შენ ამბობ: თუ არ ეთანხმებით ამ ინციდენტებს (ქვის სროლა, კუბოს დაწვა თუ სხვა), რატომ არ აჩერებთ ამ ადამიანებს? გამოდის, რომ თქვენც ემხრობით და თქვენც ასეთები ხართ?
პროტესტზე ათასობით ადამიანი ვდგავართ. დაგეგმილ დღეებში კი ათიათასობითაც. ყველა ინდივიდები ვართ – გვაქვს ჩვენი საქმე, შეხედულებები. ჩვენს ქმედებაზეც პასუხს ინდივიდუალურად ვიღებთ. გვაერთიანებს მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნები, პროტესტი კონკრეტულ საკითხზე – იქნება ეს კონსტიტუციიდან გადახვევა თუ მოქალაქეებზე ძალადობა.
არის შემთხვევები, როდესაც ვაჩერებთ სხვადასხვა ადამიანს. თუმცა, ეს ყოველთვის ვერ მოხდება. იმ ასობით ძალადობით ისტორიიდან, რომელსაც ვისმენთ – იქნება ეს მრავალჯერადი ცემა, გაუპატიურების მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია იბადება ემოციური მუხტი – ამ ადამიანების ახლობლებში თუ სხვა გულშემატკივრებში. არ არის მარტივი დავამშვიდოთ ადამიანი, ვის ძმაზე თუ დაზე დამცირებით იძალადა ნიღბიანმა ჯგუფმა და დღესაც იმავეს აპირებს.
რთულია ამ საკითხზე მარტივად ისაუბრო – “ეს უნდა გვექნა” ან “არ გვექნა”. როგორც ამბობენ, განსჯა მარტივია. რომ გადავხედოთ განვლილ პერიოდს, შეიძლება ვიპოვოთ მომენტები, სადაც სხვანაირად ჯობდა მოქცევა.
- სახელმწიფოს ვალია აღკვეთოს დანაშაული ისე, რომ მშვიდობიან მოქალაქეს არ შეუზღუდოს უფლებები. არ არის სწორი რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე გადავიტანოთ. სახიფათოც კი არის.
- არაპრაქტიკულია – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ აქციაზე, სადაც ათასობით ან ათიათასობით ადამიანია, და რომლის თავი და ბოლოსაც კი ვერ ვხედავთ, არ იქნება ლოკალური გამწვავებული კერები – ვინმე ქვას არ აიღებს ხელში.
- დავუშვათ, რომ ყველა ქვის მსროლელი აღვკვეთეთ. თუ რამდენიმე ათეული ქვის მსროლელი საკმარისია სრულიად აქციის “გასაშავებლად”, რა შეუშლის ხელს მთავრობას, რომ რამდენიმე პროვოკატორი ჩანერგოს? და გააგრძელოს დარბევები?
- ის, რომ ასეთ ინციდენტებს არ ან ვერ აღვკვეთთ, საკმარისი მიზეზია შენთვის, რომ სრულიად აქციას დაუძახო აგრესიული, და ამით დაეხმარო სისტემას ძალადობის გამართლებაში?
ვფიქრობთ, რომ გაუმართლებლად მაღალ სტანდარტს გვიწესებთ აქციის თითოეულ მონაწილეს და ეს იმის ფონზე, რომ სისტემის უზარმაზარ ძალადობაზე თითქმის არ საუბრობთ.
ვეწინააღმდეგებით ეკლესიას?
ზემოთმოყვანილი კომენტარები რელიგიასთან დაკავშირებულ ინციდენტებსაც ეხება. სამთავრობო პროპაგანდა სრულიად მომართულია, რომ თითოეული ინციდენტი განაზოგადოს აბსოლუტურად ყველა მონაწილეზე და დაგვარქვას ნაცები, სატანისტები, უსამშობლოები, ასეთები თუ ისეთები.
ეს ხომ ცილისწამებაა? რელიგიის დაცვის მოტივით, ცილისწამებით, განკითხვით და ძალადობით ფიქრობ მოქმედებას? მაგალითად, გადახედე მამა შალვას ვიდეოზე ჩვენს კომენტარს.
ჩვენც ხომ შეგვიძლია განვაზოგადოთ?
ეს განზოგადების მიდგომა ჩვენც ხომ შეგვიძლია გამოვიყენოთ?
- არსებობს ამ რეჟიმის არაერთი მხარდამჭერი, რომელსაც ფინანსური ინტერესი აქვს რეჟიმთან – იქნება ეს გამარტივებული ტენდერები, პირდაპირი მოსყიდვა, საჯარო სექტორში დასაქმება თუ სხვა. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველანი მოსყიდულები ხართ?”
- ნიღაბჩამოხდილი სადისტი რობოკოპების დიდ ნაწილს, Facebook გვერდზე მრავალი ხატის სურათი უდევს. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველა მათგანი ასეთი მოძალადე ფარისეველია?”
- ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონტრაქციაზე, არაერთი ნარკომანი თუ აგრესიული მთვრალი ადამიანი იყო, რომლებიც არანაირ პროვოკაციაზე უკან არ იხევდნენ. დავუშვათ, რომ ისინი ყველა ასეთი იყო?
შეგვიძლია მეტი და უფრო მძაფრი მაგალითის მოყვანაც. კი, განზოგადების პრობლემა ჩვენს მხარესაც არის. ფაქტი ერთია – განზოგადებით შორს ვერ წავალთ. დავუტოვოთ ეს სივრცე პროპაგანდისტულ ტელევიზიებს – გვეძახონ ორივე მხარეს სხადასხვა სახელი. ჩვენ კი – ვესაუბროთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ, დავუახლოვდეთ.