ეუთო/ოდირის დასკვნა

აქ შემოგთავაზებთ ეუთო/ოდირის დასკვნიდან ამოღებულ საინტერესო ნაწყვეტებს, რომლებიც ეხმიანება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს და ადასტურებს, რომ ეუთო/ოდირმაც დაინახა და ასახა ეს პრობლემები საკუთარ დასკვნაში.

პრობლემები ეხება როგორც არჩევნების დღეს, ისე – არჩევნებამდელ და მის შემდგომ პერიოდს, შექმნილ გარემოს, განხილულ საჩივრებს და სხვა.

ეუთო/ოდირის შეფასების მნიშვნელობას აღიარებს როგორც “ოცნება”, ისე – ოპოზიცია. ამის დასტურია, რომ ამ შეფასებიდან ორივე მხარე მისთვის სასარგებლო ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას.

ვინაიდან “ოცნებას” ჯერ არ შემოუთავაზებია ოფიციალური ქართული თარგმანი, შემოგთავაზებთ ჩვენს არაფორმალურ თარგმანს, ჩვენივე დართული შემაჯამებელი სათაურებით. ნაწყვეტებს თან დავურთავთ მითითებას, თუ რომელ გვერდზე შეგიძლია ნახო და გადაამოწმო ინგლისური ვერსია ორიგინალ დოკუმენტში.


არასათანადოდ დანერგილი და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები

გვ. 1, ბოლო აბზაცი, გვ. 2, პირველი აბზაცი

საერთო ჯამში, სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საკმარის საფუძველს.

თუმცა, მას კვლავ გააჩნია ხარვეზები და შეუსაბამობები. 2020 წლის შემდეგ, ჩარჩო 20-ზე მეტჯერ გადაიხედა. მასში შევიდა არაერთი ცვლილება, მათ შორის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, პარტიებსშორისი განხილვის და მათი მხარდაჭერის გარეშე.

ასეთი ხშირი, ნაჩქარევი და არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე განხორციელებული ცვლილებები ჩრდილს აყენებდა სამართლებრივ სტაბლურობას და ქმნიდა შეშფოთების მიზანს – ამ ცვლილებების პოლიტიკური მიზნებისთვის არასწორად გამოყენების შესაძლებლობის გამო. ეს ეწინააღმდეგებოდა ეუთოს ვალდებულებებს და საერთაშორისო პრაქტიკას.

მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ ცვლილებებში გათვალისწინებული იყო ოდირისა და ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია და პროცესი საჯარო კონსულტაციებით იმართებოდა, იმავეს ვერ ვიტყვით 2024 წლის უკანასკნელ ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, მათ შორის “ცესკოს” დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა, მიღებულ იქნა ფართო საკონსულტაციო პროცესისა და პოლიტიკური შეთანხმების გარეშე.

ოდირისა და ვენეციის კომისიის არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ უგულებელყოფილია, მათ შორის არჩევნების ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენების თავიდან აცილებისთვის საჭირო რეგულაციების, კამპანიისა და კამპანიის ფინანსების ზედამხედველობის, მედიისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხებზე.


ახალი ელექტრონული აპარატები

გვ. 2, მე-3 აბზაცი

2024 წელს, საარჩევნო უბნების უმეტესობაში, პირველად დაინერგა ელექტრონული აპარატები. აპარატებს ევალებოდა ამომრჩევლის იდენტიფიკაცია, ხმების დათვლა და წინასწარი შედეგების “ცეკსოსთვის” გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების უმეტესობა ამ ინიციატივას დადებითად მიიჩნევდა, არჩევნების დღის პროცესების სანდოობის გასაზრდელად, “ცესკომ” საერთაშორისო პრაქტიკას გადაუხვია და მხარეებს არ მისცა სრული წვდომა აპარატებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, დოკუმენტაციაზე.

“ცესკოს” მიერ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, რომ ამომრჩევლები ინფორმირებულნი ყოფილიყვნენ ახალ ტექნოლოგიებზე, ბევრ ამომრჩეველს მაინც გაუჭირდა ამ აპარატების გამოყენება, რაც ხშირად ხმის ფარულობის დარღვევას იწვევდა.


არათანაბარი პირობები

გვ. 3, მე-2 და მე-3 აბზაცები

მმართველ პარტიას, კონკურენტებთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა სახელმწიფო დაფინანსების, კერძო შემოწირულობებისა და კამპანიის ხარჯების თვალსაზრისით.

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსური წახალისება და ამნისტია შესაძლოა კანონის ფარგლებში ჯდებოდა, თუმცა არასათანადო უპირატესობას ანიჭებდა მოქმედ ხელისუფლებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თანაბარი პირობებისადმი მის ერთგულებას – ამომრჩეველზე ზეგავლენისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზე უარის თქმას.


არაეფექტიანი საარჩევნო დავები

გვ. 3, ბოლო აბზაცი; გვ. 4, პირველი აბზაცი

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს საარჩევნო დავების განხილვას, დავები არ იყო ეფექტიანად გადაწყვეტილი. ამის გამომწვევი იყო ამომრჩევლის სამართლებრივი მდგომარეობა, პროცედურული ნაკლოვანებები, კანონმდებლობრივი ბუნდოვანებები თუ აპლიკაციის უზუსტებები.

არჩევნებამდე, “ცესკოს” კომისიის წევრების მიერ დაიწერა 200-ზე მეტი საჩივარი. საჩივრები ეხებოდა კომიის დანიშვნასა და ფუნქციონირებას, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო არაკეთილსინდისიერ გამოყენებას და დარღვევებს კამპანიის პროცესში. უმეტესად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ კომისიის თავმჯდომარეები და არა კომისიები სრული შემადგენლობით, რაც ლახავდა კოლეგიალურობას, ამცირებდა გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგებოდა ეუთო/ოდირის წინა რეკომენდაციებს. ბევრი საჩივარი იქნა უარყოფილი დასაბუთების და არსებითი, ადეკვატური გამოკვლევის გარეშე.


დაძაბული ატმოსფერო და ამომრჩეველზე ზეწოლა

გვ. 4, აბზაცი 3

პროცედურულად, არჩევნების დღე ძირითადად მოწესრიგებული იყო, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული ატმოსფეროთი, და ამომრჩევლების თუ დამკვირვებლების ფართო დაშინებით.

ოდირის დამკვირვებლებმა აღრიცხეს ამომრჩევლებზე ზეწოლის მრავალი ფაქტი. ასევე არაერთი ამომრჩევლის განაცხადი, რომ თავს გრძნობნდნენ წნეხის ქვეშ (მმართველ პარტიასთან დაკავშირებული სუბიექტების მხრიდან). გრძნობდნენ, რომ მათ თვალყურს ადევნებდნენ. ასევე, მიუთითებედნენ საარჩევნო უბნებზე ხალხის სიმრავლეზე.

მრავალ შემთხვევაში, დაკვირვების 24 პროცენტში, ხმის საიდუმლოება პოტენციურად დაირღვა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების შეცურების წესის, საარჩევნო უბნების არაადეკვატური განლაგებისა და ბიულეტენების უკანა მხარეს ხილული მონიშვნის გამო. გარდა ამისა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად იწერდნენ კენჭისყრის პროცესს ვიდეოზე, რამაც შესაძლოა დამატებით დააშინა ამომრჩეველი.


ხარვეზები დათვლის პროცესში

გვ. 4, აბზაცი 3

დათვლის პროცესმა გამოავლინა პროცედურული ხარვეზები, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენების არასათანადო დამუშავება, ხმების ხმამაღლა გამოუცხადებლობა და შეუსაბამობები ბიულეტენების ვალიდურობის დადგენაში.


საჩივრების არასათანადო განხილვა

გვ. 4, აბზაცი 4

პარტიებმა და დამკვირვებლმა ორგანიზაციებმა წარადგინეს 1200-ზე მეტი საჩივარი. მათი უმეტესობა არ დაკმაყოფილდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

აღსანიშნავია, რომ მათი განხილვა შეზღუდულად მოხდა. სასამართლოებმა საქმეები მინიმალურად შეისწავლეს და ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა ძალაში დატოვეს.

საერთო ჯამში, საარჩევნო კომისიების და სასამართლოების მიერ არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის მიდგომამ, ძირი გამოუთხარა სათანადო პროცესს, ვერ უზრუნველყო ეფექტური რეაგირება იმ ფართო შეშფოთებაზე, რომელიც თან ახლდა არჩევნების შედეგებს.


ეუთო/ოდირის შემაჯამებელი რეკომენდაციები

გვ. 5, აბზაცი 5

ეუთო/ოდირის პრიორიტეტული რეკომენდაციებია:

  • ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო დასაქმებულებზე ზეწოლის, ხმების მოსყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენცია;
  • ყოვლისმომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის განხორციელება საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით;
  • საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის პროცესის გადახედვა, რათა თავიდან იქნას აცილებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინირება და სრულად იყოს უზრუნველყოფილი ეფექტიანობა;
  • პოლიტიკური ფინანსური ზედამხედველობის მკაფიო რეგულაციების შემუშავება;
  • მედიის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;
  • საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
  • მოქალაქე დამკვირვებლებისთვის ზეწოლისა და დაშინების გარეშე მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
  • ხმის ფარულობის გარანტირებისთვის საჭირო პროცედურების დახვეწა/შემუშავება.

ჩვენი შეჯამება

ჩვენ წარმოგიდგინეთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტი 53 გვერდიანი დასკვნიდან. ჩვენი დაკვირვებით, სრული დასკვნის უდიდესი ნაწილი არჩევნებს უარყოფითად აფასებს – აღწერს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რომლებიც უკავშირდება არჩევნებისთვის მოსამზადებელ პერიოდს, არჩევნების დღეს, არჩევენების შემდგომ ეტაპს, მათ შორის სასამართლო განხილვებს.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx