იარლიყი – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის იარლიყი, სახელი, რომელიც დაერქმევა ამ ორგანიზაციებს.

🔖 ვის დაერქმევა ეს სახელი?

არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოური ძალისგან. (2.1 პუნქტი)

🤷‍♂️ რატომ არის ეს უარყოფითი იარლიყი?

ქართული ოცნების არგუმენტი არის რომ ეს იარლიყი არ ნიშნავს აუცილებლად ცუდ რამეს. მაგალითად, თუ უცხოური ორგანიზაციის დაფინანსებით ეხმარები გაჭირვებულ ადამიანებს – ესე იგი კარგ ინტერესებს ატარებ. იგივეს ამბობდა 2023 წელს კობახიძე სიტყვა “აგენტზე” – რომ არსებობს გაყიდვების აგენტი, ტურისტული აგენტი და სხვა – ეს არ ნიშნავს აუცილებლად ჯაშუშს ან რაიმე უარყოფითს.

პრობლემა იმაშია, რომ ერთია – როგორ არის განმარტებული კონკრეტული სიტყვა იურიდიულად, მეორეა – როგორ აღიქმება საზოგადოებაში. “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელში” პირველი, რაც წარმოგიდგებათ ეს არის ფარულად, უცხოეთის ბოროტი ძალების მიერ დაფინანსებული და მართული საქმე/ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ვიყენებთ სიტყვა “იარლიყს”. ეს იარლიყი მიანიშნებს, რომ ორგანიზაციისთვის მთავარი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება კი არა, ხელფასის აღებაა. ანალოგიურად, თუ მმართველი პარტია იღებს ასობით ათას ლარს სხვადასხვა შპს-სგან და ადამიანისგან, აქცევს ეს მას ამ ორგანიზაციების ინტერესების გამტარებლად?

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ – “შიში” არის ბუნებრივი, ადამიანური მოვლენა, რომელიც ადამიანებს გვეხმარება საფრთხის შეგრძნებაში და რეაგირებაში. თუმცა, საზოგადოება “მშიშარს” დამაკნინებელ ფორმაში აღიქვამს და არა ბიოლოგიურში. არასწორი იქნება დავარქვათ ადამიანებს მშიშრები და გავიმართლოთ თავი იმით, რომ ყველა ადამიანს ბუნებრივად აქვს შიშის გრძნობა.

👎 საერთოდ, რატომ არის არასწორი, არალოგიკური იარლიყი?

ერთია ის, რომ უარყოფითი იარლიყია, მეორეა რომ საერთოდ არალოგიკური, არასწორი იარლიყია.

საქმე იმაშია, რომ თანხის ჩარიცხვა არ ნიშნავს აუცილებლად ინტერესების გატარებას. მაგალითად ავიღოთ ორი სცენარი: ორივე, მაუწყებლების მაგალითზე (პუნქტი 2.2):

📺 მედია-მაუწყებლის მაგალითი

სცენარი 1

რეგიონალურ მაუწყებელს არ აქვს სახსრები, ამიტომ რომელიმე ფონდი მას ეხმარება დაფინანსებით. ეს ონდი, თანხის ჩარიცხვის გარდა, ასევე ერევა მის სარედაქციო პოლიტიკაში და თხოვს ისეთი პოზიციების გაჟღერებას, რაც ამ ფონდის და ქვეყნის ინტერესებშია.

ამ შემთხვევაში, ეს მაუწყებელი ხდება უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი.

სცენარი 2

იგივე მაგალითი, მაუწყებელს ეხმარება ფონდი და არ ერევა არაფერში – ამ ფონდის ერთადერთი ინტერესია რეგიონებში არსებობდეს დამოუკიდებელი მაუწყებლები.

ამ შემთხვევაში, ეს მაუწყებელი არ ატარებს ამ ძალის ინტერესს.

🗺️ ქვეყნის მაგალითი

განვაზოგადოთ.

მაგალითად, რა უნდა ამერიკას საქართველოსგან:

სცენარი 1

კავკასიაში არსებობდეს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა და პარტნიორი ჩვენი სახით.

სცენარი 2

კავკასიაში არსებობდეს ქვეყანა, რომელსაც ამერიკა გამოიყენებს სხვადასხვა მიზნებისთვის. მაგალითად, უკრაინისგან ყურადღების გადასატანად დაავალებს რომ თავს დაესხას რუსეთს.

ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა ამერიკა ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას. პირველ შემთხვევაშიც, ზოგადი გაგებით ცდილობს ამას მაგრამ არ ერევა ჩვენს საქმეში.

ინტერესების გატარება ბრალდებაა, ეჭვია, რომელსაც დამტკიცება ჭირდება

ამ ორ მაგალითში ჩანს, რომ თანხის ჩარიცხვა არ ნიშნავს აუცილებლად ინტერესების გატარებას.

იმისთვის, რომ ორგანიზაციას “დაბრალდეს” ვინმეს ინტერესების გატარება, საჭიროა გამოძიება, დამტკიცება.

სხვა შემთხვევაში, მთავრობას ეძლევა უზარმაზარი ძალაუფლება გაასაღოს ეჭვები ფაქტებად და შეუტიოს ნებისმიერ ასეთ სუბიექტს ისე, რომ მტკიცებაზე საერთოდ არ იდარდოს.

🔢 რატომ 20%?

კიდევ ერთი არგუმენტი, ზოგადად ასეთი დასკვნების გამოტანა რიცხვებით არასწორია, მოუქნელია. მაგალითად, თუ ერთ პირს აქვს შემოსავალი 100 ლარი, აქედან 19 ერიცხება უცხოეთიდან და აკეთებს საქართველოსთვის საზიანო საქმეს, ამ 19%-ის გამო ის არ მოიაზრება უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად. თუ მეორე პირს აქვს 100 ლარი და აქედან 21 ლარი ერიცხება უცხოეთიდან, და აკეთებს საქართველოსთვის კარგ საქმეს, ეს მოიაზრება.

რატომ 20%? ყველა მცდელობა ასეთი რიცხვის მოფიქრების არის ფუჭი. აქ პროცენტი არ წყვეტს ინტერესების გატარებას, არამედ გამოძიება და დამტკიცება, როგორც ამერიკულ FARA-ში. იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება ეს თანხა, რატომ ერქმევა მას უცხოეთის ინტერესების გამტარებელი და არა იმის, ვისგანაც დანარჩენი 80% ერიცხება? როგორ გადაწონის 20% 80%-ს?

🤔 ქართული თუ უცხოური საქმე?

საბოლოოდ, ეს იარლიყი დადის ამ შეკითხვამდე – როდესაც NGO გამოყოფს გრანტს მაგალითად კონკრეტულ სოფელში წყლის შეყვანაზე, რას დაარქმევდით ამ საქმეს?

  1. ქართული საქმე, რომელშიც დასავლეთი გვეხმარება
  2. უცხოური საქმე, რომელსაც ქართველების ხელით ასრულებენ

თუ თქვენ დაარქმევდით პირველს, ეს კანონპროექტი დაარქმევს მეორეს.

აქვე შეგიძლიათ გადახედოთ 1992-2022 წლებში მთავრობის მიღებულ გრანტებს – და ნახოთ, რომელს დაარქმევდით “უცხოეთის ინტერესებს”.

ეს საქართველოს ინტერესია!

❔ აბა, რა იარლიყი უნდა იყოს?

ეს უნდა იყოს იარლიყი, რომელიც არ შეიცავს ბრალდებას, სტიგმას. შეიძლება სრულიად ტექნიკური სახელიც მიენიჭოს ამ რეესტრს – “ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის ნაწილი არის უცხოური წყაროებიდან”.

თუ კანონპროექტის მიზანი რეალურად მხოლოდ გამჭვირვალობა და დეკლარაციაა, ასეთი ორაზროვანი, უარყოფითი იარლიყის შემოტანა არ არის საჭირო ამის მისაღწევად.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx