ევროკავშირთან დაკავშირებული ტყუილი მიმდინარე აქციების ძირითადი მიზეზია. ქვეყნის შეთანხმებული კურსიდან გადახვევა, წინასაარჩევნოდ ერთის თქმა, არჩევნების შემდეგ კი გადათქმა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ოცნება” არ ერიდება ტყუილს.
ეს არ შეიძლება იყოს ნორმა. არც ყოველდღიური შედარებით მცირე ტყუილები, და არც უფრო მსხვილი, მნიშვნელოვანი ტყუილები. მაგალითად, 2020 წლის პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება და შემდეგ გადათქმა, აგენტების კანონის უპირობოდ გაწვევა და შემდეგ ისევ შემობრუნება, ევროკავშირისკენ სიარულის დაპირება და შემდეგ მისი შეჩერება.
ტყუილია, რომ ქუჩაში “მოსყიდული უსამშობლოები” დგანან.
ტყუილია კანონები, რომლებიც შეფუთულია სტანდარტული დადებითი მესიჯებით, სინამდვილეში კი გამოიყენება რეპრესიებისთვის.
ტყუილია გამოძიება, რომელიც გვპირდება, რომ მოძალადე სამართალდამცავებს დასჯის, ასეთი კი ჯერ არ გვინახავს. სანაცვლოდ, ხდება მათი დაჯილდოვება.
ტყუილია სრულად სისტემა, ინსტიტუტები, ოფიციალური პირები. გვაქვს ჩრდილოვანი მმართველობა.
ტყუილია ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი.