“ნაცების” მობრუნება გინდათ!

შენ ამბობ: ესენი რომ წავიდნენ ხომ ისევ ნაცები უნდა მოვიდნენ? თქვენც ხომ ნაცები გაფინანსებენ? ანუ ნაცები გინდათ?

რამდენიმე საკითხი უნდა გამოვყოთ ერთმანეთისგან. მივყვეთ თანმიმდევრულად.


ვინ წამოიწყო ეს აქციები?

შენ ამბობ, რომ ეს აქციები ოპოზიციამ წამოიწყო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

გვერდზე გადავდოთ, რომ “ქართული ოცნება” ყველას “ნაცს” ეძახის. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, მართლაც იყო პროტესტი, ოღონდ ეს იყო რამდენიმე ასეული ადამიანი სხვადასხვა წერტილებში. ამ პროტესტს არ მიუღია მასიური სახე. იმიტომ არა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ვენდობით, არამედ გამოძიება-დამტკიცების იმედი არ გვქონდა მაინცდამაინც.

დიდი პროტესტი არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ეს პროტესტი მოჰყვა 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შესახებ. ადამიანები მყისიერად გამოვიდნენ ქუჩაში.

ამას მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა, “ტიტუშკები” და უმოქმედო პოლიცია, დაუსჯელი მოძალადეები, შემდეგ – მეტი ადამიანის გამოსვლა, კიდევ არაერთი დარბევა, შემდეგ რეპრესიული კანონების სწრაფად შემოღება და ა.შ.

ვფიქრობთ მკაფიოდ გაგიზიარეთ თუ რატომ არის ალოგიკური ამ პროტესტს დაერქვას “პროტესტი გაყალბებული არჩევნების, ან რომელიმე პარტიის გარშემო”. ეს არის აპარტიული, უსცენო, თვითორგანიზებული პროტესტი.

აბა, “ნაცებს” რომ მიჰყავთ პროცესი? ვინ აფინანსებს აქციას?

ეს აქცია არის უსცენო, პოლიტიკოსებიც და მრავალი სხვა ადამიანიც დგას ქუჩაში.

კი პროტესტი ბევრ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც, ესა თუ ის აქტივობა შეიძლება სულაც მათი დაფინანსებული იყოს, მაგრამ ძირითადი პროცესი არ არის დაფინანსებული.

დასაფინანსებელიც ბევრი არაფერია – ადამიანები გადიან ქუჩაში და შემდეგ ბრუნდებიან სახლებში. “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული არხები სრული მონდომებით ცდილობენ ფაქტების პოვნას, ხან მოქალაქის მიერ დარიგებულ ხაჭაპურებს ასაღებენ დაფინანსების მტკიცებულებად, ხან – ერთი რესპონდენტის კომენტარს, რომელიც “მიშას დაბრუნებას” ითხოვს, და ა.შ.

და კი, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, მაგრამ არა გაყალბებული არჩევნების გამო. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.


აბა, რას აპროტესტებთ?

შენ ამბობ, თუ არჩევნების შედეგებს არ აპროტესტებ, აბა რას?

ზემოთ ვახსენეთ რას მოყვა ეს პროტესტი, რა მოყვა პროტესტის პირველ დღეებს და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. შეგიძლია პუნქტებად გაეცნო ჩვენი პროტესტის შინაარსს, აქ მოკლედ შემოგთავაზებთ.

ჩვენ არ მოგვწონს:

  1. ტყუილი – მაგ. ევროკავშირის შესახებ;
  2. ამ ტყუილის გასაპროტესტებლად გარეთ გამოსულებს რომ გვცემენ;
  3. ნაცემებს რომ გვიჭერენ და სამხილების გარეშე, მურუსიძის სასამართლო გვასამართლებს;
  4. ინსტიტუტების ნგრევა;
  5. საჯარო სტრუქტურა და შორის ძალოვანი ორგანოები მთლიანად რომ დაიქვემდებარა ერთმა პარტიამ.

ამის ფონზე, “ქართული ოცნება” და მისი არხები ცდილობენ ეს პროტესტი შეფუთონ როგორც “პარტიებსშორისი” დაპირისპირება, გააუბრალოონ ეს პრობლემები. ჩვენ რომ არ ვეგუებით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას, ეს სურთ წარმოაჩინონ გადატრიალების მცდელობად. ასე უფრო მარტივია მათთვის – ნებისმიერ პროტესტს წარმოაჩენენ ”გადატრიალების” მცდელობად, თორემ ჩვენ ხომ ზეთის ფასს უნდა ვაპროტესტებდეთ მხოლოდ?

მთავრობა ცდილობს შექმნას სურათი, რომ აქციის მონაწილეები ნებისმიერ მიზეზს ვიყენებთ რევოლუციის საბაბად. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურად აგენტების კანონიც გამოდგება – როდესაც 2023 წელს კანონი უპირობოდ გაიწვიეს, ჩვენც შევწყვიტეთ პროტესტი. ჩვენ ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს და ყველა პრობლემაზე ქუჩაში არ გამოვდივართ, მაგრამ როდესაც მთავრობა დიდი ტემპით დაიწყებს უკუსვლას, გამოვდივართ და ვაპროტესტებთ. ვფიქრობთ ეს ადეკვატური ქცევაა და ეს ქცევა საჭიროა მანამ, სანამ მთავრობა მიხვდება, რომ უნდა მოგვისმინოს.

თუ ვთანხმდებით ამ ლოგიკაზე, გავაგრძელოთ.


კარგი, მაგრამ რას ითხოვთ?

ამ ეტაპზე, ვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებას და ჯანსაღ გარემოში ჩატარებულ ახალ, სამართლიან არჩევნებს.

თვითმმართველობის არჩევნები ხომ ისედაც არის დაგეგმილი წელს?

ამ გარემოში, ამ პარლამენტით, ამ ინსტიტუტებით ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები არ არის გამოსავალი.

საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნები.

თუ ოქტომბრის არჩევნებზე ადამიანების ნაწილი ამბობს “რა მოხდა თუ რაღაც დოზით გაყალბდა, ეს ხომ ყოველ არჩევნებზე ხდება”, ახლა ეს სრულიად მიუღებელია, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო რას ვირჩევთ, რას ვაწერთ ხელს.

ამასთან ერთად, მიღებულია რეპრესიული კანონები, მაგ. საჯარო პირის დათხოვნა სრულიად გამარტივებულია.

ახალ არჩევნებს იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ ძველის გაყალბება დავამტკიცეთ, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. არამედ იმის გამო, რაც არჩევნების შემდეგ მოხდა და ხდება.

არჩევნების დანიშვნა არის გადატვირთვის შესაძლებლობა. გავარკვიოთ – 28 ნოემბრიდან განვითარებული მოვლენების შემდეგ რამდენი ადამიანი რომელ ძალას უჭერს მხარს. რამდენს სჯერა კვლავ, რომ გაუქმებული ოპოზიციით, დახურული ტელევიზიებით, გამქრალი NGO-ებით და შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით ევროკავშირში შესვლას ვგეგმავთ. ევროკავშირზე უარის თქმის უფლება “ოცნებისთვის” მის ამომრჩეველსაც არ მიუცია. აქციებზე არაერთი ადამიანი დგას, ვინც ბოლო არჩევნებზეც კი “ოცნებას” მისცა ხმა.

ვეგუებით ქვეყნის კურსის ცვლილებას და დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ განადგურებას? ეს კითხვა დასასმელია.

“ქართული ოცნების” თავდაჯერებული რიტორიკის ფონზე, რომ ისინი მათ უპირატესობაში დარწმუნებულნი არიან, ეს არ უნდა იყოს რთული გადაწყვეტილება – გვაჩვენონ კიდევ ერთხელ, რომ ასეთი ქცევის მიუხედავად მათ მხარს უჭერს ქართველი ხალხი.

