თუ დაგაჯარიმეს 5000 ლარიანი ჯარიმით და თვლი, რომ უსამართლოდ შეგეხო ეს რეპრესიული კანონი, ეს ინსტრუქცია შენთვისაა.
არსებობს ფონდები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ, თუმცა ჯერ სხვა ბერკეტებია გამოსაყენებელი.
ეს ახალი კანონებია, შსს და სასამართლო, ტრენინგის ნაკლებობის ან სხვა მიზეზის გამო, ზოგჯერ ზედმიწევნით არ მიყვება ამ წესებს, ამიტომ შეიძლება შეგხვდეს ამ პროცედურიდან გადახვევის შემთხვევებიც. მთავარია იცოდე, რას შეიძლება ელოდე, ამ პროცესის ძირითადი შინაარსი.
თუ გზის გადაკეტვას გედავებიან 6 თებერვლამდე, დააჭირე აქ
თუ შენი “დარღვევა” 6 თებერვლამდე მოხდა, მაგალითად გედავებიან 30 იანვარს ქუჩაში დგომას, ამ შემთხვევაში მიყევი ამ მოკლე ინსტრუქციას. თუ არა – დახურე ეს ფანჯარა და გააგრძელე კითხვა.
შეიძლება ჯარიმა გვიან მოგივიდეს, მთავარია რა თარიღზე გედავებიან, ეს თარიღი თუ არის 6 თებერვლამდე.
1. ვინ და როგორ გატყობინებს დაჯარიმების შესახებ?
შეიძლება დაგირეკონ შსს-დან (პოლიციელმა ან იურისტმა) ან სასამართლოდან (მოსამართლის თანაშემწემ ან მდივანმა).
თუ შსს-დან დაგირეკეს, გთხოვენ გამოცხადდე პოლიციაში ოქმის გასაცნობად. შეგიძლია უპასუხო, რომ მასალებს გაეცნობი მხოლოდ სასამართლოში შეტანის შემდეგ.
თუ სასამართლოდან დაგირეკეს, გთხოვენ დაუყონებლივ მიხვიდე სასამართლოში დეტალების გასარკვევად. შეგიძლია უპასუხო, რომ მხოლოდ მას შემდეგ მიხვალ, რაც სასამართლო განსაზღვრავს საქმის განხილვის თარიღს. ზოგჯერ, შეიძლება პირველივე ზარზე გითხრან საქმის განხილვის თარიღი.
2. სასამართლო ნიშნავს საქმის განხილვის თარიღს
სასამართლო ნიშნავს საქმის განხილვას და გატყობინებს დეტალებს: თარიღს, საათს, დარბაზს და მოსამართლეს, ვისაც აწერია საქმე.
თუ რაიმე ვერ გაიგე ან გაიგონე – კითხე, დააზუსტე.
3. მოითხოვე საქმის მასალები
მნიშვნელოვანია იცოდე რა მასალებზე დაყრდნობით გედავებიან.
ამ მასალების გაზიარება შეგიძლია პირველი ან მეორე ზარის დროს თხოვო, ან ამ ზარების შემდეგ დარეკო სასამართლოს ცხელ ხაზზე: 1545
დარეკვისას ეუბნები, რომ შენს სახელსა და გვარზე შეტანილია ადმნისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ითხოვ ამ საქმის მასალებს.
მოგივა ოთხნიშნა SMS კოდი, რომელიც ოპერატორს უნდა უკარნახო. ამის შემდეგ ის გამოგიგზავნის მომხმარებელს და პაროლს, რითაც შეხვალ სისტემაში და გაეცნობი მასალებს. თუ შენი მობილურის ნომერი საქმეში ვერ იპოვა, სთხოვე გადაგამისამართოს მოსამართლის აპარატში, ან გამოართვი მოსამართლის თანაშემწის/მდივნის ნომერი და მათგან გამოითხოვე მასალები.
მეორე მეთოდია, რომ ფოსტით გამოგიგზავნოს მასალების CD დისკი. მეთოდზე შეგიძლია შეუთანხმდე საუბრის დროს.
4. აიყვანე იურისტი
ქვემოთ, მთავარ ინსტრუქციაში იპოვი იურიდიული დახმარების ცხელ ხაზს, სადაც გამოგიყოფენ იურისტს, ვინც წამოგყვება სასამართლოში და დაგეხმარება თავის დაცვაში.
სასურველია, რომ სხდომამდე ერთხელ მაინც შეხვდე მას, გაუზიარო მასალები და განიხილოთ დეტალები.
5. რა მოხდება თუ არ გამოცხადდები?
ამ შემთხვევაში, სხდომა ჩატარდება უშენოდ.
6. შემდეგი ნაბიჯები
მასალები გაქვს, იურისტი გყავს, ელოდები სასამართლოს. ამ ნაბიჯიდან ინსტრუქცია იგივეა, რაც 6 თებერვლის შემდეგ დაჯარიმებულების შემთხვევაში.
ამიტომ, გააგრძელე კითხვა ქვემოთ – მთავარი ინსტრუქციის მე-6 ნაბიჯიდან.
1️⃣ როგორ შეიძლება აირიდო დაჯარიმება?
როგორ შეგიძლია შეამცირო დაჯარიმების ალბათობა? (მომზადებულია ამ პოსტის მიხედვით).
- ეცადე არ იყო მარტივად ამოსაცნობი – კეპი, ქუდი…
- პირბადე/ბალაკლავა – სახის დაფარვა აკრძალულია და ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას, თუმცა ზოგიერთი მოქალაქის აზრით, უფრო პრაქტიკულია, რადგან ართულებს ამოცნობას და გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმებას.
- განსაკუთრებით იფრთხილე გადაკეტვის მომენტში – ახალგადაკეტილ გზაზე, როდესაც ხალხი გზაზე გადმოდის, შეიძლება დაფიქსირდე ისეთ კადრში, სადაც ბევრი ადამიანი არ არის გზაზე. შეძლებისდაგვარად მოერიდე კამერებს.
- გადაიღე ზოგადი კადრები – სადაც ჩანს ხალხის რაოდენობა (სახეების გარეშე). შეიძლება ეს მტკიცებულებად გამოგადგეს, რომ შენთან ერთად კიდევ ბევრი ადამიანი იდგა იმ დროს იქ.
- შეძლებისდაგვარად იმოძრავე – არ გაჩერდე ერთ ადგილას, განსაკუთრებით გადაკეტვის შემდეგ არ დადგე პარლამენტის წინ ;
- არ დადგე კამერებთან პირისპირ – შეეცადე სახით არ იყო კამერისკენ მიბრუნებული, განსაკუთრებით განათებულ სივრცეში.
2️⃣ ამოგიცნეს – როგორ გაბარებს შსს ჯარიმის ოქმს?
თუ დაგაჯარიმეს, შსს გირეკავს და გატყობინებს ჯარიმის შესახებ. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
გთხოვენ მიხვიდე განყოფილებაში ოქმის ასაღებად
არსებული მოკლე პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ გზას ყველაზე მეტად მიმართავენ. შენ შეგიძლია უთხრა, რომ ფოსტით გამოგიგზავნონ მისამართზე.
თვითონ გაბარებენ ოქმს სახლში სტუმრობით
ოქმის ჩაბარება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს.
თუ ადგილზე მოსულ პოლიციელს სახლში არავინ დახვდა, შსს ვალდებულია სცადოს მეორეჯერ. თუ კვლავ არავინ დახვდა, ის გამოაქვეყნებს ოქმს საჯაროდ და ოქმი ჩაითვლება ჩაბარებულად.
პოლიციელი გაგაცნობს ოქმის შინაარსს და გადმოგცემს ხელმოსაწერად. მოაწერ თუ არა ხელს არ აქვს მნიშვნელობა – ოქმი ჩაბარებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პოლიციელი წაგიკითხავს მის შინაარსს.
ზოგიერთი იურისტის აზრით, თუ ოქმის გასაჩივრებას აპირებ, ჯობს მოაწერო ხელი და გაუკეთო რაიმე სახის მინაწერი, მაგალითად “არ ვეთანხმები”.
გიგზავნიან ფოსტით
შენი მოთხოვნით ან მათი ინიციატივით შეუძლიათ ოქმის ფოსტით გამოგზავნაც. აქაც, ოქმის ჩასაბარებლად საკმარისია დახვდეს ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი. სხვა დეტალებიც ანალოგიურია იმ შემთხვევის, როდესაც თვითონ პოლიცია გსტუმრობს.
3️⃣ გაასაჩივრე შსს-ში 10 დღის განმავლობაში
ოქმს რომ მიიღებ, 10 დღის განმავლობაში შეგიძლია მისი გასაჩივრება. თუ არ გაასაჩივრებ, ოქმის მიღების დღიდან 30 დღეში უნდა გადაიხადო ეს თანხა.
მაგალითად:
- ოქმი მიიღე 10 თებერვალს;
- გასაჩივრების ბოლო ვადა: 20 თებერვალი (თუმცა, სჯობს ზუსტად ბოლო დღეს არ დაელოდო, მაქსიმუმ 19 თებერვალს შეავსო);
- თუ არ გაასაჩივრე, გადახდის ვადა: 12 მარტი;
ამობეჭდე და შეავსე საჩივრის ფორმა
- გადმოწერე ფორმა (File → Download → Microsoft Word)
- ყვითლად მონიშნული ადგილები ჩაასწორე ან შეავსე
- ამობეჭდე
- მოაწერე ხელი
საჩივრის ფორმას დაურთე ჯარიმის ქვითარიც
შემდეგ გააგზავნე საქართველოს ფოსტით ან მიიტანე შსს-ს შენობაში (გულუას 10, ორთაჭალა). ფოსტას რა დრო დასჭირდება მისატანად, ეს შენ არ გეხება – მაგალითად მე-9 დღეს რომ ჩააბარო და მათ კიდევ 3 დღე დასჭირდეთ, ეს არ ნიშნავს რომ დაწესებულ 10 დღეს გადააცილე.
ჩაბარებისას კონვერტს გადაუღე ფოტო, რომ გქონდეს დასტური თუ როგორ აბარებ/ჩაიბარა ფოსტამ ეს კონვერტი.
4️⃣ შსს განიხილავს შენს საჩივარს და გატყობინებს პასუხს
შსს რომ მიიღებს და გაეცნობა შენს საჩივარს, შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები. ამ კითხვების დასასმელად კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებიან, შეიძლება ეს მოხდეს რომელიმე “მესენჯერით” (მაგ. WhatsApp).
შენ კიდევ ერთხელ განუმარტავ შენი საჩივრის შინაარსს – რატომ თვლი, რომ არ გეკუთვნის ეს ჯარიმა.
ამ ზარის შემდეგ, შსს მალევე შეგატყობინებს პასუხს – დაგიკმაყოფილა თუ არა საჩივარი. პასუხს იგივე ფორმით – ფოსტით გამოგიგზავნის სახლში.
5️⃣ უარის შემთხვევაში გაასაჩივრე სასამართლოში
თუ შსს-მ არ დაგიკმაყოფილა საჩივარი, შეგიძლია მიმართო სასამართლოს.
ამ შემთხვევაშიც 10 დღე გაქვს გასაჩივრებისთვის.
ამ პროცესში უკვე იურისტი დაგჭირდება. არაერთი პარტია თუ სამოქალაქო ორგანიზაცია არის მზად შენს დასახმარებლად.
☎️ იურიდიული დახმარების ცხელი ხაზი
- 0322 05 26 44 – “ოთხი პარტიის” კოალიცია
- 577 070 563 – არასამთავრობო ორგანიზაციები
- 0322 420 737 – “ფედერალისტები”
იურისტები დაგაკვალიანებენ, შენ კი შეეცადე მოაგროვო მტკიცებულებები, რომლებიც, შენი აზრით, დაეხმარება შენს არგუმენტებს, მაგალითად ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკვე გადაკეტილ გზაზე გადახვედი. თუ შენ ან შენს მეგობრებს არ აქვს ასეთი ვიდეო, იკითხე სხვადასხვა ჯგუფში – კონკრეტულ თარიღზე და დროზე თუ აქვს ვინმეს გადაღებული კონკრეტული ტერიტორიის ვიდეო.
სასამართლოს რომ მიმართავ იურისტების დახმარებით, სხდომა უნდა დაინიშნოს მაქსიმუმ 30 დღეში.
6️⃣ როგორ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა?
სასამართლო განხილვის დროს მიენდე იურისტს. თუმცა, კარგი იქნება შენც აღჭურვილი იყო ცოდნით, თუ რას უნდა მიაქციო ყურადღება.
თუ ოქმის შემდგენი პოლიციელი თავად არ იმყოფებოდა აქციაზე, მხოლოდ კამერით ამოგიცნო და ასე მოამზადა ოქმი, შენი ადვოკატი სავარაუდოდ მის მოწმედ გამოძახებას მოითხოვს. ამის გამო შეიძლება სხდომა გადაიდოს, თუმცა უფრო მეტად შეძლებთ დეტალებში ჩაძიებას.
როგორ გიმტკიცებს შსს ბრალეულობას? ძირითადად, შსს-ს აქვს შენი ორი სურათი – შორი ხედით, სადაც გადაკეტვის მომენტი ან ცოტა ხალხი ჩანს, და ახლო ხედით, სადაც სხვა ადამიანები თითქმის არ ჩანან.
შორი ხედით სურათზე რთულია ხოლმე სახის გარჩევა. ამიტომ, კი – შეიძლება მათ დაამტკიცონ რომ იმ დღეს რუსთაველზე იდექი, თუმცა იყავი თუ არა იქ ზუსტად გადაკეტვის მომენტში, სანამ ჯერ კიდევ ცოტა ადამიანი იდგა, ამის დამტკიცება რთულია.
იშვიათად, შეიძლება იქ მდგომი პოლიციელის სამხრე კამერამ დაგაფიქსიროს კონკრეტულად გზის გადაკეტვის მომენტში, ეს უფრო მყარი მტკიცებულებაა.
დაუსვი რთული კითხვები მოსამართლეს
გამოიყენე შანსი – შენს იურისტთან შეთანხმებით, დაუსვი რთული კითხვები მოსამართლეს, რათა კიდევ ერთხელ გამოჩნდეს ამ კანონების აბსურდულობა:
- შეგიძლიათ მითხრათ რამდენი ადამიანი იქნებოდა საკმარისი იმ მონაკვეთის სამართლიანად გადასაკეტად, და რამდენი ადამიანი იდგა ჩემი იქ ყოფნის პერიოდში?
- თუ ეს რიცხვი პოლიციელმა უნდა შეაფასოს, როგორ მივხვდე მე, მოქალაქე რა შეფასებას აკეთებს იქვე მდგომი პოლიციელი, თუ მან ეს არ გვითხრა და არ გაგვაფრთხილა?
- თქვენ ამბობთ, რომ ტროტუარზე იყო ადგილი – ტროტუარზე სულ არის ადგილი, სიგრძეზე თუ გავყვებით ტროტუარი ხომ დაუსრულებელია? მაგალითად, შეიძლება კონკრეტულ მომენტში შეივსოს ტროტუარი, მაგრამ ხომ შეგვიძლია გადავნაწილდეთ თავისუფლების მოედნის მიმართულებით? და ასე დაუსრულებლად?
თუ უფლებას მისცემენ, შენს ახლობელს, დამსწრეს შეუძლია გადაიღოს ეს პროცესი – არაერთი ადამიანისთვის არის საინტერესო პასუხები ამ კითხვებზე.
7️⃣ თუ სასამართლომ გაგამტყუნა, მიმართე ფონდებს
ახლა, როცა უკვე ყველა სხვა ბერკეტი ამოწურე, სასამართლომაც გაგამტყუნა, 7 დღე გაქვს რომ გაარკვიო საკითხი ფონდებთან და გადაიხადო თანხა.
შეგიძლია სააპელაციოშიც სცადო გასაჩივრება, თუმცა ჯარიმის გადახდას ეს არ გადაავადებს, უბრალოდ – თუ იქ გაგამართლეს, ამ თანხას დაგიბრუნებენ. ანალოგიურად სტრასბურგის შემთხვევაშიც – ეს კიდევ უფრო ხანგრძლივი პროცესია და არც გადახდას გადაავადებს.
ახლა უკვე შეგიძლია მიმართო ფონდებს:
8️⃣ რა მოხდება, თუ ვერ გადაიხადე?
ფონდები აქტიურად ეხმარება მოქალაქეებს, თუმცა, თუ რაიმე მიზეზით ისე მოხდა, რომ ჯარიმა ვერ გადაიხადე, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს უფლება გამოგართვას ჯარიმის გადასახდელად საკმარისი ფულადი, უძრავი თუ მოძრავი ქონება.
მაგალითად:
- ხელფასის ნახევრის ამოღება – თუ ხელფასი ბანკში გერიცხება, აღსრულების ბიურო მიმართავს შენს სამსახურს და დაგიკავებს ხელფასის ნახევარს მანამ, სანამ ჯარიმა სრულად არ დაიფარება.
- მოძრავი ქონების დაყადაღება – აქ იგულისხმება მსხვილი ქონებაც, მაგალითად მანქანა, და ასევე წვრილი ქონება, მაგალითად სახლში არსებული ტექნიკა, ავეჯი, ძვირფასეულობა. მნიშვნელოვანია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სახლი შენი არ არის, უბრალოდ ჩაწერილი ხარ, მათ ამის უფლება მაინც აქვთ. სახლის მეპატრონემ უნდა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნის და არა შენ.
- უძრავი ქონების დაყადაღება – ყველაზე უარეს შემთხვევაში, შენს სახელზე არსებული უძრავი ქონება დააყადაღოს, გაყიდოს აუქციონზე, აღებული თანხიდან ჯარიმა გადაიხადოს და დანარჩენი დაგიბრუნოს. აუქციონზე, როგორც წესი, საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად იყიდება ქონება.
ეს ტვირთი ნაკლებად შეგეხება, თუ:
- შენს სახელზე არ არის გაფორმებული უძრავი ქონება – მაგალითად ბინა, რომელიც შენი ოჯახის წევრის სახელზეა გაფორმებული. ოჯახის წევრიც, რომელიც აქტიურად არ დადის აქციებზე. ინფორმაციისთვის, გადაფორმებას 4 დღე სჭირდება და 150 ლარი ღირს.
- ხელფასი ბანკში არ გერიცხება – ხარ თვითდასაქმებული და სხვა გზით იღებ ანაზღაურებას.
- შეგიძლია საბანკო ანგარიშების გარეშე არსებობა – თანახმა ხარ უარი თქვა საბანკო სერვისებზე და გამოიყენო ნაღდი ფული.
❗ აღსრულების ბიურო ჯარიმას ამატებს 7%-ს, ანუ 350 ლარს და 5000 ლარი გახდება 5350 ლარი.
ჯარიმას არ ემატება დამატებით საურავები – რჩება იმავე ოდენობად დროთა განმავლობაში.
ასეთი შეზღუდვები პრობლემაა, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც რამდენჯერმე დაჯარიმდა (15-20 000 ლარის ოდენობით) და ვისაც ურჩევნიათ ჰქონდეთ ყადაღა.
შეჯამება
5000 ლარიანი ჯარიმა დიდი ფინანსური პრობლემაა საქართველოს მოქალაქისთვის, თუმცა ამ პროცესში მარტო არ ხარ.
არსებობს ფონდები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ, იურისტები, რომლებიც უსასყიდლოდ გაგიწევენ მომსახურეობას. თუმცა, სანამ ფონდებს მიმართავ, ჯობს ზემოთჩამოთვლილი ბერკეტები გამოიყენო – მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის რესურსს.
გამარჯობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილა, მართალია გზის გადაკეტვის ჯარიმას საურავი არ ერიცხება, მაგრამ იძულებითი აღსრულების შემთხვევში, აღასრულების ეროვნული ბიურო, აღსრულების საფასურს – გადასახდელი თანხის 7%-ს ამატებს (არანაკლებ 50 ლარისა). ანუ ჯარიმა თუ 5000 ლარია, დამატებით 350 ლარს ამოიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ვფიქრობ ამ ინფორმაციის მითითებაც ღირებული იქნება სწორი მოლოფინებისთვის.
გამარჯობა, მადლობა ინფორმაციისთვის, ჩავამატეთ 🙏