თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს
სექცია: აბა, რა ვქნა?
ქვეთემა: ამდენი ცვლილება ხომ ქაოსია?
შეიძლება იფიქრო, ასე ხომ ხშირად შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება? როდის უნდა დავლაგდეთ და დავმშვიდდეთ?
რა თქმა უნდა, სტაბილურობა და 4-წლიანი საარჩევნო ციკლი კარგია. არც ჩვენ გვსურს ხშირი არჩევნები, ჩაშლილი კოალიციები და გრძელი მოლაპარაკებები.
თუმცა, ეს არც ისეთი პრობლემაა, როგორადაც ხელისუფლებას უნდა რომ წარმოაჩინოს. მაგალითად, იტალიაში, 76 წლის განმავლობაში, მთავრობა დაკომპლექტდა 68-ჯერ. ბელგიაში, 2010 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა 541 დღის განმავლობაში. ბულგარეთში, 2021 წლიდან 2024 წლამდე 7 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ძიების პროცესი დამახასიათებელია დემოკრატიისთვის.
დემოკრატია ხომ აზრთა სხვადასხვაობასაც ნიშნავს, ადამიანები კი შეიძლება სწრაფად ვერ შეთანხმდნენ იდეალურ ვერსიაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია არ შევწყვიტოთ ძიება.
ფორმულა მარტივია:
თუ დღევანდელ მოწყობაში ადამიანი იჩაგრება და უსამართლობა ნორმაა, ჯერ არ მივსულვართ სასურველ ვერსიამდე, ამიტომ ვაგრძელებთ ძიებას.
ხშირი ცვლილება დისკომფორტია, მაგრამ სისტემური უსამართლობა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
როდის ვარჩიეთ საზოგადოებამ კომფორტი ღირსებას?
ბატონ-ყმობის ხანა დასრულებულია. ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთი და იგივე სახეს ვხედავდეთ პარლამენტში წლების განმავლობაში. არც მეფე გვყავს და არც – თავადები.
რატომ უნდა ავიტანოთ დამცირება და ძალადობა? მხოლოდ იმიტომ, რომ ცვლილება არაკომფორტულია? რომ გვეზარება? რომ ერთმანეთთან ერთ ენაზე საუბარს ვერ ვახერხებთ? თუ შეჩვეულ ჭირზე ანდაზების გამო?