ევროსაბჭოს რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა. ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.

რეზოლუციაში ახსნილია პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს აპრილამდე ევალება. მათ შორის არის პოლიციის სისასტიკის აღკვეთა, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების აღკვეთა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

აპრილის სესიაზე, ასამბლეა შეაფასებს პროგრესს ჩამოთვლილ საკითხებზე და კიდევ ერთხელ განიხილავს უფლებამოსილების საკითხს.

ქვემოთ შემოგთავაზებთ როგორც რეზოლუციის ტექსტს, ისე – პასუხს ხშირად დასმულ შეკითხვებზე და პროპაგანდაზე.


რა წერია რეზოლუციაში?

გთავაზობთ შემცირებულ ტექსტს. თითეულ პუნქტს თან ერთვის სრული თარგმანიც, რომელიც მომზადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

1. ასამბლეა საქართველოს შეახსენებს აღებულ ვალდებულებებს, რომ დაიცვას დემოკრატია, კანონის უზენაესობა და პატივი სცეს მისი მოქალაქეების უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს.

სრული თარგმანი

საპარლამენტო ასამბლეა შეახსენებს, რომ, ევროსაბჭოში 1999 წლის 27 იანვარს გაწევრიანებით, საქართველომ აიღო რამდენიმე კონკრეტული ვალდებულება, რომლებიც ჩამოთვლილია ასამბლეის 209 დასკვნაში, ასევე ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები: პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა, ასევე მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირის ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა.

2. 2561 რეზოლუციაში ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის განგრძობადი და სწრაფი გაუარესების გამო. მან აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა რეფერენდუმი დემოკრატიულ გზასა და საგარეო ორიენტაციაზე. ასამბლეამ, ამ უკუსვლის შემოსაბრუნებლად კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის.

სრული თარგმანი

რეზოლუციაში 2561 (2024) „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“, ასამბლეამ უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის განგრძობადი და სწრაფი გაუარესების გამო. აღნიშნა რა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს დემოკრატიულ გზასა და საგარეო ორიენტაციაზე, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება თანამშრომლობისა და დიალოგისადმი საქართველოს ყველა ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან „ბოლოდროინდელი უკუსვლის შესაბრუნებლად და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული წევრობის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესასრულებლად“.

3. ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნები იწვევს შეშფოთებას არჩევნებთან დაკავშირებით – ასახავს თუ არა ის ამომრჩეველთა ნამდვილ ნებას. იყო თუ არა შექმნილი სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო გარემო, შეეძლო თუ არა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება დაშინების, ზეწოლის გარეშე.

სრული თარგმანი

უახლესი მოვლენები ადასტურებს ასამბლეის შეშფოთებას. ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციის დასკვნები „იწვევს შეშფოთებას არჩევნების შედეგების სისწორესთან დაკავშირებით, კერძოდ, ასახავს თუ არა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნამდვილ ნებას. გარდა ამისა, სერიოზული ეჭვები რჩება იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა საარჩევნო გარემო სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო პირობებს, რაც ამომრჩევლებს საშუალებას მისცემდა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი დაშინებისა და არასათანადო ზეწოლის გარეშე. ეს აისახება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეაქციაში, რომლებმაც გამოხატეს ღრმა უნდობლობა როგორც შედეგების, ისე ინსტიტუტების მიმართ და კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს“. არჩევნების შემდეგ საქართველოში დაიწყო მასშტაბური დემონსტრაციები, ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და მოითხოვეს არჩევნების ხელახლა ჩატარება.

4. დემონსტრაციებმა მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რითიც ის შეეწინააღმდეგა წინასაარჩევნო დაპირებას. განცხადებამ გამოიწვია სოციალური კრიზისი, საზოგადოების თვალში ინსტიტუტების მიმართ ნდობის სრული დაკარგვა და საფრთხე შეუქმნა მთავრობის ლეგიტიმურობას.

სრული თარგმანი

ქუჩის დემონსტრაციებმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღო მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მთავრობა შეაჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებებს, გამოიწვია სოციალური კრიზისი, რომელიც ხასიათდება ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის სრული დაკარგვით ქართული საზოგადოების თვალში, რაც საფრთხეს უქმნის მათ ლეგიტიმურობას. ეს ასევე აუცილებლად იმოქმედებს საჭირო რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც დაეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დაძლევაში.

5. ასამბლეა გმობს პოლიციის მიერ ადამიანების უფლებათა დარღვევებს – ძალის სასტიკ გამოყენებას, შეკრების თავისუფლების დარღვევას, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაციას (რაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო), სასამართლო სისტემის ბოროტად, შურის საძიებლად გამოყენებას.

სრული თარგმანი

ასამბლეა გმობს პოლიციის მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის სასტიკ გამოყენებას, რაც არღვევს შეკრების თავისუფლებას, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პროგრესირებადი ეროზიის, დემოკრატიული გარანტიების დემონტაჟის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაციის ფონზე, რაც ამ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ასევე, გმობს სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დასაშინებლად და მათ წინააღმდეგ შურისძიებისთვის, საკითხებს, რომლებიც ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.

6. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები – გააუქმოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი” მისი არსებული ფორმით, დაიცვას ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია.

სრული თარგმანი

ამ მხრივ, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ გადაუდებელ დასკვნაში, რომელიც მოთხოვნილ იყო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ. ასევე, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისი არსებული ფორმით, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და უზრუნველყოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რაზეც ასევე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში 2025 წლის იანვრის ვიზიტისას.

7. ასამბლეის აზრით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ხელისფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების შორის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ:

  1. ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების მიმართ მკაფიო ვალდებულების აღებით, ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებით.
  2. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის გაძლიერებული პროცესით;
  3. ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, სადაც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, რათა გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და დაინიშნოს ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში, პოლიტიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით და საარჩევნო ადმინისტრაციით.
  4. სამართალდამრღვევი სამართალდამცავების პასუხისმგებლობის დაყენებით.
  5. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებით.
სრული თარგმანი

ასამბლეის აზრით, საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ:

  1. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების მიმართ მკაფიო ვალდებულების აღებით და ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებით ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად;
  2. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაძლიერებული პროცესით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე სხვა ქართული დაინტერესებული მხარეები;
  3. საქართველოში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ნაკლოვანებები და ხარვეზები; შესწორება 1 რეზოლუციის პროექტში, 7.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი პუნქტი: „ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში“;
  4. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი დარბევების, ცემის, არასათანადო მოპყრობის, წამებისა და თვითნებური დაკავების მონაწილე ყველა სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფით;
  5. ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებით.

8. ასამბლეა შეახსენებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის შესახებ (2024 წელი, დეკემბერი), რომლის შედეგადაც რამდენიმე ინიციატივა იყო წამოწყებული.

სრული თარგმანი

ამ მხრივ, ასამბლეა შეახსენებს ევროპის საბჭოს გენერალური  მდივნის თბილისში ვიზიტის შესახებ 2024 წლის დეკემბერში, რომლის  შემდეგაც რამდენიმე ინიციატივა იყო წამოწყებული.

9. ასამბლეა იხსენებს, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები 2025 წლის იანვარში იმყოფებოდნენ საქართველოში და შეხვდნენ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

სრული თარგმანი

ასევე, ასამბლეა იხსენებს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა შესრულების მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები 2025 წლის იანვარში იმყოფებოდნენ საქართველოში და შეხვდნენ წარმომადგენლებს საქართველოს ინსტიტუტებიდან, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

10. საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები (შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რეპრესიები..) ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში წევრობის ვალდებულებებს. შესაბამისად, ასამბლეას სჭირდება მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ის შეაჩერებს დემოკრატიულ უკუსვლას და შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

სრული თარგმანი

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პასუხისმგებლობებს. შესაბამისად, ასამბლეას სჭირდება მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად არიან ვალდებულნი, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ თავიანთი წევრობის ვალდებულებები.

11. ასამბლეა ადასტურებს მზაობას დიალოგის შენარჩუნებაზე და აპირებს გადახედოს შეჩერების გადაწყვეტილებას 2025 წლის აპრილის სესიაზე. ამ პერიოდში, ის საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს:

  1. დაიწყოს სამუშაო პროცესი ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე თუ აქტორი. შეიქმნას საარჩევნო გარემო ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცხადდება.
  2. მიიღოს დაუყოვნებელი ზომები ევროპული ინტეგრაციის გასაახლებლად, დაჩქარებული ტემპით განახორციელოს საჭირო რეფორმები.
  3. შეწყვიტოს და გამოიძიოს პოლიციის სისასტიკე და სასამართლოს ბოროტად გამოყენება დაშინებისა და შურისძიებისთვის.
  4. გააძლიეროს თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში.
  5. დაუყონებლივ გაითვალისწინოს 2438 და 2561 რეზოლუციებში გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” გაუქმებაზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით.
  6. გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი 2025 წლის აპრილის სესიამდე.
  7. გააგრძელოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცესში და იზრუნოს წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის მექანიზმების ეფექტურად ფუნქციონირებაზე.
სრული თარგმანი

ამ მოსაზრებების გათვალისწინებით და როგორც დიალოგის შენარჩუნების საკუთარი მზაობის ნიშანი, ასამბლეა, საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გადახედვისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციის საერთო გადაფასების მოლოდინში 2025 წლის აპრილის სესიაზე, გადაწყვეტს დაამტკიცოს ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ამავდროულად მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:

  1. დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური აქტორის მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვით, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ნაკლოვანებები და ხარვეზები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში გამოცხადდება;
  2. მიიღოს დაუყოვნებელი და ეფექტური ზომები, რათა საქართველომ განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, და დაჩქარებული ტემპით განახორციელოს საჭირო რეფორმები;
  3. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებათა დარღვევები, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეშინებისა და მათ წინააღმდეგ შურისძიებისთვის, და სრულად დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება;
  4. გააძლიეროს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ინიცირებულ პროცესში;
  5. დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს ასამბლეის მიერ რეზოლუციებში 2438 და 2561 გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები, მათ შორის რეკომენდაცია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე და შეშფოთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, რაც უნდა გადაწყდეს ვენეციის კომისიის გადაუდებელი დასკვნების გათვალისწინებით;
  6. გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე;
  7. გააგრძელოს სრული ჩართულობა ასამბლეის მონიტორინგის პროცედურაში. შესწორება 2 რეზოლუციის პროექტში, პუნქტ 11.7-ის ბოლოში დაემატოს შემდეგი სიტყვები: „და იმუშაოს წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის მექანიზმების ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რითიც გაძლიერდება დროული გაფრთხილებები ნებისმიერი დემოკრატიული დაღმასვლის წინააღმდეგ“.

12. პოლიციის სისასტიკის და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, და ამ ფაქტების დაგმობის ნიშნად, ასამბლეა საქართველოს დელეგაციას უჩერებს რიგ უფლებებს.

სრული თარგმანი

ამავდროულად, როგორც პოლიციის სისასტიკისა და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშანი, რომლებზეც ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა, ასამბლეა გადაწყვეტს, შეუჩეროს საქართველოს დელეგაციის წევრებს შემდეგი უფლებები:

  1. უფლება, იყვნენ შემდეგი კომიტეტების სრულუფლებიანი წევრები ან შემცვლელები: პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტი, მონიტორინგის კომიტეტი, იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი და პროცედურის, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტი;
  2. უფლება, იყვნენ არჩევნების სადამკვირვებლო დელეგაციების წევრები;
  3. უფლება, დაინიშნონ მომხსენებლად;
  4. უფლება, იყვნენ კანდიდატები ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან მოადგილის თანამდებობაზე;
  5. უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება, წარმოადგინონ ასამბლეა დროებით საფუძველზე (ბიუროს ან კომიტეტის გადაწყვეტილებით) ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რომლებსაც აწყობენ ევროპის საბჭოს ორგანოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეები.

13. ასამბლეა შეისწავლის არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების გზებს.

სრული თარგმანი

ასამბლეა ასევე გადაწყვეტს, შეისწავლოს საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების გზები საქართველოსთან დაკავშირებულ მის ქმედებებში, მათ შორის მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში.

14. ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, გადახედოს უფლებების შეჩერების საკითხს 2025 წლის აპრილის სესიაზე. გადახედვისას, ის იხელმძღვანელებს მე-11 პარაგრაფში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესით.

სრული თარგმანი

ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა განიხილოს ქართული დელეგაციის უფლებამოსილება, ზემოხსენებული უფლებების შეჩერების ჩათვლით, 2025 წლის აპრილის სესიაზე, მე-11 პარაგრაფში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მისი პროცედურული წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.


რა “უხარია” ოპოზიციას?

“ოცნების” პროპაგანდა აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ როგორ უხარია ოპოზიციას საქართველოს გარიცხვა ევროპული ინსტიტუტიდან.

რეალურად, დასავლეთთან დაშორება სამწუხაროა. ოპოზიციის კმაყოფილება კი იმით არის გამოწვეული, რომ ევროსაბჭომაც დაინახა ის პრობლემები, რასაც ჩვენ ერთად ვებრძვით – პოლიციის სისასტიკე, შურისძიების მექანიზმად ქცეული სასამართლო თუ სხვა.

სხვა სიტყვებით – ოპოზიცია კმაყოფილია იმით, რომ “ოცნებამ” ვერ მოახერხა დანაშაულების დამალვა და გაუჩნდა ახალი პრობლემა, რომელმაც შეიძლება დააფიქროს მის საქციელზე.


რატომ გვექცევა ევროსაბჭო უსამართლოდ, რატომ ერევა ჩვენს საქმეში?

“ოცნების” რიტორიკა აგრძელებს უკვე არსებულ ხაზს – დასავლეთის შენიშვნები ყოველთვის უსამართლოა და არ უნდა ერეოდნენ ჩვენს საქმეში.

“ოცნების” მედია აქცენტს აკეთებს მხოლოდ “ახალი არჩევნების მოთხოვნაზე”, და ამბობს, რომ ეს საშინაო საკითხია. მედია არ საუბრობს რიგ პუნქტებზე – პოლიციის სისასტიკეზე, სასამართლოს უსამართლობაზე და სხვა.

რას ნიშნავს ჩარევა? ევროსაბჭო არის ორგანო, სადაც საქართველო 1999 წელს გაწევრიანდა. გაწევრიანების დროს, ჩვენი ქვეყანა, ამ ორგანოს დაპირდა გარკვეულ ქცევას – დემოკრატიულს, ცივილურს. ახლა, ევროსაბჭო ხედავს, რომ ასე აღარ ვიქცევით და გვეუბნება, რომ თუ ასე ქცევას გავაგრძელებთ, ვეღარ ვიმეგობრებთ. ის არ გვემუქრება ტანკით, როგორც რუსეთი, უბრალოდ შეგვახსენებს რას დავპირდით ჩვენივე სურვილით და გვეუბნება თუ როგორ გადავუხვიეთ ამ დაპირებას.

საბოლოოდ, ჩვენ, ქართული საზოგადოება იმაზე კი არ უნდა გავბრაზდეთ, სხვა რატომ მიგვითითებს პრობლემებზე, არამედ უნდა დავფიქრდეთ – მართლა არსებობს ეს პრობლემები? თუ კი, რა უნდა ვქნათ მათ გამოსასწორებლად? იმიტომ კი არა, რომ ევროსაბჭო გვთხოვს, იმიტომ, რომ სამართლიანი, დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx