კანონის ინიციატორების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მათ კანონის საწინააღმდეგო ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს, და რომ ოპონენტები შინაარსის გარეშე, დაუსაბუთებლად ეწინააღმდეგებიან მას.
ჩავეძიოთ, როგორია რეალური სურათი? ჩვენ გთავაზობთ ორ არგუმენტს ამ მოსაზრების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით.
თვლი, რომ პასუხგაუცემელი შეკითხვები არ არსებობს?
ჩვენ, საიტის რედაქციას, გვაქვს პრობლემების ჩვენეული შეჯამება და ანალიზი. ამ პრობლემებზე დაისვა არაერთი შეკითხვა (იხ. ქვემოთ). თუ თვლი, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები არსებობს, დაწერე კომენტარებში ან დაგვიკავშირდი სასაუბროდ.
1️⃣ რეალურად, გაჟღერდა არაერთი კარგი შეკითხვა და შეთავაზება
საპარლამენტო განხილვების დროს, საქართველოს მოქალაქეებმა – პარლამენტარებმა, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, დასვეს კონკრეტული შეკითხვები და წამოაყენეს კონკრეტული წინადადებები კანონის მიზნებთან, სათაურთან, თითოეულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით, რისი სათანადოდ განხილვა, გააზრება, ან არგუმენტირებულად გაბათილება არ მომხდარა კანონის ინიციატორების მიერ.
მტკიცებულება
ეს კარგად ჩანს საპარლამენტო განხილვების ჩანაწერებში, რომლებიც პარლამენტის ოფიციალური YouTube-დან არის აღებული. საერთო ჯამში, განხილვებს დაეთმო დაახლოებით 30 საათი. შეკითხვები დაისვა ყველა მუხლთან დაკავშირებით. ჩვენ გიზიარებთ ამ შეკითხვების მცირე ნაწილს.
2️⃣ “ქართულმა ოცნებამ” არ უზრუნველყო კანონის განხილვისთვის საჭირო ჯანსაღი გარემო
გარდა იმისა, რომ შეკითხვები და შეთავაზებები არაერთხელ გაჟღერდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ განსახილველად საჭირო ჯანსაღი გარემო არ შექმნილა – არც კანონპროექტის მოსამზადებელ პერიოდში, არც მისი პარლამენტში წარდგენის შემდეგ.
..არასათანადოდ მოამზადა კანონპროექტი წარდგენამდე
კანონპროექტის შემუშავებისას, მის პარლამენტში წარდგენამდე, “ქართულმა ოცნებამ” არ გაიარა სათანადო კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფთან: სახელმწიფო, არასახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ჯგუფებთან, რომელთაც პირდაპირ ეხება ახალი კანონპროექტის რეგულაცია. ამას ადასტურებს განმარტებითი ბარათიც (პუნქტები “დ”, “დ.ა”, “დ.ბ”), რომელიც ინიციატორმა (“ქართულმა ოცნებამ”) შეავსო.
(განმარტებითი ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც იქმნება ნებისმიერი კანონპროექტის შემუშავების დროს და იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას კანონპროექტზე).
..არ შექმნა ჯანსაღი გარემო კანონპროექტის განხილვებისას
კანონპროექტზე სხვადასხვა აზრის მოსმენა მის წარდგენამდე იწყება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ეტაპი გამოტოვებულია, რაც მიუთითებს ან კანონშემოქმედების დაბალ სტანდარტზე, ან – განხილვის სურვილის არარსებობაზე.
განხილვის სურვილის არარსებობის შემთხვევაში კი, ბუნებრივია, რომ არც კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, სხვადასხვა მოსმენაზე თუ სესიაზე იქნება ჯანსაღი განხილვის მცდელობა.
საპარლამენტო განხილვებზე, დაინტერესებული მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებზე, ქართულ ოცნებას” არ გაუცია (არგუმენტირებული) პასუხები. “განხილვა” მიმდინარეობდა ჩვეულ, არაჯანსაღ გარემოში (იხ. “რას ნიშნავს “რეალური” განხილვა?“)
..არ დაასაბუთა თავისი პოზიცია მყარი არგუმენტებით
ეს პუნქტი, შინაარსობრივად, მეორე პუნქტის ნაწილია – აღწერს ისევ იმ არაჯანსაღ გარემოს და სტანდარტს, რომლითაც ეს კანონპროექტი მომზადდა და შემდეგ წარდგა პარლამენტში. თუმცა, გადავწყვიტეთ გამოგვეყო მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.
არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მომხსენებლებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი ანალიტიკური ინფორმაცია, კვლევა, ოფიციალური დასკვნა, თუ რამ განაპირობა ამ კანონის მიღების საჭიროება. ასევე, არც ერთი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უდევს კონკრეტული სადაო მუხლების იმ ვერსიით ჩამოყალიბებას, რა ვერსიაც “ქართულმა ოცნებამ” შემოგვთავაზა.
სანაცვლოდ, მათი არგუმენტაცია მოიცავდა აღქმებს და ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციას. ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები უკიდურესად დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის.
შეჯამება
ამ გვერდზე წარმოგიდგინეთ არგუმენტები და მცირე ნაწილი ~30 საათიანი მასალიდან. ეს მასალა და არგუმენტები, ჩვენი აზრით, აბათილებს კანონის დამცველების პოზიციას, რომ რაიმე კონკრეტული არავის, არასდროს, არაფერი უთქვამს.
ჩვენი აზრით, განხილვებისას წარდგენილი შეკითხვები და შეთავაზებები იმსახურებდა სათანადო განხილვას, გააზრებას, დროის და ენერგიის დათმობას. რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანდა კანონროექტის საუკეთესო ვერსიამდე.