპონენტად გვყავს რუსეთი, რომელიც უკრაინაზე მის თავდასხმას უწოდებს თავდაცვით ომს ნატოს წინააღმდეგ, რომელიც არ ერიდება რეალობისგან აბსოლუტურ გამიჯვნას, ამ ოპონენტთან ფორმულირებების დათმობა და ხისტი ფრაზების გამოყენება შიდა პოლიტიკური ომებისთვის ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს.
ამიტომ, სანამ ვიტყვით ფრაზას „ომი საქართველომ დაიწყო“ – უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად სწორად აღწერს ეს ფრაზა მომხდარს, არამედ იმაზეც, თუ ვის პოზიციებს აძლიერებს ის.