დაპირისპირება მამა შალვასთან

ხუთშაბათს, 13 დეკემბერს, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქ გვინდა შევეხოთ რამდენიმე ძირითად საკითხს, და გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია. ყველა ფაქტი დალინკულია წყაროზე, გადამოწმება რომ შეძლო.


როგორ დაიწყო ეს ინციდენტი?

ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობის დროს, ტაძართან ჩავლისას, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქუჩიდან დაიწყო ძახილი, რომ “მამა შალვა არის პროპაგანდისტი”, და მიაყენა მას შეურაცხყოფა (“უნამუსო, უსირცხვილო”). აქციის მონაწილეები ამ დროს აგრძელებდნენ მსვლელობას.


მამა შალვას ვიდეო მიმართვა

მამა შალვამ, დაპირისპირების შემდეგ ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელმაც მალევე დააგროვა ასობით ათასი ნახვა, ამიტომ გვსურს ჩვენი კომენტარი გაგიზიაროთ რამდენიმე მონაკვეთზე.

რა თქვაჩვენი კომენტარი
0:12 – ის ამბობს, რომ მას ტაძარში მიუვარდნენ. მალევე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა ამ ინციდენტს, და კიდევ უფრო მძიმედ – ეკლესიის დარბევად და ქრისტიანობის დევნად შეაფასა.
🆕 განახლება: რამდენიმე დღის შემდეგ, მან თავად გადათქვა ეს ნათქვამი.
გადახედე ინციდენტის დაწყებას და შენ თვითონ შეაფასე – იყო ეს ეკლესიაზე თავდასხმა, თუ ქუჩიდან მიყენებული შეურაცხყოფის ქუჩაშივე განხილვა.
0:25, 1:17 – ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ…მისი ეს ნათქვამი არ ეხება ამ ინციდენტს, არამედ ის ამბობს ზოგადად, ბუნდოვნად – “ხალხზე”, “ტელევიზიებზე”. ეს ემთხვევა მთავრობის პროპაგანდას, როგორიცაა “ისინი არიან სატანისტები”, “ყველანი არიან რადიკალი ნაცები”.
0:45, 2:56 – იმეორებს “ეკლესიაში მოვარდნის” კომენტარს, ადარებს ამას კომუნისტების რეჟიმს ისეთი ანალოგიით, როგორიცაა “მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა”, “დახვრეტა”.მოვარდნად ეს ინციდენტი რამდენად უნდა შეფასდეს, ამაზე პირველ პუნქტში ვისაუბრეთ. აქ, მამა შალვა კიდევ უფრო მძიმედ წარმოაჩენს ამ საკითხს და წარადგენს ისე, თითქოს ეს დაგეგმილი ოპერაცია იყო “მოდი, მივუვარდეთ მამა შალვას, გამოვათრიოთ ეკლესიიდან”.
1:32 – კომენტარი “დამწვარ კუბოზე”აქ ასევე ეხება კუბოს დაწვის პერფორმანსს. ამ პერფორმანსზე გამოხმაურებებს ცალკე განვიხილავთ, აქ უბრალოდ იმას ვუსვამთ ხაზს, რომ ნაცვლად კონკრეტული ინციდენტის განხილვისა, ის კიდევ აგრძელებს სხვადასხვა ამბების ჩამოთვლას, რითიც ცდილობს გააერთიანოს გარკვეული ჯგუფები და, ნებით თუ უნებლიედ, დაუქვემდებაროს პროპაგანდის ძირითად ხაზს.
2:10 – “გვლანძღავენ, გვაგინებენ, რუსეთის მომხრეებს გვეძახიან”აქაც, გრძელდება არა ამ ინციდენტის განხილვა, არამედ ბუნდოვანი პროპაგანდის ხაზი – ვინ გეძახით, ვინ გლანძღავთ, და ვის გეძახით ან ვის გლანძღავთ? არ საუბრობს ინდივიდებზე – უშუალოდ მას ვინ რა უთხრა, თვითონ რას ფიქრობს. გამოყოფს ჯგუფებს და წარმოაჩენს მათ დაპირისპირებულად.
3:55 – “80 000 ები აქვთ ხელფასები და ოპერატორს 1 200 ლარს უხდიან, მღვდლებს რომ გვაყვედრიან რაღაცეებს”აქაც, გრძელდება სხვადასხვა ამბების და საკითხების ჩამოთვლა, რომელიც “მეორე მხარეს” და მის უარყოფითად წარმოჩენას ემსახურება. ამასთან, კერძო ტელევიზიის და სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვა როგორ ხდება – ეს განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ეს ცალკე საკითხია.

აქ ვცადეთ მნიშვნელოვანი მონაკვეთების განხილვა. რომ შევაჯამოთ ეს ვიდეო მიმართვა, ეს არის ჩვენი ძირითადი კომენტარი:

  • ტყუილი ან შეგნებული გაზვიადება – არაერთხელ ითქვა ისეთი ფრაზები, როგორიცაა “მოგვივარდნენ”, “ეკლესიიდან გამოვათრიოთ მამა შალვა”, “ბარემ დაგვხვრიტეთ”. სინამდვილეში, გარედან გაგონილი მოწოდებების და რეპლიკების გამო, მამა შალვა და რამდენიმე თანხმლები პირი თვითონ გავიდნენ ქუჩაში.
  • მანიპულაციური განზოგადება და მხარეების დაპირისპირება – ნაცვლად ამ კონკრეტული ინციდენტის განხილვისა, მამა შალვა მალევე გასცდა ამ განხილვას და ჩამოთვალა არაერთი სხვა ინციდენტი თუ ამბავი, თუ როგორ წვავენ კუბოს, როგორ იღებს ნიკა გვარამია დიდ ხელფასს, როგორ აგინებენ “ისინი” პატრიარქს, როგორი “უნამუსოები, გამყიდველები და რუსები” არიან “ისინი”. ის საუბრისას ლავირებს ამ უკიდურეს განზოგადებასა და კონკრეტიკას შორის. ჩვენი განცდით, მიზანი არის შემდეგი: ჩაძიების შემთხვევაში მას შეუძლია თქვას “არა, მე მხოლოდ ამა და ამ ადამიანს ვგულისხმობდი”, ჩაძიებამდე კი ის ყველა ლოკალურ ინციდენტს საერთო პროპაგანდაში აერთიანებს, რომელიც ძალიან ჰგავს შემდეგს: “რუსთაველზე დგანან სისხლიანი ნაცები”.
  • ის ხაზს უსვამს რომ ამ ორი ჯგუფიდან ერთ-ერთის წევრია – გარდა იმისა, რომ ხდება კონკრეტული ინციდენტების განზოგადება და ორ დაპირისპირებულ მხარედ წარმოჩენა, მამა შალვა მკაფიოდ მიაკუთვნებს თავს ერთ-ერთ ჯგუფს – “გვეძახიან”, “გვაგინებენ”, “მალე ალბათ დაგვხვრეტენ”. ეს კი ბიძგია მისი მრევლისთვის, რომ დაიცვან თავი ამ “ორგანიზებული შტურმისგან”, რომელსაც მამა შალვა აღწერს.

კონკრეტული ინციდენტის განზოგადება, როგორც პროპაგანდის იარაღი

განზოგადებით მანიპულაციას ზემოთ შევეხეთ. აქ ერთი მაგალითით გვინდა შევავსოთ ეს საუბარი.

რამდენიმე ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მღვდელს. ამ ამბიდან, პროპაგანდის დახმარებით შეგვიძლია გამოვიყვანოთ ასეთი სურათი:

  • რამდენიმე ადამიანი = ყველას ვინც რუსთაველზე დგას – იმისთვის, რომ შენ ამაში დარწმუნდე, საჭიროა ამ ერთი ამბიდან ბევრ სხვა ამბავზე გადასვლა და ამ ყველაფრის ერთმანეთში არევა (გადახედე ჩვენს კომენტარებს მამა შალვას ვიდეოზე, ზემოთ).
  • ერთი მღვდელი = მთელს ეკლესიას, ქრისტიანობას – ამაში დასარწმუნებლადაც, ის საუბრობს არა საკუთარ თავზე, არამედ მრავლობითში – “გვებრძვიან”, “კომუნისტებიც ასე ხვრეტდნენ მღვდლებს”, “ეკლესიას არბევენ”.

საბოლოოდ, ვიღებთ ასეთ სურათს:

რეალურადპროპაგანდა
რამდენიმე ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მღვდელს.აქციის ყველა მონაწილე უპირისპირდება ეკლესიას, ქრისტიანობას.

ასეთი შეცდომა რიგით მოქალაქეს შეიძლება დაემართოს – აერიოს კონკრეტული და ზოგადი, ვერ დაიცვას თანმიმდევრულობა ფაქტების აღქმის და გადმოცემის დროს, დაერღვეს კონტექსტი. მაგრამ, როდესაც ამას აკეთებს სასულიერო პირი ან ხელისუფლების წარმომადგენელი, ეჭვი ჩნდება არა უბრალო ადამიანურ შეცდომაზე, არამედ – გამიზნულ მანიპულაციაზე, პროპაგანდაზე.

თუ ყველა ეგეთი არ ხართ, რატომ არ აჩერებთ იმ ერთეულებს?

ძირითადი არგუმენტი, რომელიც ჟღერდება ხოლმე არის ეს. მაგალითად, თუ ვინმემ ქვა ისროლა, და ეს ყველა დანარჩენმა არ აღკვეთა, ეს ხომ ნიშნავს რომ ისინიც ქვის მსროლელები არიან?

ეს არგუმენტი ხომ ყველაზე თანაბრად მუშაობს? როდესაც აქციაზე 350+ ადამიანს სახის და სხვა ძვლებს ულეწავენ, აქციის წევრები კი საზოგადოების გაჩუმებულ ნაწილს სთხოვენ ხმა ამოიღონ, ეს ნაწილი კი ამბობს “ნუ გვაბულინგებ განსხვავებული აზრის გამო, ჩვენი გადასაწყვეტია როდის რას ვიტყვით!”. იგივე არგუმენტით, საზოგადოების ეს ნაწილიც ხომ ის რობოკოპი გამოდის, რომელიც უკვე დაკავებულ ადამიანს გამეტებით ურტყამს? ის პოლიცია ხომ მათი ხელფასებიდანაც ფინანსდება?

ჩვენ არ გვსურს სრულად ჩავიხსნათ პასუხისმგებლობა აქციის სხვა მონაწილეების ქცევაზე, გარკვეულწილად ჩვენ ერთმანეთს წარმოვადგენთ. თუმცა, ვერც პასუხისმგებლობის სრულად აღებას დაგპირდებით – ადამიანები თვითონ წყვეტენ როგორ მოიქცენ და საბოლოოდ, პასუხისმგებლობასაც საკუთარ საქციელზე თვითონ იღებენ. ნებისმიერი მცდელობა, რომ ერთი ადამიანის ან ჯგუფის გამო უფრო დიდი ჯგუფი გასამართლდეს არის უსამართლო და არაქრისტიანული.

ამიტომ, შევთანხმდეთ თამაშის ერთ წესზე – რა გვგონია სწორი და რა არასწორი – არა კონკრეტულ შემთხვევაში, ვისაც როგორ “აწყობს”, არამედ – ზოგადად. სხვა შემთხვევაში, ეს ფარისევლობაა. და კი, ფარისევლობაც ადამიანის უფლებაა, ჩვენ ვერავის ვერაფერს ავუკრძალავთ.


ძალადობის გაუფასურება

350+ სასტიკად ნაცემ ადამიანზე ვართ აღშფოთებულები. ვითხოვთ მხარდაჭერას ადამიანებისგან. ზოგჯერ, ამ ღელვის, ტერორის, სტრესის ფონზე შეიძლება ისე ვერ ვთქვათ რაიმე, რომ ყველას თანაბრად მოეწონოს.

ამის ფონზე, მეორე მხარისგან ისმის ზედაპირული კომენტარები. მაგალითად, მამა შალვაც შეეხო ვიდეო მიმართვაში ამ საკითხს და მართლაც ახსენა, რომ დაკავებულების ცემა არ შეიძლება, საშინელებაა (3:27). თუმცა, მალევე გააგრძელა “მაგრამ”-ით და თქვა, “აბა ეკლესიაში უნდა მოგვივარდეთ და დაგვხოცოთ?”. ერთია თქვა “ხომ ვახსენე რომ ძალადობა ცუდია?”, მეორეა თუ რა საკითხზე როგორ აქცენტს აკეთებ. როდესაც 15 დღის განმავლობაში ორჯერ ახსენებ რომ ძალადობა ცუდია, და დაუსრულებლად ისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ისვრიან ფეიერვერკს, როგორ ანაგვიანებენ ქუჩებს და აგინებენ სამართალდამცავებს, ეს აღწერს შენს პრიორიტეტებს.

რთულია 13 დეკემბრის ინციდენტი რომ “ეკლესიაში მივარდნად და ეკლესიის ხოცვად” აღვიქვათ. ეს ფანტაზიის და პროპაგანდის ნაყოფია, რაც ზემოთ უფრო დეტალურად განვიხილეთ.

სხვა სიტყვებით – პროპაგანდის ამ ხაზის ლოგიკა ასეთია – კი, ვგმობ ადამიანებზე ძალადობას, მაგრამ ეკლესიას რომ არბევთ აბა როგორ გინდათ?! პროპაგანდას სჭირდება რომ “თავის მხარეს” ხდებოდეს რაიმე ისეთი, რასაც ძალადობის საპირწონე კონტრარგუმენტად გამოიყენებს და რითაც ძალადობას გაამართლებს. რადგან ასეთი რამ არ ხდება, უწევს მოგონება, შეთხზვა.

აქვე, პოლიციელის მხრიდან სასულიერო პირებზე ძალადობა, რატომ არ მოყვა ოდნავ მსგავსი აღშფოთება მაინც იგივე პირებისგან?


სხვა

ზემოთ გაგაცანით ჩვენი აზრი და პოზიცია ამ ინციდენტზე და უფრო მეტად – ინციდენტის შემდეგ ჩაწერილ ვიდეო მიმართვაზე და გაკეთებულ განცხადებებზე. აქ გაგიზიარებთ რამდენიმე დამატებით კომენტარს:

  • მღვდლის როლი დაძაბულ სიტუაციაში – ჩვენი აზრით, აღელვებულ ადამიანთან საუბრისას, მღვდელმა უნდა მოუსმინოს მას და მოექცეს ისე, როგორც მის მრევლის მოექცეოდა. არ უნდა აღიქვამდეს ადამიანებს მხარეებად. არ უნდა დაიწყოს ყვირილით თავის მართლება და დაფიცება, რომ რეალურად ის კარგი ადამიანია და მტკიცება, თუ როგორ უყვარს ქვეყანა. გასაგებია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს ასეთი რამ, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოეთხოვება სასულიერო პირს.
  • მამა შალვამ დაწყევლა ყველა, ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა (თუმცა მოგვიანებით შეცვალა ნათქვამი) – არ ვეთანხმებით 1) წყევლას ქრისტიანისგან, მითუმეტეს მღვდლისგან და 2) ადამიანების დაწყევლას პოლიტიკური შეხედულებების გამო. კი, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ადამიანებს, მაგრამ სწორი გზა მათთან საუბარია.
  • “რო გარდაეცვლებათ შვილი ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან?” – ეს იყო ერთ-ერთი რთულად მოსასმენი მომენტი ამ ინციდენტიდან, 350+ ნაცემი ადამიანის ფონზე. რატომ არის “შვილის გარდაცვალება” მოსალოდნელი ფაქტი, რატომ არის ის პირველი აზრი, რომელმაც უნდა გაგიელვოს, როდესაც გინდა ადამიანი დაარწმუნო მღვდლის არსებობის საჭიროებაში? ან რატომ უნდა დააყვედროს თუ დაემუქროს მღვდელი წესის არაგებით მშობლებს?