ძალადობას

ჩვენ არ გვსურს მთავრობის კრიტიკა და მისი გადაწყვეტილებების პროტესტი ისჯებოდეს ცემით, დასისხლიანებით.

ისტორია მეორდება?
  • ამ დროისთვის ნაცემია აქციის 350+ მონაწილე, მათი აბსოლუტური უმრავლესობა – დაკავების შემდეგ. დასჯილია 0 სამართალდამცავი (დაშავებულია 21, რაც გასაჯაროვდა). ფორმალურად შეიძლება დაიწყოს გამოძიება, თუმცა ეს გამოძიება არასდროს სრულდება. თუნდაც, 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს ნაცემი ადამიანების საქმეები რომ გავიხსენოთ.
  • დამრბევებს არ აქვთ შიდა საიდენტიფიკაციო ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გამოძიება – ვინ არის ნიღბის მიღმა. ეს ნიშნავს, რომ სისტემის მიზანი არ არის დასაჯოს სამართალდამცავი, რომელიც ძალას ამეტებს. მაგალითად, სტრუქტურა “ვერ სჯის” სპეცრაზმელს (19:29), რომლის ხალხის მიმართულებით ნასროლ გაზის კაფსულას 22 წლის ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა.
  • ცემის გარდა, აქციის არაერთი მონაწილე ყვება ისტორიას სიტყვიერ დამცირებაზე, გინებაზე, ფურთხებაზე, პირადი ნივთების წართმევაზე, ძარცვაზე.
  • აქციაზე დგას სპეციალური, გადაკეთებული მიკროავტობუსები – დაბურული/გაუქმებული ფანჯრებით და ამოღებული სკამებით. ამ მანქანებში სცემენ დაკავებული ადამიანების დიდ ნაწილს.
  • პატრული, რომელიც პირდაპირ ხედავს თუ როგორ სცემს ნიღბიანი ჯგუფი ადამიანებს, არაფერს აკეთებს.
  • პრემიერ-მინისტრმა დააანონსა შსს-ს 11 მაღალჩინოსნის დაჯილდოვება, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ეს დანაშაულები არათუ დანაშაულად, ძალის გადამეტებად ან შეცდომად არ არის აღქმული, პირიქით – კარგად შესრულებულ დავალებად.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით ჩვენთვის ცხადია, რომ ეს არის არა “ზოგიერთი სამართალდამცავის ინდივიდუალური გადაცდენა”, არამედ სისტემური, ორგანიზებული ცემა და წამება, რასაც სახალხო დამცველიც ადასტურებს.

შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სხვა საკითხებზე, თუმცა ეს არის ის მინიმალური, რაზეც უნდა იდგეს ჩვენი დემოკრატია. დღეს შეიძლება ჩვენ არ ვეთანხმებით მთავრობას. რა მოხდება, თუ ხვალ შენც არ დაეთანხმები?


“თქვენ რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ქვებს და ფეიერვერკს ესვრით?”

შეიძლება გაგიჩნდეს ასეთი შეკითხვა, იქნებ ეს ძალადობა გამართლებულია და სხვა გზა არ ჰქონდა სისტემას?

მთავრობა ძირითადად აპელირებს ქვის და ფეიერვერკის სროლაზე, შეურაცხყოფაზე. რობოკოპების აღჭურვილობა ზუსტად ასეთ საფრთხეებზეა გათვლილი.

გააგრძელე კითხვა

“ევროპაში უარესად არბევენ”

პროტესტების აგრესიულად დაშლაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ საფრანგეთი. საფრანგეთი გამორჩეულია ასეთი პროტესტებით.

რამდენიმე განსხვავებაა:

  1. საფრანგეთში აქციის მონაწილეები გაცილებით უფრო აგრესიულები არიან, მაგალითად, 2018-19 წლის პროტესტებზე დაზიანდა აქციის 2500 მონაწილე და 1800 პოლიციელი – ეს არის თითქმის თანაბარი ბრძოლა. ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს 350+ ნაცემი ადამიანის მტკიცებულება, და დაახლოებით 21 გაზიარებული მტკიცებულება დაზიანებულ სამართალდამცავებზე. მთავრობა ძირითადად აპელირებს ქვის და ფეიერვერკის სროლაზე, შეურაცხყოფაზე. რობოკოპების აღჭურვილობა ზუსტად ასეთ საფრთხეებზეა გათვლილი.
  2. საფრანგეთში, დაკავების შემდეგ ცემის ფაქტები თითქმის არ ხდება. მაგალითად, 2017 წელს ბორკილდადებულ ადამიანს სცემეს, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა.
  3. საფრანგეთში, ისე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია გამოძიება, სამართლის ძიება. არსად არ არის სრულყოფილი სისტემა, თუმცა, სამართალდამცავები დანომრილები არიან, და სასამართლო მუშაობს – დამნაშავის დასჯამდე ითხოვს მთელ რიგ მტკიცებულებებს (და არა ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებას).
  4. საფრანგეთში, ანალოგიური პროტესტი შეიძლება მოჰყვეს კანონს საპენსიო ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოში, პროტესტის მონაწილეებს აქვთ განცდა, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირზე თქვა მთავრობამ უარი.
  5. საქართველოში, როდესაც რობოკოპები მოქალაქესთან მივარდებიან და იწყებენ მის ცემას, მოქალაქეს თავის დაცვის უფლებაც არ აქვს, რადგან მოგვიანებით სასამართლო მას მძიმე მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისთვის გაასამართლებს.

ზოგადად, ევროპის ქვეყნებშიც შეიძლება იყოს ასეთი პრობლემები, თუმცა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გამო, მეტია შანსი იპოვო შენი სიმართლე, და ასეთი პრობლემები აქციო როგორც ინდივიდუალურ გამარჯვებად, ისე – უბიძგო მთავრობას კონკრეტული ცვლილებებისკენ. მაგალითად, დღეს რომ რობოკოპების დანაშაულს არ/ვერ იძიებენ, ეს ხომ დიდი ხანია ვიცით? რატომ არ იცვლება სისტემა? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ ასეთი უნდა რომ იყოს და საზოგადოებას ბერკეტი არ აქვს მის შესაცვლელად?

“ნაციონალები უარესად არბევდნენ!”

სწორედ ეს დარბევები და ძალადობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი წავიდნენ და მოვიდა ახალი ძალა. არც ის რეჟიმი სცემდა და აწამებდა მის ერთგულ მხარდამჭერებს – ისიც საპირისპირო აზრს ებრძოდა მხოლოდ.

ახლაც იგივე ხდება, იგივე ადამიანების ხელით. ადრეც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა რეჟიმს, “ხარება” არბევდა, მურუსიძე ასამართლებდა, კალაძე კი ამართლებდა.

თუ ჩვენ ვადარებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ რეჟიმს აქციაზე ჯერ ადამიანი არ მოუკლავს, სამაგიეროდ ხომ გაიმეტა მოსაკლავად? ასეთი ცემის დროს განა ვინმეს შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ადამიანი არ მოკვდება? ეს ხომ ნიშნავს, რომ სისტემის ხელით არაერთი ადამიანია მოკლული? ან შენ – ელოდები ასეთი ფაქტის დადგომას? მანამდე არ ღირს გაპროტესტება? ჩვენ არ გვსურს დავკმაყოფილდეთ ასეთი სტანდარტით – მეტი გვსურს, მეტი გვემეტება ამ ქვეყნისთვის.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx