რატომ არ აღკვეთავთ ინციდენტებს?

შენ ამბობ: თუ არ ეთანხმებით ამ ინციდენტებს (ქვის სროლა, კუბოს დაწვა თუ სხვა), რატომ არ აჩერებთ ამ ადამიანებს? გამოდის, რომ თქვენც ემხრობით და თქვენც ასეთები ხართ?

პროტესტზე ათასობით ადამიანი ვდგავართ. დაგეგმილ დღეებში კი ათიათასობითაც. ყველა ინდივიდები ვართ – გვაქვს ჩვენი საქმე, შეხედულებები. ჩვენს ქმედებაზეც პასუხს ინდივიდუალურად ვაგებთ. გვაერთიანებს მხოლოდ კონკრეტული მოთხოვნები, პროტესტი კონკრეტულ საკითხზე – იქნება ეს კონსტიტუციიდან გადახვევა თუ მოქალაქეებზე ძალადობა.

არის შემთხვევები, როდესაც ვაჩერებთ სხვადასხვა ადამიანს. თუმცა, ეს ყოველთვის ვერ მოხდება. იმ ასობით ძალადობის ისტორიიდან, რომელსაც ვისმენთ – იქნება ეს მრავალჯერადი ცემა, გაუპატიურების მუქარა თუ სხვა, ბუნებრივია იბადება ემოციური მუხტი – ამ ადამიანების ახლობლებში თუ სხვა გულშემატკივრებში. არ არის მარტივი დავამშვიდოთ ადამიანი, ვის ძმაზე თუ დაზე დამცირებით იძალადა ნიღბიანმა ჯგუფმა და დღესაც იმავეს აპირებს.

რთულია ამ საკითხზე მარტივად ისაუბრო – “ეს უნდა გვექნა” ან “არ გვექნა”. როგორც ამბობენ, განსჯა მარტივია. რომ გადავხედოთ განვლილ პერიოდს, შეიძლება ვიპოვოთ მომენტები, სადაც სხვანაირად ჯობდა მოქცევა.

  • სახელმწიფოს ვალია აღკვეთოს დანაშაული ისე, რომ მშვიდობიან მოქალაქეს არ შეუზღუდოს უფლებები. არ არის სწორი რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე გადავიტანოთ. სახიფათოც კი არის.
  • არაპრაქტიკულია – ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რომ აქციაზე, სადაც ათასობით ან ათიათასობით ადამიანია, და რომლის თავს და ბოლოსაც კი ვერ ვხედავთ, არ იქნება ლოკალური გამწვავებული კერები – ვინმე ქვას არ აიღებს ხელში.
  • დავუშვათ, რომ ყველა ქვის მსროლელი აღვკვეთეთ. თუ რამდენიმე ათეული ქვის მსროლელი საკმარისია სრულიად აქციის “გასაშავებლად”, რა შეუშლის ხელს მთავრობას, რომ რამდენიმე პროვოკატორი ჩანერგოს ან სხვაგვარი პროვოკაცია მოაწყოს?
  • ის, რომ ასეთ ინციდენტებს არ ან ვერ აღვკვეთთ, საკმარისი მიზეზია შენთვის, რომ სრულიად აქციას დაუძახო აგრესიული, და ამით დაეხმარო სისტემას ძალადობის გამართლებაში?
  • რატომ ანზოგადებ მხოლოდ უარყოფით ინციდენტებს, და არა შობის ღამეს, აქციის მონაწილეების მიერ ქუჩის მუდმივად დალაგებას, ერთმანეთისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას, ქართულ მრავალხმიან სიმღერას, ხორუმს?

ვფიქრობთ, რომ გაუმართლებლად მაღალ სტანდარტს გვიწესებ აქციის თითოეულ მონაწილეს და ეს იმის ფონზე, რომ სისტემის უზარმაზარ ძალადობაზე თითქმის არ საუბრობ.

ვეწინააღმდეგებით ეკლესიას?

ზემოთმოყვანილი კომენტარები რელიგიასთან დაკავშირებულ ინციდენტებსაც ეხება. სამთავრობო პროპაგანდა სრულიად მომართულია, რომ თითოეული ინციდენტი განაზოგადოს აბსოლუტურად ყველა მონაწილეზე და დაგვარქვას ნაცები, სატანისტები, უსამშობლოები, ასეთები თუ ისეთები.

ეს ხომ ცილისწამებაა? რელიგიის დაცვის მოტივით, ცილისწამებით, განკითხვით და ძალადობით ფიქრობ მოქმედებას? მაგალითად, გადახედე მამა შალვას ვიდეოზე ჩვენს კომენტარს.

გააგრძელე კითხვა

შენ რატომ არ გვეხმარები?

თუ შენ გვეთანხმები იმაში, რასაც ვაპროტესტებთ, უბრალოდ არ მოგწონს ფორმა – რომ ზოგიერთი ადამიანი ისვრის ქვას თუ ბოთლს, რატომ არ შემოგვიერთდები ამ საქმეში რომ ერთად ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე? შენც ჩვენთან ერთად იდექი აქციის პირველ დღეებში და ქვის სროლის დაწყების შემდეგ მიატოვე პროტესტი, თუ თავიდანვე არ გაგჩენია პროტესტი?

თუ პასუხი არის მეორე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქვის სროლის გამო კი არ ერიდები აქციაზე დგომას, არამედ – უბრალოდ სურვილი არ გაქვს, ან საკმარისად არ გაბრაზებულხარ? ეს შენი ნებაა, უბრალოდ ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს.

ჩვენ ვცდილობთ ვესაუბროთ განსხვავებულ აზრზე მყოფ ადამიანებს, როდესაც ამ საკითხს განვიხილავთ, არაერთხელ მივსულვართ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ ადამიანს ქვის სროლა კი არა, ზოგადად ეს პროტესტი არ მოსწონს, არ უნდა რომ “აირიოს სიტუაცია”, არ სჯერა, რომ საკმარისი მიზეზი არსებობს.

ჩვენც ხომ შეგვიძლია განვაზოგადოთ?

ეს განზოგადების მიდგომა ჩვენც ხომ შეგვიძლია გამოვიყენოთ?

  • არსებობს ამ რეჟიმის არაერთი მხარდამჭერი, რომელსაც ფინანსური ინტერესი აქვს რეჟიმთან – იქნება ეს გამარტივებული ტენდერები, პირდაპირი მოსყიდვა, საჯარო სექტორში დასაქმება თუ სხვა. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველანი მოსყიდულები ხართ?”
  • ნიღაბჩამოხდილი სადისტი რობოკოპების დიდ ნაწილს, Facebook გვერდზე მრავალი ხატის სურათი უდევს. სწორი იქნება ვთქვათ, რომ “ყველა მათგანი ასეთი მოძალადე ფარისეველია?”
  • ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონტრაქციაზე, არაერთი ნარკომანი თუ აგრესიული მთვრალი ადამიანი იყო, რომლებიც არანაირ პროვოკაციაზე უკან არ იხევდნენ. დავუშვათ, რომ აქციის ყველა მონაწილე ასეთი იყო?
  • ქვის სროლას და კუბოს დაწვას ხედავ და ამბობ, რომ აქცია აგრესიული და “სატანისტურია”. ხორუმს, “გვიმღერიას“, გარეკახურ საჭიდაოს ხედავ და ეჭვობ, ამას ადამიანები შენს მოსატყუებლად აკეთებენ.

შეგვიძლია მეტი და უფრო მძაფრი მაგალითის მოყვანაც. კი, განზოგადების პრობლემა ჩვენს მხარესაც არის. ფაქტი ერთია – განზოგადებით შორს ვერ წავალთ. დავუტოვოთ ეს სივრცე პროპაგანდისტულ ტელევიზიებს – გვეძახონ ორივე მხარეს სხადასხვა სახელი. ჩვენ კი – ვესაუბროთ ერთმანეთს, მოვუსმინოთ, დავუახლოვდეთ.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx