რა უფლება აქვს დასავლეთს დაგვიშალოს კანონის მიღება?

უკვე ავხსენით რომ ეს არ არის ის კანონი, რაც დასავლეთს აქვს მიღებული.

მაგრამ, ისმის კითხვა – არ აქვს მნიშვნელობა როგორი კანონია, რატომ აძლევს დასავლეთი თავს უფლებას დაგვიშალოს კანონის მიღება? ჩვენ ხომ სუვერენული სახელმწიფო ვართ?

რას ნიშნავს “დასავლეთი გვიშლის”?

პირველ რიგში განვმარტოთ, როგორ შეუძლია დასავლეთს დაგვიშალოს შიდა გადაწყვეტილების ასე ან ისე მიღება. ის გვეუბნება “ჩვენს კლუბში, ევროკავშირში, გაერთიანებული ვართ ქვეყნები, რომელთაც ესა და ეს ღირებულებები და მიდგომები გვაერთიანებს. ჩვენ ვთვლით, რომ მეგობრების წრის ზრდით ჩვენც გავძლიერდებით. თუ შენ არ იზიარებ ჩვენს ღირებულებებს, მაშინ ვიაროთ ჩვენს გზაზე.”

თუ ჩვენ გვინდა ასეთი ქვეყნის აშენება, ამას დასავლეთი არ დაგვიშლის – შეგვიძლია ვიყოთ სუვერენული, იზოლირებული ქვეყანა, როგორიც, მაგალითად თურქმენეთი.

ესე იგი, დასავლეთი ამბობს – თუ ჩემსავით არ მოიქცევი, ჩემს ოჯახში ვერ შემოგიშვებო. რუსეთისგან თუნდაც ეს განასხვავებს – ის ამბობს – თუ ჩემსავით არ მოიქცევი, შემოვალ და გაიძულებო.

კი, მაგრამ რა არის ამ კანონში “ისეთი”?

კარგი, გასაგებია რომ ამ ოჯახში შესასვლელად უნდა ვაკმაყოფილებდეთ კრიტერიუმებს, რით არის ეს კანონი ასეთი ცუდი?

აქ ორი მთავარი საკითხია:

  • კანონში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ემსახურება არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაციას და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურით შეზღუდვას. ეს კი დამოუკიდებელი ხმის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას ნიშნავს.
  • საბოლოოდ, კანონი უსამართლოდ ექცევა არასამთავრობოებს და რადგან მათი უმეტესობა დასავლეთიდან ფინანსება, ეს ნიშნავს რომ კანონი უსამართლოდ ექცევა დასავლეთს.

და მაინც…

ეს კანონი ეწინააღმდეგება როგორც ზოგად დემოკრატიულ ღირებულებებს, ისე – პირდაპირ უპირისპირდება იმ პარტნიორს, რომლის ოჯახში შესვლაც გვინდა.