“ნაცების” წისქვილზე ასხამთ წყალს – აბა, რა ვქნა? – პრაქტიკული შეთავაზება

თემა: "ნაცების" წისქვილზე ასხამთ წყალს

სექცია: აბა, რა ვქნა?

ქვეთემა: პრაქტიკული შეთავაზება

მაინც როგორ უნდა შევძლოთ ამ დაპირების შესრულება?

უკვე ვისაუბრეთ მთავარ პრობლემაზე – რატომ არის შერჩევითი სამართალი და მმართველი ძალის დანაშაულზე გაჩუმება სახიფათო.

გამოსავალიც შესაბამისია: საჭიროა პროტესტი მაშინვე, როდესაც ხელისუფლება უკან გადადგამს ნაბიჯს ადამიანის უფლებების კუთხით, მაგალითად:

  • დახურა სასამართლო ჟურნალისტებისთვის, ცრუ მოწმეებზე ინფორმაცია ნაკლებად რომ გავრცელდეს?
  • გააუქმა ნომრები სპეცრაზმის ფორმებზე, რათა გზა გაუხსნას მათ პროტესტის მონაწილეებზე ძალადობისკენ?
  • აკრძალა ტროტუარზე დგომა და პროტესტის გამოხატვა?
  • გააპროტესტე.

    უფლებების უკუსვლის გაპროტესტების გარდა, გთავაზობთ:

    ვაიძულოთ თითოეული მთავრობა მიიღოს ერთი მნიშვნელოვანი კანონი მაინც.

    კანონი, რომელიც შემდეგ ხელისუფლებას გაურთულებს ძალადობას, ან ორჯერ მაინც დააფიქრებს სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

    მაგალითად, ვაიძულოთ “ოცნება” დააბრუნოს ნომრები გდდ-ს ფორმებზე. ასე, ამ და შემდეგ ხელისუფლებებს გამოეცლებათ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ პროტესტი სასტიკად დაარბიონ და  მოუწევთ საუბარი საზოგადოებასთან.

    შემდეგ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ისევ გახსნას სასამართლო სხდომები. შემდეგს კი – კონკრეტული რეფორმის გატარება ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ

    “სისტემა უნდა დაინგრეს” – გსმენია ალბათ ასეთი სლოგანი არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ კი არათუ არ ინგრევა, არამედ უფრო მკაცრდება ხოლმე.

    ჩვენი შემოთავაზებული გზით, ნაბიჯ-ნაბიჯ  გავაუმჯობესებთ სისტემას. გამართულ სისტემაში კი, როგორც ირაკლი კობახიძე იტყოდა, აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ, პერიოდულად, კონკრეტულ ადამიანებში არ გაგვიმართლებს.

    ისე, გიფიქრია, რატომ აკეთებს დღემდე “ოცნება” აქცენტს იმაზე, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების გარანტი არის ერთი ადამიანი – ბ. ივანიშვილი? რატომ არ ან ვერ შექმნა “ოცნებამ” ისეთი სისტემა, სადაც ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე თუ ჯანმრთელობაზე არ იქნება დამოკიდებული ქვეყნის ბედი?