შენ ამბობ: მთავარი გეოპოლიტიკაა, აქ დიდი ამბები წყდება, დიდი თამაშის ნაწილი ვართ. იქით ჩინეთია დაინტერესებული კავკასიური დერეფნით, აქეთ – დასავლეთი და ა.შ.
გეოპოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სანამ ასეთ სერიოზულ საკითხებზე ვისაუბრებთ, უნდა აღმოვფხვრათ ძალადობა და უსამართლობა.
თუმცა, რადგან ამ საკითხზე გსურს საუბარი, გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას, თუ როგორ უნდა მივუდგეთ გეოპოლიტიკის საკითხს, როგორი მსჯელობაა საჭირო.
რას ვგულისხმობთ ამ სიტყვაში?
მსოფლიოში ბევრი რამ ხდება. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ჩვენთან მიმართებაში სხვადასხვა ინტერესი აქვს არაერთ ქვეყანას – მეზობლებს, პარტნიორებს თუ მტერს. ამ ინტერესების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გეოგრაფია (მდებარეობა, რესურსები, მოსაზღვრე ქვეყნები).
აქ ვუღრმავდებით მხოლოდ გეოპოლიტიკას და არა სხვა ტიპის ინტერესებს
გეოპოლიტიკა შეიძლება მნიშვნელოვანად განსაზღვრავდეს თუ ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად მორალი. შეიძლება ეკონომიკურად ან სხვა კუთხით მომგებიანი იყოს კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობა, მაგრამ მიუღებელი იყოს ამ ქვეყნის ქცევა.
მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, შეიძლება ჩვენთვის მომგებიანი იყოს გავხდეთ დერეფანი რუსეთში სანქცირებული ტვირთის მალულად გადასატანად, თუმცა ეს არ იქნება მორალურად გამართლებული.
აქ მხოლოდ გეოპოლიტიკაზე ვისაუბრებთ, რადგან ეს დგას ჩვენს დღის წესრიგში. უბრალოდ, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი და მორალი მუდამ უნდა გვახსოვდეს.
ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავერკვეთ ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ასევე უნდა გავიაზროთ ჩვენი ინტერესები. ინტერესების გააზრების შემდეგ კი – უნდა გავიაზროთ ვისთან რა გვაქვს საერთო, ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ. ამ პროცესში, უნდა ვეცადოთ ჩვენთვის ოპტიმალური შედეგების მიღწევას – შეიძლება ყველა მხარესთან იდეალური ურთიერთობა ვერ ავაშენოთ, მაგრამ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არსებული შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.
“საქართველოს უპირველეს ყოვლისა” – ეს ფრაზა ხშირად გვხვდება “ოცნების” პროპაგანდაში, გამრუდებული გაგებით. სწორი, ობიექტური გაგება კი ეს არის – რათქმაუნდა, საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ფრაზას კი არ უნდა ამოვეფაროთ, რეალურად ასე უნდა მოვიქცეთ. ვიპოვოთ ბალანსი, აღმოვაჩინოთ და დავიცვათ ჩვენი როლი საერთაშორისო ინტერესებში.
კი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ბალანსი მოსაძებნია, ინტერესები კი – ასაწონ-დასაწონი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვერსიაა ჭეშმარიტი – სამთავრობო არხები აყალიბებენ გარკვეულ თეორიებს, რომ “აი ასე უნდა მოვიქცეთ”, თუმცა ამ თეორიებს სჭირდება აქტიური განხილვა და დებატები.
როდესაც ამბობ, რომ მხოლოდ ამერიკის და ევროკავშირის ინტერესი კი არა, სხვა მოთამაშეების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, გეთანხმებით. ოღონდ, ამ თანხმობით საუბარი კი არ სრულდება, არამედ იწყება.
როგორ ვიპოვოთ ეს ბალანსი?
მაშ ასე – ურთიერთობა გვსურს და გვიწევს არაერთ მოთამაშესთან. როგორ დავარეგულიროთ ეს ურთიერთობები, როგორ ვიპოვოთ ბალანსი?
პირველ რიგში, გავარკვიოთ ვისთან რა საერთო გვაქვს
- გავარკვიოთ ჩვენი ინტერესები და პრიორიტეტები – რა გვჭირდება ყველაზე მეტად? უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, გამდიდრება… ჩვენ მოქნილი უნდა ვიყოთ, სხვადასხვა ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა უნდა ვიცოდეთ რა არის ის მთავარი, რასაც დაჟინებით ვითხოვთ.
- შევისწავლოთ თითოეული მოთამაშე – ვინ რას გვთავაზობს და ჩვენგან რას ელის სანაცვლოდ? მაგალითად, “ნატო” და ევროკავშირი გვთავაზობს დახმარებას რეფორმებში, უსაფრთხოებაში, მათთან ინტეგრაციაში, თურქეთი არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, რუსეთი კი გვიქმნის საფრთხეს და არის ანგარიშგასაწევი ძალა.
- ვიპოვოთ საერთო ინტერესები – ახლა უკვე შეგვიძლია დავადგინოთ რომელ მოთამაშესთან რა საკითხებში შეგვიძლია თანამშრომლობა ისე, რომ არ გავიფუჭოთ ურთიერთობა დანარჩენებთან.
თითოეულ მხარესთან ურთიერთობისას კი დავიცვათ ეს პრინციპები:
- ნეიტრალურობა კონფლიქტის დროს – იგულისხმება კონფლიქტი პარტნიორ ქვეყნებს შორის, მაგ. აზერბაიჯანის და სომხეთის ომის დროს.
- დივერსიფიკაცია – არ უნდა ვიყოთ მნიშვნელოვნად დამოკიდებული რომელიმე მოთამაშეზე. მაგალითად, ვმუშაობთ ევროკავშირთან, ამავდროულად ვაღრმავებთ ურთიერთობას მეზობლებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. განსაკუთრებით, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მტრულ მოთამაშეზე – რუსეთზე.
- ფრთხილი, დიპლომატიური კომუნიკაცია – გასაგებია, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილი რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, როგორც ყველაფერში, აქაც ბალანსია მნიშვნელოვანი. ანალოგიურად, გაუგებარია ყოველგვარი სიფრთხილის და დიპლომატიის დავიწყება როდესაც საქმე არანაკლებ ძლიერ და გავლენიან პარტნიორებს ეხება.
- გრძელვადიანი გეგმების დასახვა – არ უნდა დავაზიანოთ ხანგრძლივი ურთიერთობა დროებითი სარგებლის გამო.
წარმოვიდგინოთ ინტერესების ცხრილი
ურთიერთობა გვაქვს არაერთ მოთამაშესთან, თითოეულთან ვაწარმოებთ ინდივიდუალურ პოლიტიკას. ამ საკითხზე საუბარი რომ გავამარტივოთ, მივცეთ ამ ინფორმაციას ცხრილის სახე.
ქვემოთ როდესაც ვახსენებთ სიტყვა “ცხრილს”, ვიგულისხმებთ სწორედ ამ ინტერესების ანალიზს. რათქმაუნდა, ვიზუალური ფორმატი არ არის მნიშვნელოვანი – იქნება ეს ცხრილი თუ ტექსტი, ცხრილის ფორმატს ანალოგიისთვის ვიყენებთ.
მოთამაშე | გავლენის ხარისხი & შინაარსი | საერთო ინტერესი |
რუსეთი | მაღალი – ხელის შეშლა დასავლეთთან ინტეგრაციაში | ენერგიის ტრანსპორტირება, ვაჭრობა |
აშშ | მაღალი – რუსეთის გავლენის სფეროს შემცირება ახალი დემოკრატიული კერის გაჩენით | თავდაცვის გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება |
ევროკავშირი | მაღალი – რუსეთის გავლენის სფეროს შემცირება ახალი დემოკრატიული კერის გაჩენით | |
თურქეთი | საშუალო | |
ჩინეთი | ||
სომხეთი | ||
აზერბაიჯანი | ||
ირანი | ||
და ა.შ. |
- ერთად შევავსოთ ეს ცხრილი – ზემოთ მოცემულია უბრალო მაგალითი. საჭიროა საზოგადოებამ ერთად შევავსოთ ეს ცხრილი. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, შევთანხმდეთ, თუ როგორ გვესმის ამ მოთამაშეების გავლენა და ინტერესები. მაგალითად, გვჯერა, რომ ევროკავშირი ომში ჩართვას ან LGBT კანონების მიღებას გვიყენებს გაწევრიანების პირობად?
- ასეთი ცხრილი საჭიროა კონკრეტული ინიციატივების განხილვის დროსაც – ერთია, რომ ზოგადად შევთანხმდეთ თუ როგორ ვხედავთ ჩვენს პოლიტიკას ამ მოთამაშეებთან, მეორეა, რომ ასეთი ცხრილი საჭიროა შეიქმნას თითოეულ მნიშვნელოვან ინიციატივაზე. მაგალითად, როგორ გავლენას მოახდენს ასეთი გადაწყვეტილებები სხვადასხვა მოთამაშეზე – ვის გაახარებს, გაანაწყენებს, თუ გააბრაზებს:
- როდესაც ევროკავშირი გვთხოვს შევუერთდეთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მართლაც არ იყოს ეს სწორი – მიუხედავად მეგობრებთან ერთად დგომის სურვილისა, საფრთხე შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს. თუმცა, საჭიროა მსჯელობა და გამჭვირვალობა – ნამდვილად ამ საფრთხის გამო ვამბობთ უარს მეგობრების მოწოდებაზე, თუ პირადი ეკონომიკური გამორჩენისთვის?
- ან, ანაკლიის პორტზე როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ჩინეთი გარკვეულწილად უკეთეს პირობებს გვთავაზობს, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ – რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს ეს სხვა მოთამაშეებთან მიმართებაში.
- საერთო ინტერესი ნიშნავს ქვეყნის ინტერესს – როდესაც ვსაუბრობთ “საერთო ინტერესზე”, იგულისხმება ქვეყნის და არა მმართველი პარტიის ინტერესები. ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყოთ და განვასხვავოთ – ემსახურება ესა თუ ის კონკრეტული გადაწყვეტილება მმართველ პარტიას თუ ქვეყანას?
დაბოლოს, მაინც როგორ ვიპოვოთ ბალანსი?
ზემოთ შევეცადეთ აგვეხსნა როგორია ბალანსის ძიების პროცესი. შევაჯამოთ.
ჩვენ ურთიერთობა გვაქვს არაერთ მოთამაშესთან. საჭიროა მათთან საერთოს პოვნა და ჩვენთვის ოპტიმალური პოლიტიკის წარმოება. ამისთვის, საჭიროა როგორც ჩვენი საკუთარი ინტერესების გააზრება, ისე – მათი ინტერესების შესწავლა.
ამ საკითხების განხილვა უნდა იყოს თანმიმდევრული და გამჭვირვალე – საზოგადოებას უნდა ესმოდეს რაზე ვთანხმდებით.
სხვა შემთხვევაში, მთავრობას უჩნდება მანიპულაციის უზარმაზარი შესაძლებლობა – გაგვიზიაროს ზემოთმოცემული ცხრილის მხოლოდ მცირე ნაწილი და ჭეშმარიტებად შემოგვასაღოს საკუთარი სურვილები.
მაგალითად:
- თუ “ოცნება” ერთპიროვნულად შეავსებს ზემოთ მოცემულ ცხრილს, და იქ ჩაწერს რომ ევროკავშირის ინტერესი ჩვენთან მიმართებში არის ქართველი მამაკაცების ორიენტაციის შეცვლა, ბუნებრივია საერთო ინტერესებში ვეღარაფერს აღმოვაჩენთ და მოგვიწევს ცრუ არჩევანის გაკეთება – “ოცნების” მიერ ფალსიფიცირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პარტნიორების შერჩევა.
- თუ ის დაარღვევს დივერსიფიკაციის ბალანსს – ქართულ ბაზარს რუსეთზე დამოკიდებულს გახდის, შემდეგ კი ამ არგუმენტს გამოიყენებს ევროკავშირთან ურთიერთობის საწინააღმდეგოდ, აქაც ისევ ჩვენ – საზოგადოებამ უნდა ვუბიძგოთ რომ დაუბრუნდეს ჯანსაღ ბალანსს, ასეთი ტიპის დილემის წინაშე რომ აღარ დავდგეთ.