ამასთან, რა არის არჩევნების ხელახალი ჩატარების საფუძველი მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით?
  1. წინასაარჩევნოდ გაცხადებული ძირითადი კურსიდან გადახვევა ✅
  2. არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვანი დარღვევებით. ამ პუნქტს ცალკე განვიხილავთ.
  3. ქვეყანაში შექმნილია ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვა შეუძლებელია ახალი არჩევნების გარეშე. ✅

ამ მიზეზებიდან ერთიც საკმარისია ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ კი ორს ცალსახად ვაკმაყოფილებთ.

და არჩევნებს როგორ ჩავატარებთ?

ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. ზუსტი პასუხი არ გვაქვს. თუმცა, თუ მივუახლოვდებით არჩევნების დანიშვნისთვის მზაობას, საზოგადოებამ უნდა ვიმუშავოთ და შევთანხმდეთ მისაღებ ფორმაზე.

ყოველ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს “სუსის” მიერ ჩატარებული.


არჩევნების შემდეგ ისევ “ნაცები” მოვლენ!

კარგი, არჩევნები საჭიროა, მაგრამ ხომ ისევ “ნაცები” მოვლენ? სხვა ვინ არის? სად არიან ახალგაზრდა სუფთა ადამიანები?!

“ოცნება” ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ისევ შეჩვეული ჭირი უნდა გვერჩივნოს. გვისახავს დილემას, რომ ცუდს და უარესს შორის არის არჩევანი გასაკეთებელი.

ჩვენ ასე ვხედავთ: “ნაცები” → “ოცნება” → კოალიცია”→ იდეალური პარტია.

ეს ნიშნავს, რომ “ნაცებს” შეიძლება გერჩივნოს “ოცნება”, მაგრამ ჩვენ ორივეს გვირჩევნია კოალიცია, სადაც არცერთ მათგანს არ ექნება აბსოლუტური ძალაუფლება და იქნებიან სხვა მოთამაშეებიც. იდეალურ პარტიას არ უნდა ველოდოთ. უნდა ისმოდეს ყველას ხმა და პარტიებმა უნდა გააკონტროლონ ერთმანეთი.

“ოცნების” მორალური უპირატესობა აღარ არსებობს, ილუზიაა

“ქართული ოცნება” ცდილობს დაგვაჯეროს, რომ “მეორე მხარის” რაიმე ფორმით მოსვლას ისევ სჯობს თვითონ დარჩეს.

საზოგადოების ერთ ნაწილში, შეიძლება “ოცნებას” ჰქონდა მორალური უპირატესობა ადრე – “ჩვენ არ ვძალადობთ მაინც”, “სასამართლოში რეფორმებს ვატარებთ”, “ევროკავშირი ჩვენც გვინდა”, მაგრამ ყველაფერი ეს უკვე გაქრა.

როდესაც მთავრობის მომხრეები ჩამოთვლიან სხვადასხვა არგუმენტს, თუ რატომ არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები “არასუფთები”, დავფიქრდეთ – როგორი კატალოგის შექმნა შეიძლება “ოცნების” პოლიტიკოსებზე და არის კი განსხვავება?

სხვა სიტყვებით, ვითხოვთ კოალიციურ მთავრობას. შენ შეიძლება ისევ თქვა, რომ ასეთ მთავრობაში “ნაცებიც” იქნებიან, ჩვენი პასუხი ასეთია:

  1. შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები და ძალოვანი სტრუქტურები “ოცნებამ” “ნაცებისგან” გადმოიბარა და ეს იმით გაამართლა, რომ ადამიანები კი არ იყვნენ ცუდი, არამედ – სისტემა – ჩვენს სისტემაში კარგად მოიქცევიანო.
  2. ჩვენც სწორედ მთავრობის ამ ლოგიკას მივყვებით – შევქმნათ კოალიციური სისტემა, სადაც ჩვენ – არასრულყოფილი ადამიანები მივიღებთ ოპტიმალურ შედეგს, ისეთს – როგორიც შეგვიძლია და არა როგორზეც ვოცნებობთ.
  3. თავისუფალ გარემოში, მასიური დაშინების გარეშე, ახალი მოთამაშეებიც შეიძლება დაიბადონ, თუმცა ამაზე ფსონს ვერ დავდებთ. ასეთი ძალა ასეთ ვითარებაში რთულია შეიქმნას. შეიქმნება და – “ოცნება” მთელი მექანიზმით მოემართება მისი დისკრედიტაციისთვისკენ და გაქრობისკენ.

26 ოქტომბრის არჩევნებზე, “ოცნების” მიერ აღიარებული შედეგებით, მხოლოდ 4% დაგვაკლდა კოალიციურ მმართველობამდე, რომელსაც ჩვენ გამოსავლად ვხედავთ. ვფიქრობთ, რომ ახლა ადამიანებმა უკეთ დაინახეს რამდენად სახიფათოა ერთპიროვნული ძალაუფლება.


არეულობის მეშინია…

თუ გეშინია, რომ მთავრობის ამ ფორმით ცვლილება არეულობას გამოიწვევს, დაფიქრდი უკვე რა ხდება და რა რისკები დგას. ჩვენ ვერ შევეგუებით სამართლიანობის, თავისუფლების, დემოკრატიის განადგურებას. ეს შიში ჩვენთვის გაცილებით უფრო ძლიერია. იქ მდგომთა უმრავლესობას ძალიან გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ყოველდღიურობას, თუ ამის საშუალება მოგვეცემა.

შენ თუ არ გინდა ეს მთავრობა წავიდეს – მოუწოდე, რომ მოიქცეს ისე, რომ არ მოუწიოს წასვლა.


მოდი, ჩვენ დაგისვამთ შეკითხვას

ამ დრომდე შენ გვისვამ შეკითხვებს და გვაძლევ შენიშვნებს – არ მოგწონს ოპოზიციური არჩევანი, არ მოგწონს თუ ვინმე ქვას ისვრის, გვთხოვ მოვიფიქროთ არჩევნების წყალგაუმტარი ფორმატი, გვიწუნებ ამას თუ იმას.

ამჯერად ჩვენც გვაქვს ერთი შეკითხვა – ეს პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვეხება თუ შენც?

მოცემულობა ასეთია: ჩვენი აღქმით, სწრაფი ტემპით ინგრევა სამართლიანობა, ინსტიტუტები და სახელმწიფოებრიობა (დემოკრატია).

გვაქვს ორი არჩევანი: გავჩერდეთ, ან ვიმოქმედოთ. სანამ სირთულეებზე საუბარს დავიწყებთ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმოქმედოთ. უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ სამართლიანი საქართველოსთვის. სანამ თავიდან ჩამოთვლი სირთულეებს – კი, ჩვენც გვესმის ეს სირთულეები, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.

  • ოპოზიციას ბევრი ნაკლი აქვს? ჩვენც ასე ვფიქრობთ, მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
  • არეულობა არ გინდა? ჩვენ კიდევ უფრო არ გვინდა, ყოველდღიური ცხოვრება გადავდეთ, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
  • არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს ზუსტად არ იცი? ჩვენც არ ვიცით, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
  • ზოგიერთი ისეთი ადამიანი დგას იქ, ვინც არ მოგწონს? ჩვენც არ მოგვწონს ზოგიერთი მათგანი, მაგრამ მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
  • კუბო დაწვეს რუსთაველზე? ბევრს არ მოგვეწონა. მაინც უნდა ვიმოქმედოთ.
  • მსოფლიოში მნიშვნელოვანი ამბები მიმდინარეობს და რა დროს აქციებია? მაინც უნდა ვიმოქმედოთ.

შენ მიგვითითებ ამ კითხვებზე და სირთულეებზე. ჩვენც ვხედავთ ამ ყველაფერს. ეს სირთულეები არ არის საკმარისი გასაჩერებლად. არსებული მოცემულობიდან მისაღები ვარიანტის გამოძერწვას ვცდილობთ და გამართული შეთავაზებაც შევიმუშავეთ. შენ კი გვეუბნები, რომ მეტიც შეიძლებოდა.

უბრალოდ თქმა არ არის საკმარისი. შემოგვიერთდი და ერთად ამოვხსნათ ეს სირთულეები.

მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…

ილია ჭავჭავაძე

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx