გამიზნული ბუნდოვანება

“ოცნება” ხშირად აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, რომელთა გარჩევაც საზოგადოებას გვიწევს, ამ გარჩევის დროს კი ერთმანეთს ვუპირისპირდებით. მაგალითად, ევროკავშირთან დაკავშირებულ ნოემბრის განცხადებაში, “ოცნებამ” თქვა: “დღის წესრიგში აღარ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას”. ჩვენთვის გასაგებია რას ნიშნავს ეს, თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის საკმარისად ბუნდოვანია იმისთვის, რომ არ აღელდეს ან მხარიც კი დაუჭიროს სხვადასხვა
”არგუმენტით”.


“ხომ ახსნეს გასაგებად, რას ერჩით?”

ადამიანებს, ვინც ამ განცხადებებს უარყოფითად აღვიქვამთ, გვიჩნდება პროტესტის განცდა. ნოემბერში დაწყებული პროტესტიც ამის გამოძახილი იყო. თუ მათი ან შენი აზრით ჩვენ არასწორად გვესმის შინაარსი, რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ თუ დეტალურას განმარტავენ სათქმელს, შეფუთული მავნებლობა ამოვა ზედაპირზე და უფრო მეტი ადამიანი აღელდება.

ევროკავშირზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაგიზიარეთ ის ძირითადი კითხვები და ორაზროვანი პოზიციები, რაც “ოცნების” განცხადებების შედეგად დაგვრჩა. აუხსნია ვინმეს ეს კითხვები? აგენტების კანონთან დაკავშირებით, “ოცნება” ამბობდა რომ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა ან კონტრ-არგუმენტი არ მოუსმენია არავისგან, ჩვენ 30-მდე ასეთი მაგალითი გაჩვენეთ.

“ოცნება” პერიოდულად აკეთებს შეთავაზებას – თუ რაიმე ვერ გაიგეთ, მოდით, შეგვხვდით და აგიხსნითო. რატომ არის ეს შეთავაზება ყალბი, ესეც განხილული გვაქვს.


რისთვის სჭირდებათ გამიზნული ბუნდოვანება?

ამ ხრიკის გამოსაყენებლად რეჟიმს რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • დროის გაწელვა – არ სურს გადაწყვეტილების მიღება, ელოდება შიდა თუ გარე მოვლენების განვითარებას, რათა საბოლოოდ ისეთი განცხადება გააკეთოს, ან ისეთი გადაწყვეტილება მიღოს, რომელიც უკეთ წაადგება მის პოლიტიკურ პოზიციებს.
  • უკმაყოფილების არიდება – მკაფიო, რადიკალური განცხადებები უფრო მეტ ადამიანს შეაშფოთებს და გააღიზიანებს. მაგალითად “ევროკავშირში ჩვენ აღარ ვაპირებთ შესვლას” უფრო უხეში, მკაფიო და სარისკო ნათქვამია, ვიდრე “არ ვაპირებთ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას”. თითქოს ეს უფრო ტექნიკური, ყოფითი საკითხია, კონკრეტული ვადით, რა მოხდა მერე?!
  • საზოგადოების რეაქციის გამოცდა – მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე, პროპაგანდა ადამიანებს “აპარებს” შედარებით მცირე, სატესტო მესიჯებს. მაგალითად, “ავკრძალოთ დასავლური დაფინანსება” ძალიან ხისტი შეიძლებოდა ყოფილიყო რამდენიმე წლის წინ, თუმცა, ეტაპობრივად, საკუთარი მხარდამჭერები შეამზადეს – დასავლეთის უარყოფითად მოხსენიებით, მისგან მტრის ხატის შექმნით და ა.შ.

მაგალითები

ეს არის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ მოსინჯა ეს ხრიკი რეჟიმმა საზოგადოების განწყობის გასატესტად.

2014 წელი – უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დისკრედიტაციის მცდელობა

2014 წელს, უკრაინაში დაღუპული პირველი ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დახვედრა.

თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, სადაც ძირითადად საუბრობდა, თუ როგორ მოუწოდებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანებს უკრაინაში ბრძოლისკენ, და რომ ამ ადამიანის დაღუპვა მათი ბრალი იყო.

ამ განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ რეაქციის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმაც უარყოფითად შეაფასა ეს განცხადება, მინისტრის მოადგილემ კი ბოდიში მოიხადა – ტექნიკური შეცდომა იყო, ტექსტის ბოლო ვერსია არ მინახავსო (საბოლოოდ, დაბრალდა Facebook გვერდის ადმინისტრატორს).

კითხვა: რა მოხდებოდა, ამ განცხადებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია რომ არ მოჰყოლოდა? ხომ არ იქნებოდა ეს სიგნალი “ოცნებისთვის”, რომ მათ შეეძლოთ თამამად გააგრძელებინათ და გაემძაფრებინათ ანტი-უკრაინული მესიჯები? გაგიზიარებთ 2022 წლის შემდგომი პერიოდის რამდენიმე მაგალითს:

  • სუსი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს – წყარო;
  • სუსი კიდევ სხვა მებრძოლებს იბარებს დაკითხვაზე – წყარო;
  • შსს უკრაინაში მებრძოლს იარაღის ტარების უფლებას ართმევს – წყარო

ოკუპირებული ტერიტორიების გაქრობა რუკიდან

არჩევნების შედეგების შეჯამების დროს, შალვა პაპუაშვილი წარადგენდა პრეზენტაციას, სადაც საქართველოს რუკა იყო გამოსახული.

ბუნებრივია, ასეთ რუკას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რის შემდეგაც გაავრცელეს ასეთი სურათი, რომლითაც მიანიშნეს, რომ კი არ გაუქრიათ, უბრალოდ ღია ნაცრისფერი ფერი არ ჩანდა კარგად გაშუქებისას.

🖼️ გავრცელებული სურათი

ასეთი მნიშვნელოვანი განცხადების გაშუქებისას, ასეთი ინციდენტი ტექნიკურ ხარვეზს უნდა დავაბრალოთ თუ გააზრებულ გეგმას, ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუმცა ასევე გვახსენდება სხვადასხვა განცხადება, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გარკვეული სახის შეგუებისკენ გვიბიძგებს იქნება ეს “ბოდიშის მოხდა”, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მეზობლობის იდეა თუ სხვა.


რა შედეგები მოყვება გრძელვადიან ბუნდოვანებას?

წლების განმავლობაში ასეთი ბუნდოვანი მესიჯების გაჟღერებას ასეთი შედეგი მოჰყვება ხოლმე:

  1. ეტაპობრივი ნორმალიზაცია – აღარაფერია ცალსახა, გვიჭირს სახელის დარქმევა რა არის კარგი და ცუდი, ვინ არის მტერი და მოყვარე. მაგალითად, ჩვენს ცხოვრებაში ეტაპობრივად შემოდის რუსეთი (1, 2, 3), მშვიდდება რიტორიკა რუსეთზე და პირიქით – დასავლეთის მიმართ. რუსეთის შემოსვლა არ არის ერთჯერადი, მასიური, შოკისმომგვრელი ფაქტი, არამედ – ნაბიჯ-ნაბიჯ, რბილად მიმდინარე პროცესი. ამ პროცესში კი თუ ვინმე მაინც შეშფოთდა, პროპაგანდა სხვადასხვა მესიჯით ამშვიდებს – ეს მხოლოდ ბიზნესია, ჩვენ ნეიტრალურები ვართ, ან დასავლეთიც არ არის უკეთესი.
  2. გაყოფა და გადაღლა – მუდმივ პროტესტში ყოფნა დამღლელია. აქტივისტების ნაწილი, დროთა განმავლობაში, შეიძლება დაფიქრდეს – იქნებ არც ისე ცუდია რაც ხდება?
  3. ძალაუფლების სტრუქტურების დამორჩილება – მილიონერი ბიზნესმენები, სამთავრობო მედია, სახელმწიფო ინსტიტუტები ნელ-ნელა ეწყობიან ახალ რეჟიმზე. კულისებში ართმევენ ხელს მთავრობას, უცხადებენ მხარდაჭერას. ისინი ჯერ კიდევ ერიდებიან პროევროპული უმრავლესობის გაღიზიანებას, თუმცა საკუთარი კომფორტის მოწესრიგებისთვის აქტიურად მუშაობენ.
  4. ახალი რეალობა ცხადი ხდება – თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეჟიმი ახერხებდა ნეიტრალურობის, ბუნდოვანობის შენარჩუნებას, საბოლოოდ ვიღებთ მკაფიო, ცხად რეალობას. თუმცა, ამ დროს წინააღმდეგობა უკვე სუსტია, ინსტიტუტები მართულია, ბევრი ადამიანი გადაღლილი და შეგუებულია. შედეგად, აქციაზე მყოფი სამართალდამცავები ღიად აგინებენ დასავლეთს და იმეორებენ სამთავრობო პროპაგანდას, სხვადასხვა მღვდელი ქადაგების დიდ ნაწილს დასავლეთის დემონიზაციას უთმობს და ა.შ.
  5. ნიღბის ჩამოხსნა – საბოლოოდ, რეჟიმი იხსნის ნიღაბს და ყოველგვარი დაფარვის გარეშე ამბობს იმას, რისიც სჯერა და სურს მოქალაქეებსაც სჯეროდეთ – “დასავლეთი მტერია”, “რუსეთი ერთმორწმუნეა, დასავლეთმა გადაგვკიდა ერთმანეთს” და ა.შ.

ასეთ ნელ, ეტაპობრივ პროცესთან დაპირისპირება რთულია. მაგალითად, თუ გავრილოვის ჩამოსვლა და თავმჯდომარის სკამზე დაჯდომა უეცარი შოკი იყო საზოგადოებისთვის და უსწრაფესი, მასიური პროტესტი მოჰყვა, ახლა საქმე სხვაგვარად დგას.

აგენტების კანონის პირველად წამოჭრის დროს, 2023 წელს, ასევე მასიურ პროტესტს ჰქონდა ადგილი. 2024 წელსაც. თუმცა, საბოლოოდ მიიღეს ეს კანონიც, და არაერთი სხვა, მათ შორის კიდევ უფრო საზიანო კანონები. ყველა კანონის გასაპროტესტებლად ენერგია საკმარისი არასდროს იქნება, ეს არის გადაღლის და შეგუების მცდელობა.


როგორ შეგიძლია ებრძოლო ამ ხრიკს?

კონკრეტული განცხადების განხილვის მაგივრად, მიუთითე საერთო სურათზე – დროთა განმავლობაში რას ამბობდნენ, როგორ, რა შედეგი დგებოდა, როგორ მძაფრდებოდა აგრესია დასავლეთის მიმართ, როგორ იხრებოდა სასწორი დასავლეთისგან ჯერ ნეიტრალიტეტისკენ და შემდეგ რუსეთისკენ.

დააკვირდი და გამოააშკარავე ქმედებები

ერთია რას ამბობენ, მთავარია – რას აკეთებენ.

  • მოუყარე თავი ქმედებების სიას, მაგალითად ასეთ ალბომში. ადამიანებს, დღევანდელ ინფორმაციულ ნიაღვარში, სწრაფად გვავწიყდება მომხდარი. ასეთი კატალოგები დაგვეხმარება მუდმივად ვხედავდეთ სრულ სურათს.
  • კატალოგად აქციე ახალი რუსული კომპანიები, კანონპროექტები, ახალი ჩანაწერები იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ნებისმიერი მსგავსი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
  • მკაფიოდ აჩვენე მათი ნათქვამისა და ქმედების წინააღმდეგობა – “ამბობენ ამას, იქცევიან ასე”.
  • აქცენტი გქონდეს მშრალ, ცივ ფაქტებზე. არ არის საჭირო ამ ფაქტების ემოციურად შეფუთვა და მიწოდება.
  • მიუთითე წყარო
  • აჩვენე კონტრასტი, ტენდენცია, მაგალითად: “2020 წელს, 1 რუსული კომპანია, 2025 წელს: 10”
საგამოძიებო ჟურნალისტიკა

გაავრცელე გამომძიებელი ჟურნალისტების გამოძიებები, სადაც ნაჩვენებია ფარული გარიგებები, ინვესტიციები, პოლიტიკური კავშირები.

განცხადებების დროულად გადამოწმება

მნიშვნელოვან განცხადებებს გამოეხმაურე დროულად – შეამოწმე ფაქტები და ახსენი რა არის ტყუილი მარტივი, გასაგები ენით.

მაგალითად, როდესაც “ოცნების” წევრი ამბობს, რომ დასავლეთზე არასდროს, არაფერი ცუდი არ უთქვამთ, აჩვენე ადამიანებს ეს კოლაჟი.

მოსთხოვე პასუხი კითხვებზე – ხელისუფლებას, ან მის მხარდამჭერს

დაუსვი კონკრეტული კითხვები, არ მისცე საშუალება დატოვოს საკითხი ბუნდოვან სივრცეში. მან ან უნდა იცრუოს, ან გაამხილოს რეალურად რას ფიქრობს და რა განზრახვა აქვთ.

მომართე დასავლეთის ყურადღება საქართველოსკენ

მიმართე უცხოურ მედიას, არასამთავრობოებს, პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, რათა ყურადღება დაუთმონ საქართველოს, არ მოტყუვდნენ დაგეგმილი ბუნდოვანებით.

შედეგად, შენ გაფანტავ ამ ბუნდოვანებას და დაეხმარები საზოგადოებას მუდმივად ახსოვდეს მთავარი, ხედავდეს სრულ სურათს.

დაწყება მარტივია – აირჩიე თემატიკა და უბრალოდ დაიწყე. ჩვენ დაგეხმარებით.

გამოწერა
შეგატყობინებთ
guest
0 Comments
ძველი
ახალი პოპულარული
კომენტარები აბზაცებზე
ყველა კომენტარი
0
დატოვე კომენტარიx