ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვა არის “რატომ არის ეს კანონი რუსული?”
რატომ დაერქვა კანონპროექტს რუსული?
აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, წინადადების წყობით კანონპროექტის ტექსტი რუსულს გავს, ამერიკულს თუ ფრანგულს.
აქ მთავარია კონტექსტი და მიზნები, მაგალითად:
- ერთდროულად დაინიცირდა რუსული გავლენის მქონე სხვადასხვა ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე, ეწინააღმდეგება დასავლეთი და გულშემატკივრობს რუსეთი.
- არგუმენტაცია და პროპაგანდა იდენტურია რუსული კანონპროექტის (როგორ წამოიჭრა, როგორ აიხსნა, რაზე კეთდებოდა აქცენტები და რა სიტყვებით);
- ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასეთი ორგანიზაციების უმეტესობა კი არის დასავლური – შესაბამისად, კანონპროექტი ზღუდავს დასავლურ ორგანიზაციებს და ფინანსებს. რუსეთიდან შემოსული კაპიტალი დაფარული, დაუდეკლარირებელია, ამიტომ ეს კანონი “დაარეგულირებს”, იარლიყს მიამაგრებს და შეაფერხებს ყველა ორგანიზაციას, გარდა რუსული ორგანიზაციებისა (მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტში არ წერია, კონტექსტის გათვალისწინებით უბრალოდ ფაქტია).
- რუსულ კანონს გავს იმ სახიფათო ჩანაწერებით, როგორიცაა დასმენის პრაქტიკა და ინტერესების გატარების ბრალდება დამტკიცების გარეშე (მხოლოდ ჩარიცხული თანხების მიხედვით).
- დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას, რაც რუსული ინტერესია.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, კანონპროექტს დაერქვა “რუსული” – არა იმიტომ, რომ წინადადების წყობა და ტექსტში გამოყენებული სიტყვებია იდენტური, ან კანონპროექტშივე წერია რომ ეს ყველაფერი რუსეთისთვის კეთდება, არამედ – ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო.
რატომ არ ვარქმევთ “ქართულ კანონს”?
არის ასეთი მოსაზრებაც – კარგი, არ არის არც რუსული, არც ამერიკული, ეს არის ქართული კანონი და თუ ჩვენთვის ეს კარგი კანონია, უნდა მივიღოთ.
ჩვენ, გაანათეს გუნდი ამ პოზიციაზე ვართ. ეს საიტი ეძღვნება მთლიანად პრობლემების განხილვას ლოზუნგების გარეშე. ჩვენ გვინდა გავცდეთ ზედაპირულ საუბარს – “რუსულია”, “არ არის რუსული”.