მიხაილ როთის ვიზიტი

მიმდინარე დღეებში, საქართველოში ჩამოსული იყო მიხაილ როთი. ის ჩართულია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

გვინდა გამოვეხმაუროთ მის მიერ გაზაფხულზე, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას.

როგორ უნდა შექმნათ საქართველოსთვის ნათელი მომავალი, ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!

ეს განცხადება ჯერ კიდევ აქტუალურია სამთავრობო მედიაში, გთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას.

ჩვენ არ ვიცით, მან ზუსტად რა იგულისხმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ დელიკატურ საკითხზე, ასეთი ბუნდოვანი, ხისტი განცხადება მიუღებელია როგორც ეთიკურად, ისე პრაგმატულად – ეს განცხადება იქცა ოცნების პროპაგანდის ძლიერ იარაღად. ეს მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა საინფორმაციო ომი – პარლამენტარებმა და “ააიპ”-ების წარმომადგენლებმა არაერთი არგუმენტი გაუზიარეს  “ოცნებას”, ვენეციის კომისიამ თანამშრომლობა შესთავაზა კანონის გასაუმჯობესებლად, ამ დროს ეს განცხადება  “ოცნებამ” გამოიყენა მიმდინარე მოვლენების გადასაფარად “ეკლესიაზე თავდასხმის” ბრალდებით და აქციის მონაწილეების გასაშავებლად თითქოს მართლმადიდებლობას ვებრძოდით.

გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ მიხაილ როთის ამ განცხადებაზე: 


თუ ის მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მმართველი პარტიის მოკავშირეა…

ამ განცხადებაში ალბათ გულისხმობს ეკლესიის კონკრეტულ გავლენიან წარმომადგენლებს, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ: ქრისტიანული მართლმადიდებლობა, როგორც რელიგია და მართლმადიდებლები – კონკრეტული ადამიანები თავიანთი აღქმებით, ცოდნით, შესაძლებლობებით.

მართლმადიდებლური ეკლესია (რელიგია) ვინმეს მოკავშირე ვერ იქნება, შესაძლებელია მხოლოდ ის, რომ ზოგიერთი ადამიანი მის სახელს ამოეფაროს საკუთარი მიზნებისთვის.


თუ მას მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა საზოგადოების ნაწილზე უარყოფით გავლენას ახდენს..

როგორ ესმის კონკრეტულ ადამიანს მართლმადიდებლური ან ნებისმიერი სხვა სწავლება, დამოკიდებულია ამ დამიანზე და არა თავად სწავლებაზე. სხვა უამრავი რელიგია, ფილოსოფიური მიმართულება, იდეა, მათ შორის დემოკრატია ბევრ ადამიანს არასწორად ესმის ან არასწორი მიზნებისთვის იყენებს.

მართლმადიდებლობა ადამიანის და ღმერთის მიმართ აბსოლუტურ და უპირობო სიყვარულს ქადაგებს და ამის მისაღწევად გვთავაზობს გზას, რომელიც გადის საკუთარი ცოდვებისგან განთავისუფლების ძალიან რთულ ბრძოლაში გამარჯვებაზე, საკუთარ თავთან. თუ რომელიმე ადამიანს ცოდვებთან ბრძოლა ესმის როგორც პირველ რიგში, სხვის ცოდვებთან ბრძოლა, ეს რელიგიის “ბრალი” არ არის.


თუ ის მართლმადიდებლობაში პრობლემას ხედავს, როგორც რუსეთის გავლენის ინსტრუმენტში (“ერთმორწმუნეობის” ნარატივი)…

შევახსენებთ, რომ რუსეთი გავლენას ახდენს ათეისტურ ჩრდილოეთ კორეაზე, მუსლიმურ ყაზახეთზე, გრიგორიანულ – სომხეთზე და სხვა.

მისი გავლენის ინსტრუმენტი არის არა რელიგია როგორც ჭეშმარიტების ძიების საშუალება, არამედ ჭეშმარიტების დამახინჯება და ეს ნებისმიერი რელიგიის, იდეის, ფილოსოფიის დამახინჯებით არის შესაძლებელი.

ის ყოველთვის ეძებს საზოგადოებისთვის ძვირფას ღირებულებებს, ტრადიციებს თუ ინსტიტუტებს და ცდილობს მათ გამოყენებას საზოგადოებისვე საპირისპიროდ. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ღირებულებებზე და ინსტიტუტებზე უნდა ვთქვათ უარი. სანაცვლოდ, ჩვენ უკეთ უნდა გავერკვეთ, უკეთესი განათლება მივიღოთ და უკეთ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.


დასკვნა: ჩვენ ვაშენებთ ქართულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს. რელიგიას, მართლმადიდებლობას ისტორიულადაც და ახლაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოში. ასეთი ზედაპირული და არასწორი განცხადები აზიანებს საქართველოს (მათ შორის ევროპულ) მომავალს.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx