სად ვაძლევ ხმას? (საქართველოში)

3030 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ ერთში შეგიძლია ხმის მიცემა. ეს უბანი შენთვის ავტომატურად არის არჩეული, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

1️⃣ გადაამოწმე

იმის გასაგებად, თუ სად აძლევ ხმას, მიყევი ამ მარტივ ნაბიჯებს:

  1. გახსენი ვებ-გვერდი: voters.cec.gov.ge
  2. შეიყვანე შენი პირადი ნომერი და გვარი
  3. დააჭირე “ძებნას”

გამოჩნდება შენი მონაცემები. ასევე, გამოჩნდება “ოლქი/უბანი”, რომელზე დაჭერითაც ნახავ ზუსტ მისამართს.

ოლქზე დაჭერისას გაიხსნება ზუსტი რუკა

2️⃣ მისამართის შეცვლა გინდა?

თუ ამჟამად სხვაგან ცხოვრობ, და ვერ ახერხებ იმ უბანში ხმის მიცემას, რომელიც “ცესკოს” საიტზე ნახე, საჭიროა გადაეწერო ახალ მისამართზე. პროცედურა უფასოა.

  1. თუ ბინის მესაკუთრე ხარ, სხვა არავინ გჭირდება.
  2. თუ არ ხარ – გჭირდება ბინის მესაკუთრის დასტური.
  3. განაცხადის წარსადგენად საჭიროა მისვლა ადგილობრივ იუსტიციის სახლში ან ელექტრონული ფორმის შევსება.
ელექტრონული განაცხადის ინსტრუქცია

ინსტრუქციას შეგიძლია აქ გაეცნო: sda.gov.ge/?page_id=10938 . საქართველოს გარედან ამ ვებ-გვერდზე შესასვლელად შესაძლოა VPN დაგჭირდეს.

ამიტომ, აქაც გაგიზიარებთ ამ ინსტრუქციას (დაკოპირებულია sda.gov.ge-დან):

როგორ შევიცვალო რეგისტრაციის ადგილი სახლიდან გაუსვლელად?

სახლიდან გაუსვლელად რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად ვებგვერდზე დაარეგისტრიროთ განაცხადი და დაადასტუროთ მოთხოვნა ელექტრონული ხელმოწერით ან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

ვის შეუძლია შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი ონლაინ რეჟიმში პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით?

პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად აუცილებელია ახალი მისამართი წარმოადგენდეს განმცხადებლის საკუთრებას, ხოლო სხვა პიროვნების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა დადასტურებული იყოს ელექტრონული ხელმოწერით. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი პირი.

ვის შეუძლია შეიცვალოს რეგისტრაციის ადგილი პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით?

პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად აუცილებელია ახალი მისამართი წარმოადგენდეს განმცხადებლის საკუთრებას, ხოლო სხვა პიროვნების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში მესაკუთრის თანხმობა ან ორი ფიზიკური პირის დასტური (იხ.შესავსები ფორმა), ასევე გამოხატული იყოს ვიდეოკომუნიკაციის საშუალებით. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი პირი.

რა ტექნიკური საშუალებებია საჭირო ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის ადგილის შესაცვლელად?

ონლაინ რეჟიმში მისამართის შესაცვლელად აუცილებელია პირადობის ელექტრონული მოწმობის წამკითხველი ან ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.

რა ვადაში ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა და რა საფასურია დაწესებული?

სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, რეგისტრაციაში ატარებენ:

ა) მესაკუთრეს და მესაკუთრის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილები, ნაშვილები, მშვილებელი, ნაშვილებისა და მშვილებლის მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები, შვილების,შვილიშვილებისა და შვილიშვილის შვილების მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), ბებია, პაპა, და ან ძმა და მათი მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), და-ძმის შვილები, შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები, ასევე ამ უკანასკნელთა მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), მეურვე, მზრუნველი ან სხვა ნათესავი (მაგალითად, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიცოლა და სხვ.);

ბ) პირებს, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან (გარდა მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლის შემთხვევისა) ან რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად/ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს მიერ;

გ) პირებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ მისამართის მითითების გარეშე და რომელთა პირადობის ელექტრონული მოწმობა შეჩერებულია რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის გამო, და რეგისტრაციას გაივლიან კონკრეტულ მისამართზე ამ წესის შესაბამისად;

დ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს.

ე) პირებს, რომლებიც პირველად გაივლიან მისამართზე რეგისტრაციას (წარსულში არ იყვნენ სხვა მისამართზე რეგისტრირებულნი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.

როგორ უნდა მივხვდე განცხადება დარეგისტრირდა თუ არა?

განცხადების წარმატებით რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას მოქმედების წარმატებით შესრულების შესახებ, სადაც ასევე მითითებული იქნება თქვენი განცხადების ნომერი და კოდი, რომლითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი განცხადება.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადი მიღებულად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელთან ვიდეოზარით დაკავშირებისა და შესაბამისი ვიდეოჩანაწერის განხორციელების შემდეგ.

როგორ შემიძლია შევამოწმო ახალი რეგისტრაციის მისამართი?

ახალი მისამართის გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე პირადობის ელექტრონული მოწმობის ნომრის საშუალებით.


არჩევნების დღეს სხვა ქვეყანაში იქნები?

თუ საქართველოში არ ხარ, და ვერც ახერხებ ჩამოსვლას ხმის მისაცემად, მიყევი ამ ინსტრუქციას: სად ვაძლევ ხმას? (სხვა ქვეყანაში)

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx