შენ ამბობ: არ მომწონს, რომ პროტესტი აგრესიულია – ისვრიან ქვებს, ფეიერვერკებს, წვავენ ურნებს, შეურაცხყოფას აყენებენ სპეცრაზმელებს.
ჩვენც მომხრე ვართ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის. თუმცა, მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ აგრესია, რადგან პროპაგანდა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ამ აგრესიის გაზვიადებას, რათა გაამართლოს ძალადობა სამართალდამცავების მხრიდან.
- იცი თუ არა რამდენმა ადამიანმა ისროლა ქვა ან ჩაიდინა სხვა სახის დანაშაული? რამდენი იყო აქედან ვინც თავდაცვის მიზნით აიღო ხელში, როდესაც უყურებდა მის მეგობარს როგორ უსწორდებოდა ნიღბიანების ჯგუფი? დაკვირვებიხარ როგორ ხდება დარბევა? აქ ადამიანების გაფანტვა კი არ არის ხოლმე მიზანი – პირიქით, მათი ალყაში მოქცევა, რაც შეიძლება მეტის დაჭერა და ცემა.
- იცი რამდენი ისეთი მოქალაქეა ნაცემი, ვინც უბრალოდ იდგა, არც ქვა არც ჯოხი ხელში აუღია?
- დარწმუნებული ხარ, რომ ყველა დარბევის დაწყებას ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა? რას იტყვი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც სპეცრაზმის ერთ-ერთი მონაწილე საყვირით აგინებდა ყველა მონაწილეს, ყოველგვარი აგრესიის გამოვლენამდე?
- შენ როგორ მოიქცეოდი, ამ კადრებს რომ შესწრებოდი? იმედოვნებდი, რომ ეს ბიჭი გადარჩებოდა, თუ შეეცდებოდი მიხმარებას? გაამტყუნებდი ადამიანს, ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა?
- იმის მიუხედავად, თუ რა გააკეთა აქციის მონაწილემ – ისროლა ქვა, ფეიერვერკი, შეიგინა თუ სხვა, აქვს თუ არა სამართალდამცავს უფლება დაკავების შემდეგ, ბორკილდადებულს, ჯგუფურად, გამორჩეული სისასტიკით და დამცირებით სცემოს? კანონიერად რომ არ აქვს ეს ფაქტია, შენგან მორალური შეფასება არის საინტერესო.
- თუ ვინმემ რაიმე დააშავა, მას იჭერენ (თუ ის არ არის მაღალჩინოსნის ნათესავი), ხშირად – სისხლის სამართლის მუხლითაც. რატომ არ იჭერენ არცერთ სამართალდამცავს, რომელმაც გაცილებით მეტად, სადისტურად, ჯგუფურად, სასიკვდილოდ გაიმეტა უამრავი ადამიანი?
მთავარი პრობლემა არ არის რამდენიმე ათეული ნასროლი ქვა. მთავარი პრობლემა არის ამ ქვების სროლის ფაქტების გამოყენება მასშტაბური, სისტემური ძალადობის გასამართლებლად მშვიდობიან ადამიანებზე. პროპაგანდის ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია მოძალადის ვიქტიმიზაცია – მოძალადის, როგორც მსხვერპლის მოხსენიება ან რეალურ მსხვერპლთან ტოლობის ნიშნის დასმა.
ვინ დაიწყო?
შენ ამბობ: ფეიერვერკებს და ქვებს რომ ესროდით, აზიანებდით პოლიციელებს, ამიტომ მოუწიათ მათ პასუხის გაცემა. რომ ამოიღეს ფეიერვერკები, და დაიჭირეს მოძალადეები, ძალადობაც შეწყდა.
პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის წესით და არა ემოციით თუ პირადი შურისძიებით. “იმან დაიწყო და ამიტომ ვცემეთ ჯგუფურად” არ არის პოლიციელის, ზრდასრული ადამიანის არგუმენტი. მითუმეტეს, რომ მრავალი მაგალითი გაგიზიარეთ, სადაც ძალოვანები ძალადობენ ყოველგვარი მსგავსი მიზეზის გარეშე, სადაც მათ მიზნად აქვთ არა აგრესორის განეიტრალება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქის დასჯა.
თუმცა, ჩავეძიოთ ქრონოლოგიას. თუ გაქვს დამაზუსტებელი ინფორმაცია, დაგვიტოვე კომენტარი.
- 28 ნოემბერი – ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტა, რასაც მოჰყვა პროტესტი.
- 29 ნოემბერი – დაიწყო აქციის მონაწილეების და ჟურნალისტების დარბევა და ცემა, დაზარალდა ათობით მონაწილე, ძალოვანები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, “იმედის” მიხედვით დაშავდა 5 პოლიციელი (ფაქტების გაზიარების გარეშე);
- 30 ნოემბერი – გრძელდება აქციები და მათ მონაწილეებზე ძალადობა, აქ პირველად გამოჩნდა პიროტექნიკა;
- 1 დეკემბერი – გრძელდება ძალადობა, პირველად დაიწვა ნაგვის ურნა;
აქციის მონაწილეებთან ერთად ზიანდებოდნენ ძალოვანებიც, შსს-ს თქმით ეს არის რამდენიმე ათეული პირი, თუმცა საზოგადოებას არ აქვს ფაქტები – სურათი (თუნდაც დამალული სახით), ვიდეო ან სხვა მტკიცებულება. ნანახი გვაქვს მხოლოდ POSTV-ის გავრცელებული ვიდეო, რომელიც 1-ელ და 2 დეკემბერს დაზიანებულ ძალოვანებს ასახავს.
ფაქტი ერთია – ქმედება იწვევს უკუქმედებას, “ვინ დაიწყოს” გარჩევით შორს ვერ წავალთ, კონკრეტული ადამიანების უკანონობის გამო, ძალოვანები არ უნდა გავიდნენ კანონის ჩარჩოდან.
პიროტექნიკა და ურნის დაწვა გაჩნდა პირველი ორი დღის სასტიკი დარბევების პასუხად – საზოგადოებას აქვს სურვილი დაიცვას თავი აგრესიისგან. კი, ორივე მხარეს აქვს სურვილი მიიწეროს “თავდაცვის” სურვილი, მაგრამ ფაქტები, დაშავებული ადამიანების რაოდენობა და ფორმა აჩვენებს სად არის სიმართლე.
შენი გადმოსახედიდან, რამდენად აგრესიულია ეს აქციები?
ასეთ რამეს გთავაზობთ – იმის მაგივრად, რომ თქვა აქცია აგრესიული არის თუ არა, შეაფასე – რამდენად აგრესიულია ის? წარმოიდგინე შკალა 0-დან 10-მდე. 0 ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი აქცია, სადაც ყველაფერი სრული სიმშვიდით მიმდინარეობს. 10 – ეს არის აბსოლუტურად აგრესიული აქცია, სადაც ნადგურდება ყველა და ყველაფერი.
ასეთი შეფასება დაგვეხმარება ობიექტურობაში.
რა ქულას მიანიჭებდი ამ აქციას? რა ფაქტები გახსენდება, რომელთა გამოც ეს ქულა მიანიჭე? ქვის სროლა, ურნის დაწვა, შეურაცხყოფის მიყენება..
საბოლოოდ, დაფიქრდი შეკითხვაზე – შენი ამ შეფასებით რა დასკვნის გამოტანას ცდილობ? გადაწონა კი ამ ჩამონათვალმა სისტემის დანაშაული? გააკეთე დაშვება, რომ თუ აქციის აგრესიულობა შეფასდა პირობითად “7 ქულით”, სისტემა მზად არის დაიჭიროს და დაასისხლიანოს ასობით მონაწილე და კიდევ ერთხელ დაფიქრდი – ამ 7 ქულის უკან, ნამდვილად ღირებული არგუმენტები გაქვს?
სხვა მაგალითიც შეგიძლია სცადო: თუ ოდესმე გიჩხუბია, საკმარისია ეს რომ დაგერქვას აგრესიული ადამიანი? რამდენი ჩხუბია საკმარისი? ცადე ანალოგიური ლოგიკით მიუდგე აქციის შეფასებასაც.
“თუ ძალადობას არ ემხრობით, რატომ არ აღკვეთეთ?”
ასეთი შეკითხვაც შეიძლება გაგიჩნდეს. ეს ცალკე განვიხილოთ – გააგრძელე კითხვა.
შეჯამება
ჩვენ არ ვემხრობით აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას. თუმცა, მედია ცდილობს ეს გაუთანაბროს სისტემის მხრიდან ძალადობას, რაც სრულიად არასწორია.