“იქ დიდი საკითხები წყდება, ჩვენ ვინ რას გვეტყვის…”
გვსმენია ასეთი გამონათქვამებიც – “გეოპოლიტიკა რთული საქმეა, რაღა დროს ევროკავშირია, სწორი ახლა ასე მოქცევაა, მაგრამ ყველაფერს ხომ არ გვეტყვიან”.
ეს ნიშნავს, რომ ბრმად ვანდოთ ერთ კონკრეტულ პარტიას ქვეყნის ურთიერთობები და მომავალი. რატომ არის ეს ცუდი აზრი, ამაზე ვრცლად ზემოთ და ქვემოთ გვიწერია. აქ მხოლოდ ერთს დავამატებთ.
მაგალითად, დავუშვათ მთავრობას ეშინია, რომ ევროკავშირში შესვლა გამოიწვევს რუსეთთან ახალ ესკალაციას. მას ასევე ეშინია საზოგადოების, რომ უთხრას “ევროკავშირში აღარ შევალთ”, ვაი თუ საზოგადოებამ ვერ გაუგოს მას? ამიტომ, ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. ეს არასწორია, არავის მიუცია “ოცნებისთვის” ასეთი მანდატი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი მოწყობა, სადაც მხოლოდ ერთეულებმა იციან რა სჯობს ქვეყნისთვის. თუ “ოცნება” ასეთ რისკს ხედავს, უნდა აგვიხსნას საზოგადოებას კონკრეტულად რა რისკს ხედავს და რა არგუმენტები აქვს, შემდეგ ერთად ავწონ-დავწონოთ და გადავწყვიტოთ.
რა მოხდება თუ ბალანსი დაირღვევა?
“ოცნება” ხშირად უსვამს ხაზს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვინმეს ვასალი, და ეს ასეც არის. ჩვენი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან უნდა ამოვიდეთ.
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე მსჯელობა – “ოცნება” არც საზოგადოებას უნდა მოექცეს როგორც ვასალს – გაუზიაროს ინფორმაციის მხოლოდ ერთი ნაწილი, დაუმალოს რეალური ზრახვები, მოსთხოვოს ბრმა ნდობა. არამედ, მან გამჭვირვალედ, არგუმენტირებულად, ღიად, ჩვენი აზრის მოსმენით უნდა შეავსოს ეს ინტერესების ცხრილი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ აგებს პასუხს იმაზე, თუ ერთ დღეს, იგივე ჩინეთის ან სულაც რუსეთის ვასალი აღმოვჩნდებით და “ოცნება” ისევ არ გვეტყვის ახლა ასეა საჭიროო?
კოალიციური მთავრობა, როგორც გამოსავალი
არსებობს არაერთი მოთამაშე, არაერთი ინტერესით. ეს ინტერესებიც, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე იცვლება – ძლიერდება, სუსტდება, უქმდება, ემატება.
აქ არ არსებობს ერთი, ზუსტი ვერსია. ამიტომ, “ოცნების” შემოთავაზებულ გეგმას ბრმად ვერ ვენდობით. საჭიროა განხილვა, დებატები, აზრების ჭიდილი. კოალიციური მთავრობა ამის გარემოს შექმნის.
გეოპოლიტიკაზე ყველას თავის აზრი აქვს
გეოპოლიტიკაზე საუბარს შეიძლება ბევრგან შეესწრო – სამსახურში, სამსახურისკენ მიმავალ ტრანსპორტში, თუ სახლიდან გამოსვლისას – ბირჟაზე. ყველას საკუთარი აზრი აქვს გეოპოლიტიკაზე, ბევრიც დარწმუნებულია მის სიმართლეში – ზუსტად იცის როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში. ეს ერთგვარი აზარტული თავშესაქცევია.
ჩვენ, მოქალაქეები ვერ მივანდობთ ქვეყნის ბედს ასეთ ისტორიებს, შეთქმულების თეორიებს, დილეტანტურ მსჯელობას. ჩვენ ვერც მხოლოდ “ოცნების” ან ოპოზიციურ მედიას ვენდობით, რომელზე მოწვეული ექსპერტებიც ცალმხრივად გვთავაზობენ კონკრეტულ სურათს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ საპირისპირო აზრის მქონე ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მსჯელობას და გავიგოთ რაზე და რატომ ვთანხმდებით.
რატომ ვერ ვენდობით “ოცნებას”?
როგორიც არ უნდა იყოს “ოცნება”, ცალმხრივად, დებატების გარეშე, ასეთი კომპლექსური საკითხი არ უნდა წყდებოდეს. ამასთან ერთად, გვაქვს დამატებითი მიზეზები, რატომ არ უნდა გადაწყვიტოს ეს განსაკუთრებით “ოცნებამ”:
- იყენებს საკითხის კოპლექსურობას – ნაცვლად იმისა, რომ “ინტერესების ცხრილი” გამჭვირვალედ, არგუმენტირებულად შეავსოს, ის საზოგადოებას გვიზიარებს დამახინჯებული ინფორმაციის ნაგლეჯებს და ცდილობს საკუთარი სურათის ჩამოყალიბებას.
- სტიგმატიზაცია – ეწევა იმ ადამიანების სტიგმატიზაციას, ვისაც სჯერა, რომ ეს ცხრილი გადახრილი უნდა იყოს დასავლეთისკენ. ეს ადამიანები, “ოცნების” რიტორიკით, არიან დასავლეთის აგენტები და მხოლოდ იმიტომ იცავენ ამ პოზიციას, რომ დასავლეთის ფულს იღებენ. რატომ არ უნდა ვიფიქროთ იგივე “ოცნებაზე”? რომ ისინი რუსეთის, ჩინეთის და ირანის აგენტები არიან? ასეთი სტიგმატიზებით სწორ პოლიტიკას ვერ ჩამოვაყალიბებთ.
- ტყუილი – მაგალითად, ერთის მხრივ “ოცნება” ამბობს, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ, მეორეს მხრივ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის საზიანო იქნება, მესამეს მხრივ აცხადებს, რომ მზად არის ახლავე მოაწეროს ხელი წევრობას, თუ ამას ევროკავშირი შესთავაზებს. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რიტორიკა მიანიშნებს ფარულ ზრახვებზე, მანიპულაციაზე, თუნდაც უბრალოდ ტყუილზე.
- განსხვავებული აზრის არარასებობა – შეძლება ერთ პარტიაშიც არსებობდეს აზრთა ჭიდილი, თუმცა ასეთი რამ “ოცნებაში” არ გვახსენდება. პარტიისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად – მაგ. “აგენტების კანონის” შემოღება, გაწვევა თუ თავიდან შემოღება. აზრთა სხვადასხვაობა მოჩვენებითად იჩენს ხოლმე თავს სხვადასხვა შემთხვევაში. მაგალითად 2019 წელს დაპირებული პროპორციული არჩევნები, “ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა ჩააგდო. (მოიქცნენ ისინი ქვეყნის თუ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შენ განსაჯე).
შეჯამება
ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი ხედვა თუ როგორ უნდა განვიხილავდეთ გეოპოლიტიკას სწორად. თუ ჩვენი სურვილია ასეთი მსჯელობა შედგეს.
ერთის მხრივ, ჩვენ უნდა გავიაზროთ საკუთარი ინტერესები, შევისწავლოთ სხვების და ვიპოვოთ საერთო. მეორეს მხრივ, ეს პროცესი არ უნდა მიჰყავდეს მხოლოდ ერთ ძალას, ამ შემთხვევაში – “ოცნებას”. სხვა შემთხვევაში, მას რჩება დიდი სივრცე მანიპულაციისთვის, საკუთარი პარტიული ინტერესების ჭეშმარიტებად შეფუთვისთვის.
საჭიროა სხვადასხვა აზრზე მყოფი ადამიანების მსჯელობა, დებატები. კოალიციური მთავრობა კი სწორედ ამის საფუძველია.