შენ ამბობ: არჩევნებში ხმების უმეტესობა მივიღეთ, 1 120 000 ვართ!
აქ არ განვიხილოთ არჩევნები, დავუშვათ, რომ არ გაყალბებულა. ამ დაშვებით ვისაუბროთ.
რა შეიცვალა არჩევნების შემდეგ?
არჩევნების შემდეგ ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა:
- ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა – არჩევნებამდე, ქართული ოცნება ჯერ კიდევ ამბობდა, რომ ევროკავშირისკენ სვლა რჩებოდა პრიორიტეტად. 28 ნოემბერს კი მასთან ურთიერთობა ოფიციალურად გავწყვიტეთ.
- ძალადობის ახალი ტალღა – ამ განცხადებას მოჰყვა აქციები, აქციებს კი – დარბევა. დარბევა განსაკუთრებული სისასტიკით, ძალადობით. პოლიციის და ინსტიტუტების რეპუტაციის საბოლოო განადგურებით.
აღარ ჩავეძიოთ სხვა საკითხებს, როგორიცაა პროტესტის შემზღუდავი კანონების შემოღება. თითოეული ეს კანონი არანაკლებია აგენტების კანონზე, თუმცა იმდენი რამ ხდება, ყველა საკითხზე ერთდროულად საუბარი რთულია.
საზოგადოების ნაწილისთვის კიდევ უფრო მკაფიო გახდა, როგორ გამოიყურება საქართველოს მომავალი – პოლიციური სახელმწიფო რამენიმე აზიელი მეგობრით. შეიძლება იკითხო – “კი, მაგრამ ხომ ავირჩიეთ ეს მთავრობა? ვაცალოთ და გადავირჩიოთ 2028-ში”. ეს არგუმენტი არ მუშობს მაშინ, როდესაც მთავრობა გადაუხვევს მთავარ დაპირებებს, კონსტიტუციას. საჭიროა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ზეწოლის გარეშე, სადაც ადამიანები ხმას მისცემენ იმის ფონზე, რაც უკვე მკაფიოდ დაინახეს და არა ილუზიას, რომელსაც მათ უქმნიდნენ არჩევნებამდე.
ჩნდება შეკითხვა, ხომ არ შეიცვალა რიცხვი 1 120 000 ამ ყველაფრის შემდეგ?
რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს, რომ მთავრობამ მოუსმინოს?
დავუშვათ, რომ ისევ დარჩა 1 120 000 ადამიანი, ვინც მომხდარის მიუხედავად მხარს უჭერს მთავრობას.
რის არგუმენტად გამოდგება ეს? ჩაგვრის გასამართლებლად? სულ რომ 500 ადამიანი გამოვიდეს არ უნდა მოუსმინოს მთავრობამ? ასეთი სახელმწიფო გვინდა? თუ კი, ჩავწეროთ კონსტიტუციაში სიმართლე, ნუ ვიტყვით ტყუილს.
- კონსტიტუცია და სამართალი – ამოვიღოთ ან შევცვალოთ მუხლი 4.2, რომელიც ადამიანის უფლებებზე საუბრობს ან 4.3, სადაც ძალაუფლებლის გადანაწილებაზეა აქცენტი გაკეთებული. თუ ყველა ამ მუხლის დარღვევა მისაღებია, თუ დამრღვევი არის უმრავლესობაში, ჩავწეროთ ეს პირდაპირ.
- რელიგია და მორალი – უმეტესობის მიერ ძალის გამოყენება უმცირესობის დასაჩაგრად არც რელიგიით ან მორალით არის გამართლებული. მოსახლეობის 83%-ზე მეტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს. შენ როდის დაიცავ შენს უფლებას – როდესაც უსამართლოდ მოგექცევიან, თუ როდესაც ბევრნი იქნებით? ეს ხომ მთლიანად საქართველოს ისტორიაა.
- პრაგმატიზმი – საქართველოში მინიმუმ 1 200 000 ადამიანია, ვინც პირდაპირ არის დამოკიდებული ბიუჯეტზე. საზოგადოების უფრო მცირე ნაწილი გამოიმუშავებს შემოსავალს, რათა შეინახოს საზოგადოების მეორე, უფრო დიდი ნაწილი. ასეთი ბალანსი დამაზიანებელია, თუმცა ეს რომ დავივიწყოთ – არაპრაგმატულია რომ ამ დიდმა ნაწილმა პატარა ნაწილზე იძალადოს. რათქმაუნდა, არც ერთ მხარეს არის ყველა ერთ აზრზე, თუმცა ეს რიცხვები საყურადღებოა.
აქვე, როდესაც რიცხვობრივ არგუმენტს ვახსენებთ, უნდა ვთქვათ, რომ მთავრობა დედაქალაქში უმცირესობაშია.
შეჯამება
აქ გაგიზიარეთ ჩვენი პოზიცია. იმ დაშვებითაც კი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, გაგიზიარეთ არგუმენტები, თუ რატომ არის ეს ნათქვამი არასწორი – სამართლებრივად, რელიგიურად, მორალურად თუ უბრალოდ პრაგმატულად.
თუ ამ არგუმენტებზე მნიშვნელოვნად მაინც რიცხვები რჩება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთავრობამ წააგო დედაქალაქში. აქციების წამყვანიც დედაქალაქია.