ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა

28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე 2028 წლამდე.

რით ახსნა მან ეს გადაწყვეტილება?

მთავრობის თქმით, ევროკავშირი გრანტებს შანტაჟისთვის იყენებს, ამიტომ საქართველო აჩერებს მოლაპარაკებებს და დამოუკიდებლად განაგრძობს რეფორმების გატარებას. მისი თქმით, საქართველო ეკონომიკურად თუ დემოკრატიულად მზად იქნება 2028 წელს რომ გახსნას მოლაპარაკება 2030 წელს გაწევრიანებაზე.

რა ხარვეზებია ამ განმარტებაში?

  • თუ ევროკავშირი გვამცირებს, გვჩაგრავს, გვაშანტაჟებს, რატომ გვაქვს იმედი რომ 2028-ში ეს შეიცვლება? რატომ გვსურს ასეთ საშინელ კავშირში გაწევრიანება?
  • 2028 წლამდე თუ დამოუკიდებლად აპირებს მთავრობა რეფორმების გატარებას, ვინ შეამოწმებს პროგრესს? შეზღუდული არასამთავრობოების და ახლა უკვე ევროკავშირთან ოფიციალურად გაწყვეტილი ურთიერთობის ფონზე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის, რომ 4 წლით ვენდოთ მთავრობას, რომ მაღალი ტემპით დანერგავს ცვლილებებს, რომლებიც 12 წელი არ დაუნერგავს. რა მოხდება მაშინ, თუ 2028 წელს გაირკვევა, რომ რიგი მიზეზების გამო რეფორმების უმეტესობა გატარებული არ არის? ტყუილი ხომ აღარ არის უცხო?!
  • მოლაპარაკებები ასევე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რათა ეს კანონები და ცვლილებები სწორად, ეფექტიანად, პროფესიონალურად გატარდეს – მოვისმინოთ ევროკავშირის გამოცდილებები, უკეთ გავიგოთ რას გვთხოვენ. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი – საჭიროა მუდმივად ამ რეჟიმში მუშაობა.
  • 2028 წელი ხომ არჩევნების წელია? რა მოხდება მაშინ, თუ არსებული მთავრობა წავა და სხვა პარტია ან კოალიცია მოვა სათავეში? პასუხისმგებლობას ვინ აიღებს დაუმდგარ შედეგზე? ეს ხომ ნიშნავს, რომ მთავრობა ამბობს – “სანამ მე ვარ მთავრობაში, ევროკავშირს არ დაველაპარაკები, მერე როგორც გინდათ ისე მოიქეცითო”.
  • ამ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, პროტესტს მოჰყვა გამორჩეულად სასტიკი დარბევები და სისტემური ძალადობა, ასევე მოჰყვა კანონები – პოლიციაში აყვანას ტრენინგი აღარ დასჭირდება, საჯარო მოხელის სამსახურიდან გაშვება თუ დაქვეითება უკიდურესად მარტივდება, პროტესტზე მისულ ადამიანს კი სხვადასხვა ჯარიმები გაუოცმაგდა, ამასთან – პოლიციას მისი ხელახალი დაკავებისთვის მიზეზი აღარ სჭირდება. თითოეული ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში ვერშესვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. საეჭვოა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში საპირისპირო, მაღალი ხარისხის კანონშემოქმედებას მიჰყოფს ხელს მთავრობა.

არ ჯობს მოვემზადოთ და ისე შევიდეთ?

ირაკლი კობახიძემ და შემდგომში შალვა პაპუაშვილმა ასევე გააკეთეს აქცენტი მზაობაზე – რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე ევროკავშირი დამაზიანებელი იქნება და ეს სხვადასხვაგვარად ახსნეს.

ამაზე ცალკე ვისაუბრებთ – რა არის ამ განცხადებებში სიმართლე, ნახევრადსიმართლე ან უბრალოდ ტყუილი.

მანამდე, ერთ კითხვას ვსვამთ: თუ, მათი ლოგიკით, საქართველოსთვის ევროკავშირში ახლავე გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება, მაშ როგორ გავიგოთ აქტიური სამთავრობო კამპანია “შემოგვთავაზოს ევროკავშირმა გაწევრიანება და ახლავე ხელს ვაწერთ!”?

შეჯამება

ამ განცხადებებში ვხედავთ ორ ძირითად ურთიერთგამომრიცხავ ნაწილს:

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე დამაზიანებელია, მაგრამ ახლავე მოვაწერთ ხელს თუ ევროკავშირი ამის მზაობას გამოთქვამს.
  • ევროკავშირი გვაშანტაჟებს და გვჩაგრავს, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ 2028 წლამდე, რომ მათთან ურთიერთობა განვაახლოთ.

ეს განცხადებები, ჩვენი შეფასებით, ემსახურება ადამიანების დაბნევას და მათთვის ნიჰილიზმის გაჩენას, მათ შემზადებას რომ “ჩვენ კი მოვუკლებთ მათთან მუშაობას, მაგრამ შენც არ უნდა გეწყინოს ეს”.


გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx