❓ რას ვაპროტესტებთ?

აქციაზე ბევრი ადამიანი დგას. ამ შეკითხვაზე სხვადასხვა პასუხი შეიძლება მოისმინო, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი – იმის მიხედვით.


ძალადობას

ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.

უსამართლობას

მაინც რა კანონები და სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ნოემბრიდან დღემდე 1600+ ადამიანი დაიჭირეს, 50+ კი ახლაც ციხეშია? რომ აღშფოთებულია ყველა – დაწყებული არასამთავრობოებიდან, დამთავრებული ალტინფოთი? რატომ ინგრევა წლობით ნაშენები ნდობა პოლიციის, ძალოვანების მიმართ?

მკვლელ სისტემას

არსებობს არაერთი ისტორია, თუ როგორ შეიწირა სისტემამ ადამიანი. ვგულისხმობთ ისტორიებს, სადაც სისტემა პირდაპირ კი არ ძალადობს ადამიანზე, არამედ ირიბად – მისი უპასუხისმგებლობით, არაპროფესიონალიზმით, გულგრილობით, კორუფციით.

ტყუილს

მრავალჯერად ტყუილს მთავრობის მხრიდან და ამ ტყუილების გაპროტესტების ცემით ჩახშობას.

ევროკავშირზე უარის თქმას

ესეც ტყუილის ნაირსახეობაა, თუმცა, გვსურს გამოვყოთ, რადგან სწორედ ეს განცხადება გახდა მიმდინარე აქციების მთავარი განმაპირობებელი.


შეჯამება

შეამჩნევდი, რომ ბევრი ვისაუბრეთ და ჯერაც არ გვიხსენებია როგორ ჩატარდა არჩევნები, ან დიდი აქცენტი არ გაგვიკეთებია თუ როგორ გადაუხვია “ოცნებამ” ევროკავშირს. კი, ევროკავშირთან საუბრის შეწყვეტა მთავარი ბიძგი იყო ახლანდელი მუხტისთვის, მაგრამ აქ სხვა საკითხზე გვინდა ვისაუბროთ.

ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიანი, დემოკრატიული საქართველო, სადაც არ იქნება ის პრობლემები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. სადაც იქნება აზრების ჭიდილი, საუკეთესო აზრი გაიმარჯვებს და დამარცხებული აზრი პოლიციით არ დაემუქრება მას. ასეთი საქართველო ევროკავშირის გასახარად კი არა, ჩვენთვის გვინდა. როდესაც ადამიანები ამბობენ “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ჩვენთვის ეს ასე ითარგმნება.

ჩვენ არ გვსურს მონების სუვერენიტეტი – როდესაც გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვწყვეტთ ლოზუნგით, რომ არავის დავემონებით, შიგნით კი მთავრობის დამონებული ადამიანები ცხოვრობენ.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი დაგვეხმარება ასეთი საქართველოს აშენებაში (თუმცა, ამ საკითხზე ცალკე ვისაუბრებთ). მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის აზრი არ გვჭირდება. საქმით დავამტკიცოთ – ავაშენოთ. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ის ევროკავშირს კი არ ეუბნება უარს, არამედ – სწორედ ასეთ სამართლიან, დემოკრატიულ სისტემას, სადაც ერთი ადამიანი ვეღარ მართავს ქვეყანას, და თითოეული ადამიანის უფლებები იქნება დაცული ისე, თითქოს ის ქვეყანას მართავდეს.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx