ნუ გვაბულინგებთ!

შენ ამბობ: ყველას თავისი აზრი აქვს, ნუ გვაბულინგებთ, ნუ მოგვიწოდებთ დავდგეთ თქვენთან ერთად ან გავაპროტესტოთ.

ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. დემოკრატიის მთავარი ღირებულება სწორედ ეს მრავალფეროვნებაა და ბოდიშს ვიხდით, თუ ჩვენი მოწოდება დაძალებას ემსგავსება. თუმცა, საჭიროა განვმარტოთ სად არის ზღვარი, რა არის საკუთარი აზრი და რა – საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა.

რას მოგიწოდებთ?

ჩვენ არ გთხოვთ გააპროტესტოთ რომელიმე კანონი, დაიჯეროთ არჩევნების გაყალბების, ან, თუნდაც გინდოდეთ ევროკავშირი.

სახელმწიფო სტრუქტურები რეგულარულად ძალადობენ საზოგადოების ერთ ნაწილზე – ვინც პროტესტს გამოვთქვამთ. ჩვენც, ვცდილობთ გავაპროტესტოთ ეს ძალადობა, უსამართლობა, უუფლებობა.

ამ სტრუქტურებს ვაფინანსებთ როგორც ჩვენ – აქციაზე მდგომი ადამიანები, ისე – შენ. სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის ის მინიმალური ზღვარი, სამოქალაქო შეთანხმება, რომელსაც ვიზიარებთ. ჩვენ ამ შეთანხმების შეხსენებას ვცდილობთ. მოდი, ერთად დავაძალოთ სტრუქტურას რომ მოისმინოს განსხვავებული აზრი, შემდეგ კი საზოგადოებამ გადავწყვიტოთ თუ რომელი აზრი ჯობს.

სხვა საკითხია, რომ შეიძლება მიზეზების გამო ერიდებოდე ხმის ამაღლებას, მაგრამ ნუ ვიტყვით იმას, რომ თქვენი პასუხისმგებლობა აქ საერთოდ არ არის. ეს ფაქტია.

ბულინგი თუ საშველად მოხმობა?

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი მოწოდება ბულინგს კი არა, საშველად მოხმობას გავს. ჩვენ არ გვინდა თქვენი “დანამუსება”, უბრალოდ გეუბნებით, რომ ძალოვან სტრუქტურაზე კონტროლი დავკარგეთ, და დაგვეხმაროთ მის დამშვიდებაში.

რატომ ვაყენებთ მეგობრობას საფრთხის ქვეშ?

ადამიანების ნაწილი წუხს იმაზე, თუ როგორ აზიანებს პოლიტიკა ურთიერთობას მეგობრებთან, ნათესავებთან და მოუწოდებს საზოგადოებას “ნუ გავიფუჭებთ ურთიერთობას პოლიტიკის გამო”.

გვესმის, რომ ეს ურთიერთობები ძვირფასია და არ უნდა გვემარტივებოდეს მათი გაფუჭება.

მაგრამ, აქაც საჭიროა განმარტება – ჩვენ სიგარეტის აქციზის გაძვირების გამო ხომ არ გვიფუჭდება ურთიერთობა? ურთიერთობას აზიანებს, როდესაც ვხედავთ, რომ:

  • არ გაწუხებთ თუ გვცემენ და უსამართლოდ გვასამართლებენ
  • მეტიც, არ გჯერათ როდესაც გიყვებით – გირჩევნიათ მთავრობის პროპაგანდას დაუჯეროთ

ეს პოლიტიკა აღარ არის, ეს მორალია. ურთიერთობის შენარჩუნება რადიკალურად განსხვავებული მორალის ადამიანებთან კი არამარტო რთულია, არასწორიც არის.

ჩვენ არ გვსურს ზედაპირულობა, ფარისევლობა – სუფრით და სადღეგრძელოებით რომ შემოვიფარგლოთ, და ურთიერთობა იმით შევინარჩუნოთ, რომ რთულ საკითხებს არ შევეხოთ. პირიქით – გვინდა, რომ შევეხოთ რთულ საკითხებს, ვისაუბროთ, გადავლახოთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა.

ვისაუბროთ

ამიტომ, ვისაუბროთ, გავუგოთ ერთმანეთს. თუ აღმოვაჩენთ, რომ ძირეულ საკითხებზე სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს ეს არ არის ტრაგედია. ჯობს ვიცოდეთ.

ჩვენი მიზანია, როგორც მინიმუმ, არასწორი წარმოდგენების, პროპაგანდის გამო არ გავიფუჭოთ ურთიერთობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საუბარი. ეს რთული საუბარია, ჩვენი კონტენტით ვცდილობთ სწორედ ამ ნაწილში დაგეხმაროთ.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx