შენ ამბობ: რატომ დგახართ ქუჩაში? არ მჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა. სად არის ფაქტები?
არჩევნების გაყალბება არ არის მიმდინარე პროტესტის წამყვანი მიზეზი. არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში ქუჩაში რამდენიმე ასეული ადამიანი იდგა.
მასიური პროტესტი დაიწყო ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, 28 ნოემბრიდან. შესაბამისად, არასწორია თქმა, რომ არჩევნების შედეგებს ვაპროტესტებთ. არჩევნების შემდეგ მომხდარმა არაერთმა ამბავმა განაპირობა პროტესტის შექმნა ან მასიურად ზრდა. ახალი, ან ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ამ ამბების გამო დგას დღის წესრიგში.
თუმცა, რადგან არჩევნების გაყალბებაზე სვამ შეკითხვას, გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას.
კანონიერად ჩატარდა არჩევნები?
პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 37.2
თუ, ეს არჩევნები იყო:
- საყოველთაო – გაიხსნა საზღვარგარეთ საკმარისი უბნები ჩვენი მოქალაქეებისთვის?
- თავისუფალი – გარეუბნებში და რეგიონებში მობილიზებული არ იყო სხვადასხვა ჯგუფები, რათა ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურად და ზოგჯერ ფიზიკურად ეძალადათ? და ამაზე ძალოვანები თვალს არ ხუჭავდნენ, რამაც დამატებით შეაშინა ადამიანები?
- თანასწორი – იყენებდა ხელისუფლება დიდ, ძლიერ საჯარო რესურსს საკუთარი პარტიული ამომრჩევლის მოსაზიდად?
- წლების განმავლობაში საჯარო სექტორის შტატები ხელოვნურად არ გაამრავლა, რათა გაეზარდა პარტიაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა.
- ძალოვანი უწყებები არ იყო მომართული ოპოზოციურად განწყობილი ადამიანების და ბიზნესების დაშინება-დაჩაგვრაზე (მაგ. ტენდერები, ლიცენზიები და სხვა).
- არ გამოიყენა საარჩევნო კამპანიისთვის საბიუჯეტო რესურსები (სამსახურეობრივი დრო, მანქანა, საწვავი და სხვა).
- ქოლცენტრებზე თუ შავი ფულის სხვა წყაროებზე თვალი არ ჰქონდა დახუჭული შავი სალაროს შესავსებად.
- არ გამოიყენა წდომა ყველანაირ მონაცემზე მოწყვლად ადამიანებთან ინდივიდუალურად მიდგომისთვის, მაგ. ავადმყოფისთვის მკურნალობის დაპირება და სხვა.
- საარჩევნო სისტემაში, მათ შორის “ცესკოში”, ძალთა თანაფარდობა მმართველი პარტიის ინტერესების მიხედვით არ დააკომპლექტა და გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ მიიღო.
- “ოცნების” ოფისში მიტანილ 1 პასპორტში ან პირადობაში 100 ლარს არ უხდიდა ადამიანებს, მათ შორის 17-18 წლის ახალგაზრდებს და ამ პირადობებს შემდეგ კარუსელებისთვის არ იყენებდა.
- ფარული – ადამიანი რომ ხედავდა მოღიავებულ კაბინას, ბიულეტენს რომელიც ჟონავდა, იქვე ახლოს მდგომ კამერას, ის მაინც დარწმუნებული იყო ამ პროცესის ფარულობაში და ეს მასზე ფსიქოლოგიურად არ მოქმედებდა. მას არ ექმნებოდა განცდა, რომ არასწორი არჩევანის გამო სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა. შემდეგ კი ახლობლებს არ უზიარებდა ამ გამოცდილებას.
თუ ეს ყველაფერი არ მომხდარა, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები სწორად ჩატარდა და ხალხმა კონსტიტუციურად აირჩია ხელისუფლება.
თუ ეს ყველაფერი მოხდა, და თვლი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყოველთვის ხდებოდა, ჩვენ არ ვთვლით რომ ეს მისაღები არგუმენტია. რაც ადრე ხდებოდა სწორედ ის აღარ უნდა მოხდეს. თუ ძალადობას, უსამართლობას და ყველაფერ სხვას ამ არგუმენტით გავამართლებთ, ვერასდროს განვვითარდებით.
მოხდა კი ეს ყველაფერი? სად არის ფაქტები?
..სად არის ფაქტები?
საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით. ამ ფაქტებს ყურადღება ათასობით თუ ათიათასობით ადამიანმა მიაქცია. თუმცა, ბუნებრივია, საჭიროა მტკიცებულებები.
ათასობით ოქმი არის წარდგენილი საგამოძიებო უწყებებში. ამ დარღვევების ნაწილი ასევე აღწერილია ODIHR-ის დასკვნაშიც (რომლის თარგმანიც არც “ქართულ ოცნებას” და არც ოპოზიციას საზოგადოებისთვის დღემდე არ შემოუთავაზებიათ). გამოძიების დაპირება მრავლად არის, თუმცა ეს დაპირებად რჩება.
დამტკიცება რთული ან შეუძლებელი ხდება მაშინ, როდესაც მტკიცებულება იმის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, ვინც ეს მტკიცებულება უნდა განიხილოს – მმართველი პარტიის, და მის მიერ მართული სახელმწიფო უწყებების. მათ არ აქვთ რეალური გამოძიების მოტივაცია.
ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ფარულობის დარღვევის საკითხი – ის, რაც ათიათასობით ადამიანმა საკუთარი თვალით ვნახეთ – როგორ ჩანდა გაფერადებული ადგილი ბიულეტენის უკანა მხარეს, მხოლოდ ერთმა, თეთრიწყაროს მოსამართლემ დაადასტურა, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა – ის რაც, პირდაპირი მნიშვნელობით, “შავით თეთრზე” ჩანდა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ ჩანდა. ასეთ გარემოში მსჯელობის ადგილი აღარ რჩება.
ერთის მხრივ, ვისმენთ მოთხოვნას “დაგვიდეთ მტკიცებულებები”, მეორეს მხრივ – მტკიცებულად არ ითვლება დამკვირვებლების მონათხრობი და ოქმები, მოქალაქეების აღიარება სხვისი პირადობით ხმის მიცემაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ჟურნალისტური გამოძიებები და სხვა.
დროულად რატომ არ წარადგინეთ?
კარგი, ეს ფაქტები შეიძლება არსებობს, დროულად რატომ არ წარადგინეთ? რატომ არ ატყდა განგაში დღის განმავლობაში?
საარჩევნო პერიოდში კეთდებოდა არაერთი სიუჟეტი სხვადასხვა დარღვევაზე, დაშინებაზე. თუმცა, აქ არჩევნების დღეს ჩავეძიოთ.
არჩევნების დღეს, დამკვირვებლების მიერ, დაიწერა ათასობით საჩივარი. თუმცა, საჭიროა ამ საჩივრების ანალიზი – არჩევნების დღის შემდეგ ორგანიზაციები ესაუბრებიან ერთმანეთს, უზიარებენ დაკვირვებას, უცვლიან დარღვევების სიას და ცდილობენ ჩამოაყალიბონ საერთო სურათი.
არჩევნების დღეს შესაძლებელი არის მოლოდ დარღვევების აღრიცხვა – ოქმების შედგენა, რაც მოხდა კიდეც. ამ ოქმების გაერთიანება-დახარისხებას, ორგანიზაცებსშორის განხილვას კი დრო სჭირდება.
და რა გავლენა მოახდინა ამ დარღვევებმა არჩევნებზე?
კარგი, შეიძლება მოხდა ასეთი დარღვევები, მაგრამ რა გავლენა იქონია ამან არჩევნებზე? შეცვლიდა შედეგს?
საბოლოოდ, ეს არის მთავარი კითხვა. და მთავარი სირთულეც.
არსებობს საკმარისი ფაქტები და არგუმენტები, რათა დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას. გამოძიება რატომ არ იწყება, ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები არ არის ჩვენი, ხალხის კონტროლის ქვეშ, ამიტომ ამ გამოძიებას ჩვენ ვერ შევძლებთ.
ასევე, ამ ყველაფრის გამოძიება-ანალიზს თავი რომ ავარიდოთ, შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ ყველაზე მარტივზე – ფარულობის დარღვევაზე. კონსტიტუცია შავით თეთრზე ამბობს, რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული. ჩვენც, ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ შავით თეთრზე გაჟონა ბიულეტენებმა და ამით დაირღვა ფარულობა. აქ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად იმოქმედა ამ ფაქტმა ადამიანებზე, ეს არ არის განხილვის საკითხი. ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი, არაორაზროვანი დარღვევა.
საბოლოოდ, რას ითხოვთ?
ზემოთ ვისაუბრეთ თუ რატომ არ ვენდობით ამ არჩევნების შედეგებს. არსებობს ფაქტები, ჩვენებები, თუმცა ამ მასალას სჭირდება გამოძიება და ანალიზი, რათა დადგინდეს რა გავლენა იქონია ამ დარღვევებმა საბოლოო შედეგზე. გამოძიება კი არ ხდება – თუ სისტემური დანაშაული მართლაც არსებობს, ამას თავად ცენტრალიზებული სისტემა არ გამოიძიებს.
გამოძიების გარდა, არსებობს ფარულობის საკითხი, რომელიც ცალკე აღებულიც კი აბსოლუტურად საკმარისია არჩევნების დასახარვეზებლად, თუმცა მოსამართლეები ვერ ხედავენ იმ გაჟონვას, რაც ყველა სხვა ადამიანმა დავინახეთ.
ამიტომ, ამ დიალოგის გაგრძელებას აზრი ეკარგება.
ასევე ავხსენით, რომ ეს საკითხი არ არის მიმდინარე პროტესტის წამყვანი მიზეზი.
შესაბამისად, გარდა იმისა რომ ამ საკითხზე უფრო დეტალურად საუბარი უბრალოდ არ გამოვა, არც არის საინტერესო ჩვენთვის ამ ეტაპზე, სხვა საკითხებთან შედარებით.