შენ ამბობ: არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.
გეთანხმებით. ჩვენც მომხრე ვართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ აგრესია, რადგან პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ამ აგრესიის გაზვიადებას, რათა გაამართლოს ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან.
- იცი თუ არა რამდენმა ადამიანმა ისროლა ქვა ან ჩაიდინა სხვა სახის დანაშაული? რამდენი იყო აქედან ვინც თავდაცვის მიზნით აიღო ხელში, როდესაც უყურებდა მის მეგობარს როგორ უსწორდებოდა ნიღბიანების ჯგუფი? დაკვირვებიხარ როგორ ხდება დარბევა? აქ ადამიანების გაფანტვა კი არ არის ხოლმე მიზანი – პირიქით, მათი ალყაში მოქცევა, რაც შეიძლება მეტის დაჭერა და ცემა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ყველა დარბევის დაწყებას ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა? რას იტყვი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სპეცრაზმის ერთ-ერთი მონაწილე საყვირით აგინებდა ყველა მონაწილეს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლენამდე?
- შენ როგორ მოიქცეოდი, ამ კადრებს რომ შესწრებოდი? იმედოვნებდი, რომ ეს ბიჭი გადარჩებოდა, თუ შეეცდებოდი მიხმარებას? გაამტყუნებდი ადამიანს, ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა? არ ვამბობთ, რომ არცერთ ნაცემ ადამიანს არაფერი დაუშავებია, თუმცა მათ უმეტესობას არაფერი უსვრია.
- იმის მიუხედავად, თუ რა გააკეთა აქციის მონაწილემ – ისროლა ქვა, ფეიერვერკი, შეიგინა თუ სხვა, აქვს თუ არა სამართალდამცავს უფლება დაკავების შემდეგ, ბორკილდადებულს, ჯგუფურად, გამორჩეული სისასტიკით და დამცირებით სცემოს? კანონიერად რომ არ აქვს ეს ფაქტია, შენგან მორალური შეფასება არის საინტერესო.
- თუ ვინმემ რაიმე დააშავა, მას იჭერენ, ხშირად – სისხლის სამართლის მუხლითაც. რატომ არ იჭერენ არცერთ სამართალდამცავს, რომელმაც გაცილებით მეტად, სადისტურად, ჯგუფურად, სასიკვდილოდ გაიმეტა უამრავი ადამიანი?
მთავარი პრობლემა არ არის რამდენიმე ათეული ნასროლი ქვა. მთავარი პრობლემა არის ამ ქვების გამოყენება მასშტაბური, სისტემური ძალადობის გასამართლებლად მშვიდობიან ადამიანებზე. პროპაგანდის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია მოძალადის ვიქტიმიზაცია – მოძალადის, როგორც მსხვერპლის მოხსენიება ან რეალურ მსხვერპლთან ტოლობის ნიშნის დასმა.
შენი გადმოსახედიდან, რამდენად აგრესიულია ეს აქციები?
ასეთ რამეს გთავაზობთ – იმის მაგივრად, რომ თქვა აქცია აგრესიული არის თუ არა, შეაფასე – რამდენად აგრესიულია ის? წარმოიდგინე შკალა 0-დან 10-მდე. 0 ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი აქცია, სადაც ყველაფერი სრული სიმშვიდით მიმდინარეობს. 10 – ეს არის აბსოლუტურად აგრესიული აქცია, სადაც ნადგურდება ყველა და ყველაფერი.
ასეთი შეფასება დაგვეხმარება ობიექტურობაში. ალბათ, ცხოვრების მანძილზე არაერთხელ გაბრაზებულხარ და გიჩხუბია კიდეც, მაგრამ საკუთარ თავს აგრესიულ ადამიანად არ აღიქვამ.
რა ქულას მიანიჭებდი ამ აქციას? რა ფაქტები გახსენდება, რომელთა გამოც ეს ქულა მიანიჭე? ქვის სროლა, ურნის დაწვა, შეურაცხყოფის მიყენება..
საბოლოოდ, დაფიქრდი შეკითხვაზე – შენი ამ შეფასებით რა დასკვნის გამოტანას ცდილობ? გადაწონა კი ამ ჩამონათვალმა სისტემის დანაშაული? გააკეთე დაშვება, რომ თუ აქციის აგრესიულობა შეფასდა პირობითად “7 ქულით”, სისტემა მზად არის დაიჭიროს და დაასისხლიანოს ასობით მონაწილე და კიდევ ერთხელ დაფიქრდი – ამ 7 ქულის უკან, ნამდვილად ღირებული არგუმენტები გაქვს?
“თუ ძალადობას არ ემხრობით, რატომ არ აღკვეთეთ?”
ასეთი შეკითხვაც შეიძლება გაგიჩნდეს. ეს ცალკე განვიხილოთ – გააგრძელე კითხვა.
შეჯამება
ჩვენ არ ვემხრობით აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას. თუმცა, მედია ცდილობს ეს გაუთანაბროს სისტემის მხრიდან ძალადობას, რაც სრულიად არასწორია.